ქართული კამერული მუსიკის პანორამა - შავლეგ შილაკაძის დაბადების 85 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი

 

ავტორიელენე ბუიშვილი

ბაკალავრიატი, III კურსი

საგანი - რედაქტირება

საგნის ხელმძღვანელი - ლალი კაკულია


 

2025 წლის შემოდგომა კლასიკური მუსიკის მსმენელისთვის საინტერესო და  მნიშვნელოვანი პერიოდი იყო, რადგან გაიმართა ჩვენთვის უკვე ნაცნობი კომპოზიტორების საიუბილეო კონცერტები. მათ შორისაა შავლეგ შილაკაძის დაბადების 85 წლისადმი მიძღვნილი საღამო, რომელსაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზმა 16 ნოემბერს უმასპინძლა

 



კონცერტის პროგრამას სიმფონიური და საკონცერტო ჟანრის ნაწარმოებები შეადგენდა, რომლებიც არატრადიციული სტრუქტურითა და მრავალფეროვანი მუსიკალური შინაარსით გამოირჩა. წინასწარი განსაზღვრით, ოთხი კონცერტი გველოდა  წინ, თუმცა კონცერტი ფლეიტისა და კამერული ორკესტრისათვის, სამწუხაროდ, ვერ შესრულდა გარკვეული ობიექტური მიზეზის გამო. დანარჩენმა სამმა კონცერტმა კი წარმატებით გაიჟღერა და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე

 

პირველ ნომრად შესრულდა სიმფონია N3 “ეპიტაფია” (1980.) სიმებიანი ორკესტრისთვის სამ ნაწილად. იგი წარმოადგენს სიღრმისეულ მუსიკალურ ნარატივს, რომელშიც თითოეული ნაწილი თავისი ემოციით აღწერს ადამიანის ყოფასა და მოგონებათა უხილავ სამყაროს. საინტერესო და მომნუსხველია ნაწარმოების მუსიკალური შინაარსი, რომლის დასაწყისი იდუმალებითაა მოცული და მისი მელოდია ნელი ტემპით ქმნის სტატიკურ სივრცეს. ამავე დროს მასალა ნელ-ნელა უფრო მოძრავი ხდება, თითქოს ავტორი ეპიტაფიების მეშვეობით წინაპართა ისტორიებს გვიჩურჩულებდეს. დისონიერებული ჟღერადობები, რომლებიც მოულოდნელად ჩნდება, მყუდროებას არღვევს, თუმცა ბუნებრივად ერწყმის საერთო განწყობილებას. განვითარებისას იქმნება ბგერებისაურზაური”, რაც მუსიკას მეტ სიმძაფრეს ანიჭებს და მსმენელს პასუხების ძიებისკენ უბიძგებს


პირველ ნაწილს უპირისპირდება მეორე ნაწილი თავისი ჩქარი ტემპით, რომლის ცოცხალი, ენერგიული დასაწყისი აგრძელებს ისტორიის მოყოლას, თუმცა უფრო მოძრავად და ცვალებადი განწყობილებებით. ბოლოს კვლავ მთავარი თემა გამოჩნდება და გვახსენებს სტატიკურ, გარინდებულ გარემოს

 

ფინალი კი ნამდვილი ემოციური კათარზისია. მისი მელოდიურობა, თავდაპირველად, მშვიდ განწყობას უქმნის მსმენელს, თუმცა მალევე სევდის, მონატრებისა და ფაქიზი ნოსტალგიის ტონებს ავლენს. აქ მუსიკა თითქოს ადამიანური ცხოვრების ბოლოსკენ მიმავალ გზას ეხმიანება, რომელიც მოგონებებითაა გაჯერებული. ეს ყველაფერი ნელ-ნელა ქრება, როგორც კვალი, რომელიც დროის უსასრულობაში იშლება. ეს არის ნაწარმოები, რომელიც არა მხოლოდ მუსიკალურად, არამედ ფილოსოფიური სიღრმითაც შთაბეჭდილებას ტოვებს მსმენელზე

 

მეორე ნომრად წარმოდგენილი იყო კონცერტი ფაგოტისა და კამერული ორკესტრისთვის, ტრადიციულად, სამნაწილიანი ფორმით დაწერილი. სოლისტის პარტიის შემსრულებელი გახლდათ შალვა ნანობაშვილი. ეს ნაწარმოები ნათლად ამჟღავნებს კომპოზიტორის უნარს, ფაგოტის ბუნებრივი პლასტიკა და ორკესტრის ფართო პალიტრა ერთ მუსიკალურ სუნთქვად აქციოს

 

პირველი ნაწილის სწრაფ ტემპში განვითარებული მუსიკა ენერგიულობით, აქტიური მოძრაობით და სიცოცხლისუნარიანობითაა სავსე. ფაგოტი წამყვან როლს ასრულებს - მისი ტექნიკურად რთული პასაჟები ერთგვარ რეჩიტატიულ ხასიათს იძენს, გამომსახველი რიტმიკის ფონზე იშლება დახვეწილი ნიუანსები

 

მეორე  ნელი ნაწილი სევდანარევი ლირიზმით განსხვავებულ ატმოსფეროს ქმნის. მელოდიის დაღმავალი ქრომატიული სვლები მუსიკას ემოციურ სიღრმეს მატებს. ორკესტრში გამოკვეთილია ფლეიტის ტემბრი, რომელიც გამჭვირვალებითა და სინათლით იქცევს ჩვენს ყურადღებას. ასევე შთამბეჭდავია სოლისტის პროფესიული ოსტატობა, რომელიც დასრულებული ფრაზების თანმიმდევრობასერთ ამოსუნთქვაზედა დინამიურად წარმართავს

 

სწრაფი ტემპის მესამე ნაწილის განწყობას მოკლე, ენერგიული ბგერები განსაზღვრავენ, რომლებიც განვითარების პროცესში ჯაზური ელემენტებითაც მდიდრდება, რაც რიტმიკას მეტ გამომსახველობას ანიჭებს. დასასრული ამაღლებულიმხიარული და დასამახსოვრებელია.

 

აღსანიშნავია, რომ კონცერტში არ გვხვდება გრძელი კადენციები, რაც თხზულების დრამატურგიულ სტრუქტურას სრულიად ბუნებრივად ერგება. სოლისტი და ორკესტრი თითქოს ერთიან, ცოცხალ ორგანიზმს წარმოადგენენ

 

რაც  შეეხება კონცერტს ორკესტრისთვის, იგი იწყება  ცოცხალი შესავლით. მას მოსდევს მკვეთრი რიტმული აქცენტებით გაჯერებული პირველი თემა, რომელიც თავდაპირველად, სიმებიანების პარტიაში ჩნდება, შემდეგ კი მას  სიმებიან-ხემიანი და ჩასაბერი საკრავების ჯგუფები მონაცვლეობით ავითარებენ. მკაფიოდაა გამოკვეთილი დასარტყამი საკრავის როლიც. ლიტავრების პარტია მეტ ენერგიას ანიჭებს ორკესტრს და ამძაფრებს კულმინაციისკენ სვლას. კონტრასტულობა იჩენს თავს პირველი ნაწილის შიგნითაც, რაც ხაზგასმულია დასკვნითი მონაკვეთის სევდიანი განწყობილებით

 

კონცერტის მეორე ნაწილში ჟღერს Tutti. ორკესტრის ერთიანი ჟღერადობა კი ქმნის ძლიერ იმპულსს და მის ენერგიულობას უკიდურესად აძლიერებს

 

მესამე ნაწილს იწყებს ვალტორნა ორბგერიანი მოტივით, რომელსაც მეორედ  პირველი ბგერის ცვლილებით იმეორებს. ამ მოტივის განვითარება ხდება სიმებიანების ლირიკული მელოდიით, რომელსაც ზოგჯერ პასუხობს ჩასაბერების რბილი, კოლორიტული ტემბრები, ზოგჯერ კი მუსიკალურ მასალას მთელი ორკესტრი ავითრებს

 

კონცერტის ფინალის დასაწყისი მელოდიის სიმსუბუქით, მოკლე გრძლიობის ბგერებისა და პაუზების სიუხვით ხასიათდება, რომელსაც ცვლის მოძრავი, აქტიური და ცოცხალი მუსიკა. საინტერესოა რიტმის გამომსახველობა, რასაც ხაზს უსვამს და კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს ტიმპანების პარტია.  

 

აღსანიშნავია დირიჟორის, გიორგი შილაკაძის, განსაკუთრებული მიდგომა ამ კომპოზიციების მიმართ, რაც უშუალო გულწრფელობით ხასიათდება. იგი მინიმალური ჟესტიკულაციით მართავს ორკესტრს, რაც ნაწარმოებებს შესაბამის ბუნებრიობას ანიჭებს

 

ამრიგად, შავლეგ შილაკაძის საიუბილეო საღამომ წარმატებით ჩაიარა და განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე. სასიხარულოა ქართველი კომპოზიტორის ღირებული ნაწარმოებების მოსმენა და გულდასაწყვეტია, რომ ამ თარიღს, რომლისთვისაც კომპოზიტორი შემოქმედებითად ინტენსიურად ემზადებოდა, თავად ვერ მოესწრო


 


 

Comments