წარმოგიდგენთ კომპოზიტორ ბეგი ნიკოლეიშვილს!

      ავტორი: მარიამ ხუციშვილი
      ბაკალავრიატი, III კურსი
      საგანი - წყაროთმცოდნეობა,
      საგნის ხელმძღვანელი - ლალი კაკულია.   


  2023 წლის სეზონში საჩხერის თეატრალური დასის ძალებით, რეჟისორმა გიორგი მეტონიძემ დადგა ბერტოლდ ბრეხტის პიესა “მრგვალი და მახვილი თავები”, რომელიც იმავე წლის 22 ნოემბერს წარმოდგენილ იქნა თბილისის რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე. ეს მოვლენა ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ვინაიდან სპექტაკლის მუსიკის ავტორი გახლდათ კონსერვატორიის საკომპოზიტორო მიმართულების სტუდენტი ბეგი ნიკოლეიშვილი, ჩემივე კურსელი, რომლის შემოქმედებასაც საკმაოდ კარგად ვიცნობ. სპექტაკლის შემდეგ გამიჩნდა სურვილი მის შესახებ დამეწერა და მასთან პროფესიულ საკითხებზე მესაუბრა, ყოველივე ეს კი თქვენთვისაც გამეზიარებინა.

 ბეგი ნიკოლეიშვილი 26 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც საკმაოდ მდიდარი და ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედება გააჩნია. იგი მოიცავს როგორც ვოკალურ, ისე ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს, მათ შორის: რომანსები “აფხაზეთო”(2021) და “შექსპირის 66-ე სონეტი”(2022), საგუნდო თხზულება “საშობაო”(2021, II რედაქცია - 2023), პიესა კლარნეტისა და ფორტეპიანოსთვის(2022), საფორტეპიანო პიესები: “მოგონება” (2018), “დათოხნილ სხეულს…” (2021), “ქუთაისის სალონურ საღამოებს”(2019). ვარიაციები ინსტრუმენტული ანსამბლისათვის ვ. ბელინის თემაზე(2023) და სხვა. ასევე მუსიკა სპექტაკლისთვის: ქორეო-დრამა “უსიერი”(2022) და ბერტოლდ ბრეხტის პიესა “მრგვალი და მახვილი თავები”(2023).

 მოკლედ მოგახსენებთ ბრეხტის შემოქმედებით პრინციპებს. როგორც ცნობილია, ბერტოლდ ბრეხტი არის უდიდესი დრამატურგი, რეჟისორი, ახალი ტიპის დრამის, თეატრის შემქმნელი, მეოცე საუკუნის ნოვატორი და რეფორმატორი. მისი თეატრისათვის დამახასიათებელია ეპიკურობა, რომელიც გამოხატულია მაყურებელთა არა გრძნობების, არამედ ფიქრების “პროვოცირების” მეშვეობით. მისი თეატრისთვის სპეციფიკურია უშუალო კომუნიკაცია მაყურებელსა და მსახიობებს შორის. წინა პლანზე წამოწეულია სოციალური და პოლიტიკური თემები. აღსანიშნავია სცენის მინიმალისტური დეკორაციები, რომელიც ბრეხტის თეატრის ერთ-ერთი მახასიათებელი თავისებურებაა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მის თეატრში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მუსიკას. ყოველივე ეს პრინციპი 22 ნოემბერს დადგმულ პიესაში მეტ-ნაკლებად თანმიმდევრულად წარმოჩინდა. რეჟისორმა პიესის თავისებური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა და ამით თითქოს დაგვანახა, რომ ბრეხტის პრინციპები დოგმას არ წარმოადგენს და მისი ინტერპრეტირება სხვადასხვაგვარადაა შესაძლებელი.

ვფიქრობ, რომ აღნიშნული დადგმა საკმაოდ საინტერესო იყო მაყურებელთათვის. აღსანიშნავია, რეჟისორისეული დრამატურგიული გათვლა: როდესაც დამსწრე საზოგადოება დარბაზში შედიოდა, “სპექტაკლი უკვე დაწყებული იყო”: ჟღერდა მუსიკა, რომლის მოტივებიც მთელი პიესის მანძილზე თავს ახსენებდა მაყურებელს, მსახიობები უშუალო კომუნიკაციაში შედიოდნენ დარბაზში თავისი ადგილის ძიებით მოფუსფუსე მაყურებელთან, არიგებდნენ ფურცლებს, რომელზედაც სპექტაკლის საკვანძო ფრაზები ეწერა. მუსიკა, რომელიც ამ მომენტში ჟღერდა ასახავდა რაღაც იდუმალს,  მისტიურ ატმოსფეროს, რომლის შექმნაც კომპოზიტორის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლდათ.

მთელი სპექტაკლის მანძილზე მუსიკა ძალიან დიდ როლს ასრულებდა დრამატურგიულ განვითარებაში.  სწორედ ის გვიჩვენებდა ძირითად დრამატურგიულ გეგმას: ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, განვითარება, კვანძის გახსნა და ბოლოს კულმინაცია. ეს ყველაფერი თვალსაჩინოდ და თანმიმდევრულად გამოვლინდა ბეგის მუსიკაში.

საინტერესოა კომპოზიტორისეული გაორკესტრება, რომელიც მის ერთ-ერთ მთავარ პლუსად და ძლიერ მხარედ შეიძლება ჩავთვალოთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კომპოზიტორი  გარდა წმინდა თეატრალური მუსიკისათვის დამახასიათებელი გამომსახველი საშუალებებისა, სპექტაკლში რთავს საოპერო ელემენტებსაც, რაც ორგანულად ერწყმის თეატრის მუსიკალურ ქსოვილს და კორნამონტისის დასახასიათებლად იყენებს საოპერო არიის ფორმას. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს იდეა კომპოზიტორს მსახიობის ვოკალურმა მონაცემებმა უკარნახა.  პიესაში ასევე გვხვდება კანტატური ტიპის ეპიზოდი სოლოსა და გუნდისათვის  - “ოდა იბერინს”.

მინდა აღვნიშნო, რომ სპექტაკლში გარკვეულ ხარვეზებს ქმნიდა მეტყველების - მსახიობთა მიერ წარმოთქმული ფრაზების მკაფიობის პრობლემა. ხშირ მომენტებში ფრაზები რთული გასარკვევი იყო, თუმცა ბეგი ნიკოლეიშვილის მუსიკა ამ ნაკლს გარკვეულწილად ანაზღაურებდა.

მთელი სპექტაკლის განმავლობაში მუსიკა თითქოს თავის ქსელებში აბამს მაყურებელს და ნაწარმოების აღქმის პროცესს უფრო ლოგიკურსა და გასაგებს ხდის. მუსიკაში მკაფიოდ ჩანს კომპოზიტორის ხელწერა, შინაგანი ბუნება, სიღრმისეული ძიებებისაკენ ლტოლვა და მკაფიო მუსიკალური აზროვნება, რაც ავტორის მნიშვნელოვან დამახასიათებელ თვისებად შეიძლება ჩავთვალოთ.

ვფიქრობ, ახალბედა კომპოზიტორის საწყისი ნაბიჯები მსხვილი ფორმის ნაწარმოებთან მიმართებაში საკმაოდ წარმატებული გამოდგა. აქვე მინდა დავამატო, რომ ჩვენი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ ზემოთაღნიშნული მუსიკალური მასალა შესაძლოა გახდეს თავისებური მინი-ოპერის შექმნის საფუძველი, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოპერის დაწერა კომპოზიტორის დიდი ოცნებაა.  მათთვის ვინც დაინტერესებულია ან ახლა დაინტერესდა ბეგის შემოქმედებით, შეიძლება სასურველი იყოს ჩემი და ბეგის საუბრის გაცნობა, რომელსაც გთავაზობთ ინტერვიუს ფორმით:

 

   მოგესალმები, ბეგი. პირველ რიგში, მინდა მოგილოცო სპექტაკლის წარმატება. უპირველეს ყოვლისა, მინდა გკითხო შენი მუსიკალური განათლებისა და იმ გზის შესახებ, რომელმაც დღემდე მოგიყვანა.

 

დიდი მადლობა! ჩემი მუსიკალური განათლება დაიწყო ჯერ კიდევ ბავშვობიდან. პირველი პედაგოგი გახლდათ მუსიკოსი ქ.ნ რუსუდან დავლიანიძე, რომელმაც ურჩია ოჯახს, რომ ამ გზას დავდგომოდი. თავდაპირველად ვსწავლობდი ქუთაისის მე-19 საჯარო სკოლის მუსიკალურ სტუდიაში ფორტეპიანოზე, მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა ინსტრუმენტი. ამავდროულად დავიწყე სიმღერა საესტრადო ჟანრში მუსიკოს და მომღერალ ზაზა გრძელიშვილთან და მალევე აღმოჩნდა, რომ ჩემი ვოკალური მონაცემები უფრო კლასიკური, აკადემიური სიმღერისაკენ იყო მიდრეკილი.

შემდეგი ეტაპი უკავშირდება მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს, სადაც ჩავირიცხე სოლო-აკადემიურ სიმღერაზე, პროფესორ გიორგი ლომთაძის კლასში, კონცერტმაისტერი კი გახლდათ ქალბატონი ირინა კუხიანიძე. მათი დახმარებით ვოკალურ ხელოვნებას შვიდი წლის განმავლობაში ვეუფლებოდი. სპეციალობის საგნებთან ერთად, დიდი ინტერესით ვეუფლებოდი თეორიულ საგნებს, მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა კონკურსებში, მასტერკლასებში, ქალაქის სხვადასხვა ღონისძიებებში.  ამ პერიოდში საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი “კინო სკოლაში” და აქედან დაიწყო ჩემი ინტერესი კომპოზიციის მიმართ. მოვინდომე დამეწერა მოკლე სცენარი ფილმისათვის, წერის პროცესში კი გონებაში უკვე მთლიანად ჩამესმოდა ის მუსიკა, რომელიც სცენარისთვის იქნებოდა შესაფერისი და სულ რაღაც ერთ საათში ჩემი ჩანაფიქრი ფორტეპიანოზე გადმოვიტანე, შემდეგ კი ჩავწერე კამერული ორკესტრისათვის. ამ დროისთვის, რა თქმა უნდა, ჩემი მუსიკალურ-თეორიული განათლება მხოლოდ მცირედით შემოიფარგლებოდა…

ამის შემდეგ, 2016 წელს ჩავაბარე ქუთაისის სამუსიკო კოლეჯში, კვლავ ვოკალური მიმართულებით, პარალელურად კი ვწერდი ნაწარმოებებს. მინდა აქვე აღვნიშნო საფორტეპიანო პიესა “მოგონება”, რომელიც მივუძღვენი ჩემი ფორტეპიანოს პედაგოგის, ქალბატონი ჯულიეტა იოსელიანის ხსოვნას. ეს პიესა აღმოჩნდა ერთგვარი ხიდი ჩემთვის, რომელმაც საშუალება მომცა გამეგრძელებინა საკომპოზიტორო გზა.

აქვე დავამატებ იმასაც, რომ ქუთაისის სახელოვანი პიროვნების, ექიმისა და ხელოვანის თემურ ძიძიგურის დახმარებით, რომელმაც აღადგინა ქუთაისის სალონური საღამოები, აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი მათში და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი იყო.

ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ დადგებოდა დრო, როდესაც დავეუფლებოდი პროფესიულ საკომპოზიტორო განათლებას, თუმცა არ ვიცოდი როდის. საბოლოოდ კი ეს მოხდა სოლო-აკადემიური სიმღერის ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ. ამ პერიოდიდან უკვე კომპოზიციისადმი მიდრეკილებამ განსაკუთრებულად “შემაწუხა”. მადლიერი ვარ ყველა პედაგოგის, თუმცა ამ კუთხით მინდა აღვნიშნო ჩემი პედაგოგი, მუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ირინა სარუხანოვა, რომელმაც მომცა დიდი ბიძგი და მირჩია, რომ საბოლოოდ ჩამებარებინა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში.

 

   რას გვეტყვი ზოგადად შენს მუსიკალურ ინტერესებზე, რამდენად ახდენს ისინი გავლენას შენს კომპოზიციებზე? როგორც უკვე აღნიშნე, დაინტერესებული ხარ ვოკალური ჟანრით.

 

სამი წლის ვიყავი, როდესაც პირველად ბაბუამ წამიყვანა საოპერო თეატრში და იგი იმდენად მძლავრად შემოვიდა ჩემში, რომ სწორედ ამან განაპირობა შემდგომში ჩემი უზარმაზარი ინტერესი ვოკალური ხელოვნების მიმართ. იგი იმდენად მიყვარს და მაინტერესებს, რომ ბავშვობაში ხშირად “ოპერასაც” მეძახდნენ. სულ ამ თემაზე ვსაუბრობდი, ვმღეროდი ნაწყვეტებს, ამავდროულად გამუდმებით ვცდილობდი, რომ ჩემი ახლობლები და მეგობრებიც დამეინტერესებინა კლასიკური მუსიკითა და საოპერო ხელოვნებით. ზოგადად, უფრო დიდ ყურადღებას ვოკალურ მუსიკას ვუთმობ, ვინაიდან იგი უფრო ახლოა ჩემთვის, თუმცა ამავდროულად ვწერ ინსტრუმენტულ მუსიკასაც. ყველაზე უფრო მეტად დაინტერესებული ვარ რომანტიზმის ეპოქით. ადრე ვფიქრობდი კიდეც, რომ რომანტიზმის ეპოქაში უნდა დავბადებულიყავი.

გარდა ვოკალისა, მაინტერესებს ფორტეპიანოც. ასევე დიდ ყურადღებას ვუთმობ მუსიკოლოგიას.

 

 

      როდის იწყება შენი დაკავშირება თეატრთან?

 

ეს იწყება 2019 წლიდან. ქუთაისში ახალგზარდა რეჟისორმა გიგი ლორიამ დადგა ვოდევილი “ჭკუისა მჭირს”, რომლის კომპოზიტორიც იყო გოგი ჩლაიძე. აქ ვიყავი უბრალოდ მუსიკოსი, ვუკრავდი, ვმღეროდი, ასევე სპექტაკლში მცირე მუსიკალურ ინტერპრეტაციებსაც ვაკეთებდი. სწორედ აქ გავეცანი სპექტაკლზე მუშაობის პრინციპებს.

2021 წელს თავისუფალ თეატრში დაიდგა ქორეო-დრამა “უსიერი” (რ. აკუტაგავას “უსიერ ტყეში” მიხედვით). რეჟისორი იყო გიგი ლორია, ხოლო ქორეოგრაფი სალომე ივდითი. ეს იყო ჩემი საკომპოზიტორო დებიუტი “მუსიკა სპექტაკლისთვის”.

აქვე მინდა შევეხო ერთ პრობლემას. დღეს ბევრი ვერ ხვდება თეატრში მუსიკალური გაფორმებისა და სპეციალურად შექმნილი მუსიკის დეფინიციას. ეს სპექტაკლი ქორეო-დრამისა და ფიზიკური თეატრის სინთეზური სახეა. ქორეო-დრამა თავისთავში მოიაზრებს ბალეტ-პიესას. ამ შემთხვევაში კი მოგეხსენებათ არავერბალური ფორმის დროს რა როლი და მნიშვნელობა ენიჭება მუსიკას. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ახალგაზრდა თეატრთმცოდნე ალექსანდრა სულამანიძე, რომელმაც სპექტაკლის შთაბეჭდილებების ფონზე დაწერა რეცენზია, სადაც აღნიშნა მუსიკის როლი და ფუნქცია ამ სპექტაკლში, აქვე მოვიყვან რეცენზიის ნაწყვეტის ციტირებას “უნდა აღინიშნოს, რომ ბეგი ნიკოლეიშვილის ნამუშევარი ნამდვილად განსხვავებულია და საკმაოდ მომხიბვლელიც. მისი მუსიკალური ნაწარმოების ტემპო-რიტმი და დრამატურგიული განვითარება მაყურებელს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. პირადად ჩემთვის, ქორეოდრამის მთავარი ღერძი სწორედ მუსიკა აღმოჩნდა…”. ვიტყოდი, რომ საბოლოო ჯამში სპექტაკლმა დიდი ამოცანის წინაშე დამაყენა და გარკვეულწილად შემხვდა სირთულეებიც.

მუსიკალურად მიზნად დავისახე, რომ მასში ყოფილიყო არა მხოლოდ მოძრაობის ტემპო-რიტმი, ხასიათი და ატმოსფერო, არამედ მსურდა ეს ყოველივე დრამატურგიულად გამართულად და სწორად გადმომეცა. მინდა აღვნიშნო, რომ სპექტაკლმა საერთაშორისო ფესტივალზე აიღო გრან-პრი.

შემდეგი ეტაპი უკავშირდება ექსპერიმენტალურ თეატრალურ ჯგუფს “Art ბანაკი”, სადაც იყვნენ დრამატურგები, რეჟისორები, კომპოზიტორები. ჩემთან ერთად იყო ჩემი მეგობარი, კომპოზიტორი  ირაკლი არეშიძე. მხატვრები, მსახიობები, ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობდით სპექტაკლზე. ცხადია, რომ აქაც გამოცდილება შევიძინე.

ეს ყოველივე ძალიან დამეხმარა და შემდეგი სპექტაკლი აღმოჩნდა ბ. ბრეხტის “მრგვალი და მახვილი თავები”, რომელიც დაიდგა საჩხერის თეატრ “პაოლოში”. სპექტაკლი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე დასახელდა, როგორც “ფესტივალის აღმოჩენა”...ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ დაიწერა ლიტერატორის თეიმურაზ ურატაძის საინტერესო სტატია/მიმოხილვა სახელწოდებით “აღმოჩენა”.

 

   ჩემთვის ცნობილია, რომ შენი ოცნებაა ერთ დღეს შექმნა ოპერა. როგორ ფიქრობ, რამდენად ნაყოფიერია ის გზა, რომელსაც ახლა გადიხარ და რამდენად დიდ როლს თამაშობს შენი ამჟამად შექმნილი ნაწარმოებები შენი სამომავლო გეგმის განხორციელებაში?

 

დავიწყებ იქიდან, რომ გზა, რომელიც გავიარე საშემსრულებლო ხელოვნების კუთხით საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო გამოდგა. ვფიქრობ, რომ როდესაც კომპოზიტორმა იცის საშემსრულებლო ხელოვნების “შიდა სამზარეულო”, იგი ითვალისწინებს სხვა აუცილებელ ფაქტორებსაც. კომპოზიციაზე სწავლის პერიოდში კი ყურადღებას ვაქცევ როგორც სპეციალობის საგნებს, ასევე თეორიულ დისციპლინებსაც, რადგან ვფიქრობ, რომ ეს საკომპოზიტორო გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო კონსერვატორიის პედაგოგების მიმართ და განსაკუთრებით გამოვყო ჩემი სპეციალობის ხელმძღვანელი კომპოზიტორი, პროფესორი ზურაბ ნადარეიშვილი.

ჩემი შექმნილი ნაწარმოებებიდან დასახული მიზნის მიღწევისათვის ვფიქრობ, რომ სპექტაკლებისთვის (ქორეო-დრამა “უსიერი”, “მრგვალი და მახვილი თავები”) შექმნილი მუსიკა საინტერესო და ე.წ “მუსიკალური ლაპორატორია” აღმოჩნდა. და თუ მომავალში დავწერ ნაწარმოებს მსხვილ ფორმებში, სინთეზურ ჟანრში, ამისათვის დასახელებული ნაწარმოებები იქნება შემამზადებელი ეტაპი, ერთგვარი ინტერმედია.

 

   რას გვეტყვი პიესა “მრგვალი და მახვილი თავების” შესახებ? რა სირთულეებსა და გამოწვევებს წააწყდი ამ მუსიკის შექმნის ეტაპზე და რამდენად მისდევს შენი მუსიკა ბრეხტის ესთეტიკისათვის დამახასიათებელ ტენდენციებს?

 

ამ სპექტაკლის რეჟისორი გახლავთ გიორგი მეტონიძე. მისი სპექტაკლები ხშირ შემთხვევაში წარმოდგენილია არავერბალური ფორმით. საჩხერის თეატრის დასს მე ქუთაისიდან ვიცნობდი და მქონდა ურთიერთობა. ყოველთვის მომწონდა მათი გემოვნება, ხარისხი და რაციონალიზმი, რომელიც მათ სპექტაკლებში ყოველთვის ჩანდა. ამავდროულად, ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო მუსიკალური გაფორმებაც და მოხარული ვარ, რომ მათი ნაწილი მეც გავხდი. ჩვენ შორის შედგა არაჩვეულებრივი კოლაბორაცია, რაც არა ერთმა აღნიშნა. ვფიქრობ, რომ ზოგადად კომპოზიტორისა და რეჟისორის მუშაობის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მხრივ ძალიან გამიმართლა.

როდესაც გავიგე, რომ მუსიკა უნდა შემექმნა ბრეხტის პიესისათვის, უპირველეს ყოვლისა, გავეცანი ნაშრომებსა და მათთვის მახასიათებელ სპეციფიკას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თავად ბრეხტი წერს, რომ მისი ესთეტიკა ყოველთვის დოგმას არ წარმოადგენს, შესაძლებელია გარკვეული ცვლილებების შეტანაც, თუმცა, რასაკვირველია, აუცილებელია მთავარი ასპექტების შენარჩუნება. შევინარჩუნეთ ბრეხტისეული ხასიათი, ტონუსი, ეპიკურობა. მე გადავწყვიტე, რომ ეპიკურობა მუსიკაში არ ყოფილიყო წარმოჩენილი როგორც ზღაპრული, არამედ მსურდა უფრო მისტიკური ელფერი შემეძინა მისთვის, რა თქმა უნდა, პიესის ლოგიკის მიხედვით. 

ვფიქრობ, რომ შემოქმედებითი ჯგუფი გარკვეულწილად გავყევით ბრეხტის პრინციპებს, მაგრამ ამავდროულად შევცვალეთ ბევრი რამ. მაგალითად, სპექტაკლში გადავწყვიტეთ საოპერო არიის ჩართვა, რაც განპირობებული იყო იქიდანაც, რომ თავად მსახიობი ამავდროულად მომღერალია (აღსანიშნავია, რომ რეჟისორი მღერის და თავად მონაწილეობს სპექტაკლში). მსურდა, რომ მუსიკაში გარკვეულწილად საოპერო ელემენტები შემეტანა.

სპექტაკლზე მუშაობის დროს ძალიან დამეხმარა და შეიძლება ითქვას, უდიდესი წვლილი შეიტანა  საოპერო ჟანრისა და მისი დრამატურგიის ცოდნამ, (ოპერა ხომ “მუსიკალური თეატრია”), რამაც საბოლოოდ მიმიყვანა ამ შედეგამდე.

 

   და ბოლოს, რას ეტყოდი შენივე თაობის კოლეგებს, ახალგაზრდა, შენივე თანატოლ კომპოზიტორებს, რომლებიც შენსავით ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს ამ სფეროში?

 

ჩემს კოლეგებს, თანატოლებს ვეტყოდი, რომ შექმნან და წერონ ის, რაც უყვართ და აინტერესებთ. მე არ ვთვლი, რომ აუცილებელია კომპოზიტორი ყველა ჟანრში წერდეს, თუმცა ვფიქრობ საჭიროა ყოველ მათგანს კარგად იცნობდეს. ნიჭთან ერთად უმნიშვნელოვანესია პროფესიული განათლება. ნიჭი მხოლოდ “საწყისია”, მისი განვითარება კი უმეტესწილად თავად ჩვენზეა დამოკიდებული. შემოქმედისთვის მნიშვნელოვანია მიზანი, ფიქრი, ძალისხმევა და რეალიზება.

 

   დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, გისურვებ უდიდეს წარმატებას!

 

მადლობა პირიქით, წარმატებები!

 



Comments