ბარბალეს საარაკო დავთარი

რეცენზიის ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის 

III კურსის სტუდენტი: 

ბეგი ნიკოლეიშვილი

მე-19 საუკუნის ძველ თბილისში ალბათ  ,,ქეთოს’’ არაერთ პროტოტიპს  ექნებოდა პროტესტის ნიშნად ნათქვამი მაჭანკლებისთვის, - ,,შეადგინეთ თქვენი გეგმა ,როგორც გინდათ ... “.  იმხანად დაოჯახების მსურველთათვის გარიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგია  იყო, ხოლო მოხერხებული, ,,მზრუნველი"’ მაჭანკლებისთვის, რომლებიც ,,200 თუმანის’’ სანაცვლოდ დიდ  რისკზე მიდიოდნენ, შემოსავლის უტყუარი წყარო. ჩვენ არ ვიცით  პრეტენდენტი რეალურად ხდებოდა თუ არა „პატარძალი“ , რა მეთოდებს მიმართავდნენ კონკურენტი მაჭანკლები, მაგრამ ფაქტია , რომ დიდ ქართველ  კომედიოგრაფს , ავქსენტი ცაგარელს ყოველივე ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია, ტყუილად ხომ არ უწოდებდა ილია ჭავჭავაძე ავქსენტი ცაგარელის პიესებს „ცოცხლად ამოღებულს აწმყოს ცხოვრებიდან“.  ძველი თბილისის ყოფა-ცხოვრებაზე დაყრდონიბით ავქსენტი ცაგარელმა შექმნა  პიესა  ,,ხანუმა”, რომელიც მიუძღვნა ნატო გაბუნიას, იმდროინდელი თეატრალური სცენის საკულტო მსახიობს და პიესა დადგმისთანავე წარმატებული აღმოჩნდა. 1913 წელს  ვიქტორ დოლიძემ  ,,ხანუმა’’ სწორედ ნატო გაბუნიას იუბილეზე ნახა და დაინტერესდა კიდეც. კიევიდან დაბრუნების შემდეგ კი მან დაწერა  კომიკური ოპერა ,,ქეთო და კოტე’’, რომელიც  ქართული მუსიკალური კულტურის უდიდეს მონაპოვრად იქცა. ოპერის პრემიერა  შედგა  1919 წლის  11 დეკემბერს , ლიბრეტო თავად კომპოზიტორმა დაწერა, ხოლო ტექსტის  რედაქტირება კი იოსებ გრიშაშვილმა ითავა. 

ცნობილია, რომ სხვადასხვა დროს ,,ქეთო და კოტეს ‘’  მნიშვნელოვანი და საინტერესო დადგმები განხორციელდა.  ცაგარელის „ხანუმას“ ბედი საინტერესოდ წარიმართა და ნაირგვარი  მოდიფიკაციები დაბადა დოლიძის ოპერის კვალდაკვალ. მათ შორის საინტერესო  დადგმები ეკუთვნით ა. წუწუნავას, გ. ლორთქიფანიძეს , ი. ხუციშვილს, რ.  სტურუას, ფილმის ეკრანიზაცია მოახდინა ვახტანგ  ტაბლიაშვილმა და შალვა გედევანიშვილმა , რომლის შედეგადაც არჩილ კერესელიძის ჩართულობით 1948 წელს, ქართული მიუზიკლის პირველი ნიმუში დაიბადა.  აქვე, უნდა აღინიშნოს,  გასული საუკუნის 80-იან წლებში კახიძე- სტურუას ინტერპრეტაციით შექმნილი  პარაფრაზა “ ქეთო და კოტეს” თემებზე, რომელსაც მწვავე დისკუსია მოყვა საზოგადოებაში…… 2011 წელს  დოიაშვილის ახალი სცენური ვერსია მიუზიკლის სახით,  სადაც დოლიძის “თანაავტორად” ნიკოლოზ რაჭველი მოგვევლინა.  თითოეული მათგანი  განსხვავებული და თავისებურად საინტერესო იყო.

თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის  საოპერო სტუდიის სცენაზე    2019 წელს წარმატებით განხორციელდა რეჟისორ ლელა გვარიშვილის ,,ქეთო და კოტეს’’ დადგმა.  პანდემიის პერიოდში საოპერო სტუდიის ინტენსიური მუშაობის წყვეტის შემდგომ, 2024 წელს ამ დადგმის აღდგენა მოხდა. გვარიშვილის  რეჟისორული გადაწყვეტა და კონცეფცია  საინტერესო და შთამბეჭდავი  იყო. აღნიშნულ  სცენურ ვერსიაში  სალაპარაკო დიალოგებში ინტეგრირებულია   დოლიძის, ცაგარელის და ტაბლიაშვილის  ფილმის "ქეთო და კოტეს" ტექსტუალური მასალა და იმავდროულად, თავად რეჟისორის მიერ ჩამატებული ფრაზები .

 სპექტაკლში მონაწილეობდა  სოლისტთა ორი შემადგენლობა, ხოლო უძღვებოდა დამდგმელი დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძე.  ორკესტრის შემადგენლობა წარმოდგენილი იყო  შერეული სახით, სტუდენტებისა და მოწვეული ორკესტრის მსახიობების მონაწილეობით. ბევრი საინტერესო შტრიხი იყო განხორციელებული აღნიშნულ დადგმაში, რასაც უმეტესწილად სარეჟისორო გადაწყვეტა განაპირობებდა . რეჟისორმა გააცოცხლა  მე- 19 საუკუნის მეორე ნახევრის  ძველი თბილისის სურათები, რაც მიღწეული იყო სცენაზე  წარმოდგენილი სცენებით და დარბაზთან მსახიობების აქტიური კომუნიკაციის  მეშვეობით, რამაც გაახალისა სპექტაკლის მხატვრული ატმოსფერო….. ასევე უნდა აღინიშნოს  ნეიკო ნეიძის სცენოგრაფია,  ფერადოვანი  კოსტიუმები,   სწორად შერჩეული   განათება სცენების შესაბამისად.  სპექტაკლში ასევე   მონაწილეობდა  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის  ქორეოგრაფიული დასი .  

 ოპერის დაწყებამდე,  ავანსცენაზე გამოდიან  ფიროსმანის პერსონაჟები. საინტერესოა მათი სამტყველო ფრაზები, რაშიც პირდაპირ დრამატული თეატრისთვის დამახასიათებელი სამეტყველო ფორმებია გამოყენებული და უკვე გვკარნახობს მის აქტიურ  ჩართვას  საოპერო დრამატურგიაში.  დასაწყისშივე, უვერტიურის  დროს,   ჩვენს თვალწინ იშლება ძველი თბილისის ყოფა-ცხოვრების ამსახველი სურათი და იქმნება ის საჭირო ატმოსფერო, რომელიც გასდევს მთლიანად ოპერას , მსვლელობისას დარბაზში შემოდიან მსახიობები,  თენდება და ცოცხლდება ძველი ტფილისის  სურათი, მუსიკას თან ერთვის   ძველი ტფილისის ყოფისთვის დამახასიათებელი ცალკეული შეძახილები, რომელსაც  ,,ფონური ‘’ დატვირთვა აქვს  -  „მაწონი“,  „გაზეთი“, „მწვანილი“   და ა.შ.  

ყურადღება მიიქცია  რამდენიმე  დეტალმა,  რომელიც ხაზს უსვამს იმ დროის თბილისის  მულტიკულტურულ ხასიათს, ასე რელიეფურად რომ ჰქონდა ასახული ავქსენტი ცაგარელს თავის პიესაში,  მაგ . „რევულუცია“ , სომხური- „წავატანე“,  ქეთოს  „ფრანგული  ფრაზები“ და სხვ........ 

დოლიძის  ოპერის დრამატურგიაში გამოკვეთილია   კომიკური და  ლირიკული ხაზები. ორივე სხვადასხვა სამსახიობო თუ სტილურ საშემსრულებლო  მოთხოვნებს უყენებს პერსონაჟებს. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ რეჩიტატივების შეკვეცით სოლისტებს ინტონაციის  კუთხით   სირთულე   მოეხსნათ, დადგმაში ხშირმა ორიგინალურმა  ტექსტობრივმა სიტყვიერმა  ჩანართებმა  კი შეიძლება  გადაღალოს ახალგაზრდა მომღერლების სახმო იოგები ,რაც არ უნდა დიაფრაგმულ სუნთქვაზე იყოს ის დაყრდნობილი ...

შევეცდები 2024 წლის  მარტის თვის  ,,ქეთო და კოტეს’’ ორივე სპექტაკლის განხილვას , ორივე შემადგენლობის შედარების გზით.

,,მოდიააან ... ’’

უნდა ითქვას, რომ  თავადი ლევანის პერსონაჟი  ორივე შემსრულებელს (ვალერიან რობანიშვილი, ავთანდილ ჭიქავა) კარგად ჰქონდა გააზრებული, რაც მუსიკალურად თუ სამსახიობო ოსტატობით  იყო გადმოცემული. პირველ შემთხვევაში (ვ. რობანიშვილი) მიუხედავად ჟღერადი ტემბრის კარგი ემისიისა, ვფიქრობ, მას შეეძლო ვოკალური ხაზი მეტად გამართული ყოფილიყო, თუმცა, განსაკუთრებით  ლევანის გაბრაზების სცენაში (მე-2 მოქმედება) - ,,ჰეი გამეცალეთ ‘’,  ძალიან კარგად ჟღერდა მის მიერ  მაღალი რეგისტრის ბგერა (პირველი ოქტავის ფა#) ... მეორე შემთხვევაში კი (ა. ჭიქავა),  ვოკალი შედარებით უფრო მწყობრად  იყო  ორგანიზებული, ბგერის ფორმირება და რეგისტრების ბალანსი კარგად იგრძნობოდა, რაც ორგანულად იყო შეხამებული „თავადი ლევანის“  მხატვრულ სახესთან.

კოტე რომანტიკული, შეყვარებული  პერსონაჟია, რაც ორივე შემადგენლობის შემთხვევაში  შემსრულებლების მიერ კარგად იყო გათვალისწინებული. საინტერესო ტემბრი აქვს  ფალანდა  ღვინჯილიას, თითქოს, ეროვნული და იტალიური მანერის კოორდინაციით, რაც უხდება ქართულ  ოპერას და მის ვოკალურ რეპერტუარს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მაღალი რეგისტრი, სადაც დახვეწილ  ფრაზირებასთან ერთად ჟღერს მისი ბუნებრივად საინტერესოდ მჟღერი ტემბრი, მაგ.  ,,კოტეს რომანსი “ , რომელიც არის ერთი-ერთი რთულად შესასრულებელი და იმავდროულად გულში ჩამწვდომი ნომერი. მეორე შემთხვევაში (გურამ პაატიშვილი) კარგი ჟღერადობის ტემბრი და ვოკალური ხაზი ორგანულად  ესადაგებოდა მის პერსონაჟს (კოტეს),  მაგრამ მომღერლის ვოკალური შესაძლებლობები უმეტესწილად  საშუალო რეგისტრში გამოვლინდა და ვფიქრობ, მეტი ყურადღება უნდა დათმობოდა მაღალი რეგისტრის ჟღერადობას.

ქეთო ოპერის დრამატურგიის ლირიკულ ხაზს განასახიერებს, რომელსაც დაჰკრავს კომიკურ- გრაციოზული იერი. ორივე ქეთოს (თამარ ცირეკიძე, რუსუდან მჭედლიშვილი)  მომხიბვლელი ტემბრი და კარგი ვოკალური შესაძლებლობები აქვთ და აქვე, აღვნიშნავ, გადალახეს ის სირთულე, რაც მათ ვოკალურ  პარტიას  ახლავს თან. ვიქტორ დოლიძე მიმართავს ვოკალური ,,კოლორატორული ტექნიკის‘’ გამოყენებას, განსაკუთრებით კადენციების სახით - bel canto -ს სტილში, რაც ახასიათებდა მაგ .ჯ. როსინის, გ. დონიცეტის კომიკურ ოპერებს. აქ კი მომღერალს განსაკუთრებით მართებს იმის გათვალისწინება, რომ უნდა დაძლიოს ეს ტექნიკური  სირთულე. აღსანიშნავია,რომ რეჟისორი სწორად ანაწილებს მომღერლის ხმის პროექციას სცენების შესაბამისად და აბალანსებს მას. ქეთოს სცენაც და არიაც, რომელიც კომიკურ ჭრილშია გადაწყვეტილი, ორივე მომღერალმა დასძლია ვოკალურად თუ სამსახიობო კუთხით , თუმცა კადენციების დროს პირველ შემთხვევაში (თ. ცირეკიძე) ვფიქრობ , შეიძლებოდა მეტი ვოკალური ემისია, ხოლო რ.მჭედლიშვილის შემთხვევაში, რომელსაც წარმატებული სადებიუტო გამოსვლა ჰქონდა საოპერო სცენაზე, კარგი ვოკალური შესაძლებლობების მიუხედავად, თავდაჯერების დანაკლისი ეტყობოდა.  

მაკარის პერსონაჟი  სადადგმო გადაწყვეტის შედეგად  გამდიდრებულია ,ორიგინალთან შედარებით.  პირველ შემთხვევაში მისი პარტია სტუდენტმა (საბა გაბისონია) შეასრულა, მეორედ კი პროფესიონალმა ბანმა - გოჩა დათუსანმა, რომელიც ხშირად გამოდის საოპერო სტუდიაში სტუდენტების გვერდით.  ერთის მხრივ ამის მიზეზი  ამ ხმის (ბანის) დეფიციტია .... ევროპულ ყაიდაზე დაწერილი მაკარის არია საკმაოდ რთული სამღერია და სხვადასხვა  ვოკალური საკითხი, სირთულეები  იჩენს  თავს . როგორც   გ. დათუსანის,  ისე  ა. გაბისონიას შემთხვევაში  კარგად ჟღერდა ტემბრი,  განსაკუთრებით  რთულად ასაჟღერებელი  არიის დასასრულს - დიდი ოქტავის ფა ...

 ინტრიგის, კომიზმის  მთავარი წარმართველები  ბარბალე, ბაბუსი და კინტოები არიან, სწორედ ამ კომიზმში ანათებს სატირა და ეს ყოველთვის საინტერესო და საჭირო მესიჯია მაყურებლისთვის.

ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ბარბალეს სახე. ვიტყოდი ,რომ მთლიანობაში ორივე ბარბალემ  კარგად გაართვა თავი ამ პარტიას. აქ ვოკალთან ერთად მნიშვნელოვანია და შეიძლება უფრო მეტი სამუშაო სწორედ სამსახიობო  ოსტატობას დაეთმო , რაც  რეჟისორულად საინტერესოდ იყო გადაწყვეტილი. მოგეხსენებათ, კომიკურ ჟანრში განსაკუთრებით   ხშირია ე.წ. ,,გადათამაშება‘’ . მსახიობს იმის გათვალისწინება უწევს  ,რომ კომიკურობას და სატირას არ ჩაენეცვლოს უსახური ბუფონადა. ძალიან სასიხარულოა , როდესაც  არტისტიზმი ასე მოზღვავებულია სოფიო  ძიძიგურის შემთხვევაში , ვოკალურ ხაზთან  და სამეტყველო ინტონაციასთან  ერთად მკვეთრად ხაზგასასმელია მისი სამსახიობი მონაცემები , რაც სჭირდება მის პერსონაჟს. პერსონაჟის ხასიათით , სამსახიობო უნარებით ასევე აღსანიშნავია მეორე ,,ბარბალე’’ (მარიამ ნადიბაიძე) , მაგრამ  განსხვავება იმაშა , რომ სოფიოსთან თვალში საცემია მისი  ქმედითი სამსახიობო მონაცემები ,რაც უპირატესად ოპერის კულმინაციას ,,საპარტძლოს‘’ გამოსვლის  სცენას უკავშირდება , ხოლო მარიამთან  უფრო დასამახსოვრებელი გახდა მისი შედარებით ნათელი ტემბრი , სამეტყველო ინტონაციის  მანერა, რომელიც ადვილი მისაგნები არ არის და დასაფასებელია. მიუხედავად იმისა ,რომ კულმინაციურ სცენაში მან მთლიანობაში კარგად  გაართვა თავი , ვფიქრობ მცირე  ,,გადათამაშებაც’’ იყო... 

ბაბუსი კი, მეორე მაჭანაკალი წესით, არ უნდა იყოს უნარებით  და გამჭრიახობით ნაკლები.  ისიც ისეთივე ცნობილი მაჭანკალია , როგორც ბარბალე. სხვა შემთხვევაში მას არ მიანდობდნენ ლევანის  საცოლის შერჩევას.  ბაბუსის თვისებები უფრო გათვალსიწინებული მეორე სოლისტთან იყო  ( მილენა ტალახაძე   ) . პირველ შემთხვევაში (ნინო ჩხარტიშვილი)  კი კარგი იქნებოდა  ხასიათის მეტი სიდინჯე , რათა ის არ უნდა გადაიქცეს რიგით მაჭანკლად და  ბარბალე-ბაბუსის პაექრობაც უფრო რეალური ხდება. ძალიან კარგი იყო ცეკვის დროს ბაბუსის ქორწილიდან გატყუება,  გასვლის დროს  მათი ცეკვა ,  ასევე  კვარტეტი ,,აბა ჩემო ბარბალე ‘’ ,  სადაც  ბაბუსის ტექსტი  უფრო მეორე შემთხვევაში ისმოდა.

ზოგადად ,,სამეტყველო ინტონაციასთან’’ დაკავშირებით შეიმჩნეოდა ძველი თბილისის მრავალეთნიკური ინტონაციები , ძირითადად სომხური , თუმცა ,,სამეტყველო ოინტონაციის ‘’ საკითხი ყოველთვის  არ იყო გამართული 

კნეინა მაროს სახე  დამაჯერებელია სცენიური კუთხით და ორივე შემთვხევაში (ქეთევან კაკაბაძე , თამარ ოზაშვილი )  სტუდენტებმა ამ პარტიას კარგად გაართვეს თავი.

საქო და სიქო თავისი იუმორით ,ხალისით,  სახასიათო სტილით შთამბეჭდავები იყვნენ.  კინტოების პირველმა   დუეტმა ( თორნიკე სახოკია , ლექსო კაციტაძე)   ნამდვილად კარგად განასახიერეს პეროსნაჟები. კარგ ვოკალურ მონაცემთან ერთად, განსაკუთრებით  აღსანიშნავია, საქოს( თ. სახოკია) სამსახიობო მონაცემები , არც ერთხელ არ დაუკარგავს „კინტოს სახე“ ,  მან იცოდა  ე.წ. ,, გადათამაშების ‘’ ზღვარი და ეტყობოდა ,რომ გათვალისწინებული ჰქონდა პერსონაჟი. ის მკაფიოდ ცდილობდა სიმღერის დროს საქოს და სიქოს კუპლეტებშიც ,,კარგი სომხური ინტონაციით წარმოეთქვა სიტყვები ‘’. სიქო (ლ.კაციტაძე) მარტივად მღეროდა და შეინარჩუნა ის ხასიათი და იუმორი,  რაც სჭირდება  ნამდვილ კინტოს. მეორე შემთხვევაში ჯემალ ჯანიაშვილის ,,კინტოს’’ მანერა , სამსახიობო ხაზი ,სამეტყველო ინტონაციაც დამაჯერებელი იყო.  საქოსთან (ტარიელ ჭოლაძე)  მიუხედავდ სცენური ქმედების და კარგი ტემბრისა , უფრო რთულად  მომეჩვენა მისი ნამღერი, ვიდრე ეს სჭირდება ,,კინტოებს’’. მართალია  ეს კუპლეტები ბარიტონისთვის შედარებით მაღალ ტესიტურაში  არის დაწერილი და რთულია ამის გამარტივება ,ვინაიდან ეს პრობლემა  სწორედ  ,,გარდამავალი’’ ბგერების  დროს ჩნდება, მაგრამ , ვფიქრობ,  ეს აქაც  საყურადღებო საკითხია .

გუნდს ამ ოპერაში არ აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დრამატურგიული ფუნქცია, თუმცა, ის სცენიურად  აქტიურად იყო ჩართული  მოქმედებაში და მთლიანობაში კარგად ჟღერდა. იყო მცირედი აცდენაც ორკესტრთან, მაგ. მეორე მოქმედების კულმინაციის დროს ,, ვერავის სცნობს ..., ასევე  მეორე მოქმედებაში ,,სტუმრების შემოსვლის’’ დროს კარგი იქნებოდა უფრო მკვეთრად გაჟღერებულიყო ტრომბონების სვლა, მაგრამ მეორე წარმოდგენაზე  უკეთესი იყო, თუმცა მცირედ  შენელდა ტემპი გუნდის დროს (,,ვერავის სცნობს’’ ), რაც სპექტაკლის საერთო ტემპო-რიტმზე შეიძლება ასახულიყო, მაგრამ მთლიანდ დასმა, დირიჟორმა, ორკესტრმა შესძლეს მეორე მოქმედების ფინალში ამ პრობლემის  დაძლევა.  ასევე კარგი იყო მომღერლებისა და ორკესტრის ჟღერადობის ბალანსი, დირიჟორის მიერ კარგად  შეგრძნებული სპექტაკლის ემოციური  ტონუსი, რაც  აისახებოდა ორკესტრზეც. ორივე შემთხვევაში კარგი იყო ქეთოს და კოტეს საფინალო დუეტი. პირველ წარმოდგენაზე  ანსამბლში (კვარტეტი)   ორკესტრთან მცირე აცდენა იყო პირველი მოქმედების დროს  და ფაქტობრივად არ მესმოდა ამავე მოქმედების  ბარბალეს და კოტეს დუეტში მათი სამეტყველო დიალოგები. მეორე წარმოდენაზე ორკესტრთან მცირე აცდენა იყო ,,მაკარის და ბაბუსის დუეტის’’ დროს. ვერ მივხვდი პირველ წარმოდგენაზე მოცეკვავეებს, რატომ უერთდება საქო და მეორე წარმოდგენის დროს აღარც საქო და არც სიქო..., თუმცა ველოდებოდი ამ სანახაობას  იმდენად საინტერესოდ გაითამაშა ეს სცენა  თორნიკე სახოკიამ.

ვფიქრობ, არ ვიქნები სუბიექტური, თუ ვიტყვი, რომ  მარტის ჩვენებაში მომღერლების  მცირე ინტონაციური უზუსტობებიც იყო.  გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ინტონაციის საკითხი, არამედ  ბგერის ,,პოზიციაც’’ ... გავიხსენებ ,რომ bel canto - ს სკოლაში არა მარტო ვოკალურ ტექნიკას, არამედ ინტონაციის საკითხსაც დიდი ყურადღება ეთმობოდა. ეს არ ეხება, მარტო  ამ კონკრეტულ სპაქტაკლებს, არამედ ბოლო დროს ვოკალისტებთან პრობლემური გახდა ,,ინტონაციის“ საკითხი.

ტემპერამნეტით, სიცოხლით სავსე იყო ცეკვები, თუმცა უპირატესობას მივანიჭებდი ,,ბაღდადურს ‘’.  ცეკვა ,, ქართულის ‘’ დროს ძალიან  კარგი რეჟისორული გადაწყვეტაა ბაბუსის ქორწილიდან გატყუება, რომელიც ეფექტური  იყო ორივე შესრულების შემთხვევაში, რაც თავად ვ.დოლიძის ,,ქეთო და კოტეში ‘’ აქცენტირებლი არ არის . ასევე საინტერესო იყო ,,მაზურკა’’ , რომელსაც  სოლო-აკად.  სიმღერის (ბაკალავრიატის მე II კურსი) მიმართულების  სტუდენტები ცეკვავდნენ. ჩნდება კითხვის ნიშანი სად არის ცეკვა ,,ზილგა’’ ? რატომ გახდა საჭირო ამ სიცოცხლით სავსე, ენერგიული ცეკვის ამოღება, რატომ  არ შეიძლებოდა მესამე მოქმედებაში,  მეორედ  "ბაღდადურის" ნაცვლად,  ,,ზილგა’’ შესრულებულიყო?

საინტერესოა საორკესტრო ინტროდუქციის დროს  ,,აივნის სცენა’’, ზოგადად ,,balcony scene’’ ხომ შეყვარებულ წყვილს  უკავშირდება , თუნდაც  ბერსტაინის მიუზიკლიდან ,,ვესტსაიდის ისტორია’’  , მაგრამ  ამ კუთხით ,,ქეთო და კოტე’’-ში არ გვაქვს მუსიკალური სცენა და ეს მხოლოდ ქმედებით იხატება .  

  აღსანიშნავია, რეჟისორის მიერ სპექტაკლში გაცოცხლებული სხვადასხვა სცენიური პერსონაჟები, ცაგარელისეული ტიმოთე,   ფოტოგრაფი, ლევანის ყოფილი „საყვარელი“, „ახლობელი“, ტანცმაისტერი, ყარაჩოღელები , პოლიციელი , „ფიროსმანის პერსონაჟები“ და სხვ., მრავალმხრივ საინტერესო დივერტისმენტი  ,რომელიც სპექტაკლს კიდევ უფრო მეტად  სრულყოფილს და საინტერესოს ხდის .

საბოლოოდ ვიტყვი, რომ  კარგია, საოპერო სტუდია ასე რომ ემსახურება მომღერლების პროფესიონალურ ზრდას, როგორც ვოკალურად ისე სცენიურად. ის კომპონენტები ,რომელიც რეჟისორმა შეიტანა ოპერაში არის საინტერესო, ზიგნშპილის სტილში გადაწყვეტილი სამეტყველო ფრაზებით, თუმცა პერსონაჟებს  ნაწილობრივ აკლიათ დახვეწილი სასცენო მეტყველება, რომელიც  მეტნაკლებად გაუგებარია ,,სამეტყველო ინტონაციის კუთხით …. კარგია, რომ ბაბუსი არ არის უარყოფით  პერსონაჟად გამოყვანილი, ბოლოს მაჭანკლების შერიგება კიდევ უფრო მეტ კეთილშობილებას ანიჭებს ამ ამბავს.

მთავარია ქორწილი შედგა. ბარბალემ მიზანს მიაღწია და გაიმარჯვა, „სხვას არ გააჭაჭანებს მის მაგივრად“, დაუკარით „საზანდარი“,  „ქეთო და კოტემ ჯვარი დაიწერეს“, „ძია მაკარ დაწყნარდა“,  „ხო ხედავთ რა კარგი რამე მოხდა...“.  სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს,  ხელოვნებაც ხომ სიკეთეს და გულწრფელობას აერთიანებს .

 „ვაშა ბარბალეს“!!! ... ვინ იცის მე 19 საუკუნის დამლევს, თბილისში რამდენი მსგავსი  გეგმა და ასეთი სია არსებობდა, მაგრამ  ესეთი ხალისიანი, დაუვიწყარი, საინტერესო ინტრიგითა და იუმორით სავსე ისტორია მხოლოდ ,,ბარბალეს’’ დავთარში აღმოჩნდა.

 დიდ წარმატებებს და  წინსვლას ვუსურვებ ყველა მონაწილეს, სრულიად საოპერო სტუდიას!





Comments