რეცენზია - კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის საიუბილეო შემოქმედებითი საღამო

ავტორიელენე ბუიშვილი

ბაკალავრიატი, III კურსი

საგანი - რედაქტირება

საგნის ხელმძღვანელილალი კაკულია


კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის საიუბილეო შემოქმედებითი საღამო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 2025 წლის 9 ნოემბერს ჩატარდა. აღსანიშნია კომპოზიტორთა კავშირის ჩართულობა ამგვარი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. სწორედ მათი დამსახურებაა ამ კონცერტის პროექტის შექმნა, რომელიც ფინანსურად კულტურის სამინისტრომ უზრუნველყო. ასევე უნდა აღინიშნოს ორგანიზატორების წვლილი კონცერტისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნაში და სცენის ლამაზად გაფორმებაში, რამაც დარბაზს სიხალისე და ფერადოვნება შესძინა.

კონცერტზე შესრულდა სიმფონიური და საკონცერტო ჟანრის ნაწარმოებები, რომლებიც ოთარ ტატიშვილის შემოქმედების მაღალპროფესიულ ნიმუშებს წარმოადგენს.


https://www.facebook.com/photo/?fbid=25014802034795106&set=gm.798065182847997


ოთარ ტატიშვილი, როგორც მუსიკოლოგი მანანა ხვედელიძე თავის ანოტაციების კრებულში აღნიშნავს, არა მხოლოდ კომპოზიტორი, არამედ პიანისტი, ავტორ-შემსრულებელი და ფერწერისა თუ პოეზიის საინტერესო ნიმუშების ავტორია. იგი მოღვაწეობს თითქმის ყველა ჟანრში: სიმფონიური, კამერული, საბალეტო, საესტრადო, საოპერო და სხვ. კომპოზიტორმა საიუბილეო კონცერტზე ყურადღება გაამახვილა საეტაპო მნიშვნელობის მსხვილი ფორმის ჟანრებზე, როგორიცაა კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის, კონცერტშტუკი “DEJA VU” ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის, კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისთვის და სიმფონია N1 MEMENTO PATRIAM!. ნაწარმოებები შესრულდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო ორკესტრის მიერ დავით მუქერიას დირიჟორობით.

კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის (2011წ.) საერთაშორისო მნიშვნელობის ყაზახმა მევიოლინემ აიდა აიუპოვამ შეასრულა, რომელიც პირველად ჩამოვიდა საქართველოში. იგი მანამდეც დაინტერესდა ოთარ ტატიშვილის შემოქმედებით და სავიოლინო კონცერტი მშობლიურ ქვეყანაში გააჟღერა. ტრადიციული სამნაწილიანი ფორმით დაწერილ კონცერტში, განსაკუთრებით საინტერესო იყო მეორე ნაწილი, რომლის მუსიკალური შინაარსიც ლირიკულობით, ღრმა ემოციურობით და მელოდიურობით კონტრასტს ქმნის განაპირა ნაწილებთან, რომლებიც თემატიზმის გაშლილი და ვრცელი განვითარებით ხასიათდება.

კონცერტის მეორე ნომრად წარმოდგენილი იყო კონცერტშტუკი “DEJA VU” ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის (2011წ.), რომელიც კომპოზიტორის მოგონებათა ასოციაციური ანარეკლია. კონცერტშტუკის პირველი ნიმუში შექმნა რომანტიკოსმა კომპოზიტორმა კ.მ.ვებერმა (კონცერტშტუკი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის 1821წ.) კონცერტშტუკის ჟანრი ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებაშიც გვხვდება. ოთარ ტატიშვილის ეს ერთნაწილიანი ნაწარმოები განვითარების დინამიკით, სახეთა სწრაფი ცვლით და ლაკონურობით ხასიათდება, რაც განასხვავებს მას სავიოლინო კონცერტისგან. მისი წარმატებით გაჟღერება და მეტი აღიარების მოპოვება სწორედ ამ თავისებურებებმმა განაპირობა. ნაწარმოების შინაარსში კლასიცისტური სტილის თავისებურებებთან ერთად, როგორც თავად კომპოზიტორი აღნიშნას, გამოხატულია “გვიანი პერიოდისთვის დამახასიათებელი საბჭოური მარშირება, სადღესასწაულო განწყობა, გროტესკულობა და ირონია”.

კონცერტშტუკი “DEJA VU” წარმატებულმა ქართველმა პიანისტმა თამარ ლიჩელმა შეასრულა. იგი მრავალი ჯილდოს მფლობელია და ხშირად გვევლინება ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებების პირველ შემსრულებლად (მაგ: ფელიქს ღლონტის სიმფონია-კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის, ზურაბ ნადარეიშვილის “ვარიაციები სულხან ცინცაძის თემაზე” - მეორე რედაქცია).  მან საინტერესოდ შეასხა ხორცი ოთარ ტატიშვილის კომპოზიციას და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დარბაზში მყოფ აუდიტორიაზე. 

ამავე საღამოზე შესრულებული ჩელოს კონცერტი (2014წ.) უფრო ფილოსოფიურ-მედიტაციური  განწყობით გამოირჩა. ეს იყო ნაწარმოების საპრემიერო შესრულება, რომლითაც მსმენელმა გაიცნო ახალი და საინტერესო ქართული მუსიკის ნიმუში. კონცერტის ანოტაციების კრებულში ვკითხულობთ, რომ საკრავი-ჩელო ოთარ ტატიშვილისთვის გამორჩეული ჟღერადობისაა. მას სურდა მუსიკით გადმოეცა ჩვენი ქვეყნის ევროპულ-აღმოსავლური წანამძღვრები - “პირველი ნაწილის ერთ-ერთი თემა ვალსის სტილშია, მეორე ნაწილი დატვირთულია აზიურ-ევროპული ინტონაციებით, ტრაგიკული და ნათელი შინაარსის მონაცვლეობით, მესამე ნაწილში კი ექსპრესიულობას ცვლის ირონიული ფერები და მოულოდნელობები.” ისევე როგორც სავიოლინო კონცერტში, აქაც მეორე ნაწილი ლირიკული მღერადობით და მეტი უშუალობით ხასიათდება, რაც სასიამოვნო განწყობილებას უქმნის მსმენელს. კომპოზიტორი ჩელოს კონცერტის განვითარების ერთ-ერთ ხერხად ე.წ. მინიმალისტური ტექნიკის ელემენტებს იყენებს, რაც აქტუალურია თანამედროვე მუსიკაში. სწორედ ამან განაპირობა ნაწარმოების ჟღერადობის დროის გახანგრძლივება და მკაფიო კულმინაციების ერთგვარი შენიღბვა.

კონცერტს ჩელოსა და ორკესტრისთვის ასრულებდა ერთ-ერთი წამყვანი მუსიკოსი თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნებაში, ჩელისტი - ალექსანდრ პირიევი. მისი პროფესიული ინტერესი მიმართულია თანამედროვე კომპოზიტორთა მიერ ჩელოსთვის შექმნილი ნაწარმოებებისადმი. მისასალმებელია, რომ ამჟმად მისი ინტერესის ობიექტი გახდა ოთარ ტატიშვილის კონცერტი რომელიც მაღალპროფესიულ დონეზე შესრულდა. 

კონცერტის ბოლო ნომრად წარმოდგენილი იყო სიმფონია N1 MEMENTO PATRIAM! (გახსოვდეს სამშობლო!), რომელიც იწვევს პროგრამულ ასოციაციებს. მართლაც, როგორც ანოტაციიდან ირკვევა, სიმფონია ასახავს ჩვენი ქვეყნის ტრაგიკულ ისტორიას - “სიმფონიის პირველი და მეორე ნაწილები ტრაგიზმითაა აღსავსე, მხოლოდ მეორე ნაწილის ბოლოს გაიჟღერებს მაჟორული აკორდი, როგორც იმედის სხივი, ხოლო მესამე ნაწილი კი უფრო ოპტიმისტურია და მთავრდება გამარჯვების ტრიუმფალური ჟღერადობით.” სიმფონიას ლოგიკური, თანმიმდევრული და მკაფიო განვითარება ახასიათებს, რაც საინტერესოა მსმენლისთვის. კომპოზიტორი იხსენებს, თუ როგორ დაიწყო ამ სიმფონიის ესკიზების შექმნა ჯერ კიდევ კონსერვატორიაში სწავლის დროს, რომლებმაც აღაფრთოვანა მისი პედაგოგი, ბატონი ოთარ თაქთაქიშვილი.

ოთარ ტატიშვილის საიუბილეო საღამომ მოგვცა საშუალება გავცნობოდით კომპოზიტორის შემოქმედებას. ჩემი სუბიექტური ხედვით, ერთი კონცერტის ფარგლებში ოთხი მსხვილი ჟანრისა და დიდი მასშტაბის ნაწარმოების შეტანა მსმენელს გარკვეულ სირთულეს უქმნის, თუმცა გასაგებია ოთარ ტატიშვილის ასეთი გადაწყვეტილება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი, საიუბილეო თარიღისთვის მიძღვნილი კონცერტები ხშირად არ ტარდება. პუბლიკა კმაყოფილი ტოვებდა დარბაზს.  იმედი მაქვს, რომ მომავალში ოთარ ტატიშვილი კიდევ შემოგვთავაზებს ახალ საინტერესო კომპოზიციებს და კვლავ აღბეჭდავს მის სულში და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მუსიკაში.


Comments