ავტორი: ელენე ბუიშვილი
ბაკალავრიატი,
II კურსი
საგანი
- მუსიკის ჟურნალისტიკა
საგნის
ხელმძღვანელი - ლალი კაკულია
კონცერტი - “ქართული კამერული მუსიკის სიახლენი”
საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის სარკეებიან დარბაზში 2025 წლის
27 თებერვალს ჩატარდა. რადგან სიახლე ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს, ეს კონცერტიც
არ დარჩენილა ყურადღების გარეშე. აქ შესრულდა ათამდე თანამედროვე ქართველი კომპოზიტორის
კამერული ნაწარმოები, რამაც მსმენელზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა.
როგორც
კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი შავერზაშვილმა აღნიშნა, მსგავსი
კონცერტები ყოველწლიურად ტარდება, რაც საშუალებას აძლევს თანამედროვე ქართული მუსიკით
დაინტერესებულ მსმენელს, გაიცნოს დღეისათვის
საქართველოში მოღვაწე კომპოზიტორების ახალი თხზულებები კამერულ ჟანრში.
კონცერტის პროგრამა ჟანრული მრავალფეროვნებით
გამოირჩა. შესრულდა სხვდასხვა სახის, როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე ენით შექმნილი
კომპოზიციები.
კონცერტი გაიხსნა ეკა ჭაბაშვილის ნაწარმოებით - “აბიოტიკური ცეკვები” არფის, ფორტეპიანოსა და ზადარის ზღვის ორღანის ვიდეოინსტალაციისთვის.
სიტყვა “აბიოტიკური” ნიშნავს არაორგანულ ბუნებას, რაც განსაზღვრულ როლს ასრულებს ცოცხალი
ორგანიზმების არსებობაში (წყარო: ვიკიპედია). ამ ნაწარმოებმა გვამოგზაურა ბუნების სამყაროში.
ქარის შრიალის, ჩიტების და ზღვის ტალღების ხმა ერწყმოდა ფორტეპიანოს (ნინო ჟვანია)
პარტიას, რომელიც განსაკუთრებულ კოლორიტს ანიჭებდა კომპოზიციას. არფის პარტიამ (ირინა
კობახიძე) გამოკვეთა ნაწარმოების ჰარმონიული მხარე, ხოლო ვიდეოინსტალაციამ ხაზი გაუსვა ბუნების “საოცრებას”,
რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ - ადამიანები. ამ ნაწარმოების შესრულების დროს ერთმანეთს
შეერწყა ადამიანი, ფლორა, ფაუნა და ჩვენს გარშემო არსებული მთელი სამყარო. დღეს მსოფლიო
გატაცებულია ამ იდეებით, ეკა ჭაბაშვილი კი ოსტატურად ეხმიანება ამ ტენდენციებს.
კომპოზიტორმა დინარა ჯანდიერმა ორი საფორტეპიანო
თხზულება - “პოემა” და “ტყის შრიალი” შემოგვთავაზა. ორივე მათგანი მიძღვნას წარმოადგენს.
“პოემა” მიძღვნილია რახმანინოვისადმი, ხოლო “ტყის შრიალი” - სკრიაბინისადმი (ორივე
თხზულება შეასრულა გიორგი შავერზაშვილმა). მიძღვნიდან გამომდინარე, ამ თხზულებების
კომპოზიციურ საფუძვლად დინარა ჯანდიერმა რახმანინოვისა და სკრიაბინის მუსიკალური ენისა
და სტილისათვის დამახასიათებელი თავისებურებები გამოიყენა, რითაც გამოხატა თავისი დამოკიდებულება
ამ კომპოზიტორებისადმი. ორივე მათგანს ახასიათებთ მელოდიურობა და მღელვარება. განსაკუთრებით შთამბეჭდავია “პოემის” კულმინაციური
მომენტები. “ტყის შრიალი” კი ფერადოვნებით და კოლორიტულობით გამოირჩა, რაც გამოიხატა
ტრელებით და რეგისტრების საინტერესო მონაცვლეობით. ამ ნაწარმოებმა ზღაპრულ, თავგადასავლებით
სავსე სამყაროში გვამოგზაურა.
ღრმა ემოციურობითა და სულშიჩამწვდომი განწყობით
მოგვხიბლა კომპოზიტორ თამარ ვაშაკიძის ნაწარმოებმა - “Anima” ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის.
“Anima” ლათინურად სულს ნიშნავს. ნაწარმოების მღელვარე და რომანტიკული ხასიათი, ვიოლინოს
ექსპრესიულობა და ფორტეპიანოს მშვიდი თანხლება, ახლოს მივიდა მსმენელის გულთან და სულთან.
ამაში კი, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვით შემსრულებლებს (ქეთევან თავშავაძე -
ვიოლინო; ვიქტორია ჩაპლინსკაია - ფორტეპიანო).
სიდინჯით, სიმშვიდითა და მღერადობით გამოვარჩევდი
არჩილ გიორგობიანის მუსიკას ედუარდო დე ფილიპოს პიესისთვის “აჩრდილები”, რომელიც დაწერილია
სიმებიანი კვარტეტისთვის. მაყურებელი მოიხიბლა
კომპოზიტორის ამ თხზულებით, რომელიც სიმებიანმა კვარტეტმა - “იბერი” დიდი სიფაქიზით
შეასრულა.
ამავე კოლექტივმა კონცერტზე ააჟღერა მაკა
ვირსალაძის საკვარტეტო ჩანახატები. ავტორმა ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, უაღრესად
ინდივიდუალური, ჭეშმარიტად მისეული ხელწერით შესრულებული კომპოზიცია შემოგვთავაზა.
მსმენელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა მუსიკალურმა ენამ, უჩვეულო ფერებმა, რიტმულმა
და ტემბრულმა მრავალფეროვნებამ და მაღალმა საკომპოზიტორო ტექნიკამ. მაკა ვირსალაძის
საკვარტეტო ჩანახატები, შეიძლება კონცერტის ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულ კომპოზიციად მივიჩნიოთ.
ლელა მაქარაშვილის ნაწარმოებმა “1+4” წინა
პლანზე წამოწია არფისა და სიმებიანი კვარტეტის თანაჟღერადობის იდეა და მისი ტემბრული
სილამაზე, რაც ხაზგასმულია სათაურშიც. ნაწარმოები არფის სოლოთი იწყება, შემდეგ კი ერთვება
სიმებიანი კვარტეტი. ყურადღება მიიქცია მათ შორის ფუნქციების ბალანსმა. სოლო ეპიზოდებში
არფა მეტად ინდივიდუალიზებულია,
ხოლო მათი ერთდროული ჟღერადობისას, იგი ფონურ ფუნქციას ასრულებს, რაც ჰარმონიულ სისავსეს
და სრულყოფილ ჟღერადობას განაპირობებს. ლელა
მაქარაშვილის ჩანაფიქრი ირინა კობახიძემ (არფა) და სიმებიანმა კვარტეტმა (“იბერი”)
შესანიშნავად გადმოგვცეს.
გიორგი
შავერზაშვილი აქტიურად მოღვაწე ქართველი კომპოზიტორი და პიანისტია, რომელიც ხშირად
გვევლინება, როგორც სხვისი, ასევე თავისი საფორტეპიანო
თხზულებების შემსრულებლად. მან ამ კონცერტზე საკუთარი საფორტეპიანო სონატა შეასრულა,
რომელმაც ყურადღება მიიქცია ენერგიულობით, რეგისტრული მრავალფეროვნებით და მასშტაბურობით.
და რა თქმა უნდა, როგორ ჩაივლიდა ქართველი
კომპოზიტორების კონცერტი ვოკალური მუსიკის გარეშე. ამ ჟანრში კი კახა ცაბაძემ დიდი
წარმატებით გამოიჩინა თავი. მისი ვოკალური ნაწარმოები “უსასრულო მოლოდინი”, გიორგი
კობახიძის ლექსზე, პროფესიული ოსტატობით შეასრულა ნათია სტეფანიშვილმა, ხოლო თანხლება
კი გაუწია კომპოზიტორის მეუღლემ, პიანისტმა ნინო ცაბაძემ. გარდა ვოკალური ჟანრისა,
კახა ცაბაძემ სავიოლინო კომპოზიციაც წარმოგვიდგინა,
სახელწოდებით “მედიტაცია” (ქეთევან
თავშავაძე- ვიოლინო; ნინო ცაბაძე - ფორტეპიანო).
ბოლო
ნაწარმოები კი ოთარ ტატიშვილის საფორტეპიანო კვინტეტი იყო სამ ნაწილად: I.
Allegreto, II. Adagio, III. Andante, რომელიც თამარ ლიჩელმა (ფორტეპიანო) და სიმებიანმა
კვარტეტმა (“იბერი”) შეასრულეს. აქ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ფინალმა, თავისი
ზომიერი ტემპით და პირველი და მეორე ნაწილების მასალის საინტერესო სინთეზით.
კონცერტი
- “ქართული კამერული მუსიკის სიახლენი” საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში დამკვიდრებული
შესანიშნავი ტრადიციაა. ის საშუალებას აძლევს ქართველ კომპოზიტორებს წარმოადგინონ თავიანთი
ახალი ნამუშევრები, ხოლო ქართული მუსიკით დაინტერესებულ საზოგადოებას კი შანსი ეძლვა
გაიცნოს მათი ახალი ოპუსები.
დღეს, საქართველოში, სამწუხაროდ, კომპოზიტორების
შრომა მატერიალურად არ ნაზღაურდება.
მით უფრო დასაფასებელია, რომ ისინი ინტენსიურ შემოქმედებით მოღაწეობას ეწევიან და მაღალპროფესიულ
ნაწარმოებებს ქმნიან. წარმატებებს ვუსურვებ ყველა
ქართველ კომპოზიტორს და იმედი მაქვს, მომავალშიც მათ არაერთ ახალ თხზულებას
მოვისმენთ.
Comments
Post a Comment