ალექსანდრე ნიჟარაძის სახელობის პიანისტთა ფორუმი - II ნაწილი


    „შუა საუკუნეებში ქალაქში ყველაზე მაღალი შენობა იყო ტაძარი.
XIX და XX საუკუნეებში - მთავრობის სახლი.
XXI საუკუნეში - ბანკი.“
    ფორუმზე ნათქვამმა ამ სამმა წინადადებამ ჩაატია ზნეობრივი ღირებულებების პრობლემათა მთელი რიგის არსი.
    როდესაც გაჟღერდა სურვილი, ალექსანდრე ნიჟარაძის სახელობის მუსიკალური ღონისძიება დაწესებულიყო, და მისი ფორმის ბედი წყდებოდა, იდეის ავტორმა - ია ხუციემ - მოკრძალებით წარმოსთქვა: „კონკურსი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ ალექსანდრე ნიჟარაძის სახელი სხვა ჭრილში მესახება.“
კონკურსი და შეჯიბრის სახე უკვე მუსიკოსის ნიჭის სხვასთან შედარებას გულისხმობს.
ალექსანდრე ნიჟარაძის პიროვნების ასოციაცია რაიმე ღონისძიებასთან კი უპირობოდ ეყრდნობა ღირებულებათა იმ სისტემას, სადაც ყოველ მუსიკოსს თავისი შემოქმედებითი ღირსება და ინდივიდუალობა აქვს.
    ეს დებულება შეჯიბრის არსზე ბევრად მაღლა მდგომია, ისევე, როგორც ტაძარი ნებისმიერ საუკუნეში.
    სახალხო არტისტი, დიდი პიანისტი და პედაგოგი წელს 90 წლის გახდებოდა. ალეკო ნიჟარაძის მეგობრები, კოლეგები და მოსწავლეები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ მისი იერსახე გაეცოცხლებინათ იმ რეალობაში, სადაც ყველაზე მაღალი შენობა ბანკია.
  დირიჟორი რევაზ ტაკიძე იხსენებს, რა ძლიერ უყვარდა ქალაქს მოსკოვის კონსერვატორიის სტუდენტი, ქართველი პიანისტი, ჰენრიხ ნეიჰაუზის მოსწავლე. თურმე, თბილისის კონსერვატორიის გარეთ, გასტროლებზე ჩამოსული ნიჟარაძის კონცერტს ხალხის რაოდენობის სიჭარბის გამო ცხენოსანი მილიცია დარაჯობდა. ასეთი შემთხვევა პიანისტების კონცერტზე უნიკალური იყო.
    პიანისტთა ფორუმის სამივე კონცერტი შემეცნებით ნაწილსაც შეიცავდა. პედაგოგთა დისკუსიის შედეგად ახალგაზრდა დამსწრეებმა ნამდვილი „საიდუმლო მასალები“ მოიპოვეს, რის შემდეგაც სრულიად სხვაგვარად შეაფასებენ მუსიკოსების შესრულებას შემდგომ კონცერტებზე - მათ უკვე იციან ის დახურული ინფორმაცია, რომელსაც მხოლოდ პროფესიონალები ფლობენ.
    გაჟღერდა, ფაქტობრივად, ბლოკნოტში ჩასაწერი მოსაზრებებიც:
„პიანისტი არ უკრავს ხელებით. იგი უკრავს თავისი ნიჭიერებით, გულითა და ინტელექტით. როდესაც ადამიანს არაფერი აქვს სათქმელი, ის მუსიკითაც ვერაფერს იტყვის.
    დიდი მუსიკოსი კი მოუმზადებელ მსმენელსაც ღმერთის დიდებას განაცდევინებს“ - პროფესორი ნუცა ჭირაქაძე.
   სადღეისოდ ინტელექტი შემსრულებლის იშვიათი და ფასდაუდებელი ღირსებაა, გასახარი კი ისაა, რომ საქართველოს კუთხეებიდან ჩამობრძანებულ პატარა მუსიკოსებში საზოგადოებამ სწორედ ეს დაინახა.
    ჩვენი ქვეყნის რეგიონების მუსიკალური სკოლები ძლიერი პედაგოგების ხელშია და, მრავალი პრობლემის მიუხედავად, საქართველოს განათლებული, ღრმა აზროვნების მქონე მუსიკოსები ეზრდება. როგორც წესი, მათი რიცხვი მცირეა, მაგრამ ამ პატარა სიას რეგიონებში მცხოვრები მუსიკოსებიც ამშვენებენ.
ფორუმის მიზანიც სწორედ ამის ჩვენებაა.
    „რომ არა თქვენი თანადგომა, ეს ფორუმი არ და ვერ შედგებოდა“ - მიმართავს ქალბატონი ცისანა დოლიძე კულტურის სამინისტროს, რომლის მხარდაჭერითაც განხორციელდა საერო საქმე. 
     
ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელსა და თბილისის კონსერვატორიაში გამართული ეს მასშტაბური ღონისძიება, კონცერტებით, მასტერკლასითა და დაჯილდოებით, ახალი სიტყვაა საქართველოს კულტურული ცხოვრების ვითარებაში.
     დიდი ალბათობით, პიანისტთა ფორუმი სისტემატურ სახეს შეიძენს და დედაქალაქის ფარგლებსაც გასცდება.
                  სამყაროში, სადაც უკვე ყველაფერი შექმნილი და ნათქვამია, დაიბადა ახალი მუსიკალური სიცოცხლე, რომელიც სხვას არაფერს ჰგავს.
            ვინ იცის, იქნებ ეს საჩუქარი თავის ქვეყანას ერთმა პიანისტმა დაუტოვა, რომელიც კლავიშებთან შეხებით ადამიანებს ღმერთის დიდებას აგრძნობინებდა...


Comments