ავტორი: კომპოზიციისა და
მუსიკოლოგიის
ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი
ირაკლი არეშიძე
ხელმძღვანელი: პროფესორი ქეთევან ბოლაშვილი
მოხსენება წარმოდგენილი იყო 2022 წლის სტუდენტთა სამეცნიერო
საზოგადოების შემაჯამებელ კონფერენციაზე
შესავალი
ვინ იცის რამდენ ადამიანს უღვაწია საუკუნეების
განმავლობაში, თუმცა ისტორიაში ყველა სახელი არ დარჩენილა. მხოლოდ მათი, ვინც საუკეთესოთა
შორის საუკეთესოები იყვნენ. ასეთ ადამიანებს ხშირად გენიოსებს ვუწოდებთ. გენიოსის
ფენომენს რამდენიმე წინაპირობა აქვს - გამორჩეული, განსაკუთრებული ნიჭი, აზროვნების
მასშტაბი, ორგანულობა, სამუშაო გარემო, მაგრამ ასეთივე მნიშვნელოვანია, ალბათ, გამოცდილებაც.
არა პირადი, არამედ წინაპრებისა და თანამედროვეების, უფრო მასშტაბური, მაღალი კატეგორიის
გამოცდილება. როცა ვახსენებთ იოჰან სებასტიან ბახს - ვგულისხმობთ არა მხოლოდ გენიალური
შესაძლებლობების ხორცშესხმას, არამედ იმ მრავალსაუკუნოვან ევროპულ მუსიკალურ გამოცდილებასაც
- ვოკალურ და საკრავიერ, საერო და სასულიერო მუსიკას, რომლის საფუძველზეც აღმოცენდა
ეს გენიოსი კომპოზიტორი.
მუსიკის ისტორია გრძელ ჯაჭვად რომ წარმოვიდგინოთ,
გენიოსი კომპოზიტორები დიდ რგოლებად იქნებიან წარმოადგენილი, მაგრამ მათი შემაკავშირებლები
აუცილებლად პატარა რგოლები იქნებიან. შეუძლებელია ყველა დიდი რგოლი მაშინვე ებმოდეს
ერთმანეთს - მაშინ თვით დიდი რგოლიც, ამ მასშტაბებში, ჩვეულებრივად აღიქმება. მცირე
რგოლები - ეს ფუნდამენტი - „შემადგენლობა“ კომპოზიტორებისა ითვისებს, შეისისხლხორცებს
ყოველივეს, რასაც წინა დიდი ფიგურის გამოცდილება წარმოადგენს. ორგანულად ათვისებული
წინა გამოცდილების ნიადაგზე კი ახალი ძალა იწყებს ფორმირებას. ასეთი “მცირე”, მაგრამ
მნიშვნელოვანი ფიგურაა ანტონიო სალიერი - თავისი დროის ცნობილი საოპერო კომპოზიტორი,
მოცარტის თანამედროვე და როგორც მუსიკის ისტორია დღევანდელი დისტანციიდან გვიჩვენებს,
ხიდი გლუკსა და ვაგნერს შორის. ის ითვისებს გლუკის საოპერო მანერის თავისებურებებს
და ამ წიაღში ისეთ ხერხებსა და იდეებს მიმართავს, რომელიც დაღვინების შედეგად ნახევარ
საუკუნეში ვაგნერის ფენომენს ბადებს.
მოკლე
ბიოგრაფიული ცნობები
ანტონიო სალიერი 1750 წლის 18 აგვისტოს
დაიბადა ვენეციის რესპუბლიკის ქალაქ ლენიაგოში. როგორც მისი პირველი ბიოგრაფის - იგნაც
ფონ მოზელისგან ვიგებთ, 1766 წელს ვენის საიმპერატორო კარის კაპელმაისტერს, ლეოპოლდ
ფლორიან გასანს შეუმჩნევია სალიერის ნიჭი, თან წაუყვანია ვენაში და მისთვის თავად
შეუსწავლებია მუსიკის თეორია და რამდენიმე უცხო ენა. ერთი საინტერესო დეტალი - როგორც ვენაში
ჩამოსვლიდან 50 წლის იუბილეზე წარმოთქმული სალიერის სიტყვიდან ვიგებთ, გერმანული კომპოზიტორმა
არც ისე კარგად იცოდა: "ბოდიშს გიხდით ჩემი გერმანულისთვის, სინამდვილეში მე
ხომ არ შემეძლო სულ რაღაც 50 წელიწადში ამეთვისებინა ეს ენა".
გასმანმავე წარუდგინა სალიერი ყველა იმ
ფიგურას, ვინც მომავალში კომპოზიტორის განვითარებაში წვლილი შეიტანა - იმპერატორ იოზეფ
II-ს, მეტასტაზიოსა და გლუკს. უკანასკნელის გავლენა სალიერის საკომპოზიტორო სტილზე
დიდია - ორივე კომპოზიტორს მუსიკალური ენის სისადავე ახასიათებს.
სალიერი კაპელმეისტერისა და საიმპერატორო
კარის კომპოზიტორის პოზიციის მიღების შემდეგ, აგრძელებს გასმანის "ქველმოქმედების"
ტრადიციას, კერძოდ, აწყობს მუსიკის საქველმოქმედო კვირეულებს ღარიბთათვის და უამრავ
უსახსრო ნიჭიერ ახალგაზრდა მუსიკოსს უსასყიდლოდ ამეცადინებს, მათ შორის - ბეთჰოვენს,
ჰუმელს, ჩერნის, შუბერტს, ლისტს, მომღერლებს
- ტერეზა გასმანსა და კატარინა კავალიერის.
შემოქმედებისა
და სტილის მოკლე დახასიათება
სალიერის შემოქმედება - იმ ეპოქაში არსებულ
თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს. სხვადასხვა მკვლევარი კომპოზიტორის შემოქმედების სხვადასხვაგვარ
პერიოდიზაციას გვთავაზობს, მაგრამ მხედველობაში თუ მივიღებთ იმ ფაქტორს, თუ რომელ
წლებში, რომელ ჟანრებს ანიჭებდა იგი უპირატესობას, ჩვენი აზრით, უფრო მართებული იქნება მისი ორ პერიოდად დაყოფა.
პირველი პერიოდი (1770-1804) სამ ქვეპერიოდს
მოიცავს - ადრეულს (1770-1779), როცა კომპოზიტორი თავს მოსინჯავს ყველა ჟანრში და
ქმნის პირველ სერიოზულ ოპერებს - ოპერა-buffa-ს “Le Donne Letterate” (1770), ოპერა-seria-ს
“Armida” (1771) და “La Fiera di Venezia” (1772); შუას (1780-1790), რომელიც მოიცავს
ყველაზე წარმატებულ და მხატვრულად ღირებულ ოპერებს, რაც, ვფიქრობ, განპირობებულია
სიტყვის დიდ ოსტატებთან, და პონტესა და ბომარშესთან თანამშრომლობით (აღსანიშნია პარიზისთვის
დაწერილი ოპერები: “Les Danaïdes” (1784), “Les Horacees” (1786) და “Tarare”
(1787)). ბოლოს, გვიანი საოპერო პერიოდი (1790-1804) (ზინგშპილი “Die Neger”).
მეორე პერიოდს (1804-1825) ორად გავყოფდით
- პირველი (1804-1815), როცა სალიერი თანაბარ ინტერესს იჩენს, როგორც ინსტრუმენტული,
ისე სასულიერო ჟანრებისადმი და მეორე (1816-1825), როცა მხოლოდ სასულიერო მუსიკას
ქმნის.
აქვე უნდა ითქვას, რომ ჟანრული და თემატური
მრავალფეროვნების მიუხედავად, სალიერის შემოქმედება სტილურად ერთიანია - მუდამ თან
სდევს მელოდიური და ჰარმონიული სისადავე. კომპოზიტორის თანამედროვე კრიტიკოსები აღნიშნავდნენ
რომ, სალიერიმ თავის მუსიკაში გერმანული, ფრანგული და იტალიური მუსიკის საუკეთესო
მახასიათებლები შერწყა. დღევანდელი გადმოსახედიდან ამ მოსაზრებას შეგვიძლია ვედაოთ,
თუმცა ანტონიო სალიერი ნამდვილად ღირსეული და პროფესიონალი კომპოზიტორია.
მოხსენებაში ყურადღების ცენტრში მოვაქციეთ
ის ნაწარმოები, რომელიც კომპოზიტორის სიცოცხლეშივე აღიარეს საუკეთესო ქმნილებად. ამ
მოსაზრებას დღევანდელი გადმოსახედიდანაც მართებულად მივიჩნევთ. ესაა ცნობილ დრამატურგთან
და დიდ საზოგადო მოღვაწესთან, ბომარშესთან თანამშრომლობით შექმნილი ოპერა
“Tarare”.
ოპერა
„Tarare”-ს ძირითადი თავისებურებები
ოპერა “Tarare” მისი წინამორბედი (ასევე
პარიზის თეატრისთვის დაწერილი) „Les Dainaides” მსგავსად, არატრადიციულია - უკანასკნელში
ჭარბობს სიუჟეტურად საშინელებათა სცენები, რაც მკვეთრად ირეკლება ჰარმონიულ და საორკესტრო
თვისებებზე. განსახილველი ოპერის სამყაროში ერთიანდება რამდენიმე ტრადიცია - ლიულის გავლით, ანტიკური,
და გლუკის მუსიკალური თეატრის თვისებები. “Tarare”-ში სალიერი მიჰყვება ლიულის მიერ
დამკვიდრებული დიდი ფრანგული ოპერის სტრუქტურას
- პროლოგი და ხუთი მოქმედება. ოპერის მესამე მოქმედება “დივერტისმენტებისთვისაა” -
ამ მონაკვეთში, საბალეტო ნომრების რიცხვი ვოკალურს აღემატება. თვით ვოკალური პარტია
მელოდეკლამაციურია, აქვს სამეტყველო რიტმი, მელოდიური ნახაზი ტექსტითაა განპირობებული.
ჰარმონიაში ცვლილებების ტემპი ნელია, რაც ვერბალური შრის მსმენელის მიერ უკეთ აღქმის
სურვილითაა განპირობებული. სალიერი ასევე იზიარებს გლუკის მიერ “ალცესტას” წინასიტყვაობაში
ჩამოწერილ თეზისებს - უპირატესობას ანიჭებს ტექსტის სილაბურ განაწილებას და მომღერლების
პარტიაში უარს ამბობს ვირტუოზულობაზე. გარდა ამისა, გლუკის მსგავსად გუნდის პარტია
ხშირად უნისონურ-ოქტავური დუბლირებითაა წარმოდგენილი, მიზეზი - ისევ მსმენელისთვის
ტექსტის გასაგებად მიწოდების სურვილია.
“Tarare”-ს პროლოგში ორი ზებუნებრივი არსება
სხვადასხვა თვისებების მქონე ადამიანთა სულებს, სხვადასხვა სოციალურ გარემოში ანაწილებს.
ორივე „ღვათაება“ ყოველი მოქმედების ბოლოს კომენტარს უკეთებს მოქმედებაში მომხდარ
მოვლენებს - ამ პრინციპს ბომარშე ადრინდელი ოპერებიდან და ნაწილობრივ ანტიკური თეატრიდან
სესხულობს, ოღონდ ერთი დეტალის განსხვავებით: ანტიკურ თეატრში ღმერთების სახელით კომენტარს
გუნდი აკეთებს, აქ - კონკრეტული პერსონაჟი. ორმუზის უღირსი მეფე - ატარი კონტრასტშია
ღირსეულ მხედართმთავარ ტარართან. ატარის სახე სრულად იხსნება მაშინ, როცა მსახურს
უბრალო მიზეზის გამო კლავს. აქ დგება ზნეობრივი საკითხი - ადამიანის სიცოცხლისა და
თავისუფლებისადმი დამოკიდებულება. საერთოდ ზნეობრივი კატეგორია მნიშვნელოვანი იყო
როგორც გლუკის, ისე სალიერის ნაწარმოებებისთვის. ოპერის ბოლოს მეფე თავს იკლავს (რაც
უჩვეულოა იმ დროის ოპერების სიუჟეტისთვის) და ტარარი, ხალხის რჩეული, იკავებს მის
ადგილს. მთლიანად სპექტაკლის განმავლობაში მტკიცდება, თუ რამდენად მაღალი კატეგორიაა
ზნეობა და მისი არსებობისთვის როგორ არა აქვს მნიშვნელობა პიროვნების სოციალურ სტატუსს.
ოპერას აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება,
რაც აკავშირებს მას მომავალ ვაგნერის დრამებთან. სიუჟეტიდან გამომდინარე ბუნების ამსახველ
და ტარარის ეჭვიანობის სცენებში, სალიერი ერთსა და იმავე განმეორებად კომპლექსებს
იყენებს, რომლებსაც შეიძლება ლაიტკომპლექსები ვუწოდოთ: კერძოდ, ხის ჩასაბერების მაღალ
რეგისტრში მომხიბვლელი პასაჟები და ტრელები; სიმებიანი საკრავების დაბალ რეგისტრში
პიციკატოები, ტიმპანების თანხლებით და სხვ. ეს ყველაფერი ლაიტმოტივური სისტემის ჩანასახია.
ოპერის წარმატებას დიდწილად გამართული ლიბრეტო
განსაზღვრავს. ბომარშეს თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ (საფრანგეთის რევოლუციამდე
ორი წლით ადრე) დაწერილი მიზანმიმართული ტექსტი, მისი ზუსტი მიმართება და შესაბამისად,
მოთხოვნები - ქმნის ოპერის საუკეთესო თვისებებს და აქედან გამომდინარე, მხატვრულ ღირებულებას.
მოქმედება მოკლე და კონკრეტულია, ტექსტი არ მეორდება, ზღვარი კი რეჩიტატივსა და არიას
შორის თითქმის არაა.
დასკვნა
ოპერის ანალიზის შემდეგ მივხვდით, რომ ლიბრეტოს
დრამატურგიის სიმწყობრემ განაპირობა თვით ოპერის მუსიკის მიზანმიმართულობა და დახვეწილობა.
რა თქმა უნდა ვიტყვით, რომ ეს ქმნილება კომპოზიტორის საუკეთესო ნამუშევარია, მაგრამ
აქვე იმასაც დავამატებ, რომ მისი მნიშვნელობა ერთი ორად იზრდება, რადგან, ერთი მხრივ, ითვისებს გლუკის მიღწევებს და მეორე მხრივ — წინასწარმეტყველებს
ამ ჟანრის მომავალ განვითარების პრინციპებს. ხსენებული ოპერა 40 წლის განმავლობაში
იდგმებოდა პარიზის თეატრში, ამიტომ შეიძლება ბიძგსაც კი აძლევს ბევრ ისეთ ასპექტს,
რაც მომავალში ვაგნერის Gesamtkunstwerk-ის ზოგიერთი იდეალი გახდება. მართალია ის
დღეს აღარ იდგმება, მაგრამ მისი როლი მაინც ნათელია - ის გლუკიდან ვაგნერის საოპერო
შემოქმედების ჩამოყალიბების გზაზე არსებული ის რგოლია, რომლის გარეშეც არ ვიცით სად
მივიდოდით.
________________________________
გამოყენებული ლიტერატურის სია:
1. Кушнер Б. (1999). В
защиту Антонио Сальери. www.vestnik.com/issues/1999/0706/koi/kushner.htm
2. Hettrick J. S.;
Rice J. A. (2001). Salieri, Antonio. The New Grove Dictionary of Music and
Musicians. Oxford: Oxford University Press.
3. https://artsfuse.org/191785/opera-review-antonio-salieris-tarare-a-startling-opera-of-social-commentary/
4. https://operascribe.com/2019/12/12/165-tarare-salieri/
5.
https://www.youtube.com/watch?v=CQN5oncTliY
Comments
Post a Comment