ავტორი: ელენე ბუიშვილი
ბაკალავრიატი, II კურსი
საგანი - მუსიკის ჟურნალისტიკა
საგნის ხელმძღვანელი - ლალი კაკულია
საქართველოში სოციალურ-პოლიტიკური არეულობის ჟამს, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართული კულტურისა და იდენტობის წარმოჩენას. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ხელოვან ადამიანებს, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით ცდილობენ ააჟღერონ ქართული სულის სიმები და მიაწვდინონ ხმა მსოფლიოს. ასეთ ვითარებაში ჩატარდა კომპოზიტორ გიორგი ჩლაიძის საავტორო კონცერტი, რომელმაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე. კონცერტზე გაჟღერებული ნაწარმოებები იყო ნათელი გამოხატულება იმისა, რომ დღეს, XXI საუკუნეში, შესაძლებელია შექმნა ისეთი კომპოზიცია, რომელშიც თანამედროვე მუსიკალური ენის მახასიათებლებთან ერთად, წარმოაჩენ შენს მეობას, ინდივიდუალიზმს და ეროვნულ მუსიკალურ აზროვნებას აღმოცენებულს მშობლიური კულტურისა და ტრადიციების ნიადაგზე.
კონცერტი 2025 წლის 24 თებერვალს თბილისის
ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდა . პროგრამა
ჟანრულად მრავალფეროვანი იყო. შესრულდა ვოკალური, საგუნდო და ინსტრუმენტული ნაწარმოებები.
მიუხედავად ამისა, კონცერტს ერთიანი კონცეფცია გააჩნდა, რაც თანმიმდევრული, გამჭოლი
დრამატურგიით წარმოჩინდა. ეროვნული იდეა, რომელიც მსჭვალავდა თითოეულ ნაწარმოებს, გამოხატავდა
როგორც ქვეყნის, ასევე კომპოზიტორის, გიორგი ჩლაიძის, იდენტობას.
თავდაპირველად, კონცერტზე შესრულდა ვოკალური
პოემა - “სიყვარულო, ძალსა შენსა…” სოპრანოს, ტენორისა და ბარიტონისათვის ფორტეპიანოს
თანხლებით, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლისა და გიორგი
ლეონიძის ლექსების მიხედვით. ქართული პოეზიის გამოყენებამ ხაზი გაუსვა ამ პოეტების
შემოქმედების ღირებულებასა და მნიშვნელობას ავტორისა და ჩვენი საზოგადოებისთვის. ვოკალური
პოემა “სიყვარულო, ძალსა შენსა…” სამი ნაწილისგან
შედგება და გვიამბობს სიყვარულის სიდიადის შესახებ.
ნაწარმოები იწყება პროლოგით - “სიყვარულო,
ძალსა შენსა…” (ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსზე), რომელიც ინტონაციურად და თემატურად
გვამზადებს შემდეგი ნაწილებისთვის.
პირველი ნომერი - “არ დაიჯერებ…” (ნიკოლოზ
ბარათაშვილის ლექსზე) შეასრულა მეგი ჩიხრაძემ (სოპრანო), რომლის გასაოცარმა ვოკალურმა
ოსტატობამ მიიპყრო მსმენელის ყურადღება ღრმა ემოციური დეკლამაციით და შეიყვანა იგი
იმ უკიდეგანო გრძნობების ზღვაში, სადაც სიყვარული ბინადრობს.
ციკლის მომდევნო ნომრები - “ლამაზს…”
და “მე რომ მიყვარხარ…” - გულშიჩამწვდომი მელოდიურობით გამოირჩევიან და აღრმავებენ
სიყვარულის განცდას, რომლის კულმინაციაც მიიღწევა ფრაზაში - “ მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს?!”, რაც
სიყვარულს ენითაღუწერელ გრძნობად წარმოაჩენს. ამ ნაწილების შემსრულებლებად მოგვევლინენ
გამოჩენილი მომღერლები, თბილისის საოპერო თეატრის სოლისტები თეიმურაზ გუგუშვილი (ტენორი)
და ელდარ გეწაძე (ბარიტონი).
საოცარი დინამიზმითა და კულმინაციებით აღსავსე
ვოკალური პოემა სრულდება ეპილოგით - “ვინ არს, რომე არ ჰმონებდეს?...”. გარდა პროლოგისა
და ეპილოგისა, სიტყვები - “სიყვარულო, ძალსა შენსა, ვინ არს, რომე არ ჰმონებდეს?...”
- როგორც ციკლის აზრობრივი კვინტესენცია ნაწარმოების სხვა მონაკვეთებშიც ჟღერს სოლისტთა
ტრიოს შესრულებით.
საფორტეპიანო თანხლება, რომლის შემსრულებლადაც
თავად ავტორი, გიორგი ჩლაიძე მოგვევლინა, ჰარმონიულად ავსებდა ვოკალის პარტიას და აღრმავებდა
მის რომანტიკულ შინაარსს.
გიორგი ჩლაიძე განსაკუთრებით აქტიურად მოღვაწეობს
საგუნდო ჟანრში. იგი მრავალი საგუნდო ნაწარმოების ავტორია. ერთ-ერთი მათგანი - საგუნდო პოემა „ანბანი ჩვენი“ ახალი რედაქციით
პირველად შესრულდა აღნიშნულ საავტორო კონცერტზე გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის
სახელმწიფო საგუნდო კაპელის მიერ ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით.
საგუნდო პოემის დაწყებისთანავე დარბაზი
იდუმალი ჟღერადობის გარემოცვაში ექცევა. ნაწარმოები აგებულია ქართული ანბანის ასო-ბგერებზე
და ხალხურ ენისგასატეხებზე. იაკობ გოგებაშვილის ”დედაენა” წარმოჩენილია, როგორც ქართველთა რწმენა, ქართული ენის საფუძველი.
ხაზგასასმელია სიტყვები: “დედაენა ჩვენი რწმენა, საფიცარია, საოცარია…”, “ეს აკვანი
საოცარი…”, “ანი-ბანი, ანი-ბანი ჩვენი ლამაზი ანბანი…” და სხვ. მუსიკალური თვალსაზრისით, პოემას ახასიათებს გლისანდოები
ფრაზების ბოლოს, ქართული ხალხური ტრადიციული ინტონაციები, რეგისტრული კონტრასტები.
საგუნდო პოემაში განსაკუთრებულად წარმოჩინდა ეროვნულობის იდეა.
კონცერტი დაგვირგვინდა ინსტრუმენტული პოემა-ფანტაზიით
- “რომეო, ჯულიეტა და…” - ფორტეპიანოს, ვიოლინოსა
და ჩელოსათვის. მისი მუსიკალური შინაარსი ლირიზმითა
და მღელვარებით გამოირჩევა. მუსიკალური ენაც მდიდარი და მრავალფეროვანია. შემსრულებლებმა
- თამარ ლიჩელმა (ფორტეპიანო), გიორგი ხაინდრავამ (ვიოლინო) და ლიზი რამიშვილმა (ჩელო)
- ინსტრუმენტები აალაპარაკეს და შექმნეს საოცარი ატმოსფერო.
კონცერტის დასრულების შემდეგ ქუხდა აპლოდისმენტები,
კონსერვატორიის მცირე დარბაზი მთლიანად სავსე იყო კმაყოფილი მსმენელით და ამაყობდა
იმით, რომ საქართველოში არსებობს ისეთი ეროვნული კომპოზიტორი, როგორიც გიორგი ჩლაიძეა.
კომპოზიტორ გიორგი ჩლაიძის საავტორო კონცერტმა
მართლაც რომ წარმატებით ჩაიარა. მსმენელთა აპლოდისმენტებს თანაბრად იზიარებდნენ უცხოელი
სტუმრებიც.
წარმატებებს ვუსურვებ კომპოზიტორ გიორგი ჩლაიძეს და იმედი მაქვს, რომ იგი ქართული მუსიკის თაყვანისმცემლებს კიდევ არაერთხელ გაახარებს თავისი ეროვნულ-პატრიოტული და მაღალნიჭიერი შემოქმედებით.
Comments
Post a Comment