რეცენზია ქეთევან ბაიაშვილის წიგნზე: "ძველი ქართული საბავშვო თამაშები და მუსიკალური აღზრდა დღეს"

ავტორი: ანა სტროგანოვა 

ბაკალავრიატი, IV კურსი

საგანი - წყაროთმცოდნეობა

საგნის ხელმძღვანელი - ლალი კაკულია

თანამედროვე ყოფის პირობებში ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ერთ-ერთი პრობლემური საკითხი ეროვნული მუსიკალური აღზრდაა. ამ მხრივ, გამოირჩევა ქეთევან ბაიაშვილის წიგნი „ძველი ქართული საბავშვო თამაშები და მუსიკალური აღზრდა დღეს“, სადაც მუსიკალური აღზრდის აქტუალური საკითხები ეროვნული აღზრდის კონცეფციის კონტექსტშია განხილული. ფსიქოლოგიისა და განათლების სფეროში არსებული კვლევები აქტიურად შეისწავლიან  თამაშის მნიშვნელობას ბავშვის აღზრდა-განვითარებაში. მეცნიერები მიდიან დასკვნამდე, რომ თამაში ეხმარება ბავშვებს კოგნიტურ, სოციალურ, ემოციურ, ფიზიკურსა და კრეატიულ განვითარებაში. ეროვნული თამაშები, გარდა ზემოთქმულისა, გადამწყვეტ როლს თამაშობს ინდივიდუალური და კოლექტიური იდენტობის ჩამოყალიბებაში. ისინი უზრუნველყოფენ კუთვნილებისა და კავშირის გრძნობას კულტურულ მემკვიდრეობასთან, ხელს უწყობენ საკუთარი ფესვებითა და ტრადიციებით სიამაყის გრძნობის ჩამოყალიბებას. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია ქ. ბაიაშვილის წიგნით მოწოდებული მუსიკალური აღზრდის კონცეფცია ძველი ქართული საბავშვო თამაშების საფუძველზე.

XXI საუკუნეში, საქართველოში ეროვნული კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნება წამყვანი პრობლემაა. გლობალიზაციის პირობებში პატარა ერები განიცდიან დიდი ერების კულტურულ ზეგავლენას, რის შედეგადაც თანამედროვე თბილისის ქუჩებში აღარ გვესმის ისეთი რაოდენობით ქართული სიმღერები და ქართულ ენაში, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის საუბარში, ინგლისურენოვანი სიტყვებიც კი ჭარბობს. ამას დამატებული, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და ჩამოსულ ემიგრანტთა დიდი რაოდენობა,  ამძაფრებს სიტუაციას. ხალხურ სიმღერათა დიდ ნაწილს სოციალური საფუძველი გამოეცალა. ეს ყველაფერი აისახება მომდევნო თაობების გემოვნების ჩამოყალიბებაზე. ბავშვთა ყურისთვის სულ უფრო უცხო ხდება ქართული ხალხური სიმღერა, თუ, რა თქმა უნდა, ბავშვი არაა რომელიმე ფოლკლორულ ანსამბლში ჩართული.  ქ. ბაიაშვილი, ისევე როგორც ეთნომუსიკოლოგების დიდი ნაწილი, ყურადღებას ამახვილებს ამ საკითხზე. ამ კონტექსტში, დგება სასწავლო პროცესში ფოლკლორის შესწავლის მეთოდოლოგიის შემუშავების აუცილებლობა, რათა ბავშვმა მოახდინოს თანამედროვე სამყაროს აღქმა ეროვნული ტრადიციების საფუძველზე.

ქ. ბაიაშვილის წიგნი „ძველი ქართული საბავშვო თამაშები და მუსიკალური აღზრდა დღეს“ საბავშვო თამაშების სასწავლო პროცესში გამოყენების პირველ ცდას წარმოადგენს. მისი მიზანია საქართველოში არსებული დღემდე შეუსწავლელი საბავშვო თამაშობების სასწავლო პროგრამაში შეტანა და, როგორც ავტორი აღნიშნავს, „სწავლებაში ეთნომუსიკოლოგიურად გამართლებული მეცნიერული ხედვის დამკვიდრება“.  ავტორი სამართლიანად აღნიშნავს, რომ საბავშვო მუსიკალური თამაშების შესწავლა, ხშირად, მეცნიერთა ყურადღების მიღმა რჩება. ამ მხრივ, ის გამოყოფს იმ მცირერიცხოვან ავტორებს, რომლებიც ამ საკითხებზე ყურადღებას ამახვილებენ. ესენი არიან: ქსენია სიხარულიძე, ფიქრია ზანდუკელი, ნინო ღოღობერიძე და გიგი ხორნაული.

ქ. ბაიაშვილის სახელმძღვანელოში 30 საბავშვო თამაშია აღწერილი, რომლებიც გათვლილია საშუალო მონაცემთა მქონე ბავშვებისთვის. თითოეულ თამაშს ერთვის მეთოდური განმარტებები პედაგოგთათვის. თამაშები დალაგებულია სირთულის ზრდის პრინციპით. მეშვიდე თამაშის შემდეგ ავტორი პედაგოგებს, თამაშების გამეორებასთან ერთად, უკვე განვლილი თამაშების გართულებისკენ მოუწოდებს. ყველა თამაშში ვლინდება ფოლკლორისთვის დამახასიათებელი სინკრეტიზმი: სიმღერასთან ერთად ბავშვები ხშირად ასრულებენ განსხვავებულ მოძრაობებს, ეუფლებიან პოეტური რითმის შეგრძნებას და თეატრალური გამომსახველი საშუალებების ნიუანსებს. შესაბამისად, ბავშვი ივითარებს ერთდროულად რამდენიმე უნარს:  მუსიკალურ მეხსიერებას, ეჩვევა სიმღერის ტექსტისა და მელოდიის ერთდროულ დასწავლას, პოეტური და მუსიკალური რიტმის გრძნობას, გაშაირებას, კრიტიკულ აზროვნებასა და სამსახიობო უნარებს, იმპროვიზაციის ხელოვნებას. ეს ყველაფერი კი სხვადასხვა კუთხის დიალექტის შესწავლათან ერთად მიმდინარეობს. თამაშებით სწავლების მთავარი მეთოდი, ავტორის განმარტებით, მიბაძვაა - როგორც მეცნიერები ადასტურებენ, იმიტაცია ბავშვის მიერ  ინფორმაციის შეთვისების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა.

მაგალითად მოვიყვანთ რამდენიმე თამაშს. სხვადასხვა დიალექტის გამეორების პრინციპს ვხვდებით შემდეგ თამაშებში: 1) გაცნობა და მისალმება; 2) ექოობანა. პედაგოგის და მოსწავლეების გაცნობა ხდება განსხვავებული დიალექტით სიტყვა „გამარჯობას“ წარმოთქმით, რომელსაც ახმოვანებს პედაგოგი  და ბავშვები იმიტირებენ. ავტორი ხაზს უსვამს მისალმების დროს მახვილების გადანაცვლებას, რადგან „ეს ქმნის სწორედ განსხვავებას დიალექტებს შორის“ (ქ.ბ.).

პოეტური რითმის გრძნობის გამომუშავება ხდება მეექვსე თამაშში „აბა თქვი!“. ბავშვები ერთმანეთს ეუბნებიან სიტყვებს, რომელიც მეორემ უნდა გაურითმოს. მაგალითად:

„აბა თქვი ერთი! - შეგეწიოს ღმერთი“

„აბა თქვი სავარძელი! - აგიხდინე საწადელი“

მუსიკალურ რიტმს ყურადღება ექცევა შემდეგ თამაშში - „თხაო, თხაო, თხაო!“. აქ ნებისმიერ ხალხურ საბავშვო ლექსს ბავშვები სწავლობენ ფერხულში - ყოველ მარცვალზე ისინი თითო ნაბიჯს დგამენ. ავტორს მოჰყავს ლექსის შემდეგი ნიმუში:

-       „თხაო, თხაო, თხაო,

აქ ვინ დაგაბაო?

-       კაცმა დამაბაო.

-       კაცი რა იქნაო?

-       ტყეში წავიდაო.

-       ტყეში რა უნდაო?

-       შეშისათვისაო.

-       შეშა რად უნდაო?

-       თონისათვისაო.

-       თონე რად უნდაო?

-       პურისათვისაო.“

ამ ლექსის მიხედვით ბავშვები ყოველ „ო“ დაბოლოებაზე ან მუხლებში სხდებიან, ან ტაშს უკრავენ ყოველ მარცვალზე და „ო“-ზე ხელებს განზე შლიან. ეს თამაში ატარებს ერთიანობის და კოლექტიურობის ელფერს, რითიც ეხმარება ბავშვებს კომუნიკაციის გაღრმავებასა და სოციალური კავშირის შეგრძნებაში.

მეცხრე თამაშის სახელწოდებაა „ანდაზები და გამოცანები“, სადაც ყურადღება კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე გადადის. თითოეულ ბავშვს ევალება სახლში გამოცანის მოფიქრება და საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების გამოცნობაში შეჯიბრება ხდება. გაკვეთილზე პედაგოგმა უნდა ასწავლოს ისეთი ანდაზები, რომელზეც შესაძლებელია კვლავ ანდაზით პასუხი. ანდაზების დასწავლის შემდეგ, ავტორი მიგვითითებს ანდაზების მღერის ტრადიციასა და სიმღერად ქცეულ ანდაზებზე, რომლებიც დამახასიათებელი იყო აღმოსავლეთ მთის რეგიონისთვის. ამიტომ, ამ გაკვეთილზე, ყურადღება უნდა გამახვილდეს აღმოსავლეთ მთის  „შეგონებითი სიმღერის“ ჟანრსა და სიმღერების ინტონაციურ მახასიათებლებზე. თუმცა, ავტორი აქ არ უთითებს კონკრეტულ მაგალითებს და პედაგოგს ინტერნეტ-რესურსების მიმართვისკენ მოუწოდებს. 

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი თამაშებისა, წიგნში განხილულია რიტუალები, ნანებისა და იავნანების სახეები და შესრულების გარემო. ასევე, აღწერილია  თეატრალური დადგმა - ფიხონი - სადაც ჩამოთვლილია პერსონაჟები და მისი გათამაშება დამოკიდებულია მოსწავლეების ფანტაზიაზე.

სახელმძღვანელოს თან ერთვის დისკი, სადაც ჩაწერილია: „ძროხის წველისა“, „ცხვრების დაძახება“, ხევსურული სახუმარო სიმღერა, „ხატის ქალის დალოცვა“, გათვლა, ფშაური ნანა, სცენები ბერიკაობიდან, „დათოს ფერხული“, „დათვის ფერხული“,  თამაში „აგანგალა“, „ლაზარე“, შაირობა, თამაში - „მეზობელო“, სიმღერა „ბახტრიონიდან გიცქერდი“, აჭარული „ოჰოი ნანო“, საქორწილო ცეკვა, „გამო თაგვო, გამო რწყილო“, საცეკვაო „ბულულ მე“, თამაში „ჩიტა-ფაფაობა“. ეს ჩამონათვალი არ მოიცავს წიგნში შესულ ყველა თამაშს. მიუხედავად ამისა, აქ წარმოდგენილი ფოლკლორული მასალა საინტერესო ნიმუშია თანამედროვე ბავშვებისთვის ძველი ტრადიციების გასაცნობად და წარმოსახვის უნარის განსავითარებლად.

უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი დამხმარე სახელმძღვანელოს წარმოადგენს. ამიტომ, ავტორი ხაზს უსვამს პედაგოგის გამომგონებლობის უნარს. პედაგოგმა სიღრმისეულად უნდა იცოდეს ქართული ხალხური მუსიკის ტრადიციები და შეძლოს თითოეული კუთხის ინტონაციის რაც შეიძლება ზუსტი გაჟღერება, რათა ბავშვებმა სწორად დააფიქსირონ და შეძლონ ინტონაციების გამეორება. თუმცა, რთულია ვიმსჯელოთ სკოლებში წიგნის გამოყენების აქტუალობაზე ვინაიდან, ზოგიერთი ქართული ხალხური ინტონაციის ზუსტი გამეორება დიდ სირთულეს წარმოადგენს ეთნომუსიკოლოგებისთვისაც კი. აქედან გამომდინარე, არ იქნებოდა ურიგო გამზადებულიყო შესაბამისი სანოტო და ვიდეო მასალა, სადაც თითოეული კუთხისათვის (შეძლებისდაგვარად) დამახასიათებელი ინტონაციების მოსმენა და სწავლა იქნებოდა შესაძლებელი.  

მოკლედ შევეხებით გამოცემის ხარისხსაც. სახელმძღვანელო დაიწერა 2012 წელს და გამოიცა 2021 წელს საქართველოს ხელოვნების სასახლის მიერ, დირექტორი, გიორგი კალანდიას ხელშეწყობით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კეთილშბილური ჟესტის მიუხედავად, არ შეიძლება არ გამოვთქვათ გარკვეული მოსაზრებები გამოცემასთან დაკავშირებით. კერძოდ, არჩეული შრიფტის სახეობა და ზომა არც თუ ისე მარტივი აღსაქმელია. მთლიანობაში, ტექსტი არაორგანიზებულად გამოიყურება და წიგნი გარეგნულადაც არ იზიდავს ყურადღებას. წიგნის მხატვრული გაფორმება კი გარკვეულ სურვილებს გვიჩენს. საინტერესო და სასურველი იქნებოდა სახელმძღვანელოს ახალი გამოცემა გაფორმებული ყოფილიყო ილუსტრაციებით, თუნდაც თანამედროვე მხატვრების წარმოსახვაში გაცოცხლებული თამაშობებით, რაც უფრო მიმზიდველი იქნებოდა ბავშვებისთვისაც. შესაბამისი გაფორმების შემთხვევაში წიგნს შესაძლოა ეთნოგრაფიული წეს-ჩვეულებების ილუსტრირებულ ალბომის ელფერიც შეეძინა და გამომცემლობისთვის კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი გამხდარიყო.

 ქ. ბაიაშვილის წიგნი „ძველი ქართული საბავშვო თამაშები და მუსიკალური აღზრდა დღეს“ ეროვნული ტრადიციების შემონახვის საქმეში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ თვალსაზრისით, მას მეთოდურთან ერთად დამოუკიდებელი ეთნოგრაფიული ღირებულება გააჩნია.

თუმცა, სახელმძღვანელოში მითითებული ინტონაციური სავარჯიშოები რთული შესასრულებელია პედაგოგთათვის, რომლებსაც არ აქვთ სპეციალური ეთნომუსიკოლოგიური მომზადება. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანი იქნებოდა რაიმე სახით თანდართული ყოფილიყო შესაბამისი მაგალითები. საბოლოოდ, წიგნში გამოტანილი პრობლემა ძალიან აქტუალურია თანამედროვე ქართული საზოგადოებისათვის. საკითხი სიღრმისეულ კვლევას და ეფექტური გადაჭრის გზების ძიებას მოითხოვს.  

ქ. ბაიაშვილის ეს, მეტად სერიოზული, ღრმად ჩახედული მეცნიერის და ახალგაზრდობის ეროვნული აღზრდის საკითხებით დაინტერესებული ადამიანის შრომა მნიშვნელოვან პერსპექტივებს ქმნის ამ თემის მომავალში გასავითარებლად. მისი ჩართვა, თუნდაც ნაწილობრივ, ბავშვის აღზრდის პროცესში აუცილებლად დიდ როლს შეასრულებს ეროვნული იდენტობის განმტკიცებაში.

 

Comments