რეცენზია - "ქართული კამერული მუსიკის სიახლენი"

ავტორი: ნინო თავაძე

ბაკალავრიატი, II კურსი
საგანი - მუსიკის ჟურნალისტიკა
საგნის ხელმძღვანელი - ლალი კაკულია


კამერული მუსიკა ის ჟანრია, რომელშიც, ქართული პროფესიული მუსიკის სათავეებიდან მოყოლებული, მოღვაწეობას ახლაც აქტიურად განაგრძობენ ქართველი კომპოზიტორები. ქართული მუსიკის მოყვარულთათვის ყოველთვის საინტერესოა, რა სიახლეებით მდიდრდება ქართული მუსიკის ეს ჟანრი. 

2024 წლის 27 აპრილს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სარკეებიან დარბაზში გაიმართა კამერული მუსიკის საღამო, სახელწოდებით “ქართული კამერული მუსიკის სიახლენი”. როგორც კონცერტის წამყვანმა ბატონმა გიორგი შავერზაშვილმა აღნიშნა,  ამ კონცერტ-შეკრებას მსმენელი მოუთმენლად ელოდა, რადგანაც ტრადიციად ქცეული კამერული მუსიკის კონცერტები პანდემიის პერიოდში გარკვეული დროით შეწყდა. ახლა კი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მსმენელს კვლავ მიეცა საშუალება, გაცნობოდა ქართული კამერული მუსიკის უახლეს ნიმუშებს. 

საღამოზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თაობის თანამედროვე კომპოზიტორების ვოკალური და ინსტრუმენტული ნაწარმოებები. შემსრულებლებს შორის ვიხილეთ კომპოზიტორები, სტუდენტები და პროფესიონალი ინსტრუმენტალისტები და ვოკალისტები.

კონცერტზე წარმოდგენილ ნაწარმოებთა უმრავლესობა პირველად სრულდებოდა. მათი ერთი ნაწილი მკაფიო ინდივიდუალობითა და ორიგინალობით გამოირჩეოდა. ხოლო თხზულებების მეორე ჯგუფი ჰარმონიული ენით, ფორმითა თუ გამომსახველობითი საშუალებებით უფრო აკადემიური მუსიკის სტანდარტებს უახლოვდებოდა. მათში ასევე თვალსაჩინო იყო კომპოზიციური ოსტატობა და გამომსახველობა. 

კონცერტი დინარა ჯანდიერის “ტოკატით” დაიწყო, რომელიც გიორგი შავერზაშვილმა შეასრულა. მიუხედავად ტოკატისთვის დამახასიათებელი ფაქტურისა და მოძრაობის სიმახვილისა, მუსიკალურ ენაში ვლინდებოდა გარკვეული ლირიზმიც. ვფიქრობ, ეს ნაწარმოები ქალბატონი დინარას კამერულ-ინსტრუმენტულ ნაწარმოებებში თვალსაჩინო ადგილს დაიკავებს. 

ნაწარმოების ვირტუოზულად შესრულების შემდეგ გიორგი შავერზაშვილი კომპოზიტორის ამპლუას დაუბრუნდა: ჯერ შესრულდა მისი რომანსი “ოლოლ, ოლოლ” იოსებ გრიშაშვილის ლექსზე და, შემდეგ კი, ორი საფორტეპიანო ნაწარმოები 4 ხელისთვის - “ლირიკული მელოდია” და “ჯაზ-ხორუმი”. ეს ნაწარმოებები კომპოზიციების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც ე.წ. “ტრადიციულ” ხაზს მიჰყვება. ამასთანავე, შთამბეჭდავია ლირიზმი (პირველ ორ ნაწარმოებში), მკაფიო ფაქტურა და ფორმა, მხატვრული იდეის ოსტატური გადმოცემა (განსაკუთრებით “ჯაზ-ხორუმში”). სინაზითა და ლირიზმით იყო აღბეჭდილი ანასტასია ჯულაყიძისა და სოფო ოდიშარიას მიერ შესრულებული რომანსი. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ანასტასია მანანა დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიის კომპოზიციის განყოფილების მოსწავლეა, ვოკალში კი მას დოდო დიასამიძე ხელმძღვანელობს, რომლის მოსწავლეების რეპერტუარში ხშირად ვხვდებით თანამედროვე ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. რაც შეეხება საფორტეპიანო დუეტებს, ისინი ავტორმა თავად შეასრულა ლანა გულდედავასთან ერთად. “ლირიკული მელოდია”, მიმზიდველ მუსიკალურ მასალას წარმოადგენს სწორედ კამერულ გარემოში მუსიცირებისთვის. “ჯაზ-ხორუმი” კი, როგორც კომპოზიტორმა აღნიშნა, თავდაპირველად სოლო საფორტეპიანო ნაწარმოებს წარმოადგენდა. ანსამბლად გადაკეთებულ ვერსიაში კი ერთი შემსრულებლისთვის განკუთვნილი ვირტუოზული ფაქტურა უფრო ზომიერადაა გადანაწილებული ოთხ ხელში.

ზემოხსენებულ “ტრადიციულ”  მიმართულებას მივაკუთვნებდი ოთარ ტატიშვილის კამერულ ნაწარმოებებსაც. ორი პიესა კონტრაბასისა და ფორტეპიანოსთვის - “დევების ვალსი” და “მხიარული მჭედლები” - “საქართველოს სინფონიეტას” კონტრაბასისტის, ყაზახეთიდან მოწვეული მუსიკოსის,  არმან ნაზაროვისა და კონცერტმაისტერ ირინა სიმონიანის შესრულებით იყო წარმოდგენილი. მუსიკალური სახე საკმაოდ ცხადად იყო გადმოცემული, თუმცა, აღვნიშნავდი, რომ შესრულება ანსამბლურად ნაკლებად დამაჯერებელი იყო. მიუხედავად ამისა, შემსრულებლებმა მაინც შეძლეს კომპოზიტორის ჩანაფიქრის მსმენელამდე მიტანა, რომელიც ერთგვარი თეატრალურობით ხასიათდება - კონტრაბასის დაბალი ტემბრი “დევის” სახეს ამართლებდა (თუმცა, ადგილებში წარმოიშვებოდა ფორტეპიანოსა და კონტრაბასს შორის რეგისტრული დისბალანსი), “მხიარული მჭედლების” განწყობა კი ხალისიანი, მსუბუქი მუსიკით იყო გადმოცემული, მოდალური ჰარმონიის ნიშნები კი ქართულ ჟღერადობას სძენდა ნაწარმოებს. 

“აკადემიური” მუსიკის ხაზს მიჰყვებოდა თამარ ვაშაკიძისა და კახა ცაბაძის ნაწარმოებებიც. ბაია გრიგოლიასა და ნინო ხოშტარიას შესრულებით მოვისმინეთ ვაშაკიძის ორი რომანსი: “ნანინა” (მარიამ წიკლაურის ლექსზე) და “მუზა” (იამზე ნაცვლიშვილის ლექსზე), რომელთაგან ორივე უდავოდ გამოირჩეოდა ლირიული სილამაზით. ასევე, შესრულდა კახა ცაბაძის რომანსი “ასე მდუმარეა ეხლა შემოდგომა” (ცირა ოქროპირიძის ლექსზე) და “Covid-Scherzo” (ჩინური ვირუსი ქართულ სინამდვილეში) ფლეიტისა და ფორტეპიანოსთვის (შემსრულებლები: ნათია სტეფანიშვილი (სოპრანო), ია ბახტაძე (ფლეიტა), მაია ჯინჭველაშვილი (ფორტეპიანო)). სკერცოს იდეა ადვილად აღიქმებოდა - ჩინური და ქართული მუსიკალური მოტივები (როგორც ჰორიზონტალში, ისე ვერტიკალში) ერთმანეთს უპირისპირდებოდა. ნაწარმოების ჩანაფიქრი, ბუნებრივია, პანდემიის პერიოდში ჩაისახა, მისი პირველი ცოცხალი შესრულება კი სწორედ ახლა იხილა საზოგადოებამ. კომპოზიციის მსუბუქი, სახუმარო ხასიათი იუმორისტულ ელფერს სძენდა პანდემიის “სიმძაფრეს”.

კონცერტზე სამი სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოებით წარდგა პიანისტი და ორგანისტი ალექსანდრე ვასაძე, რომელიც ახლა უკვე კომპოზიტორის ამპლუაშიც მოგვევლინა. მისი საავტორო ნაწარმოები “მიძღვნა”, ერთგვაროვანი განვითარებისა და ნაკლებად გამოკვეთილი სტრუქტურის ხარჯზე, უფრო მეტად იმპროვიზაციულ ჩანახატს მოგვაგონებდა. ნაწარმოებში ჟღერდა საინტერესო დისონანსური, ადგილებში ჯაზური ჰარმონია; - ეს ყოველივე ალექსანდრე ვასაძის, როგორც კომპოზიტორის მომავალი განვითარების პერსპექტივის მოლოდინს ქმნის. ხარისხიანი ბგერითა და დახვეწილი ინტერპრეტაციით გაჯერებული შესრულება კი მისგან, როგორც შესანიშნავი პიანისტისგან, არავის გაკვირვებია. მისი შესრულებით მოვისმინეთ ორი ქალბატონის - ნანა კობალაძისა და ლელა მაქარაშვილის - ორი პოლიფონიური ნაწარმოები: “პასაკალია” და “პრელუდიისა და ფუგის” ციკლი. ორივე მათგანი გამოირჩეოდა დრამატურგიული განვითარების ლოგიკურობითა და გარკვეული ორიგინალობით. ნანა კობალაძის კომპოზიციაში ისმოდა როგორც კლასიკური ჰარმონია, ასევე, ნაწარმოებს არ აკლდა კლასტერები და სონორული მომენტებიც. ლელა მაქარაშვილის პრელუდიასა და ფუგაში კი მოვისმინეთ ერთგვარად თვითმყოფადი ჰარმონია და მეტყველი ნარატივი. გიორგი შავერზაშვილის თქმით, კომპოზიტორს ფუგა დამოუკიდებლად ჰქონია შექმნილი, ბატონი გიორგის შეთავაზებით კი პრელუდიაც დაურთო. მოკლე, კომპაქტური პრელუდიის მოხდენილობა კარგად დაუპირისპირდა “დიდი” ფუგის განწყობას. ფუგის თემა თორმეტ ბგერას შეიცავდა და ამ რთული პოლიფონიური ფორმის შეთხზვის ყველა კანონი  დაცული იყო. 

ორიგინალობით, თანამედროვე სულითა და ინდივიდუალობით - ისევე, როგორც სრულყოფილი შესრულებით - განსაკუთრებით გამოვარჩევდი ორ ნაწარმოებს. პირველი მათგანი - დავით ჭკუასელის პიესა კლარნეტისა და ფორტეპიანოსთვის კონსერვატორიის სტუდენტებმა: მერაბ ყატაშვილმა (კლარნეტი) და მალვინა ისმაილოვამ (ფორტეპიანო) შეასრულეს. ჩემი აზრით, ნაწარმოები გამოირჩეოდა თხრობითობით, მხატვრული იდეის გადმოცემის ოსტატობით. ნაწარმოების ამგვარად წარმოჩენაში დიდი წვლილი შეიტანეს შემსრულებლებმა, რომლებმაც ანსამბლურობის მაღალი დონე, სიღრმისეული ინტერპრეტაცია და ყოველმხრივ გამართული შესრულება შემოგვთავაზეს. ნაწარმოების ავტორი, დავით ჭკუასელი, რომელიც კომპოზიტორთა კავშირს სულ რამდენიმე წლის წინ შეუერთდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე კომპოზიტორია. წარმოდგენილი ნაწარმოები გვაფიქრებინებს, რომ მისი მუსიკისადმი ინტერესი საქართველოში კიდევ უფრო გაძლიერდება.  

კომპოზიციური აზროვნების  თვითმყოფადობით კი გამოვარჩევდი მაკა ვირსალაძის “ლოცვას”, რომელიც თამუნა ჟვანიამ შეასრულა. არაორდინალურია ნაწარმოების შესრულების ფორმა - პიანისტი უკრავს და მღერის კიდეც, კომპოზიციის ბოლოს კი ჩანაწერი ერთვება - ეს ინოვაციური მიდგომა (გუნდის ჟღერადობა ჩანაწერში) ამძაფრებს ნაწარმოეში რელიგიურ იდეას.  ჩემი აზრით, კომპოზიცია ნათლად მოწმობს ქალბატონი მაკას სათქმელის თანამედროვე კონტექსტში ორიგინალურად გადაწყვეტის უნარს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემსრულებელიც; თამუნა ჟვანია, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც თანამედროვე მუსიკისადმი განსაკუთრებული ინტერესით გამსჭვალული პიანისტი - ფაქტობრივად, თანამედროვე მუსიკის იშვიათი შემსრულებელი. “ლოცვის” ამგვარ სრულყოფილ წარმოჩენაში მას დიდი წვლილი მიუძღვის. 

ამგვარად, ქართული კამერული მუსიკის საღამოზე არაერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები შესრულდა, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას ნათელი წარმოდგენა შეუქმნა ქართული მუსიკის დღევანდელობის შესახებ, რაც ახალი საინტერესო ნიმუშების სასიამოვნო მოლოდინით გვავსებს. 


Comments