დიალოგები


ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის
სამაგისტრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტი
მარიამ ჭეიშვილი

 

პირველ დეკემბერს, კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდა კონცერტი სახელწოდებითსტუდენტები ასრულებენ სტუდენტებს”, მეც ვეცადე ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა ამ ძალიან კარგ საქმეში და კონსერვატორიის სტუდენტურ ბლოგზე მინდა შემოგთავაზოთ კონცერტის შემდგომი დიალოგები.


დიალოგი კონსერვატორიის თანამედროვე მუსიკის ანსამბლის ამჟამინდელ ხელმძღვანელთან, თბილისის კონსერვატორიის ასისტენტ-პროფესორ თამარ ჟვანიასთან:

  თავდაპირველად მინდა მოგილოცოთ და გითხრათ უდიდესი მადლობა ამ უმნიშვნელოვანესი პროექტისთვის და ასევე, იმ შრომისთვის, რომელმაც ხორცი შეასხა ამ იდეას, “სტუდენტები ასრულებენ სტუდენტებს”. თუ შეგიძლიათ გვითხრათ  ზოგადად რას წარმოაგენს თანამედროვე მუსიკის ანსამბლი.

    თანამედროვე მუსიკის ანსამბლი, თუ არ ვცდები, უკვე 10 წელია რაც არსებობს, რომლის დამარსებელიც ნინო ჟვანიაა, უბრალოდ ამ წელს მე ვიყავი მისი სტუმარიდა მე ჩავატარე ეს პროექტი. ასევე,  უნდა აღინიშნოს რომ ანსამბლი რეზო კიკნაძის  დიდი ხელშეწყობით შეიქმნა.
    
თანამედროვე მუსიკის ანსამბლიკონსერვატორიაში არის არჩევითი საგანი, რომელსაც ყოველ წელს ძალიან ბევრი სტუდენტი ირჩევს. მაგალითად წელს, ამ სემესტრში,  60 სტუდენტს აერთიანებს. საბოლოოდ კი იკრიბება ისეთი შემადგენლობა, რომელიც შემდეგ სხვადასხვა წარმატებულ პროექტს ახორციელებს. ასე, რომ არჩევითი კი არის, მაგრამ  ამით სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა სხვადასვხა საინტერესო პროექტებში ჩართვით წარმოაჩინონ საკუთარი თავი. ასე რომ ეს ანსამბლი არის არაჩვეულებრივი წამოწყება, საშუალება მათთვის.

-         რა შეგიძლიათ გვითხრათ პროექტისსტუდენტები ასრულებენ სტუდენტებსშესახებ? რა განასხვავებს მას თანამედროვე მუსიკის ანსამბლის სხვა პროექტებისაგან?

   დღევანდელ პროექტს სხვა,  ანსამბლის მიერ აქამდე ჩატარებული პროექტებისგან განასხვავებს ის, რომ წელს ჩვენ გვქონდა თანამშრომლობა გდანსკის  მუსიკის აკადემიასთნ, სადაც გასულ წელს ვიმყოფებოდი ERASMUS-ის გაცვლითი პროგრამით. ძალიან მინდოდა, რომ ჩვენს სტუდენტ კომპოზიტორებსა და შემსრულებებს ეთამაშრომლათ უცხოელ კოლეგებთან. პროექტი განხორციელდა გდანსკის მუსიკის აკადემიის კომპოზიციის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ კრისტოფ ოლჩაკის მხარდაჭერით.
 

-         საინტერესოა, როგორ შეირჩა პროგრამა, რატომ გაკეთდა აქცენტი ამ სტუდენტ კომპოზიტორებსა (ირაკლი არეშიძე, მაგდალენა გარბეცკა, სანდრა თრაზი, გიორგი კობერიძე, სიმონ კუსიორი, გაგი სიხარულაშვილი, ლაშა ხარხელაური) და ნაწარმოებებზე?

    ჩვენი დღევანდელი პროგრამა წარმოადგენს შიდასაკონსერვატორიო სტუდენტური საკომპოზიტორო და სამუსიკისმცოდნეო კონკურსის გამარჯვებულთა ნაწარმოებებს, ოთხმა კომპოზიტორმა  გაიმარჯვა სხვადასხვა ნომინაციაში. ხოლო მეორე მხრივ, ბატონი კრისტოფ ოლჩაკი დაინტერესდა  ამ იდეით, გამომიგზავნა მათი სტუდენტების ნაწარმოებები და აი, ჩვენ დღეს შევასრულეთ.

    ძალიან მინდა, რომ ამ პროექტს ჰქონდეს გაგრძელება და სხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთანაც  ვითანმშრომლოთ. და რაც მთავარია, ყველაზე მაღალი იდეა არის ის, რომ შემდეგში უკვე ჩვენი სტუდენტების ნაწარმოებები გაიგზავნოს და შესრულდეს.

 

დიალოგი  კომპოზიტორ, მუსიკოლოგსა და დირიჟორთან, გიორგი პაპიაშვილთან:

-         გიორგი, ძალიან საინტერესო იყო თქვენი დირიჟორის ამპლუაში ხილვა. მაინტერესებს რითი იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი ეს პროექტი?

    ეს პროექტი, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მრავალი მიზეზის გამო: ერთი ის, რომ ორ ევროპულ უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელს, გდანსკის მუსიკის აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას შორის  ხორციელდება, რომლის იდეაც ეკუთვნის თამარ ჟვანიას. ასევე, მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ  კონსერვატორიის სტუდენტ შემსრულებლებს, რომლებსაც ასევე  აქვთ საგანი - თანაედროვე მუსიკის ანსამბლი, აქვთ შესაძლებლობა შეასრულონ გდანსკის მუსიკის აკადემიის საკომპოზიტორო მიმართულების, ასევე ქართველ სტუდენტ კომპოზიტორთა ნაწარმებები, რომლებმაც გაიმარჯვეს შიდასაკონსერვატორიო კონკურსში. შედგა საერთო კონცერტი და ძალიან სანტერესო კონცეფციაც ჩამოყალიბდა. ასევე, ავღნიშნავდი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს, ქართველ მსმენელს ეძლევა საშუალება მოისმინოს თანამედროვე, დღეს მოღვაწე ახალგაზრდა კომპოზიტორების ნააზრევი და ერთგვარად შეაფასოს იგი.

-         ეს პროექტი თქვენი და კონსერვატორიის თანამედროვე მუსიკის ანსამბლის თანამშრომლობის პირველი შემთხვევა იყო?

თანამედროვე მუსიკის ანსამბლთან გასულ წლებშიც მითნამშრომლია,  ეს იყო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ვიდირიჟორე დამამთავრებელ გამოცდაზე, ეს იყო ჩემი პირველი შეხება სადირიჟორო პულტთან. მაშინ შევასრულეთ უფრო დიდი ფორმისა და შემადგენლობისთვის დაწერილი ნაწარმოები. და ეს კუკვე მეორე შემთხვევაა როცა მე ისევ დირიჟორის ამპლუაში მიწევს მსმენელის წინაშე გამოსვლა, კონსერვატორიის მცირე დარბაზში. რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოცდილებაა ჩემთვის, როგორც, ზოგადად, მუსიკოსისთვის და კონკრეტულად, როგორც კომპოზტორისთვის და დირიჟორისთვის. რადგან, როგორც მოგეხსენებათ, კომპოზიტორისთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი გამოცდილება, რომელიც შემდგომ ბუნებრივად აკუმილირდება მის შემოქმედებაში.

-         თქვენ ხართ კომპოზიტორი, მუსიკისმცოდნე დღეს კი სადირიჟორო პულტთანაც გიხილეთ, როგორია ამ მხრივ თქვენი გამოცდილება, აპირებთ თუ არა სადირიჟორო კარიერის გაგრძელებას?

    სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ და ამის დიდი სურვილიც მაქვს. მე არ ვარ პროფესიონალი დირიჟორი, და არც არასდროს მიმიღია ამ მხრივ გაკვეთილები. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მძიმე საქმეა. თუმცა, ამავდროულად, დიდ სიამოვნებასთანაა დაკავშირებული, როგორც ფიზიკურად, ასევე ინტელექტუალურად. ფართო არეალს მოითხოვს, რომ სწორად გაიგო, გაიაზრო, გადმოსცე ნაწარმოების კონცეფცია.

-         მაინტერესებს როგორი იყო სამუშაო პროცესი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ნაწარმოებების პირველ, საპრემიერო შესრულებებს? გქონდათ თუ არა კონსულტაციები უცხოელ კომპოზიტორებთან და რამდენად იყვნენ ჩართული რეპეტიციების დროს?

    უპირველეს ყოვლისა, როდესაც ახალი ნაწარმოები სრულდება აუცილებელია მაღალ ხარისხში შესრულდეს. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი შესრულება საკმოდ კარგი ხარისხის შესრულება იყო და საინტერესო ინტერპრეტაციაც გამოვიდა. რაც შეეხება უცხოელ კომპოზიტორებს და მათთან კომუნიკაციის საკითხს - გვქონდა ზოგადი საუბრებით, სადაც ისაუბრეს საკუთარ კონცეფციაზე და მოგვცეს მინიშნებები, რაც შესრულების დროს იყო გასათვალისწინებელი. ჩემი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ უფრო ზუსტი ვარიანტია ის, როდესაც კომპოზიტორი საკუთარი ნაწარმოების რეპეტიციებს ესწრება - ერთია რას წერს ავტორი, და მეორე რეალურად რა დგას პარტიტურაში მითითებული ყოველი სიმბოლოს უკან.

-         სტუდენტები ასრულებენ სტუდენტებს, ასე ჰქვია პროექტს, რაც არა მხოლოდ სტუდენტ კომპოზიტორებს მოიაზრებს, არამედ შემსრულებლებსაც. ამ შემთხვევაში, კონსერვატორიის თანამედროვე მუსიკის ანსამბლს. რას გვეტყვით მათ შესახებ, როგორი იყო მათთან მუშაობის პროცესი?

    შემსრულებლებმაც, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი იშრომეს და ძალიან დიდი სირთულეებიც დავძლიეთ ერთად. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ როგორც უკვე აღნიშნეთ, ისინი სტუდენტები არიან და სწორედ ამ მომენტში ეუფლებიან და ცდილობენ მაქსიმალურად განავითარონ თავიანთი შემსრულებლობა. იმ პირობების გათვალისწინებით, რაც ჩვენ გვქონდა, ესაა რეპეტიციების რაოდენობა, დატვირთული სასწავლო გრაფიკი და .. ვფიქრობ, რომ საკმაოდ მისაღები ხარისხით წარმოვადგინეთ თითოეული ნაწარმოები, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ ანსამბლის წევრებს მიუძღვით.

 

დიალოგი კომპოზიტორ გიორგი კობერიძესთან

-         გიორგი, მაინტერესებს თქვენ როგორ მოხვდით ამ პროექტში და რომელი ნაწარმოები მოისმინა დღეს მსმენელმა?

პროექტში ყველანი მოვხვდით შედასაკონსერვატორიო  კონკურსიდან. თავდაპირელად გამიზნული იყო, რომ შესრულდებოდა ის ნაწამოებები, რომლითაც კონკურსში გავიმარჯვეთ, მაგრამ შემდეგ არჩევანი სხვა ნაწარმოებებზე გაკეთდა. ვფიქრობ, რომ თამარ ჟვანიამ ძალიან კარგად შეადგინა კონცერტის პროგრამა, ნაწარმოებების თანმიმდევრობა. იმიტომ, რომ შეიძლება განსხვავებულად ჟღერს ელექტროაკუსტიკური მუსიკა, მაგრამ ზოგადად მუსიკის ნაწილია და უკვე აკადემიური მუსიკის ნაწილად შეიძლება მოვიაზროთ. დღევანდელი კონცერტიც ამის კიდევ ერთი მანიფესტი იყო.

-         დღეს თქვენი ელექტროაკუსტიკური ნაწარმოები მოვისმინეთ, რა შეიძლიათ გვითხრათ მის შესახებ, რა იყო კონცეფცია და ძირითადი იდეა?

    ეს მუსიკა, რაც დღეს  ჟღერდა არის ერთი დიდი ინსტალაცია  სიზმარისნაწილი. წელს ყველაზე მასშტაბურად, თბილისის მასშტაბით 10 სხვადასვხა ადგილზე იმართებოდა. ეს იყო ლენდ-არტი, ანუ ხელოვნება, რომელიც იყენებს მხოლოდ ბუნებრივ ინსტრალაციებს, ამიტომ ეს ბუნებრივი მასალა ჩემმა მეგობრებმა დიდი რაოდენობით მოაგროვეს და 10 სხვადასხვა ინსტალაცია გაკეთდა ამ მასალების გამოყენებით

  ჩემს ნაწარმოებში არ არის არც ელექტრონული ხმები, არც აკუსტიკური ინსტრუმენტები.  მასალა ჩაწერილია სხვადასხვა მანიპულაციით. მაგალითად ავიღოთ ობსიდიანი, შუშისებრი ქვა, რომელზეც შეიძლება სხვავადასხვა მანიპულაციები მოვახდინოთ, შეიძლება ეს ქვა გატეხო და  გატეხვსის ხმა იყოს, შეიძლება ხემი გაუსვა და ხმა გამოსცეს, ასევე  უბრალოდ დაფქულ ოფსიდიანებში რაღაც ნივთები ჩადო და მათი მოძრაობით მიიღო ხმოვანება და . . ანუ მანიპულაციის საშუალება საკმაოდ ბევრია, რაც ხმოვანების დიდ მრავალფეროვნებას იძლევა. გარდა ამისა, ავიღოთ თუნდაც ხის ფესვები, რომელსაც თან მიწაც აქვს შერჩენილი, თან თავად ხის მასალაა, რომლებიც  ძალიან საინტერესო ხმას გამოსცემს. აევე, დიდთოვლობის გამო, ბევრი ხე განადგურდა თბილისში,  მერიამ ეს ხეები მოაგროვა, ჩვენ გვქონდა წვდომა მათზე და წამოვიღეთ.  ეს ეკლები გორიდან ჩამოიტანეს დიდი რაოდენობით, ანუ, მასალა სამუშაო იყო. მე და ჩემმა მეგობარმა მუსიკოსმა, ვაჟიკო მარმა ეს ხმები ჯერ ჩავიწერეთ, შემდეგ დავამუშავეთ და რაც აქ გაჟღერდა იყო სწორედ ამ ჩანაწერებისა და ხმების გამოყენებით  შექმინლი მუსიკა.

-         პირადად მე გიცნობთ როგორც ელექტროაკუსტიკური კომპოზიციების ავტორს, საინტერესოა მხოლოდ ამ ჟანრით შემოიფარგლებით? რამდენად მიმართავთ  კლასიკურ ინსტრუმენტებს, ჟანრებსა და ფორმებს?

    ბოლო დროს უფრო მეტ დროს ვუთმობ  კლასიკურ ინსტრუმენტებს დაკლასიკურმუსიკას, მაგრამ ელექტრონულ მუსიკასაც არ ვივიწყებ. ოდესღაც შეიძლება მათი კომბინაცია, სიმბიოზიც ვნახოთ, თუმცა ჯერჯერობით ნებისმიერი ასეთი ექსპერიმენტი, არა მხოლოდ ჩემი, არამედ ზოგადად, რაც მომისმენია უხერხული შედეგით მთავრდება ხოლმე.

 

დიალოგი კომპოზიტორსა და პიანისტთან, ლაშა ხარხელაურთან:

-         ლაშა, კონცერტზე შენი სახით ვიხილეთ კომპოზიტორ-შემსრულებელი, სწორედ ამ საკითხით მინდა დავიწყოთ ჩვენი დიალოგი. ერთია, როდესაც კომპოზიტორი წერს მუსიკას და ეს ნაწარმოები კომპოზიტორისგან დამოუკიდებელად აგრძელებს სიცოცხლეს, შემსრულებელი საკუთარი ინტერპრეტაციით ასრულებს მას. ან თუნდაც კომპოზიტორისზედამხედველობით”, მისი მითითებებით, მაგრამ აბსოლუტურად სხვა რამ არის როდესაც კომპოზიტორი საკუთარ ნაწარმოებებს ასრულებს, თავადვე აცოცხლებს საკუთარ შემოქმედებას. მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

  იყო კომპოზიტორ- შემსრულებელირა თქმა უნდა ძალიან რთული პროცესიაერთიაროდესაც  შორიდან უსმენ შენს ნაწარმოებსრომელიც გამოხატავს შენს ბუნებასმაგრამ შენ რომ ასრულებ საკუთრ ნაწარმოებს  ორმაგად შიშვლდები ყველას წინაშე და ორმაგად ნერვიულობ.     

  მე რომ ჩემს ნაწარმოებზე ვმუშაობდი, ვარჩევდი მას ვთქვი, რომ მეორე ლაშამ იპოვა გასაქანი, შემსრულებელმა ლაშამ იპოვა თავისი თავი კომპოზიტორ ლაშას დაწერილ ნაწარმოებში. ორი სხვადასხვა პროცესია და როდესაც ასრულებს კომპოზიტორი თავის ნაწარმოებს ორი მხრიდან უყურებს მას. საინტერესოა მუშაობის მხრივ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისიც ძალიან საინტერესოა, როდესაც სხვა ასრულებს ამ ყველაფერს. მე ყოველთვის ვცდილობ შემსრულებლის ინტერპრეტაცია დავინახო და მისი თვალითაც შევხედო ნაწარმოებს, რაც ასევე საინტერესოდ დამანახებს ხოლმე მას, როგორც კომპოზიტორს.
    

 

-         თქვენს შემთხვევაში, ნაწარმოების წერის პროცესში რამდენად არის ერთმანეთთან კავშირში კომპოზიტორი და შემსრულებელი, რომელია წამყვანი. და ასევე, საინტერესოა რას ფიქრობთ შემსრულებლის მხრიდან ამა თუ იმ ნაწარმოების ინტერპრეტირების საკითხზე და რამდენად აძლევთ თქვენს ნაწარმოებებში შემსრულებელს თავისუფლებას?

თავად შესრულებას რაც შეეხება, აქაც ერთი მხარეა, როდესაც როგორც კომპოზიტორი რაიმეს წერ, მაგრამ მეორეა, როდესაც მას შემსრულებლის კუთხით უდგები. მე  ყოველთვის ასე ვაკეთებ, მაგალითად როდესაც ერთ ნაწარმოებს დავწერ და შემდეგ უკვე შემსრულებლის კუთხიდან ვუყურებ და სხვა ნიუანსებსაც აღმოვაჩენ ხოლმე, რაზეც შეიძლება კომპოზიტორის პოზიციიდან არ მეფიქრა. ამ დროს ყოველთვის ვფიქრობ  მივუთითო რაც მერე, შემსრულებლის პოზიციიდან ვიპოვე თუ არა. მინდა   ყოველთვის დავუტოვო შემსრულებელს თავისუფლება, რასთან დაკავშირებითაც სულ არის  შემსრულებლების საუბარი, რომ მაგალითად მე-20 საუკუნის კომპოზიტორები თავისუფლებას არ აძლევენ. ყველა შტრიხს, დინამიკას წერენ ხოლმე და სადღა გამოჩნდნენ ისინი. მე ძალიან ხშირად მსმენია ეს და ვფიქრობ, სიმართლის ძალიან დიდი მარცვალიც არის ამაში. მაგალითად შტოკჰაუზენისKlavierstücke-ებს რომ გავახედოთ ყველა ბგერას თავისი არტიკულაცია აქვს, თავისი დინამიკა, რიტმშია გაწერილი. ყველა ბგერას თავისი სამყარო აქვს და იმას შენ ვერ შეცვლი, ვერც ერთ პარამეტრს. ამაზე სულ ამბობენ შემსრულებლები, რომ როდესაც ამის შესრულება გვიწევს ჩვენს თავს ვკარგავთო. მე, როგორც უკვე ვთქვი, ვცდილობ რომ ასე არ გამოვიდეს, არ მინდა რომ შევზღუდო შემსრულებელი. მინდა რომ თავის გამოვლენის საშუალება ჰქონდეს.


-         ახლა კი, თუ შეიძლება უშუალოდ იმ ნაწარმოებზე ვისაუბროთ, რომელიც კონცერტზე თქვენივე შესრულებით მოვისმინეთ.

    თავდაპირველად დავიწყებ იმით, რომ ჩემს ნაწარმოებს საკმაოდ ძველმოდური სახელი, “ნოქტიურნიჰქვია, ფორტეპიანოსთვის. თავდაპირველად ეს სახელი არ მქონდა განსაზღვრული, მაგრამ შემდეგ ნაწარმოების ატმოსფერო ისეთი აღმოჩნდა ამ სახელის გარდა უკეთესი იდეა არ მომდიოდა აზრად, ძალიან მოუხდა ეს სახელი.  როდესაც დავასრულე მუშაობა წარმოვიდგინე ეს ერთი მოძრავი ხაზი, როგორც მაგალითად ნოქტიურნის მარცხენა ხელის პარტია. ეს მარცხენა ხელი, მეტწილად შოპენის ნოქტიურნებში დამოუკიდებელი ნაწარმოებია ხოლმე, ცალკე რომ დაუკრა იმდენი შრეები აქვს დამოუკიდებელ ფუნქციასაც იღებს. შეიძლება ასეც განვხილოთ ნოქტიურნისმარცხენა ხელად”, ერთ-ერთი ფაქტორი ესეც იყო, რატომაც დავარქი "ნორტიურნი".

    რაც შეეხება კონცეფციას, თუ მანამდე ანსამბლებისთვის და ორკესტრებისთვის ვწერდი, რამდენიმე თვის წინ დავიწყე სოლო საკრავებისთვის წერა, ასე რომ ვთქვათ ერთხმიანი საკრავებისთვის. მუშაობა დავიწყე იმ კუთხით, თუ  როგორ ტარდება მუსიკა ერთ ხმაში, ლინეალური კუთხით მივუდექი მას.  მიღებული გამოცდილებით მინდოდა ფორტეპიანოზე გადამეტანა, სადაც ასეთი, ერთხმიანი ნაწარმოებები როგორც წესი არ იწერება, რადგან ამ მხრივ მეტი შესაძლებლობები აქვს და კომპოზიტორები მაქსიმალურად ცდილობენ გამოიყენონ ის. მინდოდა როგორმე მომეხერხებინა და მთელი ნაწარმოები ერთ ხაზზე წასულიყო. ასევე, ამ ნაწარმოებებს ვუწოდებ  სხივების და წერტილების სამყაროს”, ანუ სხივი შეიძლება როგორც ჰარმონია, წერტილი კი, გარკვეულწილად პუანტილიზმთან და სპექტრალიზმთანაც დაკავშირებით გავიაზროთ. წერტილი  ერთი ბგერაა, მაგრამ ის ბგერა  შეიცავს ბევრ ობერტონს. შთაგონების წყარო ასევე  შუა საუკუნეების მუსიკიდანაც იყო, სანამ პოლიფონია შეიქმნებოდა. მინდოდა აზროვნების ეს პრინციპიც ფორტეპიანოზე გამოდმომეტანა ეს კი იყო ერთ-ერთი შეზღუდვა, რამაც  თავისუფლება მომცა.

 

-         დღეს პირველად შესრულდა თქვენი ეს ნაწარმოები და შესაბამისად, მეც პირველად მქონდა მისი მოსმენის შესაძლებლობა. პირველი, რამაც მიიქცია ყურადღება, როგორც თქვენ უწოდებთსიხივებისა და წერტილების სამყაროში”, სივრცის შეგრძნება იყო, რამდენად იყო ეს თქვენი ჩანაფიქრი, რა შეიძლება გვითხრათ ამაზე?

      სივრცულობა უპირველესად გამომდინარეობდა აგებული ჰარმონიებიდან, რომელიც მართალია თითო ბგერით იყო წარმოდგენილი, მაგრამ ქმნიდა ერთ ჰარმონიას. აი ეს ჰარმონია იყო აგებული სპექტრალურ პრინციპზე. არა ნამდვილი სპექტრის მიხედვით, არამედ სპექტრალურობის აზროვნების პრინციპით და ვფიქრობ, ეს ქმნიდა ამ სივრცულობას. მართალია  ვამბობ სხივსეს სხივი კი შეიძლება ზოგი ადამიანის თვალით ერთ განზომილებიანია, მაგრამ თავისთავად ის ბევრი ნაწილისგან შედგება და თუ მიკროსტრუქტურულად დავაკვირდებით, ის სამგანზომილებიანია. ესეც ჩემი შემოქმედების ერთ-ერთი ხაზია, რომ არ მომწონს ეს სამყარო და უკეთეს სამყაროს ვეძებ, სადღაც სხვაგან, თუნდაც მიკრო, მრავალგანზომილებიან სივრცეებში. ჩემი შემოქმედების ეს საერთო გამოძახილი ამ კუთხითაც იყო გამოვლენილი და სივრცულობაც ამაში ვლინდებოდა.


-         ბოლოს ისევ პროექტის შესახებ ვისაუბროთ, რას წარმოადდგენდა თქვენთვის და რატომ იყო მნიშვნელოვანი?

    პირველ რიგში ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო ჩვენთვისაც, რომ ჩვენი ნაწარმოებები გაგვეტანა უცხო მსმენელისთვის და ასევე მოგვესმინა სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებებიც. ამ ხელოვნებაში, მითუმეტეს 21- საუკუნეში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კავშირებს. უნდა იცოდე რა ხდება მსოფლიოს გარშემო, როგორ მუსიკას წერენ სხვაგან, რაც მერე შენს აღქმაზეც, დამოკიდებულებაზე მოქმედებს, შენს ნაწარმოებებსაც სხვა კუთხით უყურებ. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო და ძლიან კარგი იქნება თუ გვექნება კავშირი სხვა სასწავლებლებთანაც. ამ შემთხვევაში გდანსკი იყო, კარგი იქნება თუ შემდეგ ისინიც შეასრულებენ ჩვენს ნაწარმოებებს, საინტერესო იქნება  როგორ დაინახავენ ისინი ჩვენს მუსიკას.

 

 

__________________________________________

კონცერტის შესახებ ინფორმაცია და ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ კონსერვატორიის ოფიციალურ Facebook გვერდზე

 



Comments