ჰარი პარჩი და ახალი მუსიკალური ინსტრუმენტები

ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის
ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი
თინათინ მაისურაძე

ზოგიერთმა კომპოზიტორმა მუსიკა გააფართოვა გამომსახველი ხერხებისა და ჟღერადობის ახალი ტიპების აღმოჩენით, სხვებმა ბგერათსიმაღლებრივობის, რიტმის, ტემბრის და ა. შ. სფეროში ახალი რესურსების გამოყენებით, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც მუსიკის შესაძლებლობები სრულიად ახალი ტემბრით, ფაქტურით და ინსტრუმენტების შექმნით განაახლეს. ასეთი კომპოზიტორების რიგს მიეკუთვნება ამერიკელი ჰარი პარჩი (Harry Partch, 1901-1974).

თვითნასწავლი მუსიკოსი ჰარი პარჩი, 1928 წლისთვის ქმნის უნიკალურ საკომპოზიტორო ტექნიკასა და ფილოსოფიას, რომელსაც აღწერს წიგნში Genesis of a Music (“მუსიკის გენეზისი”). მასში პარჩი წერს მუსიკის ინდივიდუალური აღქმის შესახებ და, ამასთანავე, მნიშვნელოვან ადგილს უთმობს XX საუკუნის 20-იანი წლების დასავლური მუსიკის პრაქტიკულად ყველა ასპექტის კრიტიკას, განსაკუთრებით თანაბარად ტემპერირებული წყობის შეზღუდვებს: “მუსიკის ზრდისა და ევოლუციის იმპულსი წარმოიქმნება ადამიანის ყურით და არა ფორტეპიანოს კლავიატურით, რომლის გარეშეც ამ დროისა და ეპოქის ჰარმონიის ტიპები უმოქმედო იქნებოდა. დაკარგული ელემენტი, რომელიც ადამიანის ყურს ყველაზე მეტად სურს და სჭირდება არის მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია გამოხატოს იდეების უსასრულო დიაპაზონი და უსასრულო ცვალებადობა, მაშასადამე, იდეები ჯერ შეიძლება შემოწმდეს, შემდეგ დამტკიცდეს ან გამოსწორდეს” (Genesis of a Music, pg. 82).

სწორედ ეს იდეალია პარჩის შემოქმედების მთავარი მიზანი, რასაც მან დაუქვემდებარა ყველა თავისი აღმოჩენა. პარჩმა შექმნა სხვადასხვა მიკროტონური სისტემა, რომელთა წარმოშობამ განაპირობა ახალი ინსტრუმენტების კონსტრუირება. ახალ მიკროტონურ სისტემაში შექმნილი კომპოზიციების შესრულება შესაძლებელია როგორც ტრადიციული ინსტრუმენტების ადაპტირებულ ვერსიებზე, ისე ახალზე.

* * *

        ჰარი პარჩი დაიბადა 1901 წლის 24 ივნისს ოკლენდში (კალიფორნია), პრესვიტერიანული[1] მისიონერების ოჯახში. ბავშვობა პარჩმა გაატარა ტომბსტოუნის მახლობლად, არიზონას შტატში, სადაც პროფესიული მუსიკალური განათლების მიღების ნაკლებობის მიუხედავად, მუსიკის გარემოცვაში აღიზარდა. დედამისი, ნიჭიერი და შვილების განათლებაზე ორიენტირებული ქალი, მათ ასწავლიდა მუსიკის ანბანს და რამდენიმე ინსტრუმენტზე დაკვრას. 6 წლის ასაკში პარჩმა არა მხოლოდ გიტარაზე, კლარნეტსა და ტუჩის ჰარმონიკაზე იცოდა დაკვრა, არამედ კარგად ფლობდა ორგანს. 14 წლის ასაკში დაიწყო მუსიკის წერა. მოგვიანებით, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-მექსიკოში გადავიდა, მან მიიღო მუსიკის პირველი გაკვეთილი სახლის გარეთ და მალევე აღმოაჩინა, რომ სძულდა ოფიციალური მუსიკალური სწავლების რეპრესიული და შემზღუდველი მეთოდები. ამ ანტიპათიამ განსაზღვრა მთელი მისი ცხოვრება და შემოქმედება. მომდევნო წლებში პარჩმა დამოუკიდებლად მიიღო ცოდნა და დაწერა საფორტეპიანო კონცერტი, სიმფონიური პოემა, სიმებიანი კვარტეტი – ყველაფერი ტრადიციული ფორმით.
    28 წლის ასაკში, ნიუ ორლეანში ყოფნისას, მან გაანადგურა მთელი თავისი შემოქმედება და გადაწყვიტა თავიდან დაეწყო. მისი მიზანი იყო შეექმნა მხოლოდ ისეთი მუსიკა, რომელიც არ იქნებოდა შებოჭილი კომპოზიციის ტრადიციული კონვენციებით და სწორედ ამიტომ შექმნა საკუთარი მიკროტონური სისტემა.
   30-იან წლებში, დიდი დეპრესიის დროს, პარჩი მატარებლით მოგზაურობდა მთელს ამერიკაში და როგორც მოგზაური და კომპოზიტორი თავის გამოცდილებას აღბეჭდავდა წერილებსა და მუსიკაში. 1934 წელს მან მიიღო ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის გრანტი, მაგრამ მხოლოდ 1943 წელს მიღებულმა პირველმა ყველაზე მნიშვნელოვანმა გრანტმა მისცა შესაძლებლობა ემუშავა ახალი იდეების განხორციელებაზე 45 სპექტაკლში, რომლებმაც გაახმაურა კომპოზიტორის სახელი.

ჰარი პარჩი გარდაიცვალა 1971 წელს, კალიფორნიაში.

* * *

პარჩის მუსიკის საფუძველს წარმოადგენს 43 მიკროტონად დაყოფილი ოქტავა, რომელიც, თავის მხრივ, მომდინარეობს ჰერმან ჰელმჰოლცის (Hermann Helmholtz, 1821-1894) რეზონანსის თეორიიდან[2]. სწორედ ამან მისცა იმპულსი გამოეყენებინა არა მხოლოდ ადამიანის ხმის არატემპერირებული შესაძლებლობები, არამედ შეექმნა ახალი ინსტრუმენტები. პარჩის მიერ კონსტრუირებული სიმებიანი და დასარტყამი ინსტრუმენტთა უმეტესობა ეფუძნება საკრავთა ძველ ან არადასავლურ მოდელებს რომლებსაც, ზოგიერთ შემთხვევაში, მან ეგზოტიკური სახელები დაარქვა, მაგალითად: “ევკალიპტის ყვავილი”, “ომის ნადავლი”, “მაზდა მარიმბა”.

Eucal blossom     
 “მაზდა მარიმბა”
Spoils of War 



    პარჩის მიერ შექმნილი ყველაზე ადრეული ინსტრუმენტი არის ადაპტირებული ვიოლა. იგი დამზადებულია ჩელოს გრიფისგან, რომელზეც მიმაგრებულია ვიოლას კორპუსი. მას აქვს მოძრავი ხიდი (ჯორაკი), რომელიც მოძრაობს სამ წერტილში და სრული სამხმიანობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

ადაპტირებული ვიოლა შეიქმნა ნიუ ორლეანში, ადგილობრივი ვიოლინოს ოსტატის, ედვარდ ბენტონის დახმარებით. პარჩმა თავდაპირველად მას “მონოფონი” უწოდა, მაგრამ 1933 წლისთვის ცნობილი გახდა როგორც ადაპტირებული ვიოლა. პარჩმა ის ვიოლინოზე ერთი ოქტავით ქვემოთ ააწყო. მის გრიფზე დანაყოფები მოცემულია ტრადიციული (ნახევარტონიანი) თანაფარდობით. პარჩმა გრიფზე დაამაგრა მეტალის პატარა ღერძები, რათა გაეადვილებინა აპლიკატურის მოძებნა. ინსტრუმენტზე დაკვრას პარჩმა უწოდა "ერთი თითით დაკვრის ტექნიკა", რომელიც, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ: "უფრო ახლოს არის ინდური ვინას სულთან, ვიდრე ორგანთან." (Genesis of a Music, pg.198).

შემსრულებლებისათვის პარჩმა მითითებები გააკეთა, რომელთა მიხედვითაც ბგერები გაცურებით უნდა შესრულდეს: “თითმა ნელა უნდა დაიწყოს მოძრაობა და შემდეგ აუჩქაროს, ერთი ბგერიდან მეორესკენ, ან პირიქით, იმოძრაოს ნელა და შემდგომ სწრაფად, მოულოდნელად. ხემის როლი, ნიუანსების უსასრულოდ სრულყოფის პროცესში, უმნიშვნელოვანესია” (Partch, H. Genesis of a Music, p. 202).

პარჩის პირველი ინსტრუმენტი, ადაპტირებული ვიოლა ხშირად გამოიყენება მის ადრეულ ქნილებებში. ისეთ ნაწარმოებებში, როგორებიცაა 17 Lyrics of Li Po (“ლი პოს ჩვიდმეტი ლექსი”), Two Psalms (“ორი ფსალმუნი”) და სხვ.

პარჩმა 1934 წელს დაიწყო მუშაობა გიტარის მოდიფიცირებაზე და შექმნა ფოლადის სიმებიანი ორი გიტარა: ექვსსიმიანი ადაპტირებული გიტარა I და ათსიმიანი ადაპტირებული გიტარა II (რომელზეც ბგერები თითის გასრიალებით ჟღერდება). ადაპტირებული გიტარა I პირველად გამოიყენა Barstow-ში (“ბარსტოუ”) 1941 წელს. 1945 წელს კი, საკრავთა ტემბრის კიდევ უფრო ინტენსიური გარდაქმნისთვის, დაიწყო მათი ამპლიფიკაციის, ანუ წინასწარი მომზადების გამოყენება.

ევროპული ინსტრუმენტების გარდა პარჩმა მოახდინა ტრადიციული იაპონური კოტოს ადაპტირება, რომელიც მას ლუ ჰარისონმა გადასცა. მას გააჩნია გაძლიერებული რეზონანსი და სხვა მოდიფიკაციები. იგი იყენებს ცამეტ ნეილონის სიმს, რომლებიც გადაჭიმულია ადვილად მოძრავ ხიდებზე.

ადაპტირებული ვიოლა  
ადაპტირებული გიტარა
კოტო

    არსებული საკრავების ადაპტირება პარჩის ნოვატორობის მხოლოდ ერთი მხარეა. მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახალი საკრავების შექმნა. კერძოდ, მას შექმნილი აქვს სხვადასხვაგვარი სიმებიანი, დასარტყამი და კლავიშიანი საკრავი.

სიმებიანები:

Harmonic Canons (სახელი მომდინარეობს ძვ. საბერძნეთიდან, წარმომავლობა  qanún-დან.) არის 44-სიმიანი (სონომეტრული) ინსტრუმენტი. მას აქვს რამდენიმე მოძრავი ხიდის კომპლექსური სისტემა, რომლებიც პარჩის მითითებების თანახმად განლაგდება ნაწარმოების საკვანძო ჰარმონიულ წერტილებში, საკრავის მარცხენა და მარჯვენა ნაწილებს შორის  ჰარმონიული თანხმოვანებების მისაღებად.

ინსტრუმენტის სიმები განსხვავებულად არის განაწილებული სიგრძისა და სისქის მიხედვით. მასზე უკრავენ თითის ბალიშებით ან სპეციალური ჩაქუჩებით.

პარჩის ინსტრუმენტებს შორის ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს კითარა. პირველი კითარა შეიქმნა 1938 წელს. ინსტრუმენტის გაჩენის ინსპირაცია და სახელი მომდინარეობს ანტიკური ბერძნული საკრავიდან. მოგვიანებით, პირვანდელი ინსტრუმენტი 1972 წელს, პარჩის გარდაცვალების შემდეგ, განაახლეს მისმა მიმდევრებმა და თანამოაზრეებმა.
     პარჩის კითარას აქვს 72 სიმი, ხოლო სიმების ქვეშ მოთავსებულია მინის მილები. მასზე უკრავენ თითის ბალიშებით ან სპეციალური მედიატორით.
    
Harmonic Canons    
  Surrogate Kithara          

   დასარტყამები:

პარჩს მარიმბას ტიპის რამდენიმე საკრავი აქვს შექმნილი.

Diamond Marimba არის მარიმბა ხის კლავიშებით, რომლებსაც ქვევით მიმაგრებული აქვს ბამბუკის მილები. მისი დიაპაზონი მოიცავს 11 რეგისტრს და მასზე სპეციალური ჯოხებით უკრავენ. სულ აქვს 36 “კლავიში” (ფირფიტა), რომლებიც განლაგებულია რომბირებური (ბრილიანტის მსგავსი) ფორმით, სწორედ აქედან მოდის მისი დასახელებაც.

Diamond Marimba-ს შექმნიდან 20 წლის შემდეგ, 1965 წელს, პარჩი ქმნის ახალ ინსტრუმენტს სახელწოდებით Quadrangularis Reversum. მის ცენტრალურ ნაწილში გამოყენებულია აფრიკული ხის, პადაუკის ბლოკები, რომლებიც განთავსებულია უკუღმა, მაღალიდან დაბლისკენ, Diamond Marimba-ს სარკისებურად - აქედან გამომდინარეა სახელწოდებაში Reversum. ასეთი ვარიანტი პარჩს შესთავაზა ერვ ვილსონმა[3]  ინსტრუმენტის აგების პროცესში.

Quadrangularis Reversum-ის მარჯვენა და მარცხენა ნაწილები მოიცავს მაღალი რეგისტრის მქონე 10-10 ბლოკთა 2 ჯგუფს, ხოლო თითოეული ბლოკის ქვეშ მოთავსებულია ბამბუკის რეზონატორი.

პარჩის თავდაპირველი გეგმა, რომელიც ხარჯების გამო შეცვალა, იყო კვადრატული ბამბუკის  გამოყენება რეზონატორებად - სწორედ აქედან მომდინარეობს ინსტრუმენტის სახელწოდების პირველი ნაწილი (Quadrangularis). მისი მოხრილი სვეტები მზადდება ევკალიპტისგან, ხოლო ზევით გადებული ხის ნაწილი განასახიერებს იაპონურ ტრადიციულ Torii-ს.

1950 წელს შეიქმნა Bass Marimba. მას აქვს თერთმეტი დანაყოფი, რომლებიც ძირითადად ნაძვის ხის მასალისგან არის დამზადებული. ყველაზე დაბალი ხმოვანება შეესაბამება მცირე ოქტავის c-ს. მასზე დაკვრა შეიძლება როგორც ჩაქუჩებით, ისე თითის ბალიშების დარტყმით.

კიდევ ერთი მარიმბა, Marimba Eroica პარჩმა შექმნა 1954 წელს. იგი შედგება ნაძვის ხისგან დამზადებლი რეზონატორის ოთხი დიდი ყუთისგან, რომელთა თავზეც მოთავსებულია იმავე ზომის 4 განცალკევებული ფირფიტა. ყველაზე დაბალი ბგერა ჟღერს 22 Hz სიხშირეზე, დაახლოებით კონტროქტავის F ბგერის ქვემოთ.

მეტსახელად "Boo" და "Boo II", ბამბუკის მარიმბა შეიქმნა 1955-1957 წლებში. პარჩი ტონების გაჟღერებისთვის ენაკიანი რეზონატორის კონცეფციას იყენებს.

პარჩმა Boo I შექმნა 1955 წელს. ხოლო 1963 წელს ჟღერადობის გასაუმჯობესებლად ბამბუკის ზოგიერთი ნაწილი შეცვალა უფრო დიდი დიამეტრის ნაწილებით. მას აქვს სულ 64 ბამბუკის რეზონატორი, რომლებიც ორგანიზებულია ექვს რიგად. მილების უკანა ბოლოები დალუქულია.

რაც შეეხება Boo II-ს, პარჩმა ის ააწყო 1971 წელს. მას ასევე 64 მილი აქვს, მაგრამ მილების ორივე ბოლო ღიაა. ბამბუკში ამოჭრილი ენაკები მილის სიგრძის დაახლოებით 1/6-ზეა, რათა წარმოქმნას ძირითადი ტონის 6/5-ის ჰარმონიკა.

მაზდა მარიმბა პარჩმა ავტომობილ მაზდას ნათურებისგან შექმნა, ხოლო მისი სახელი მომდინარეობს ზოროასტრიული ღვთაების “აშურა მაზდას” სახელიდან.

 Eucal Blossom არის ბამბუკის მარიმბა 33 სხვადასხვა ზომისა და სისქის რეზონატორით, რომლებიც სამ თერთმეტკლავიშიან მწკრივზეა განლაგებული. ყოველივე ამის ღერძს წარმოადგენს ევკალიპტის ტოტი. კომპოზიტორმა ის პირველად 1964 წელს ააწყო.

მარიმებთან ახლოს დგას Zymo-Xyl. ეს არის მუხის 14 ბლოკისგან დამზადებული ქსილოფონი, რომელიც გაძლიერებულია სხვადასხვა ნივთებით, როგორებიცაა: ლიქიორისა და ღვინის 7 ბოთლი, ფორდის ბორბლის 10 ხუფი და კეტჩუპის ალუმინის ბოთლები. სახელი მომდინარეობს ბერძნული zymo-დან, რაც ნიშნავს “დუღილს” და xylo- ან xyl- “ხეს”. პარჩმა Zymo-Xyl შექმნა 1963 წელს.

პარჩის დასარტყამ საკრავთა შორის გამოირჩევა Cloud-Chamber Bowls. ეს არის ჩარჩოში შეკიდული მინის 12 ერთგალონიანი (45 ლ) გადაჭრილი ჭურჭელი. საკრავი 1950 წელს შეიქმნა ბერკლის რადიაციული ლაბორატორიაში, სწორედ იქ სადაც მუშაობდნენ მის აწყობასა და ჟღერადობის სრულყოფაზე.

1950 წელს პარჩმა შექმნა ინსტრუმენტი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ერთეულს, როგორებიცაა: Cloud Chamber Bowls, საარტილერიო ჭურვების 7 მასრა, მეტალის "whang-guns"-ს, პერნამბუკოს ხის ბლოკი და გოგრისებრთა ოჯახის მცენარე “groud”.

პარჩის ბოლო პერიოდის ინსტრუმენტებს შორის აღსანიშნავია Gourd Tree, ის წარმოადგენს გოგრის რეზონატორზე მიმაგრებულ ტაძრის 12 ზარს. მთელი ეს კონსტრუქცია ჩამოკიდებულია ევკალიპტის მაღალ ტოტზე, ხოლო გვერდითაა მოთავსებული Cone Gongs. ინსტრუმენტი დამზადებულია “Douglas Aircraft”-ის ბომბდამშენთა წინა ნაწილისგან. ეს ორი ინსტრუმენტი თარიღდება 1964 წლით და მათზე ძირითადად ასრულებს ერთი შემსრულებელი.

        ცალკე უნდა გამოვყოთ, პარჩის ინსტრუმენტებს შორის, მხოლოდ ერთი კლავიშიანი საკრავი. Chromelodeons არის პარჩის მიერ ადაპტირებული ფისჰარმონია, რათა მისი ჟღერადობა შეესაბამებოდეს ტონების ურთიერთობის ახალ იდეაზე დაფუძნებულ ახალ სისტემას (პარჩის სისტემა). Chromelodeon I შეიქმნა 1945 წელს 73 კლავიშიანი ფისჰარმონიისგან. 1959 წელს შექმნილი Chromelodeon II კი  88-კლავიშიანი სატუმბი  ორგანის ადაპტირებული ვარიანტია. ორივეს კლავიატურას აქვს ფერადი და დანომრილი ეტიკეტები, რომლებიც წარმოადგენენ აწყობის სისტემის კოეფიციენტებს.  

ამჟამად პარჩის მიერ შექმნილი ინსტრუმენტები პარჩის ანსამბლის მფლობელობაშია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჩარლზ კორეი (Charles Corey). “ჰარი პარჩის ანსამბლი” (Harry Partch Ensemble) ექსკლუზიურად პარჩის მიერ შექმნილ ორიგინალ ინსტრუმენტებზე ასრულებს მის ნაწარმოებებს, რათა შეინარჩუნონ მისი მუსიკის ფილოსოფია და უნიკალური ჟღერადობა. მისი ნაწარმოებების შესრულება ხშირად მულტიმედიური წარმოდგენებია: Oidipus - A Music- Dance - Drama (1951), Revelation in the Courthouse Park—After The Bacchae of Euripides (1960),  Rotate the Body in All Its Planes (1961) და სხვ. მათში ავტორის ჩანაფიქრის თანახმად, ცეკვა, რიტუალი და დეკლამაცია ერწყმის ერთმანეთს.

ანსამბლი ყოველწლიურად მართავს კონცერტებსა და ფესტივალებს, რომლებშიც სრულდება არა მხოლოდ პარჩის მუსიკა, არამედ უშუალოდ ამ ინსტრუმენტებისათვის შექმნილი ნაწარმოებები სხვადასხვა თანამედროვე მუსიკოსის მიერ. მათ შორის არიან: მეთიუ როზენბლუმი, ლუკ ფიცპატრიკი, ჩარლზ კორეი, ჯეფ ბოუენი და სხვ.





[1] კალვინიზმის (პროტესტანტული რელიგიური მოძღვრება) ნაირსახეობა ინგსლისსა და შოტლანდიაში. მე-16 საუკუნის შუა წლებში ჯონ ნოქსმა დააარსა შოტლანდიაში.

[2] ჰელმჰოლცის თეორიით დაინტერესებული იყო, ასევე, ჩარლზ აივზი.

[3] Ervin (Erv) Wilson, 1928-2016 – ამერიკელი მუსიკის თეორეტიკოსი.            


Comments