ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის
ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი
მარიამ ხუციშვილი
2022 წლის 9 ნოემბერს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა ქართველი დირიჟორისა და კომპოზიტორის - ვახტანგ მაჭავარიანის საიუბილეო საღამო.
ვახტანგ მაჭავარიანის სადირიჟორო მოღვაწეობა უკავშირდება 80-ზე მეტ სიმფონიურ ორკესტრს და 25-ზე მეტ საოპერო თეატრს. სხვადასხვა დროს იგი დირიჟორობდა ლონდონის ფილარმონიის, ლონდონის სამეფო ფილარმონიის ორკესტრებს, ასევე საფრანგეთის, ბელგიის, გერმანიის, ისრაელის, იტალიის, ესპანეთის, შვეიცარიის, ავსტრიის და ა.შ წამყვან ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრებს. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა შოტლანდიის ოპერასთან გლაზგოში. 2011 წელს ვახტანგ მაჭავარიანი გახდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მოწვეული დირიჟორი.
მისი საკომპოზიტორო მემკვიდრეობა არაერთ საინტერესო მუსიკალურ თხზულებას მოიცავს. მათ შორისაა: სიმფონიური სურათი “ნაცარქექია”, საფორტეპიანო კონცერტინო, ოთხნაწილიანი სიმფონია “მსოფლიო-ჰარმონია”, კომპოზიცია სახელწოდებით “შთაბეჭდილებები 2020”, ბეთჰოვენის 250 წლის აღსანიშნავი საორკესტრო ნაწარმოები “მიძღვნა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს”, 10 სონეტი შექსპირის სიტყვებზე ხმისა და ორკესტრისათვის, სიმფონიური სურათი “მარიუპოლი”. აღსანიშნავია, რომ მისი სიმფონია, კომპაქტ დისკზე გამოვიდა აშშ-ში 2021 წელს.
ამავე დროს, ვახტანგ მაჭავარიანი ეწევა ლიტერატურულ მოღვაწეობას. იგი არაერთი ესესა და ლიტერატურულ-ფილოსოფიურ-ესთეტიკური თხზულების ავტორია.
9 ნოემბრის საღამოს შესრულდა კომპოზიტორის ორი საავტორო ნაწარმოები - “შთაბეჭდილებები 2020” პანდემიის თემაზე და ოპერა “რიჩარდ III-ს” I სცენა (პრემიერა). კონცერტის მეორე განყოფილებაში კი აჟღერდა რიხარდ ვაგნერის ნაწარმოებები: ოპერა “ნიურნბერგელი მაისტერზინგერებისა” და “ტანჰოიზერის” უვერტიურები, ასევე ოპერა “პარსიფალის” პრელუდი(რომელიც საქართველოში პირველად შესრულდა).
მუსიკალურ საზოგადოებას კარგად მოეხსენება ვაგნერის ამ ნაწარმოებების აზრობრივი და საშემსრულებლო სირთულეები, დაკავშირებული მათში გადმოცემულ მორალურ-ეთიკურ პრობლემებთან, რაც დირიჟორმა და ორკესტრმა მაღალ პროფესიულ დონეზე წარმოაჩინეს.
“შთაბეჭდილებები 2020-ის” საორკესტრო შემადგენლობა შემდეგნაირია: 11 დასარტყამი ინსტრუმენტი, არფა, ჩელესტა, ფორტეპიანო. ბოლო მონაკვეთში, სადაც კომპოზიტორი იყენებს ვაჟა-ფშაველას ლექსს “სად არის ქრისტე, ან მისი სწავლა?” სოლისტები არიან ალტი და მეცო-სოპრანო. 9 ნოემბრის კონცერტზე ალტზე ასრულებდა იოანე ტუღუში, ხოლო მეცო-სოპრანო გახლდათ მილენა ტალახაძე.
სანამ თავად ავტორისეულ კონცეფციას გავეცნობოდეთ, მინდა ჩემი აზრიც გამოვხატო “შთაბეჭდილებები 2020-ის” შესახებ. ნაწარმოები დაიწყო დინჯად, “ჩუმი ქაოსით”, რამაც პანდემიის დასაწყისი გამახსენა, თუ რა მოულოდნელად და ჩუმად “შემოიპარა” პანდემია ყოველდღიურობაში და რა პანიკური შიში გამოიწვია საზოგადოებაში. თუმცა არავინ იცოდა, რომ იგი ადამიანების ცხოვრებაზე ასეთ ტკივილიან კვალს დატოვებდა. ნაწარმოები სულ უფრო და უფრო დინამიური გახდა და მასში გამოხატული დრამატიზმი თითქმის ტრაგიზმამდე მივიდა. დასარტყამები, ზარების რეკვა თითქოს გვამცნობდა ამ გადამდები სენის “ულმობელ მსვლელობას”. თუმცა ამ თემასთან ერთად ნაწარმოების შიგნით უფრო ღრმა და სერიოზული აზრი უნდა ვეძიოთ. უფრო კონკრეტულად, ნაწარმოების მანძილზე გამუდმებულად ისმის შეკითხვის ინტონაცია, რაც ადამიანთა სამომავლო ბედს ეხება. პასუხს კი ავტორი პოულობს ვაჟა-ფშაველას ლექსში “სად არის ქრისტე, ან მისი სწავლა?”. საინტერესოა ის, რომ მსოფლიო მასშტაბის პრობლემაზე კომპოზიტორმა პასუხი ქართველ მწერალში იპოვა და მისი დახმარებით გამოხატა თავისი კონცეფცია, რომელიც ვფიქრობ, არაჩვეულებრივად მიესადაგა ამ, მთელი მსოფლიოსთვის საშიშ და დამთრგუნველ მოვლენას.
როგორც უკვე აღვნიშნე, 9 ნოემბრის კონცერტზე შესრულდა კომპოზიტორის მეორე საავტორო ნაწარმოებიც - ოპერა “რიჩარდ III-ს” I სცენა, რომლის სოლისტებიც იყვნენ: მეგი ჩიხრაძე, ირაკლი მუნჯიშვილი, გიორგი ლომისელი და გოჩა დათუსანი. აშკარაა, რომ ვახტანგ მაჭავარიანი თავის შემოქმედებაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს, რაც თვალნათლივ გამოჩნდა მის ამ ნაწარმოებში. ამ საკითხის შესახებ კომპოზიტორი უფრო კონკრეტულად ინტერვიუში საუბრობს, სადაც ხაზს უსვამს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ადამიანებს დაანახოს მათი ჭეშმარიტი სახე. კონცერტზე ოპერის მხოლოდ პირველი სცენა შესრულდა, მაგრამ ესეც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ვახტანგ მაჭავარიანის, როგორც მოაზროვნის კონცეფცია გამოკვეთილიყო.
ჩემთვის გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ დარბაზში ვერ ვნახე ჩემი თანატოლები, კონსერვატორიის სტუდენტები. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ სამომავლოდ მსმენელთა და განსაკუთრებით სტუდენტთა დაინტერესება უფრო მოიმატებს იმ კონცერტებისადმი, რომლებიც ნამდვილად იმსახურებს ამას და საინტერესოა როგორც იმ ადამიანთათვის, რომლებიც მუსიკაში უკვე კარგად გარკვეულნი არიან, ისე მათთვის, ვინც ამ ჯადოსნურ სამყაროში ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს. პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესოა თანამედროვე კომპოზიტორთა შემოქმედების გაცნობა, მათი იდეების, თავად პიროვნების შემეცნება, რაც, ჩემი აზრით, ჩემი თანატოლებისთვისაც საინტერესო და სასარგებლოა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გამოცდილება, რაც 9 ნოემბრის საღამოს მივიღე. ამ განსაკუთრებულმა მოგონებამ წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს მეხსიერებაში.
ინტერვიუ ვახტანგ მაჭავარიანთან
·
ბატონო ვახტანგ, მოგესალმებით! მინდა მოგვიყვეთ თქვენი წარსულის შესახებ. საზოგადოებისათვის ცნობილია თქვენი სახელოვანი მამის, გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, ალექსი მაჭავარიანის შემოქმედება, თუმცა, ამის გარდა, იქნებ გახსენდებათ სხვა ფაქტორებიც, რამაც გადაგაწყვეტინათ მუსიკოსის პროფესიის არჩევა.
მოგახსენებთ… გარდა იმისა, რომ მე გახლავართ ალექსი მაჭავარიანის შვილი, ასევე გახლავართ უდიდესი ქართველი ლოტბარის - კირილე პაჭკორიას შვილიშვილი, რომელმაც შექმნა დასავლეთ საქართველოს გუნდი და ანსამბლი. მინდა აღვნიშნო, რომ ბაბუაჩემი არის პიროვნება, რომელმაც აღაფრთოვანა დიდი ფრანგი მწერალი - რომენ როლანი, ასევე რუსი მწერალი - მაქსიმ გორკი. სულ პატარა ბიჭი რომ ვიყავი, ბაბუა ქართულ ხალხურ სიმღერებს მასწავლიდა. მოგვიანებით, მამაჩემის რჩევით შევედი ანზორ კავსაძის გუნდში, სადაც წელიწადზე მეტ ხანს ვმღეროდი, მაგრამ, რადგან მაჭავარიანებს გვაქვს სუსტი ხმის იოგები, მომიხდა წამოსვლა. მინდა გითხრათ, რომ ეს პერიოდი ჩემს შემოქმედებით განვითარებას დიდად წაადგა.
რასაკვირველია, ჩემს მუსიკალურ აღზრდაში ძირითადი როლი მამამ ითამაშა, რადგან, ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში, როდესაც არც კი ვიცოდი რა ხდებოდა ამ ქვეყანად, მოწმე ვიყავი თუ როგორ იწერებოდა გვერდით ოთახში ბალეტი “ოტელო”. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია ამას გავლენა არ მოეხდინა ჩემზე. გარდა ამისა, ჩვენს ოჯახში ვხვდებოდი მსოფლიო მუსიკის კორიფეებს, როგორც ქართველებს, ისე უცხოელებს. ბავშვობიდან მახსოვს - სვიატოსლავ რიხტერის, დავით ოისტრახის(რომელიც მამაჩემის კონცერტებს უკრავდა), ისააკ სტერნის, დიმიტრი შოსტაკოვიჩის, არამ ხაჩატურიანის, გოგლა ლეონიძის, მსტისლავ როსტროპოვიჩის, სოლიკო ვირსალაძის, ვახტანგ ჭაბუკიანის, ოლეგ ვინოგრადოვის, იური ტემირკანოვის - ვიზიტები. ჩვენს სახლში მოდიოდნენ ისეთი პიროვნებები, როგორებიც არიან: ანდრე ჟოლივე, ლუიჯი ნონო, ჟორჟ ორიკი და სხვ. მამა მეგობრობდა გამოჩენილ ქართველ მუსიკოსებთან, როგორებიც იყვნენ ანდრია ბალანჩივაძე, ოდისეი დიმიტრიადი(ჩემი პირველი პროფესორი დირიჟორობაში), ლადო დონაძე, გივი ორჯონიკიძე, ანტონ წულუკიძე, მზია იაშვილი. საკუთარი ოჯახის წევრებად მიგვაჩნდა თორაძეების მთელი ოჯახი, ჩვენ ხშირად ვსტუმრობდით ერთმანეთს. ასევე მახსოვს გია ყანჩელის, ბიძინა კვერნაძის, სულხან ნასიძის, ნოდარ გაბუნიას, ჯანსუღ კახიძის, გურამ მელივას არაერთი სტუმრობა. ჩვენს სახლში იკრიბებოდნენ ცნობილი მხატვრებიც: ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ქეთო მაღალაშვილი(სხვათა შორის, მან ჩემი პორტრეტი დახატა). ჩემი სტუდენტობის პერიოდში ჩვენთან არა ერთხელ ჩამოსულა იური გრიგოროვიჩი. მან დაუკვეთა მამას ბალეტი “ვეფხისტყაოსანი” და ისინი ერთად მუშაობდნენ ლიბრეტოზე. ასევე სულ პატარა ვიყავი, როდესაც მამა მუშაობდა ფენომენალურ მეცნიერთან, პავლე ინგოროყვასთან IX - X საუკუნეების ჰიმნების გაშიფვრაზე(პავლე ინგოროყვა, როგორც ენათმეცნიერი, ხოლო მამა, როგორც მუსიკოსი). არ მინდა ვინმე გამომრჩეს, რადგან თითოეულმა მათგანმა გავლენა მოახდინა ჩემს შემდგომ განვითარებაზე. ყოველივე ეს, ცხადია, ტოვებს უზარმაზარ კვალს ადამიანზე. ჩემს გარშემო იმდენი მუსიკა და ხელოვნება ტრიალებდა, რომ შეუძლებელი იყო მუსიკის მიმართულებით არ წავსულიყავი. თუმცა კომპოზიტორობაზე ჯერ კიდევ არ ვფიქრობდი. ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით ინტერვიუს მსვლელობის პროცესში მოგახსენებთ.
ერთ ამბავს მოგიყვებით. როდესაც ჯერ კიდევ “აკვნის ბავშვი” ვიყავი, მამას შეატყობინეს, რომ ჩვენი ოჯახი უნდა გადაესახლებინათ. მამა და მისი ახლობელი აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი შეთანხმებულნი იყვნენ, რომ თუ გადასახლებები დაიწყებოდა, ერისთავების ოჯახს მე უნდა წამოვეყვანე, რათა სამშობლოს არ მოვშორებოდი. მაგრამ მოხდა საოცარი რამ. ამის შესახებ მამაჩემმა მხოლოდ მოხუცებულობის ჟამს გაიგო. მას შეხვდა თანაკლასელი ქალბატონი, რომელმაც უამბო, რომ ის გადასახლებების პერიოდის დროს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მდივანი. პრემიერ-მინისტრს მაშინ ჰქონდა წითელი ფანქარი, რომლითაც ხელეწიფებოდა ვინმეს სიიდან ამოშლა. შემთხვევით, როდესაც პრემიერ-მინისტრი კაბინეტში არ იმყოფებოდა, ამ ქალბატონმა დაინახა ჩვენი გვარი გადასასახლებელთა სიაში და სიცოცხლის რისკის ფასად, გაბედა და ამოშალა იგი სიიდან. ამის შესახებ მან ათწლეულების შემდეგ უამბო მამას. ასე გადაურჩა ჩვენი ოჯახი განსაცდელს და მეც განგების წყალობით საშუალება მომეცა გავმხდარიყავი მუსიკოსი.
თავდაპირველად ფორტეპიანოზე დაკვრას ვეუფლებოდი, ამავე განხრით დავამთავრე კონსერვატორია. განსაკუთრებით მიყვარდა ბახი, ვუკრავდი მთელ მის შემოქმედებას. მამაჩემს ჩემი გატაცება ბახით ძალიან უხაროდა. ამავე დროს, წილად მხვდა ბედნიერება მენახა მრავალი დიდოსტატი დირიჟორის ცოცხალი შესრულება. ყოველივე ამან ჩემში გააღვივა სურვილი დირიჟორის სპეციალობას დავუფლებოდი. მამა შეეცადა აეხსნა ჩემთვის, თუ რა ფიზიკურ და სულიერ თავგანწირვას მოითხოვდა ეს სპეციალობა, მაგრამ მე ჩემს გადაწყვეტილებაში ურყევი ვიყავი, თუმც თბილისში ჩემზე ავრცელებდნენ ჭორებს, რომ მე უნიჭო ვარ, არ მაქვს სმენა და რითმი. საბედნიეროდ, მავანნი მალე მიხვდნენ ამ აზრის მცდარობას, მომიწვიეს და მომცეს საშუალება, რომ თბილისშიც მედირიჟორა.
·
თქვენი საუბრიდან გამომდინარე ჩანს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ უფრო მეტი მხარდაჭერა გქონდათ, ვიდრე საქართველოში. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი?
მე კი არ ვფიქრობ, არამედ მე ეს ვიცი! მამაჩემს ჰყავდა უამრავი ძლევამოსილი მტერი. ერთ-ერთი ასეთი იყო მაშინდელი კულტურის მინისტრი, რომელიც ცდილობდა მის შეფერხებას სამოღვაწეო ასპარეზზე. საბედნიეროდ, მამას შემოქმედებას ასრულებდნენ მოსკოვში, პეტერბურგში, მილანში, ვენაში და ა.შ. მინდა გითხრათ, რომ მეც იგივე გზა გავიარე. გამოსაშვებ გამოცდაზე ვიდირიჟორე კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ეს იყო ჩემი პირველი დიდი წარმატება, რომლის შემდეგაც ჩვენს სახლში გაისმა სატელეფონო ზარის ხმა - მე მიბარებდნენ კულტურის სამინისტროში. შემიყვანეს მინისტრის კაბინეტში(მართალია იქ მინისტრი არ გახლდათ, მაგრამ იყო მისი ერთ-ერთი თანაშემწე, ძალიან გავლენიანი ქალბატონი) და მირჩიეს პროფესიის გამოცვლა. კომპენსაციის სახით შემომთავაზეს ლენინგრადში საოპერო რეჟისურის ფაკულტეტზე უგამოცდოდ ჩარიცხვა. უნდოდათ დავერწმუნებინე, რომ ჩემთვის ასე იყო უკეთესი. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან მძიმე გზის გავლა მომიწევდა. საბედნიეროდ, ღმერთმა მომცა ძალა, რომ ყველა წინააღმდეგობისათვის თავი დამეღწია. ამაში უზარმაზარი როლი ითამაშა ჩემმა მოღვაწეობამ პეტერბურგის მარინის სახ. თეატრში, რომელმაც გამტყორცნა მსოფლიო სცენებზე.
·
ბატონო ვახტანგ, წლების წინანდელ წყაროში აღმოვაჩინე, რომ თავს გერმანელ დირიჟორს უწოდებთ, რატომ?
თქვენ ალბათ იცით, რომ მე წლების განმავლობაში ვხელმძღვანელობდი მიქელაძის სახელობის ორკესტრს. სხვათა შორის, მე ამ პოზიციისკენ არ მივილტვოდი, რადგანაც ბედნიერად ვცხოვრობდი პარიზში. ევროპაში მქონდა უამრავი კონტრაქტი და მიწვევა; ასევე 1990 წლიდან ვიყავი ჯერ სსრკ საფესტივალო ორკესტრის, შემდეგ მოსკოვის საფესტივალო ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. 2000 წელს გავხვდი რუსეთის დიდი სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი 2008 წლამდე. ხოლო 2008 წლიდან ცნობილი აგვისტოს მოვლენების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კონტრაქტი 2010 წლის დამლევამდე გრძელდებოდა, პროტესტით დავტოვე აღნიშნული პოზიცია. როდესაც მიქელაძის ორკესტრს ვხელმძღვანელობდი(თქვენ კარგად იცით, რომ მისთვის დარბაზის უქონლობა დღემდე წარმოადგენს პრობლემას), მიხდებოდა ბრძოლა ჯერ კიდევ შევარდნაძის დროინდელ მთავრობასთან. 1998 წელს ორკესტრი გააძევეს მისი კუთვნილი დარბაზიდან და მე მაშინ დავუპირისპირდი მთელ სახელმწიფო მანქანას და არ მივეცი ორკესტრის დაშლის საშუალება. ვინაიდან ხელისუფლება მატერიალურად არ უზრუნველგვყოფდა, შევქმენი ორკესტრის მეგობრების წრე და მათი დახმარებითა და სხვადასხვა კომპანიებთან შუამდგომლობით გავაკეთეთ უამრავი კარგი საქმე, მაგრამ ეს იყო ორკესტრის არსებობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის ძალიან დამღლელი პროცესი. ფუჭი აღმოჩნდა ჩემი იმედები, რომ რაიმე უკეთესობისაკენ შეიცვლებოდა, ამიტომ 2004 წლის ზაფხულში გამოვიხურე კარი და პროტესტის ნიშნად დავტოვე ორკესტრი. ამის შემდეგ ვითხოვე გერმანიის მოქალაქეობა, რაც დაკმაყოფილდა. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ მე უნდა დამეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა, რაც გავაკეთე! აღშფოთება მე ამ ჟესტით გამოვხატე…
·
როგორც თქვენ აღნიშნეთ, კომპოზიტორობა არ იყო თავიდანვე თქვენი ინტერესი და მოგიწიათ ამ საქმეს მიყოლოდით, რას ნიშნავს ეს?
ადრეც გითხარით, რომ მე გახლდით პეტერბურგის მარინის სახ. თეატრის დირიჟორი. ვდირიჟორობდი სპექტაკლებს, მათ შორის ვიდირიჟორე ალექსი მაჭავარიანის ბალეტი “ვეფხისტყაოსანი”. ეს ის პერიოდია, როდესაც პეტერბურგის მარინის სახ. თეატრმა მამას შეუკვეთა ბალეტი “ფიროსმანი”, ასევე სტანისლავსკის და ნემეროვიჩ დანჩენკოს თეატრმა მოსკოვში, მათმა მთავარმა ქორეოგრაფმა დიმიტრი ბრიანცევმა შეუკვეთა ბალეტი “ჭირვეულის მორჯულება”. ამავე დროს, მას უკვე დაწერილი ჰქონდა მე-5 სიმფონია. მე მამას ჩავაცივდი და მივაწოდე იდეა, რომ დაეწერა სიმფონია სახელწოდებით “ამირანი - პრომეთე”. არ იუარა, მაგრამ რადგან უკვე უამრავი სამუშაო ჰქონდა წამოწყებული, შემომთავაზა, რომ სიმფონია მე დამეწყო. გამიკვირდა, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ ცოტ-ცოტას ვწერდი, სერიოზული ნაწარმოები შექმნილი არ მქონდა, ძირითადად დაინტერესებული ვიყავი ჯაზით. დავიწყე მუშაობა, შევქმენი 7 ნაწილიანი პროგრამა: N1 “პროლოგი”, N2 “ათი მცნების დარღვევა”, N3 “დაბნელება”, N4 “პრომეთე და სიყვარულის ნიმფა”, N5 “ღმერთების ნადიმი ოლიმპოსზე”, N6 “ცეცხლის მოტაცება” და N7 “ეპილოგი”. ჩემი პროგრამა მამამ მოიწონა და შევქმენი სიმფონიის პირველი სამი ნაწილი. მოგვიანებით მამაც შემომიერთდა და ყველაზე უფრო საინტერესო ისაა, რომ მან ჩემს დაწერილ ნაწილებს ხელი არ ახლო. თვითონ დაწერა მეოთხე ეპიზოდი, ამის შემდეგ კი კვლავ გადაერთო “ჭირვეულის მორჯულებაზე”. ამჯერად მე დამავალა დამეწყო მუშაობა “ღმერთების ნადიმზე”. შევქმენი ამ ნაწილის ჩონჩხი, რომელიც საბოლოოდ მამამ შეავსო. შემდეგ მანვე დაწერა “ცეცხლის მოტაცება”. ასევე მე შევქმენი “ეპილოგის” ჩონჩხი და მამამ იგი საბოლოოდ დაასრულა. ჩემზე დადებითად იმოქმედა იმ ფაქტორმა, რომ მას ჩემ მიერ შექმნილი ეპიზოდები არ შეუცვლია!
მოგვიანებით მამას ჩავაცივდი, რომ შეექმნა ოპერა “მედეა”. ამ დროსაც იგი ძალიან დაკავებული გახლდათ, შესაბამისად, მე მთხოვა ლიბრეტოს დაწერა. დაახლოებით სამ კვირაში ლიბრეტო მზად მქონდა, რადგანაც მედეას თემა ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო. ამავე პერიოდში გადავედი საცხოვრებლად პარიზში და სამწუხაროდ, მამა წლების განმავლობაში აღარ ახსენებდა “მედეას”. 1995 წლის 31 დეკემბერს კი იგი გარდაიცვალა. ამის შემდეგ გადავხედე მამას ოთახს, დავიწყე მისი დიდი კარადის “შესწავლა” და აღმოვაჩინე მედეას დასრულებული კლავირი და პარტიტურა! ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო! მაშინვე დავჯექი ინსტრუმენტთან და დავიწყე დაკვრა. საინტერესოა, რომ კლავირშიც და პარტიტურაშიც პირველი მოქმედების ბოლო სცენა წარმოდგენილი არ იყო. ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე მეყიდა სანოტო რვეული, ქაღალდი, ფანქარი… ყველაფერი, რაც წერისათვის საჭირო იყო. გამოვიკეტე ოთახში, მეუღლე გავაფრხილე არავინ შემოსულიყო და ერთ დღეში დავწერე ბოლო სცენა. ვფიქრობ, რომ იგი ძალიან ჰარმონიულად შეერწყა ოპერას. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე წერა. შევქმენი სიმფონიური სურათი “ნაცარქექია”, საფორტეპიანო კონცერტინო, სიმფონია N1, სონეტები და სხვ.
·
ბატონო ვახტანგ, მინდა მოგვიყვეთ, როგორ შეიქმნა საბჭოთა საფესტივალო ორკესტრი.
1990 წელს, როდესაც პარიზის გასტროლებიდან მოვფრინავდი, თვითმფრინავში ჩემ მახლობლად იჯდა კაცი, რომელმაც თავიდანვე მიიქცია ჩემი ყურადღება. ამ ბატონმა მის გვერდით გადასვლა შემომთავაზა. დიდხანს ვისაუბრეთ… მომახსენა, რომ ორი დღის წინ ჩემს კონცერტზე იმყოფებოდა და ძალიან მოეწონა. საუბრისას მას გავუმხილე ჩემი ოცნება – შემექმნა ორკესტრების ორკესტრი! კითხვაზე, თუ რას ნიშნავდა ეს, ავუხსენი, რომ მსურდა საბჭოთა კავშირის ყველა წამყვანი ორკესტრის პირველი პულტებისა და წამყვანი პარტიების შემსრულებელ მუსიკოსთა გაერთიანება. მამაკაცი ძალიან დაინტერესდა ჩემი იდეით და მისი განხორციელება შემომთავაზა. მე გაოცება ვერ დავმალე, მან კი გამომიწოდა თავისი საკონტაქტო ბარათი, საიდანაც გავიგე, რომ ის გახლდათ აკადემიკოსი კონსტანტინე სკრიაბინი - საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. მეორე დღეს კონსტანტინე სკრიაბინმა ვახშმად დამპატიჟა, სადაც გადაწყდა, რომ ჩემი იდეა განხორციელდებოდა. აპრილიდან დავიწყე გუნდის შეკრება და მუშაობა. ჩვენი დებიუტი კი შედგა სულ რაღაც ორ თვეში, 1990 წლის 17 ივნისს პეტერბურგში. აქ უკრავდნენ სსრკ-ს სახელმწიფო დიდი სიმფონიური ორკესტრის, რადიოსა და ტელევიზიის დიდი სიმფონიური ორკესტრის, პეტერბურგის მარინის სახ. თეატრის, ფილარმონიისა და სიმფონიური ორკესტრის, მოსკოვის დიდი თეატრის, მოსკოვის ფილარმონიისა და სიმფონიური ორკესტრის და რიგის, ტალინის, ვილნიუსის, კიევის, კიშინიოვის, თბილისის, ერევნის წამყვანი მუსიკოსები! ეს იყო საოცარი კოლექტივი! ალბათ არც იყო გასაკვირი, რომ 17 ივნისის კონცერტის შემდეგ, 21 სექტემბერს უკვე ვიყავით საგასტროლო ტურნეთი ბრიტანეთში, ლონდონში. ამას მოჰყვა სხვა გასტროლები: იაპონიაში, სინგაპურში, შეერთებულ შტატებში, კანადაში… საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ორკესტრმა შეიცვალა სახელი და მას დაერქვა მოსკოვის საფესტივალო ორკესტრი. 90-იანი წლების ბოლოს მეცნიერებათა აკადემიას ფინანსურად ძალიან გაუჭირდა, შესაბამისად ორკესტრი უკვე დაშლის პირას იყო. თუმცა ამ ორკესტრის მუსიკოსების დაახლოებით 80% მოხვდა რუსეთის დიდ სიმფონიურ ორკესტრში, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც გავხდი 2000 წელს. მას ვხელმძღვანელობდი 2008 წლამდე. ამ წელს საქართველოში მომხდარი ამბების შემდეგ დავტოვე პოზიცია, რადგან ვერ ავიღებდი ხელფასს სახელმწიფოსგან, რომელიც ჩემს ქვეყანაში ადამიანებს კლავდა. ასევე, როგორც იცით, მე წამოვედი მიქელაძის ორკესტრიდანაც, რის გამოც მიწოდეს “წასვლის გროსმაისტერი”.
·
ახლა გადავიდეთ უშუალოდ თქვენს საიუბილეო კონცერტზე, რომელიც 9 ნოემბერს შედგა თბილისის ოპერაში. აქ შესრულდა თქვენი ორი ნაწარმოები - “შთაბეჭდილებები 2020” პანდემიის თემაზე და I სცენა ოპერიდან “რიჩარდ III”. პირველ რიგში, მინდა გვესაუბროთ “შთაბეჭდილებები 2020-ის” შესახებ და თქვენს კონცეფციაზე ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით.
პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ “შთაბეჭდილებები 2020-ის” შექმნა განაპირობა პანდემიამ, რამაც თითოეულ ჩვენგანს დიდი დაღი დაასვა. პანდემიის პირობებში ადამიანებს არ შეეძლოთ ერთმანეთისთვის გაეღიმათ, რადგან მათ სახეს პირბადე ფარავდა, ადამიანებს ერთმანეთის კოცნისა და ხელის ჩამორთმევისაც კი ეშინოდათ. ეს ყოველივე ფსიქოლოგიურად ძალიან რთული და მძიმეა.
მე ძალიან მიყვარს ვაჟა-ფშაველა და ვიფიქრე, რომ მისი ლექსი “სად არის ქრისტე, ან მისი სწავლა?” ზუსტად შეესაბამებოდა ამ თემას. ჩანაფიქრმა განაპირობა ორკესტრობაც: 7 მუსიკოსი დასარტყამებზე, რომლებიც ფაქტობრივად უკრავენ 11 ინსტრუმენტზე; აგრეთვე არფა, ჩელესტა და ფორტეპიანო; და ბოლოს ალტი და მეცო-სოპრანო. ვფიქრობ, რომ ყოველივე ამან გამოხატა ჩემი კონცეფცია. მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ორკესტრს აქვს დამაჯერებელი ჟღერადობა, მუსიკაში მაინც რჩება მთავარი კითხვის ნიშანი - როგორ წავა კაცობრიობის ბედი? პანდემია ჩემთვის მხოლოდ ავადმყოფობა და ეპიდემია არ არის, მე ამ საკითხს უფრო ფილოსოფიურად ვუდგები.
·
რას გვეტყვით ოპერა “რიჩარდ III”-ის შესახებ? კონცერტზე შესრულდა მხოლოდ I სცენა, აპირებთ თუ არა მის გაგრძელებას?
ჩემი მიზანია ამ ნაწარმოების საშუალებით ადამიანებს ჩავახედო სარკეში, რადგან საზოგადოება ასე ვთქვათ “გარიჩარდდა”. მისი წერა დავიწყე ქართულად ჩემსავე ლიბრეტოზე ი. მაჩაბლის თარგმანის მიხედვით. როდესაც დავწერე პირველი სცენა, რომელიც კონცერტზე, სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო შეკვეცილად შესრულდა, მივმართე თბილისის ოპერის თეატრს - მინდოდა მათ მოესმინათ და თავისი აზრი დაეფიქსირებინათ. სამწუხაროდ, მივხვდი, რომ ამას აზრი არ ჰქონდა. ფაქტია, ამდენი წელი არ დადგმულა ალექსი მაჭავარიანის გენიალური ოპერა “ჰამლეტი”, შესაბამისად არც ჩემს ოპერას მოისმენდნენ. ამიტომ ავიღე პარტიტურა, წავიღე შოტლანდიაში და იქ შევთავაზე მისი მოსმენა, რაზეც დიდი სიამოვნებით დამთანხმდნენ. ძალიან მოეწონათ და შემომთავაზეს მისი დადგმა, თუმცა აღნიშნეს, რომ პრობლემა იყო ქართული ენა. რა თქმა უნდა, ჩავვარდი საგონებელში. დავიწყე მისი გადაკეთება, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ გამოვა, რადგან ენა სრულიად ცვლის მუსიკას(აქცენტები, ხანგრძლივობები, პაუზები და ა.შ). ნაწარმოების გაგრძელება დავიწყე ინგლისურად, თუმცა შემდეგ შემეშინდა. შემეშინდა არა მუსიკის მხრივ, არამედ თავად შექსპირის სირთულისა და ენის მხრივ. ამიტომ გადავწყვიტე შექსპირთან თავი უფრო მცირე ფორმაში გამომეცადა და დავწერე 10 სონეტი შექსპირის სიტყვებზე. ამ სონეტებს უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და ამან მე გამაბედინა, რომ ოპერა გამეგრძელებინა უკვე ინგლისურ ენაზე. ახლა იგი წერის პროცესშია. ვინაიდან ქართულად დაწერილი პირველი სცენა უკვე დასრულებული იყო, მე მაინც არ მოვისვენე და თეატრს შევთავაზე მისი შესრულება ქართველი მსმენელისთვის, რისი საშუალებაც მომეცა და ამის დიდი მადლობელი ვარ!
·
კონცერტის II განყოფილებაში შესრულდა რ. ვაგნერის ნაწარმოებები. რატომ გადაწყვიტეთ თქვენს შემოქმედებასთან ერთად ვაგნერის ნაწარმოებების შესრულება, რა დატვირთვა აქვს ამას?
მე ეს კონცერტზეც აღვნიშნე და აქაც მოგახსენებთ: როგორც ბეთჰოვენმა ამოწურა კლასიციზმი და დასაბამი მისცა რომანტიზმს თავისი N6 “პასტორალური” სიმფონიით, ასე ამოწურა ვაგნერმა რომანტიზმი და დასაბამი მისცა თორმეტტონიან მუსიკალურ სისტემას, რაც დაიწყო შონბერგმა. ამ პრინციპიდან გამომდინარე ავირჩიე ვაგნერი - როგორც ერთის დამამთავრებელი და მეორეს დამწყები!
·
ალექსი მაჭავარიანის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია შექსპირს. ასეთებია: მისი ბალეტი “ოტელო”, “ჭირვეულის მორჯულება”, ოპერა “ჰამლეტი”. ეს ხაზი თქვენს შემოქმედებაშიც გრძელდება. რით მიგიზიდათ თქვენ, როგორც კომპოზიტორი შექსპირმა?
შექსპირი მიმაჩნია ნომერ პირველ დრამატურგად! ვფიქრობ, ასეთ დრამატურგიულ აზროვნებას ვნებათაღელვის გადმოცემის სიმძაფრის მხრივ, ვერავინ მიაღწია. შექსპირის კითხვა დავიწყე თორმეტი წლის ასაკში და თოთხმეტი წლის ასაკამდე წავიკითხე ყველა ტომი. მას მე პერიოდულად ვუბრუნდებოდი. შექსპირი წაკითხული მაქვს სამ ენაზე. პირველად წავიკითხე რუსულად, შემდეგ ქართულად და ბოლოს ინგლისურად. ასე ნელ-ნელა მივედი “რიჩარდ III”-მდე. ასე რომ, იგი ჩემთვის ორგანულად ყველაზე საინტერესო დრამატურგია.
·
ბატონო ვახტანგ, 2022 წლის 28 ოქტომბერს თქვენი ორგანიზებითა და იდეით შესრულდა ბეთჰოვენის მეორე სიმფონია, “ეგმონტი” და ასევე მე-5 საფორტეპიანო კონცერტი. როგორც ვიცით, ბეთჰოვენის პირველი და მეორე სიმფონიები ხშირად არ სრულდება, თქვენ რატომ გადაწყვიტეთ მათი შესრულება?
სწორედ ამიტომ! ჩემი მიქელაძის ორკესტრის ხელმძღვანელობის პერიოდში შევასრულე ბეთჰოვენის N3, N4, N5, N6, N7, N8 და N9 სიმფონიები. N9 სიმფონიისათვის ჩამოვიყვანე ქალაქ ბონის(ბეთჰოვენის სამშობლო) ფილარმონიული გუნდის 80 წევრი და ინტერნაციონალური სოლისტები. N1 და N2 სიმფონიები უცხოეთში მქონდა შესრულებული. ეს არის ჩემი პრინციპი - დავარღვიო კლიშე, რომელიც მკვიდრდება გარკვეულ ნაწარმოებებთან მიმართებაში, რომლის წყალობითაც ჩრდილის ქვეშ ექცევა სხვა მნიშვნელოვანი ქმნილებები. ოდესღაც ხომ უნდა შესრულებულიყო N2 სიმფონია!. მე გამახსენეს, რომ 80-იან წლებში ისევ მე შემისრულებია იგი თბილისში და მას შემდეგ არავის. ახლა დადგა N1 სიმფონიის ჯერი.
სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ დავწერე ნაწარმოები სახელწოდებით “მიძღვნა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს”, სადაც გამოვიყენე ორკესტრის კამერული შემადგენლობა და ბეთჰოვენის ცხრავე სიმფონიის თემები.
·
ბატონო ვახტანგ, რას გვეტყვით თქვენი ახალი ნაწარმოების “მარიუპოლის” შესახებ?
ნაწარმოები უკვე დასრულებულია. იგი დავწერე სიმფონიური ორკესტრისათვის. იგი ეძღვნება უკრაინისა და რუსეთის ომს, რადგანაც დაუნდობლობამ, უსამართლობამ და კაცთმოძულეობამ, რომელიც რუსეთმა გამოიჩინა მოძმე ხალხის მიმართ(და უფრო ადრე არა ერთხელ გამოუჩენია ჩვენ მიმართაც) ჩემზე ძალიან იმოქმედა. შემიძლია გითხრათ, რომ თხზულებაში არის “მინიშნებები” გარკვეულ მუსიკალურ თემებზე (უკრაინის ჰიმნი, “შენ ხარ ვენახი”, უკრაინული ლირიკული და სევდიანი სიმღერა). იმედია, რომ ნაწარმოები წარმატებით გაიჟღერებს.
*სიმფონიური სურათი “მარიუპოლი” შესრულდა 24 თებერვალს, ე. მიქელაძის ორკესტრის სარეპეტიციო სივრცეში, რომელსაც ესწრებოდა ტელევიზიები და 70-80 მსმენელი.
·
გარდა იმისა, რომ თქვენ ხართ დირიჟორი და კომპოზიტორი, ამავდროულად ხართ მწერალი და პუბლიცისტი. მინდა გკითხოთ თქვენი ნაშრომების, წიგნებისა და ზოგადად, თქვენი ლიტერატურულ-ფილოსოფიური შეხედულებების შესახებ.
მე ყოველთვის ვწერდი დღიურებს, შთაბეჭდილებებს… ალბათ ეს გადამედო მამისაგან - სწორედ მისი დღიურების საფუძველზე გამოიცა წიგნი “შემოქმედი და დრო”, რომელიც შეკრა მანანა კორძაიამ. წიგნში თარიღების მიხედვით არის აღწერილი მამას განცდები და ხედვები. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის პირველი წიგნი ქართველ შემოქმედზე, რომელიც დასავლეთში გამოიცა, არაცმთუ მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელს დასავლეთში!
მეც მამას მსგავსად ვწერდი ჩემს შთაბეჭდილებებს. მახსოვს პირველად ცამეტი წლის ასაკში მოვხვდი პარიზში და მაშინაც გავაკეთე ჩანაწერები. ჩანაწერებს ვაკეთებდი პარიზში ჩემი შემდგომი ჩასვლებების დროსაც, ასევე ავსტრიაში, პეტერბურგში ყოფნისას. შემდეგ ჩვენი პლანეტის ცხოვრების დინებამ შთამაგონა დამეწერა წიგნი “ადამიანი დაკლაკნილი გზით შავი ხვრელისკენ”. ნიცშე წერს, რომ ყველაფერი ნიჭიერი და ლამაზი დაკლაკნილი გზით მიემართება. შავი ხვრელის თემა კი წამოიჭრა გასული საუკუნის ბოლოსკენ, როგორც მისტიური მოვლენა. ხედვა შავი ხვრელის შესახებ სულ სხვადასხვაგვარია - მან ჯერ შეაშინა კაცობრიობა. შემდეგ გაირკვა, რომ ეს არის კოსმიური არსებობის აბსოლუტური კანონზომიერება. მიუხედავად ყველაფრისა, სიტყვა “შავი ხვრელი” მაინც ჟღერს საშიშად. წიგნში ვსაუბრობ ღირებულებათა დევალვაციაზე, რომელიც დაახლოებით დაიწყო გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, შემდეგ როგორც ზვავმა “აკრიფა” სიჩქარე და უკვე XXI საუკუნეში ძალიან დიდი სისწრაფით მოექანება, რის შედეგადაც შემოქმედებითმა “შობადობამ” ძალიან იკლო. პლანეტა ვეღარ ბადებს ისეთ დიდ მოაზროვნეებს და შემოქმედებს, როგორებიც ჩნდებოდნენ წინა საუკუნეებში. ეს ეხება ყველა სფეროს: ლიტერატურას, ფილოსოფიას, სახვით ხელოვნებას, რასაკვირველია მუსიკასაც… თქვენ კარგად იცით, რომ ბეთჰოვენის, ვაგნერის, შონბერგისა და სხვათა მსგავს შემოქმედებს პლანეტა ვეღარ შობს. ლიტერატურაში ჩემთვის ბოლო დიდი ფიგურა იყო გაბრიელ გარსია მარკესი, მას შემდეგ ამ განზომილების მწერალი აღარ მეგულება. იგივე ეხება მხატვრობას, მუსიკას… ცხადია, მაინც არსებობენ სხვა დიდი ფიგურებიც, რომლებმაც გადმოაბიჯეს XXI საუკუნეში: გია ყანჩელი, როდიონ შჩედრინი და სხვ.
წიგნში დევალვაციას ვხსნი კაცობრიობის მამონიზაციით, კერპთაყვანისმცემლობით. ეს კერპი გახლავთ ფული! დღეს იმდენად მოხდა ფულისა და მომხვეჭელობის გაკერპება, რომ ამან სულზე და გონზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა. ხელოვნების მიზანი გახდა მოხვეჭა! მე მესმის, რომ ყველას სჭირდება საარსებო წყარო, ისევე, როგორც ეს სჭირდებოდათ ჩვენთვის კარგად ცნობილ დიდ შემოქმედებს, მაგრამ ისინი არ ღალატობდნენ თავიანთ პრინციპებს. სწორედ ამ თემაზეა ჩემი წიგნი, რომელიც ჯერ კიდევ არ დამისრულებია, თუმცა მისი 80-85% უკვე დაწერილია.
ასევე მე მაქვს წიგნი “ჰოი, გრძნეულო გადამწყვეტებო!”. აქ ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ ექცეოდა კაცობრიობა უდიდეს მოაზროვნეებს. მაგალითად მომყავს უძველესი თემები, როგორც ინდუიზმიდან, ბუდიზმიდან, კონფუციანელობიდან, მირთაიზმიდან, შუა საუკუნეებიდან და ბოლოს დღევანდელობიდან. ჩვენ ვიცით, რომ უდანაშაულო სოკრატე გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს, დევნიდნენ პლატონსა და არისტოტელეს, ასევე დიდ რომაელ ფილოსოფოსს პლოტინუსს, ვოლტერს და სხვ. თითქმის 40 წელი ჩაიკეტა უჯრაში ბეთჰოვენის N9 სიმფონია, რომ არა ვაგნერი იგი ამ უჯრაში ალბათ კიდევ დიდხანს იქნებოდა. სამწუხაროდ, იგივე ხდებოდა საქართველოშიც. წიგნში ვსაუბრობ შოთა რუსთაველზე, სულხან-საბას მიმართ დამოკიდებულებაზე. ასევე ბარათაშვილის გარიყვაზე, რომელსაც დასცინოდნენ და რომ არა ილია ჭავჭავაძე, არც ეღირსებოდა მას აქ საფლავი. ვსაუბრობ ვაჟა-ფშაველაზე, რომელიც მიხვდა, რომ სიმშვიდე მთებში, სუფთა სულის ხალხსა და ბუნებაში უნდა ეპოვნა. ასეთივე ბედი ეწია ალექსი მაჭავარიანს, რომლის მიმართაც არ დაიშურეს ქვები და ებრძნოდნენ საქართველოში. მისი ჯერ კიდევ 1978 წელს დასრულებული ოპერა “ჰამლეტი” კვლავაც არ დადგმულა.
მაქვს კიდევ ერთი დაუმთავრებელი წიგნი, რომლის დაახლოებით 80% უკვე დაწერილია - “ოპერის დაბადება”. ჩემი მეგობარი ლექსო თორაძე და ჩემი სხვა არაქართველი კოლეგებიც, აღფრთოვანებულნი იყვნენ ამ წიგნში გამოთქმული მოსაზრებებით. ცხადია, მუსიკისა და მეცნიერების განვითარება ერთმანეთზე ყოველთვის უზარმაზარ გავლენას ახდენდა. მუსიკის თეორიის პირველი სახელმძღვანელო ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში შექმნა ვინმე ფტოლომეუსმა, რომელმაც მუსიკალური ბგერები გაუტოლა ციურ სხეულებს. ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო. აქ მე ვსაუბრობ ინდუიზმის, ბუდიზმის, კონფუციანელობის, ძველი ბერძნების შეხედულებებზე ბგერებთან მიმართებაში. კონსტანტინოპოლი რომ არ აეღოთ ოსმალებს, შესაძლოა ოპერა არც დაბადებულიყო. კონსტანტინოპოლში მცხოვრები ძირითადად ბერძნული წარმოშობის ელიტა, წავიდა ემიგრაციაში ტოსკანაში, იტალიაში. მათ თან ჩაიტანეს ბერძნული თეატრის ტრადიციები, რომელიც ქოროსის ტრადიციებთან ერთად დაემყნო იტალიურ მუსიკას, რის საფუძველზეც წარმოიშვა ოპერა. შემთხვევითი არ იყო, რომ პირველი ოპერის ავტორი იყო გალილეო გალილეის ძმა - მიქელანჯელო გალილეი, ხოლო მათი მამა იყო მუსიკის თეორეტიკოსი და მან გამოიგონა ფანქარი, რაც შემდგომში გახდა კომპოზიტორების აუცილებელი ინსტრუმენტი. გალილეო გალილეი ხელს უწყობდა ოპერის განვითარებას და თეატრისათვის ქმნიდა მექანიზმებს, რომლის მეშვეობითაც სცენაზე პერსონაჟებს(ღმერთებს, ანგელოზებს) შეეძლოთ ფრენა. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც კეპლერმა გააკეთა შედარება კოსმიურ სხეულებსა და მუსიკალურ ბგერებს შორის.
ამით არ დასრულებულა მეცნიერების ინტერესი ბგერების მიმართ და როდესაც უდიდესმა ფიზიკოსმა - ნიუტონმა სხივის პრიზმაში გარდატეხით ცისარტყელას შვიდი ფერი აღმოაჩინა, ყოველ ფერს შეუფარდა თავისი ბგერა, თუმცა საინტერესო თანმიმდევრობით: იწყებს არა დოდან, არამედ რედან.
ჩემი წიგნი შეიცავს მსჯელობას ლაიბნიცისა და სხვა მეცნიერების ნაშრომების შესახებაც. ამასთან დაკავშირებით მომყავს მუსიკოსთა მაგალითებიც. მეცნიერული აღმოჩნები დიდ გავლენას ახდენდა მუსიკაზე. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ როდესაც აინშტაინი ფარდობითობის თეორიაზე იწყებს საუბარს და როდესაც ნილს ბორი აღმოაჩენს, რომ ატომი იყოფა, სწორედ ამ დროს იბადება არნოლდ შონბერგის თორმეტტონიანი ბგერათა სისტემა. ეს ყოველივე არ არის შემთხვევითი. ეს მოაქვს როგორც დროს, ისე მეცნიერების განვითარებას. ჩემი წიგნი ამ თემების ჭრილში მიდის და სიმართლე რომ გითხრათ, ბევრი აღარ დამრჩა, მალე დავასრულებ.
·
ინტერვიუს დასასრულს, მაინტერესებს, თქვენ როგორ ხედავთ სამუსიკო ხელოვნების განვითარების პერსპექტივას და ზოგადად, რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა კომპოზიტორებს, დირიჟორებს, რომლებიც ახლა დგამენ ნაბიჯებს ამ სფეროში?
ზოგადად “მრჩეველობა” ძალიან რთული თემაა, თუმცა მოგახსენებთ ჩემს აზრს. ერთი მხრივ ვურჩევდი, რომ დარჩნენ იმ დროში, რომელშიც იმყოფებიან. კიდევ უფრო ვურჩევდი, რომ გაიხედონ წინ, რადგან შემოქმედებითი პროცესი უნდა ასწრებდეს დროს და სწორედ ამაზე ვწერ ჩემს წიგნში. ის მოვლენები და უზარმაზარი ნახტომები, რაც წინა საუკუნეებში მუსიკაში მოხდა საჭიროა შეიგრძნოს ახლანდელმა მუსიკოსმა. იმისათვის, რომ ყოველივე ეს შეიგრძნო არ უნდა დაექვემდებარო მამონიზაციას, არ უნდა გახდე მატერიის მონა! ისევ და ისევ აღვნიშნავ, მესმის, რომ ყველას სჭირდება მატერიალური კეთილდღეობა, თუმცა ეს არ უნდა გახდეს შემოქმედის არსი. მან უნდა შეძლოს სულიერისა და მატერიალურის ერთმანეთისაგან გამიჯვნა და წინ გახედვა - ამ საუკუნის ბოლოსკენ ან სულაც მომდევნო საუკუნისაკენ. მეორე მხრივ, კომპოზიტორი ძალიან დიდი პატივისცემით უნდა მოეპყროს წარსულს, რადგან იგი არის ჩვენი საძირკველი. თუ კომპოზიტორი არ იქნება დაუფლებული წარსულის უდიდეს მონაპოვრებს, როგორიცაა ბახი, ჰენდელი, მონტევერდი, გლუკი, მოცარტი და სხვ, მაშინ ის წინ ვერ წავა.
მე მთხოვეს მასტერკლასი ჩამეტარებინა კონსერვატორიაში, შევხვდი კომპოზიტორებს და ვნახე, რომ ისინი, ფაქტობრივად, “ხატავენ” პარტიტურას. ჩემი აზრით “დახატული” პარტიტურა მოკლებულია სულიერებას. პირველ რიგში, მათ უნდა მოძებნონ “მარცვალი”, რომელზედაც გაიზრდება ნაყოფი და აღმოცენდება მცენარე, ანუ იდეა და არა მხოლოდ და მხოლოდ მეთოდები. მეთოდიკას შედეგი მოაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში არის შემოქმედებითი, სულიერი მარცვალი.
ბატონო ვახტანგ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის!
მადლობა თქვენ, წარმატებები!
Comments
Post a Comment