ქორწილი გადაიდო*)) ანუ რეცენზია კონსერვატორიის საოპერო სტუდიის მორიგ დადგმაზე - "ფიგაროს ქორწინება")
ავტორი:
კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის
IV კურსის
სტუდენტი
თბილისის
ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში არსებულმა საოპერო სტუდიამ, თავისი
ერთგული მსმენელი 18-19 მარტს გაანებივრა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის შეუდარებელი კომიკური
ოპერის „ფიგაროს ქორწინების“ წარმოდგენით, კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე.
სასიამოვნო
იყო ის მუხტი და ატმოსფერო, რომელიც ჯერ კიდევ სპექტაკლის დაწყებამდე სუფევდა, დიდი
თუ პატარა, პროფესიონალი თუ მოყვარული ადამიანებით სავსე დარბაზში. ემოციები ასმაგად
გააღვივა მოცარტის მუსიკამ, კონსერვატორიის სტუდენტების შესრულებით.
საოპერო
სტუდიის სპექტაკლებით განებივრებულ მსმენელებს დაგვაკლდა ოპერის სრულყოფილად მოსმენა,
რასაკვირველია, (ორივე დღეს ოთხი მოქმედებიდან მხოლოდ პირველი და მეორე შესრულდა),
თუმცა ამას სხვადასხვა შესაძლო მიზეზი შეიძლებოდა ჰქონოდა...
სპექტაკლის
სახოვანი კოსტიუმები, მოკრძალებული და მაინც არსებითად საკმარისი სასცენო დეკორაციები
(დამდგმელი მხატვარი - ნეიკო ნეიძე); სხარტი, სახალისო, სტუდენტების მიერ კარგად ათვისებული
რეჟისურა (დამდგმელი რეჟისორი: მაია გაჩეჩილაძე), იყო მყარი საწინდარი სპექტაკლების
წარმატებისათვის.
რაც თვალსაჩინოდ
იგრძნობოდა ორივე დღის სპექტაკლებში, ესაა საოცარი ერთობა და წარმატებისათვის მოწადინებულობა
- მთელი შემოქმედებითი ჯგუფისა: სტუდენტური ორკესტრის, საოპერო სტუდიის მსახიობების,
ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომელიც ედგა ამ სპექტაკლის დადგმას სათავეში. ცალკე უნდა
აღინიშნონ საოპერო სტუდიის კონცერტმაისტერები - ვ. ზაალიშვილი, ნ. ზაქაიძე, ნ.ლეშკაშელი
და ე.ჩინჩალაძე - ისევე, როგორც ყოველთვის, საოპერო სპექატკლებისა და ვოკალისტების
წარმატებაში, კონცერტმაისტერებს მიუძღვით უდიდესი წვლილი, შესაბამისად დიდი მადლობა
მათ საქმისადმი თავდადებულობისთვის.
აუცილებლად
და განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, სპექტაკლის დირიჟორი - მაესტრო გოგი ჭიჭინაძე, რომელთანაც
განსაკუთრებული კონტაქტი ჰქონდათ დამყარებული არა მხოლოდ ორკესტრის წევრებს, არამედ,
რასაკვირველია, მსახიობებს (ზოგჯერ აუდიტორიასაც კი..)))). ცხადი იყო, რომ სპექტაკლის
წარმატების გარანტი ყველასათვის სწორედ ის იყო და ეს მისია მისგან, არ არის გასაკვირი,
მაღალ დონეზე შესრულდა. სპექტაკლის მსვლელობისას დირიჟორის ცხადი, ემოციური, ხშირად
მუსიკალური (ხმის აყოლებით) მხარდაჭერის გარდა, მინდა, აღვნიშნო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი
ადამიანი, სცენაზე მჯდომი პიანისტი, სპინეტზე შემსრულებელი კატერინა ჩინჩალაძე. იგი აკომპანიმენტს უწევდა სოლისტებს რეჩიტატივების დროს. ეს იყო პედაგოგიური და პროფესიონალური
მხარდაჭერის მაგალითი, არცერთი რიტმული თუ ტემპობრივი შემთხვევითი აცდენა არ იყო მისგან
უგულვებელყოფილი და ჩანდა ყველანაირი მონდომება, თუნდაც მზერით, ან რიტმის აქცენტირებით,
სოლისტების დასახმარებლად.
არ შეიძლება არ აღვნიშნო, სოლისტ-შემსრულებელთა კონტინგენტი - შერჩეული სამსახიობო დასი. თითოეულმა მონაწილემ თავისი ხასიათის განსხვავებულობით, შესაძლებლობების მრავალფეროვნებით, მინუსებითა და პლუსებით შექმნა პერსონაჟთა ის საინტერესო პალიტრა, რომელსაც „ფიგაროს ქორწინება“ მოითხოვს. საგულდაგულოდ შერჩეულმა სტუდენტ-არტისტებმა ორი დღის განმავლობაში შეკრებილ საზოგადოებას ნამდვილი ზეიმი მოუწყო. პირველ სპექტაკლში სუზანას როლის შემსრულებლის, მარიამ გაგლოშვილის (მაგ.I) მიერ შემოთავაზებული სუზანა სწორედ ისეთი სასაცილო, კოხტა და ონავარი იყო, როგორიც თითოეული ჩვენგანის წარმოსახვაშია; კრიალა ხმით, ვოკალური სტაბილურობით, გამორჩეული სიმსუბუქითა და მოქნილობით მან სპექტაკლის დასაწყისიდან ბოლომდე შექმნა ამაღლებული განწყობა. სახოვანი და მსახიობურად გამორჩეული იყო სუზანას როლის შემსრულებელი პირველი მოქმედების დუეტ - "შეტაკებაში" მარჩელინასთან, ერთი სიამოვნება იყო ამ სცენის ნახვა. გამოვარჩევდი, ასევე, მეორე მოქმედებიდან არიას "Venite inginocchiatevi" ქერუბინოს გამოწყობის სცენიდან, რომელშიც მსახიობმა შემოგვთავაზა მისი თვალით დანახული კეკლუცი სუზანა. განსაკუთრებული ვოკალური აკადემიზმით, ხმის ფლობის ოსტატობითა და არტისტული მოზომილობით გამოირჩეოდა მეორე დღის სუზანაც - ლიზა კერესელიძე (მაგ.II). ზოგადად ლიზას სუზანა, მისი არტისტიზმი და ამავდროული, ემოციური თავშეკავებულობა ცალკე აპლოდისმენტების ღირსია. მ. გაგლოშვილმა და ე. კერესელიძემ შექმნეს თავისუფალი, ინდივიდუალური, სიუჟეტის შესაბამისად სასაცილო და ერთმანეთისგან განსხვავებული სუზანას სახე.
ორივე დღის ფიგაროები გამორჩეულები იყვნენ, თუმცა თავისი იერით და სცენაზე მოწოდებით სულაც არ ტოვებდნენ მესამე წრის საზოგადოების წევრ ფიგაროს შთაბეჭდილებას - ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით))). პირველი დღის ტიგრან გრიგორიანის (ბაკ.III) ფიგაროსა და მარიამ გაგლოშვილის სუზანას შორის განსაკუთრებული პარტნიორული კავშირი იყო, რაც ნაკლებად იყო შესამჩნევი მეორე დღის ფიგაროს - ერეკლე გურგენიძესა (მაგ.II) და სუზანას შორის, თუმცა ეს არცაა გასაკვირი, რადგან უცნაურად და აუდიტორიისთვის გაურკვევლად, ისედაც არასრულ საოპერო სპექტაკლში ფიგაროს როლი პირველ მოქმედებაში შეასრულა ე. გურგენიძემ, ხოლო მეორეში, კვლავ ტ. გრიგორიანმა. და მაინც, „ორივე“ ფიგაროს მიერ შესრულებული ცნობილი არია „Se vuol ballare“ ეფექტური იყო და მქუხარე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. დასამახსოვრებელი იყო ერეკლე გურგენიძის ფიგაროს იმპროვიზირებული ცეკვა არიის "Non piu Andrai" ბოლოს.
პირველი
და მეორე დღის დადგმიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსები არიან ქერუბინოს როლის შემსრულებლები. ფაქტობრივად, შემდგარი მომღერლისა და მსახიობის ელმინა ჰასანის ქერუბინოს არიამ “Voi
che sapete” ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა; დიდი გამოცდილება არ მაქვს "ფიგაროს ქორწინების" ცოცხლად მოსმენისა, თუმცა ამ არიის ეს კონკრეტული შესრულება, ვფიქრობ, საუკეთესოთა
რიგში დადგებოდა, მით უფრო შემსრულებლის ასაკს თუ გავითვალისწინებთ. პროფესიონალური,
საინტერესო და დასამახსოვრებელი, ვოკალურად დაბალანსებული და მოზომილი იყო მეორე დღის ქერუბინოს როლის შემსრულებელიც - მარგარიტა
ცინცაძე (მაგ.I), რომლის მიერ შემოთავაზებულმა იმავე არიამ, ასევე გამოიწვია განსაკუთრებული
რეაქცია აუდიტორიაში.
პირველი
დღის მარჩელინას როლის შემსრულებელი - სოფიო ძიძიგური (მაგ.I), რომ ყოველთვის „ცეცხლს
ანთებს სცენაზე“, ეს არანაირადაა გასაკვირი. სწორედ ასეთი სახოვანი, კომიკური პერსონაჟები,
ეშმაკები, გიჟები, ყოვლად მოურჯულებლები და თამამები არიან მისი სტილისთვის სახასიათო
პერსონაჟთა პალიტრიდან, პირველი დღის მარჩელინა ამის უბდალო დამადასტურებელია. მეორე
დღის მარჩელინა - მარიამ გოცირიძე (მაგ.II) დასამახასოვრებელი იყო, არა მხოლოდ, სამსახიობო
შესრულებით, არამედ ნაზი, თავშეკავებული მეცო-სოპრანოს ტემბრითაც, რომელშიც მეტად იგრძნობოდა
მზაკვრულობა.
ორივე
დღის გრაფინიებმა არაჩვეულებრივად ითამაშეს თავიანთი როლები. პირველი დღის გრაფინია
- ანა სალთხუციშვილი (მაგ.II) მცირე ხარვეზების მიუხედავად, გამორჩეული იყო საანსამბლო
სცენებში, ხოლო მეორე დღის გრაფინია ანა ფალავანდიშვილის (ბაკ.IV) არია “Porgi,
Amor” კიდევ დიდ ხანს გვემახსოვრება, ვფიქრობ, ყველას, მისი განსაკუთრებული ტემბრით,
ვოკალური ოსტატობით, ბგერის შეგრძნებითა და რომანტიკულობით.
არ შემიძლია,
ცალკე არ აღვნიშნო, ორივე დღის დონ ბაზილიოს როლის შემსრულებლები (ლუკა წეველიძე -
ბაკ.II და ვაჟა ლაზარიშვილი (მაგ.I)), თავისი ფანტასტიკური სამსახიობო ოსტატობით, სახასიათო
მიმიკებით და მსუყე, პერსონაჟზე სწორად მორგებული განსაკუთრებული ვოკალური საშემსრულებლო
მანერებით. გრაფებმა (დავით ხურცილავა მაგ.II და ზურა კობიაშვილი - ბაკ.IV),
საინტერესო ვოკალური მონაცემებით დასამახსოვრებელი სახეები შექმნეს. ვოკალური და სამსახიობო დონით
ასევე გამოირჩეოდა და ეს ოვაციებითაც იყო გასაგები, ბარტოლოს როლის შემსრულებელი -
თემურ იაგორაშვილი (ბაკ.IV). და ასევე, მიუხედავად ეპიზოდურობისა, დასამახსოვრებელი
იყო მებაღის, კომიკური ოპერისათვის ტიპური პერსონაჟის - ანტონიოს როლის შემსრულებელიც
- ნიკა ეკალაძე (ბაკ.II).
მცირედ
შევეხოთ ორკესტრს, რომელსაც ნამდვილად ეტყობოდა, თუ როგორი შრომა იყო ჩადებული ამ სპექტაკლში.
მიუხედავად იმისა, რომ ლითონის ჩასაბერი საკრავები ისევ და ისევ უკეთესობის იმედს გვიტოვებენ, ტემპების სტაბილურობასთან და მოცარტის მუსიკისათვის საჭირო სიმსუბუქესთან ერთად, განსაკუთრებით სიმებიანთა შემადგენლობისა და ხის ჩასაბერი
საკრავების ხარჯზე ორკესტრმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა (უვერტიურა <3). ამ ყველაფერში „ლომის წილი“,
რასაკვირველია, მიუძღვის დირიჟორს და მადლობა მას ამისთვის!
არაჩვეულებრივი მომღერალთა ანსამბლი შეიკრიბა პირველი მოქმედების საგუნდო სცენისათვის. მოზომილი,
ხალასი, აკადემიური, უბადლო მანერით შემსრულებლები შეიკრიბნენ ქორმაისტერ ლაშა მიროტაძის
ხელმძღვანელობით და დიდი მადლობა მათ ამ სიამოვნებისთვის და სახოვანებისათვის!
ეფექტური,
სასიამოვნო და საინტერესო საღამოს მოლოდინით შეკრებილი საზოგადოება არ დარჩენილა უკმაყოფილო.
შეკვეცილად, მაგრამ საამურად წარმოდგენილმა ოპერამ „ფიგაროს ქორწინება“, რომელიც
აგებულია ფაქტობრივად სოლო-საანსამბლო ნომრების ჯაჭვზე, ლოგიკურად და ერთ სუნთქვაზე,
მზარდი დრამატურგიით მიგვიყვანა კულმინაციურ, არაჩვეულებრივ მეორე მოქმედების ფინალურ
სეპტეტთან და ეფექტურად გათამაშებულ სცენასთან, რომელმაც ჟრუანტელიც კი მოგვგვარა...
ეს წარმატება ჩვენი, მსმენელების დაუზარელ და გულწრფელ აპლოდისმენტებშიც იგრძნობოდა.
ვულოცავ
საოპერო სტუდიას, პროექტში ჩართულ ყველა სტუდენტს, სტუდენტურ ორკესტრს, მთელს შემოქმედებით კოლექტივს ამ
მორიგ წარმატებას და ვუსურვებ სამომავლო წინსვლას!
თქვენი
ერთგული გულშემატკივარი,
ელენე
ელიოზიშვილი
P.S.
არაკონსერვატორიელ მკითხველს კი, აუცილებლად ვურჩევ დაესწროს საოპერო სტუდიის მორიგ
სპექტაკლს 25, 26 მარტს კონსერვატორიის დიდ დარბაზში - გაეტანო დონიცეტის „სიყვარულის
ნექტარი“ ...
Comments
Post a Comment