ნიკოლოზ ჩაჩანიძე და მისი პირველი საკომპოზიტორო თხზულება

ავტორი: მარიამ ხუციშვილი

ბაკალავრიატი, II კურსი
      საგანი - კრიტიკა,
      საგნის ხელმძღვანელი - ლალი კაკულია.

    2022 წელს ჩატარდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ სსიპ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრთან ერთად დაფუძნებული “კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი”. 2023 წლის თებერვლისა და მარტის თვეებში სერიებად გაიმართა კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსის ლაურეატთა კონცერტები.  დღევანდელ პუბლიკაციაში  მინდა ვისაუბრო 11 თებერვლის კონცერტზე, უფრო კონკრეტულად კი მსურს მკითხველის ყურადღება გავამახვილო ამ დღეს აჟღერებულ ნიკოლოზ ჩაჩანიძის საგუნდო ნაწარმოებზე “ნატვრა”.

რამდენიმე სიტყვით კონკურსის შესახებ: კონკურსის მიზანს წარმოადგენს ეროვნული საკომპოზიტორო ხელოვნების განვითარება და კომპიზიტორთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა. კონკურსის ფარგლებში კომპოზიტორებს ნაწარმოებები შემდეგ მუსიკალურ კატეგორიებში უნდა წარმოედგინათ:

1)კამერული მუსიკის კატეგორიაში - ნაწარმოები სოლო ინსტრუმენტის, კამერული ანსამბლისა და კამერული ორკესტრისთვოს;

2)საგუნდო-ვოკალური მუსიკის კატეგორიაში - ნაწარმოები გუნდისა ან ვოკალისთვის (თანხლებით ან თანხლების გარეშე)

3)სიმფონიური მუსიკის კატეგორიაში - ნაწარმოები სიმფონიური ორკესტრისთვის (შესაძლებელი იყო სოლო ინსტრუმენტების, ვოკალის ან გუნდის მონაწილეობით); 

კონკურსის ფარგლებში შემოსული განაცხადები სსიპ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს გადაეცა. სწორედ კახიძის ცენტრმა დააკომპლექტა ჟიური, რომელმაც კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა. ჟიურის წევრები გახლდნენ: კომპოზიტორი და დირიჟორი  იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელიდან) და სტანისლავ კრუპოვიჩი, დირიჟორი და კომპოზიტორი (პოლონეთიდან); ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ კომპოზიტორი, დირიჟორი და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე. აღსანიშნავია, რომ საკონკურსო ნაწარმოებთა ავტორების ვინაობა ჟიურისთვის უცნობი იყო.

კონცერტში მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა(ქორმაისტერი არჩილ უშვერიძე); თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის გუნდი (ქორმაისტერი ლიანა ჭონიშვილი).

საკონკურსო კატეგორიების მიხედვით გამოვლენილი გამარჯვებულები და უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ თავად ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ფეისბუქ გვერდზე.

კონურსში საგუნდო/ვოკალური მუსიკის კატეგორიის(ასაკობრივი ჯგუფი 17-დან  25 წლის ჩათვლით) I პრემია ერგო ნიკოლოზ ჩაჩანიძის ნაწარმოებს “ნატვრა”, მუხრან მაჭავარიანის ლექსზე - “ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”.

ჩემი სტატიის გმირი სწორედ ნიკოლოზია. 11 თებერვლის კონცერტზე სხვა დამწყებ, თუ უკვე შემდგარ კომპოზიტორებთან ერთად, გაჟღერდა მისი ნაწარმოებიც. გუნდმა პირველივე მოსმენისთანავე მიიპყრო ჩემი ყურადღება, ვინაიდან იგი დაწერილი იყო ჯერ კიდევ გამოუცდელი კომპოზიტორის, თანაც ჩემივე კურსის სტუდენტის მიერ.

მინდა კომპოზიტორის შესახებ ცოტა ინფორმაცია მოგაწოდოთ: კონსერვატორიაში ჩაბარებამდე, ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში სწავლობდა თბილისის სამუსიკო სემინარიაში ჩელოს განხრით, საიდანაც გამოსვლის და პატარა პაუზის შემდეგ სწავლა განაგრძნო ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, უკვე საგუნდო-სადირიჟორო განხრით, მისი პედაგოგი გახლდათ ლიანა ჭონიშვილი. ამის შემდეგ გადაწყვიტა კონსერვატორიაში ჩაბარება და ჩაირიცხა კვლავ საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე. ამ ეტაპზე იგი იმყოფება II კურსზე და სწავლას კვლავ ლიანა ჭონიშვილთან აგრძელებს. 

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ნაწარმოები დაწერილია მუხრან მაჭავარიანის ლექსის - “ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა” მიხედვით. თავად კომპოზიტორის თქმით, ნაწარმოების დაწერის ინსპირაცია სწორედ ეს ლექსი გახდა: “ერთი ჩვეულებრივი, საკმაოდ მძიმე დღის შემდეგ, საღამოს კითხვისას წავაწყდი ამ ლექსს, ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე მასზე პატარა მონახაზის შექმნა. ნელ-ნელა მივხვდი, რომ საინტერესო გამოდიოდა და გარკვეული სახე რომ მიეცა, გადავწყვიტე მეჩვენებინა ჩემი პედაგოგისათვის - ლიანა ჭონიშვილისთვის, რომელმაც მომცა მიმართულება, მიმითითა ხარვეზებისაკენ, მომასმენინა ბალტიისპირული გუნდები, სადაც გამოყენებულია ალეატორიკა, მეც უფრო სერიოზულად დავიწყე ნაწარმოებზე მუშაობა და ასე ნელ-ნელა მიეცა მას საბოლოო სახე”.

აღსანიშნავია ის, რომ ამ ეტაპზე ეს ნიკოლოზ ჩაჩანიძის ერთადერთი ნაწარმოებია და ვფიქრობ, რომ მასში ნამდვილად იგრძნობა მისი, როგორც საინტერესო კომპოზიტორად ჩამოყალიბების პერსპექტივა. სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო იგი ვერ ახერხებს საკომპოზიციო მიმართულებით მუშაობას, რადგან მთელი მისი ყურადღება ამ ეტაპზე საგუნდო-სადირიჟორო სფეროსკენ არის მიმართული, თუმცა მოვავალში არაერთი ნაწარმოების შექმნას გეგმავს. გასაკვირი არც არის, რომ უფრო მეტად საგუნდო ჟანრით არის დაინტერესებული და ვარაუდობს, რომ საკომპოზიტორო მოღვაწეობასაც სწორედ ამ ჟანრში განაგრძნობს, ასევე აინტერესებს კინო-მუსიკაც, თუმცა ჯერ არ ჩქარობს. როგორც თავად ამბობს, კომპოზიციას სჭირდება ბევრი მუშაობა და ფიქრი.

(*აქვე დავამატებ, რომ ნიკოლოზი მღერის თსუ-ს სტუდენტურ კაპელაში, რომელიც ახლახანს იმყოფებოდა პოლონეთში, სადაც გახდა მე-19 საერთაშორისო ფესტივალის Mundus Cantat 2023 გამარჯვებული და გრან პრის მფლობელი).

ნაწარმოები სულ შესრულდა ხუთჯერ: თავდაპირველად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამის შემდეგ ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ერთხელ და დიდ დარბაზში ორჯერ, სულ ბოლოს კი ჯ.კახიძის  სახელობის მუსიკალურ-კულტურულ  ცენტრში.

მოხარული ვარ, რომ ამ სტატიის დახმარებით საშუალება მეძლევა ყურადღება გავამახვილო ისეთ პრობლემაზე, რომელიც დიდი ხანია მაწუხებს. ნიკოლოზ ჩაჩანიძის ნაწარმოების პირველივე მოსმენისთანავე შევამჩნიე ისეთი რამ, რაც დიდიხანია თანამედროვე ნაწარმოებების მოსმენისას ჩემს ყურს ძალიან აკლდა, ეს გახლავთ მელოდიურობა, მელოდია, რომელიც ერთი მოსმენითაც დაამახსოვრდება ყურს. საქმე ისაა, რომ თანამედროვე კომპოზიტორები უფრო მეტ ყურადღებას ნაწარმოების კონცეფციაზე ამახვილებენ, რაც ფრიად დასაფასებელია, თუმცა არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ აუცილებელია მას საინტერესო კონცეფციასთან ერთად, საინტერესო ჟღერადობაც ჰქონდეს. რა საკვირველია, მე თანამედროვე კომპოზიტორთა დიდი გულშემატკივარი ვარ და შეძლებისდაგვარად ვცდილობ დრო ყოველთვის გამოვნახო მათ კონცერტებზე სიარულისათვის, რადგან ვფიქრობ დღევანდელი შემოქმედების გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკოსისათვის, მით უფრო სტუდენტისათვის. ჩემი დიდი სურვილია მუსიკა გათვლილი იყოს უფრო ფართო საზოგადოებაზე და არა მხოლოდ იმ ფენებზე, რომლებიც ღრმად ერკვევიან მუსიკაში და მისი ყველანაირი განხრის აღქმა და მიღება შეუძლიათ. სამწუხაროდ, დღევანდელი კონცერტების უმეტესობაზე მსმენელთა რაოდენობა ძალიან მწირია და ეს ყოველთვის როდია იმის ბრალი, რომ მსმენელის მუსიკალური გემოვნება ან ხელოვნების აღქმის უნარი დეგრადირებულია.

ცოტა უფრო დეტალურად მინდა ვისაუბრო ნიკოლოზ ჩაჩანიძის “ნატვრის” შესახებ. ნაწარმოები დრამატურგიულად საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება. მისი დაყოფა შესაძლებელია სხვადასხვა ფაზებად. თითოეულ ფაზას ახასიათებს ინდივიდუალური რიტმულ-ინტონაციური მასალა, თუმცა ყოველი მათგანი დიდ როლს თამაშობს ნაწარმოების ლოგიკური დრამატურგიული ერთიანობის შექმნაში. “ნატვრა” იწყება მშვიდი ტონის შეკითხვით “რა დავაშავე?”, რომელიც განვითარებას ჰპოვებს შემდეგ ფაზებში. ყოველი ფაზის ბოლოს ჩანს პატარ-პატარა კულმინაციები და საბოლოო დიდი კულმინაციის მიღწევა ხდება ტალღისებურად - ნაწარმოები თითქოს სრულდება, შემდეგ მელოდია კვლავ ცდილობს ზედაპირზე ამოღწევას და საბოლოოდ იგი აღწევს დასასრულს ფრაზით “ადამიანი ვიყო შენსავით, ჩემი ხანდახან ნატვრაც ეს არის”.

ამ ფრიად საინტერესო საგუნდო ნაწარმოებში აშკარად შეიგრძნობა ქართული ტრადიციული მუსიკის კილო-ჰარმონიული საფუძვლები, ქართული საგუნდო მუსიკალური ფაქტურა. გარდა ამისა, პირადად მე დავინახე იოსებ კეჭაყმაძის შემოქმედების მცირე, მაგრამ შესამჩნევი გავლენა. ნაწარმოებში ასევე იგრძნობა თანამედროვე მუსიკალური ტენდენციები, ავტორი იყენებს ალეატორიკას, კლასტერულ ჟღერადობებს. ამავდროულად იგი არ ივიწყებს ტრადიციულ, XX საუკუნემდე უკვე არსებულ ტექნიკებს და აქტიურად იყენებს იმიტაციის ხერხებს. არ შეიძლება ყურადღება არ გავამახვილოთ ჰარმონიის ფერადოვან კოლორიტულ მხარეზე, რაც მთლიან ნაწარმოებს გასდევს და უდიდეს როლს ასრულებს მსმენელზე ზემოქმედების მოხდენაში.

კიდევ ერთი რამ, რასაც მინდა ხაზი გავუსვა არის ის, რომ კომპოზიტორი 11 თებერვლის კონცერტზე დირიჟორის ამპლუაში მოგვევლინა, რაც ასევე საინტერესო და დასაფასებელია. ამით მუსიკალურ საზოგადოებას საშუალება მიეცა გაცნობოდა მას ორ სხვადასხვა სამუსიკო სფეროში, რომელიც ამავდროულად ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან.

არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა თავად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის გუნდის მაღალი დონის შესრულებას. ვფიქრობ, რომ კონცერტზე მათი გუნდი საუკეთესოდ ჟღერდა, მკაფიოდ ისმოდა სიტყვები, ეს ყოველივე კი მსმენელთან კომუნიკაციის გაღრმავებასა და მის მიერ ნაწარმოების უკეთ აღქმაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

საბოლოო ჯამში, მინდა აღვნიშნო, რომ ნაწარმოები უდავოდ წარმატებულია. მასში არაჩვეულებრივად ჩანს თავად კომპზოტორის შინაგანი ბუნება და პერსპექტივა, რომელიც მას საკომპოზიტორო მოღვაწეობის გაგრძელების შემთხვევაში წარმატებას უქადდის. იმის კვალობაზე, რომ “ნატვრა” კომპოზიტორის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ნაწარმოებია, ვფიქრობ იგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ ფართო გზისკენ, რომელიც ნიკოლოზს წინ ელოდება. მინდა, მას ულევი წარმატება ვუსურვო შემოქმედებით გზაზე.

 


Comments