რეცენზია - ჯაზის მიმართულების სტუდენტთა კონცერტი

ავტორი: ნინო თავაძე

ბაკალავრიატი, II კურსი
საგანი - მუსიკის ჟურნალისტიკა
საგნის ხელმძღვანელი - ლალი კაკულია

უამრავი დასამახსოვრებელი და ღირსშესანიშნავი მუსიკალური ღონისძიებით დატვირთულ მარტი-აპრილის პერიოდში განსაკუთრებული სიამოვნება მოგვანიჭა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ჯაზის მიმართულების სტუდენტთა კონცერტმა. კონსერვატორიის ჯაზის მიმართულებას შარშან შეუსრულდა 10 წელი. შესაბამისად, მუსიკალური საზოგადოებისთვის დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს ასეთი “ახალგაზრდა” ფაკულტეტის საქმიანობა.  3 აპრილს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართული კონცერტი კი, ნათელი მტკიცებულება იყო იმისა, რომ ჯაზის მიმართულების სტუდენტები ძალიან ნაყოფიერ მუშაობას ეწევიან, თავდავიწყებას ეძლევიან საშემსრულებლო პროცესში და ამით დიდ სიამოვნებას ანიჭებენ მსმენელს. 

როგორც კონცერტის წინასიტყვაობაში შეგვპირდნენ, სტუდენტებმა შემოგვთავაზეს სხვადასხვა სტილისა და ეპოქის ჯაზური კომპოზიციები - მართლაც, სვინგის სტილის ჯაზ-სტანდარტებიდან დაწყებული (როგორიცაა ჯორჯ შირინგის “Lullaby of Birdland”) ბოსა-ნოვათი (ანტონიო კარლოს ჯობიმის "Águas de março")  დამთავრებული, ჯაზ-კომპოზიციების დიდი მრავალფეროვნება იყო წარმოდგენილი - ეს ყველაფერი არცთუ მრავალრიცხოვანი შემადგენლობის პირობებში, რაც თითოეული სტუდენტის მრავალმხრივ ინტერესებსა და შესაძლებლობებს მოწმობს. 

კონცერტი გაიხსნა ინსტრუმენტული კომპოზიციით, რომელშიც გავეცანით შემდეგ ინსტრუმენტალისტებს: ლუკა თოფურია (ფორტეპიანო), ლექსო რატიანი (გიტარა), მახო ჭარელიძე (ბასი), ალექსანდრე ამილახვარი (დრამი). ეს არის შემადგენლობა, რომელიც, ფაქტობრივად, მთელი კონცერტის განმავლობაში სცენაზე იდგა და მრავალფეროვან შესრულებებს გვთავაზობდა ერთმანეთთან მონაცვლე ვოკალისტებთან ერთად. 

დიდი ნიჭიერებით, დახვეწილი მუსიკალური გემოვნებითა თუ ტექნიკით  შთაბეჭდილება მოახდინა ლუკა თოფურიამ, რომელიც რიგ კომპოზიციებში თავისი კვადრატით ერთვებოდა. სტაბილური ტანდემი აჩვენეს მახო ჭარელიძემ და ალექსანდრე ამილახვარმა, რომელთა ინსტრუმენტებიც, მართალია შედარებით იშვიათად გვევლინება სოლო-პარტიით, მაგრამ ჯაზ-კვარტეტში, შეიძლება ითქვას, სწორედ ისინი ქმნიან საყრდენს. 

ინსტრუმენტალისტ-შემსრულებელთაგან, ვფიქრობ, ცალკე უნდა გამოვყოთ გიტარისტი, ლექსო რატიანი, რომელმაც განსაკუთრებულად დაგვამახსოვრა თავი არამარტო თავისებური შესრულების მანერით - ხმის აყოლებითა თუ უაღრესად გამომსახველი სხეულის ენით, არამედ, ასევე, ფიზიკური გამოხატულების შესაბამისი მუსიკალური შესრულებითა და პროფესიონალიზმით (ამის დასტურად, მოვიყვანოთ, თუნდაც, ის არანკლებ დასამახსოვრებელი მომენტი, როგორ უპრობლემოდ გაუმკლავდა ლექსო, ვოკალისტ ქრისტინე ჯაფარიძესთან ერთად, მოულოდნელად გიტარიდან შტეკერის გამოერთებას :)).

პირველი, ენერგიული, სვინგის შემდეგ ერთადერთ კომპოზიციაში ლექსო რატიანი ჩაანაცვლა გიტარისტმა, მიხეილ ნიგურიანმა, რომელმაც არანაკლებ დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ლირიკული ხასიათის ინტერპრეტაციით. პირველი ნომრებიდან მოყოლებული, კონცერტში, შეიძლება ითქვას, დაცული იყო უფრო ენერგიული, ტემპერამენტული და ლირიკული მუსიკალური მონაკვეთების მონაცვლეობის დინამიკა, თუმცა თითოეულ კომპოზიციას, ცხადია, ვერ მოვაქცევთ მხოლოდ ერთი რომელიმე ხასიათის ან განწყობის ჩარჩოებში. საწყისი ინსტრუმენტული ნომრების შემდეგ მსმენელის წინაშე მონაცვლეობით წარდგნენ შესანიშნავი ვოკალისტები: თინანო მეგრელიძე, მერი ძამუკაშვილი, მარიამ უსანეთაშვილი, ქრისტინე ჯაფარიძე, დავით რუსაძე, სოფია ტორაძე და გიგი ადამაშვილი. პირველ ვოკალურ ნომერთან ერთად გავეცანით კიდევ ერთ ინსტრუმენტალისტს - საქსოფონისტ დემეტრე ღამბაშიძეს, რომელმაც შემდგომ არაერთი კომპოზიცია გაამდიდრა. 

ვოკალისტებმა მსმენელისგან დიდი მოწონება დაიმსახურეს. რამდენადაც საუბარია ჯაზ-შემსრულებლობაზე, თითოეულ შესრულებაში დასაფასებელია არამარტო მომღერლისა თუ ინსტრუმენტალისტის საშემსრულებლო შესაძლებლობები, ტექნიკა და ვირტუოზულობა, არამედ, ასევე, მათი ინტერპრეტატორული წვლილიც, რადგანაც სწორედ ისინი არიან ერთდროულად შემსრულებლებიც და, რიგ შემთხვევაში, ვერსიის ავტორებიც. ამიტომ, ვფიქრობ, უნდა აღინიშნოს კომპოზიციათა სტრუქტურული სიმწყობრე და წარმოდგენილი საინტერესო ვერსიები. 

ზემოაღნიშნულ შემადგენლობებთან ერთად, სტუდენტებმა შემოგვთავაზეს დუეტებიც - შესანიშნავი კოლაბორაცია შედგა ლექსო რატიანსა და სოფია ტორაძეს და,  მასსა და ქრისტინე ჯაფარიძეს შორის. დუეტით წარდგნენ გიგი ადამაშვილი და ლუკა თოფურიაც. ამ მუსიკალურ ნომრებში განსაკუთრებით ჩანდა შემსრულებელთა არამარტო პროფესიონალიზმი ანსამბლურობის კუთხით, არამედ მათი მეგობრული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, რაც ანსამბლებში, ვფიქრობ, ყოველთვის თვალსაჩინოა. 

ინდივიდუალიზმითა და პერსპექტიული საშემსრულებლო შესაძლებლობებით გამოირჩეოდა თითოეული ვოკალისტი. ზოგიერთი ხარვეზის მიუხედავად - მაგალითად, თინანო მეგრელიძისა და დავით რუსაძის შესრულებაში პერიოდულად წარმოიშვებოდა სმენადობის პრობლემა, დისბალანსი ვოკალსა და ინსტრუმენტებს შორის (თუმცა ორივე მათგანმა მაინც დაგვანახა თავისი ინდივიდუალური, ფერადოვანი ტემბრი და მომხიბლავი შესრულების მანერა - იგივე შეიძლება ითქვას სხვა მომღერლებზეც); ზოგ შესრულებაში, შესაძლოა, მოქმედებდა ნერვიულობის ფაქტორიც - სტუდენტებმა შეძლეს თავიანთი ნამუშევრის მაღალ დონეზე წარმოჩენა და მსმენელებისთვის დიდი სიამოვნების მინიჭება. ვფიქრობ, განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ შემსრულებლები უდავოდ გამოირჩევიან ინდივიდუალიზმით; თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათი შესრულებები  ერთმანეთს არ ჰგავდა, თითოეული მომღერლის შესრულებაში იგრძნობოდა სწრაფვა საკუთარი ხელწერის პოვნისკენ. მაგალითად, ყველა დანარჩენისგან განსხვავდებოდა გიგი ადამაშვილის ლირიკული სტილი, თინანო მეგრელიძის “მსუყე” ტემბრით წარმოდგენილი ენერგიული საწყისი და ა.შ.. ვოკალისტთა შორის განსაკუთრებით გამოვყოფდი ქრისტინე ჯაფარიძეს, რომელიც, ვფიქრობ, ჩამოყალიბებული, განსაკუთრებული ჯაზ-შემსრულებელია, რომლის ტემბრმა, ტექნიკურად იდეალურმა შესრულებამ, დახვეწილმა ინტერპრეტაციამ არც ერთი მსმენელი არ დატოვა გულგრილი. გარდა ზემოჩამოთვლილი მომღერლებისა, არანაკლებ საინტერესო იყო სოფია ტორაძის, მერი ძამუკაშვილის, მარიამ უსანეთაშვილის, დავით რუსაძის გამოსვლები, რომლებშიც ნათლად ჩანდა პროფესიისადმი სიყვარული და სწრაფვა სრულყოფილებისაკენ. 

ამგვარად, ჯაზ მიმართულების სტუდენტთა კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა; შესანიშნავად წარმოჩნდა ამ “ახალგაზრდა” ფაკულტეტის წარმომადგენლების  მონდომება, მაღალი პროფესიონალიზმი  და თავად სტუდენტებისა და მათი პედაგოგების მიერ გაწეული დიდი შრომა. ამ ყოველივეს ხილვა დიდი სიამოვნება იყო მათი გულშემატკივრებისა თუ უბრალოდ დაინტერესებული მსმენელებისთვის. იმავდროულად, სახეზეა შემდგომი განვითარების პერსპექტივაც, რაშიც ჯაზის მიმართულების სტუდენტებს უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ. 


Comments