იოსებ კეჭაყმაძის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი

ავტორი: ნინო თავაძე
ბაკალავრიატი, II კურსი
საგანი - მუსიკის ჟურნალისტიკა
საგნის ხელმძღვანელი - ლალი კაკულია


2024 წლის 26 მარტს ქართველი მსმენელი შესანიშნავი შესაძლებლობის წინაშე აღმოჩნდა, ერთი კონცერტის ფარგლებში მოესმინა ქართული საგუნდო მუსიკის საგანძურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი - იოსებ კეჭაყმაძის შემოქმედება. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საზეიმოდ აღინიშნა დიდი საგუნდო კომპოზიტორის 85 წლის იუბილე, კონცერტზე თავი მოიყარეს ქვეყნის ყველაზე გამორჩეულმა საგუნდო კოლექტივებმა, რომლებმაც ქართველი კლასიკოსის შემოქმედების მრავალმხრივობა სრულყოფილად წარმოაჩინეს და მსმენელს დიდი სიამოვნებაც მიანიჭეს. 

იუბილეს უძღვებოდა მაყურებლისთვის კარგად ცნობილი კონფერანსიე, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც  ჩვეული ოსტატობით  მოგვითხრობდა იოსებ კეჭაყმაძის ცხოვრების ღირსშესანიშნავი მომენტების შესახებ. კონცერტის დრამატურგია საგუნდო შესრულებებისა და ბიოგრაფიული კომპონენტების მონაცვლეობაზე იყო აგებული. შესავლის სახით, კომპოზიტორის ბიოგრაფიისა და შემოქმედების მნიშვნელობის ამომწურავი მიმოხილვა შემოგვთავაზა მუსიკოლოგმა, ქალბატონმა მანანა ახმეტელმა, რომლის წამოწყებული ნარატივიც ერთგვარი დოკუმენტური ფილმით გაგრძელდა. ფილმში, რომლის ნაწყვეტები ასევე მუსიკალურ ნომრებთან მონაცვლეობით იყო ნაჩვენები, წარმოდგენილი იყო ინტერვიუები იოსებ კეჭაყმაძესთან დაახლოებულ და მისი შემოქმედებისა თუ ბიოგრაფიის მცოდნე ადამიანებთან, მუსიკოლოგებთან (მანანა ახმეტელი, მანანა კორძაია), ბატონი იოსების მოსწავლეებთან და კოლეგებთან (ელისო ვირსალაძე, ირინა ლომინაძე, რევაზ ტაკიძე, ნინო ანანიაშვილი, იანო ალიბეგაშვილი, ლიანა ჭონიშვილი, იოსებ ბარდანაშვილი). საუბრობდნენ უცხოელი შემსრულებლებიც - ქეით ტენანტი, დარიუს ლიმ, საგუნდო კოლექტივი "Zero 8" - რომლებიც აღვსილნი იყვნენ კეჭაყმაძის მუსიკისადმი აღფრთოვანებითა და ღრმა პატივისცემით, რაც კომპოზიტორის საერთაშორისო წარმატებას მოწმობს. ყოველივე ეს, ვფიქრობ, უდაოდ შესაფერის წარმოდგენას უქმნიდა მაყურებელს ქართველი კლასიკოსის პიროვნული და საკომპოზიტორო მასშტაბის შესახებ.

როგორც ითქვა, ჩინებულად წარმოჩნდა კეჭაყმაძის შემოქმედების მრავალფეროვნება კონცერტის ძირითად - საშემსრულებლო - ნაწილში. ვფიქრობ, ნაწარმოებთა თანმიმდევრობის დრამატურგიული ლოგიკა განვითარდა მეტად ლირიკული და განფენილი ხასიათის გუნდებიდან სიმძაფრითა და დრამატიზმით გამორჩეული ნაწარმოებებისკენ. შესრულდა როგორც ხალხურ, ისე ცნობილი ქართველი პოეტების ლექსებზე შეთხზული საგუნდო კომპოზიციები. კონცერტის პროგრამამ მკაფიოდ წარმოაჩინა ქართული მუსიკის ორი განსხვავებული შტო კეჭაყმაძის შემოქმედებაში - დასავლური/კეჭაყმაძისეული თანამედროვე თვითმყოფადი ენა კომპოზიციებში “თუთა”, “გაზაფხულის საღამოა მშვიდი” (გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა), “ქუთაისური სერენადა” (ქუთაისის კამერული გუნდი) და ა.შ.; ხოლო კომპოზიციებში “კარგი იყო არ გამეცნე თავიდან”, “ძველი თბილისის სიმღერები” (თბილისის ბავშვთა კაპელა), “კეკელჯან” (კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდი) - აღმოსავლური შტო იყო წარმოდგენილი. თუკი კონცერტის მიზანი, კეჭაყმაძის სახელისთვის პატივის მიგებასთან ერთად, მსმენელისთვის მისი თანამედროვე, ორიგინალური, და, იმავდროულად, ცხადად ეთნიკური ნიშნით გამორჩეული და მრავალფეროვანი ენის წარმოჩენა იყო, ეს მიზანი უდაოდ მიღწეულ იქნა. 

როგორც აღინიშნა, საგუნდო კოლექტივებმა მაღალი დონის შესრულებით დიდი სიამოვნება მიანიჭეს მსმენელს. აღსანიშნავია როგორც გუნდური ჟღერადობის მაღალი ხარისხი, ისე სოლისტების ინტერპრეტაციები, რომელთაგან განსაკუთრებით გამოვყოფდი ზვიად მიჩილაშვილს (სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდის სოლისტი) კომპოზიციაში “ბალახო მითხარ” და თეონა ცირამუას, გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელს, რომელიც, საგუნდო შესრულების უმაღლესი კლასის მიღწევის გარდა, სოლისტის ამპლუაშიც მოგვევლინა კომპოზიციაში “ლომო, შე ლომის მოკლულო”. ეს შესრულება თავისი ემოციური მუხტითა და დრამატიზმით აქამედეც კარგად იყო ცნობილი საგუნდო მუსიკის მოყვარულთათვის. 

გუნდური ჟღერადობისა და დახვეწილი ინტერპრეტაციის თვალსაზრისით კი განსაკუთრებული შთამბეჭდავობით გამოვარჩევდი გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას (ხელმძღვანელი - ზვიად ბოლქვაძე), თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდს (ლიანა ჭონიშვილის ხელმძღვანელობით), თბილისის ბავშვთა კაპელას (გელა ფარჩუკიძის ხელმძღვანელობით). 

კონცერტზე წარმოდგენილ კოლექტივებს ბევრი რამ განასხვავებდათ ერთმანეთისგან - მაყურებელმა იხილა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის, წარმომავლობისა და გამოცდილების მქონე გუნდები, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებდათ  - ეს იყო უდიდესი მოწიწება და პატივისცემა იოსებ კეჭაყმაძისა და მისი მუსიკის მიმართ. ამის ნათელი გამოხატულება იყო, თუნდაც, სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდის ხელმძღვანელის - სვიმონ ჯანგულაშვილის - ჟესტი - როდესაც მან გამოსვლის დასასრულს, დამსახურებული ოვაციებისას, ნოტები ცაში აღმართა, თითქოს, გვითხრა, მას ეკუთვნის ეს აპლოდისმენტებიო. 

საიუბილეო საღამოზე მაღალი დონის შესრულებების გარდა, როგორც ითქვა, არაერთი საინტერესო თუ სახალისო ისტორია გაჟღერდა იოსებ კეჭაყმაძის ცხოვრებიდან. ნიკოლოზ წულუკიძე თანმიმდევრულად შეეხო ისეთ ღირსშესანიშნავ მომენტებს, როგორებიც იყო საქართველოს ჰიმნის შექმნა, კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობა. წამყვანი არ მოერიდა კონსერვატორიიდან იოსებ კეჭაყმაძის განთავისუფლების სამარცხვინო ფაქტის ხაზგასმასაც, თუმცა, ეს ისტორია ფართო საზოგადოების მიერ დიდი ხანია, სამარცხვინოდაა შერაცხული, ამიტომაც მისმა გაჟღერებამ მრავალმნიშვნელოვანი ღიმილები გამოიწვია დარბაზში. 

კონცერტის დრამატურგიული კვანძის გახსნა სასიხარულო ამბავთან იყო დაკავშირებული - კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ქალბატონმა თეა წულუკიანმა ქალაქ ქუთაისის მერთან, ბატონ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად ქუთაისის კამერულ გუნდს საზეიმოდ მიანიჭა იოსებ კეჭაყმაძის სახელი. ამის შემდგომ, აწ უკვე იოსებ კეჭაყმაძის სახელობის ქუთაისის კამერულმა გუნდმა ირინე ლომინაძის ხელმძღვანელობით სიმბოლურად შეასრულა “ქუთაისური სერენადა” და “ვინ რა წაიღო ამ ქვეყნით” ციკლიდან “წუთისოფლის სამდურავები”. ამას კი მოჰყვა საღამოს დასკვნა - საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ “ბასიანთან” ერთად სცენაზე წარდგა კონცერტის მონაწილე ყველა საგუნდო კოლექტივი იოსებ კეჭაყმაძის ცნობილი “მრავალჟამიერის” ერთობლივი შესრულებით. ამგვარ “გაერთიანებულ” გუნდებს ხშირად ვხედავთ სხვადასხვა საგუნდო მუსიკის კონცერტისა თუ ფესტივალის დამაბოლოებელი ნომრების სახით. და, როგორც წესი, ისინი დიდ საშემსრულებლო სირთულეებთანაა დაკავშირებული - სცენაზე ხომ ამდენი ადამიანი დგას, მათ სამართავად დიდი სადირიჟორო გამოცდილება და პროფესიონალიზმია საჭირო. ამ შემთხვევაში კი მრავალრიცხვოვანმა გუნდმა, “ბასიანის” ერთ-ერთი წევრის მინიმალური მინიშნებებით, თითქმის დირიჟორობის გარეშე შეასრულა ყველასათვის ცნობილი “მრავალჟამიერი”, რასაც, როგორც მოსალოდნელი იყო, მოჰყვა არეულობა, ტექსტის შეუთანხმებლობა და, ზოგადად, არცთუ დამაჯერებლი შესრულება. რომ არა ეს ხარვეზები, ვფიქრობ, ფინალური გუნდი კიდევ უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა  მსმენელზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, თვალსაჩინო იყო ამ შესრულების “მესიჯი” - ეს იყო დიდი საგუნდო კომპოზიტორის, იოსებ კეჭაყმაძის სახელით გაერთიანებული და ამღერებული უამრავი ადამიანი, მისი მუსიკალური “მონაგარი”, რომლის ერთ ხმად შეკრული “მრავალჟამიერი” ვერც ერთ მსმენელს ვერ დატოვებდა გულგრილს. 

ამგვარად, დარწმუნებული ვარ,  იოსებ კეჭაყმაძის იუბილეზე დამსწრე ყველა ადამიანმა უდიდესი სიამოვნება მიიღო, რასაც სწორ საორგანიზაციო მენეჯმენტს, მაღალი დონის შესრულებებსა და, უპირველესად, კეჭაყმაძის მუსიკისადმი საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას უნდა ვუმადლოდეთ. ეს ყოველივე კი მრავალი ასეთივე დასამახსოვრებელი, შთამბეჭდავი და ღრმად შინაარსიანი საიუბილეო საღამოს მოლოდინს გვისახავს. 









Comments