ქართველი კომპოზიტორი მსოფლიო მასშტაბის პროექტში — ბეგი ნიკოლეიშვილი „Emocean“-ის მონაწილეთა შორის

ავტორი: ნინო ვეფხვაძე
(თბილისის სახელწიფო კონსერვატორიის მუსიკოლოგიის მიმართულების მაგისტრატურის I კურსის სტუდენტი)

მსოფლიო მასშტაბის პროექტი „Emocean“ მიზნად ისახავს სხვადასხვა ეროვნების თანამედროვე კომპოზიტორთა კამერული ნაწარმოებების შესრულებასა და პოპულარიზებას გლობალურად, ასევე, ახალგაზრდა ან ნაკლებად ცნობილი კომპოზიტორების შემოქმედების გაცნობას ფართო პუბლიკისთვის. „Emocean“ წარმოადგენს მე-2 გლობალურ საკომპოზიტორო პროექტს „Towards A Shining Light 50 for 50“-ის შემდეგ, რომელსაც 2023 წელს ჩაეყარა საფუძველი. პროექტის მთავარი კონცეფციის თანახმად, ნაწარმოები უნდა ასახავდეს გარკვეული ტიპის ემოციას, იქნება ეს სიხარული, სევდა, აღტაცება, მწუხარება თუ სხვა. სახელწოდება ორი ტერმინის შეერთებას წარმოადგენს, ესენია: „emotion“ („ემოცია“)  და „ocean“ („ოკეანე“). ამ იდეის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენ ოკეანეები გვყოფენ, არსებობს ის, რაც ყველას გვაერთიანებს - ესაა ემოცია.                        

პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მიმდინარეობის ნაწარმოები შეიქმნა, მათ შორის ტრადიციული კლასიკური მუსიკა, კინომუსიკა, ჯაზი, ექსპერიმენტული მუსიკა და სხვა. პროექტის ფორმატი ითვალისწინებდა 2-წუთიანი მინიატურების შესრულებას, რომლებიც დაწერილი იქნებოდა სოპრანოს, კლარნეტის, ჩელოსა და ფორტეპიანოს ანსამბლისთვის. ნაწარმოებები შესრულდა შემდეგ ქვეყნებში: ავსტრალია, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი და ტაივანი.

გლობალურ პროექტში „Emocean“ მონაწილეობა მიიღო 25 ქვეყნის კომპოზიტორმა, მათ შორის იყო ახალგაზრდა ქართველი შემოქმედიც - ბეგი ნიკოლეიშვილი.

პროექტისთვის ბეგი ნიკოლეიშვილმა შექმნა ორწუთიანი მინიატურა „ეიფორია“ ტრიოსთვის - სოპრანოს, კლარნეტისა და ფორტეპიანოსთვის. ნაწარმოები გადმოსცემს ბედნიერების შეგრძნების უმაღლეს გამოვლინებას - ეიფორიის განცდას, რაც თავად კომპოზიტორის ბიოგრაფიიდან ცხოვრების გარკვეულ ეტაპს ეხმიანება. ეს არის მისი იტალიაში ყოფნის პერიოდი, რაც, მისი თქმით, „ნამდვილ ეიფორიაში“ ყოფნის მიზეზი გახდა“.

ბეგი ნიკოლეიშვილის ნაწარმოები „ეიფორია“ პროექტის ფარგლებში შესრულდა სულ ხუთ ქვეყანაში: ავსტრალიაში, ფინეთში, ესტონეთში, საბერძნეთსა და ტაივანში. თავად კომპოზიტორი განსაკუთრებით გამოარჩევს ფინეთის,  ტაივანისა და ავსტრალიის შესრულებებს. ახლო მომავალში მაყურებლები „ეიფორიას“ მოისმენენ იტალიასა და პოლონეთში. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებს გარეთ, ნაწარმოების პრემიერა იგეგმება საქართველოშიც.

ზოგადად, გლობალურ საკომპოზიტორო პროექტებში ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მონაწილეობა ხშირია არაა. შესაბამისად, თანამედროვე კომპოზიტორების მხრიდან ასეთი მასშტაბის პროექტებში ჩართულობა და საერთაშორისო ასპარეზზე ცნობადობის გაზრდა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი პროფესიული წარმატებისთვის, არამედ საქართველოს კულტურის პოპულარიზებისთვისაც.

ჩვენ გავესაუბრეთ კომპოზიტორს[1], სადაც მან პროექტში მონაწილეობისა და ნაწარმოების კონცეფციის შესახებ ისაუბრა.


 

 

1. საიდან გაიგეთ პროექტის შესახებ?

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩამოვიდა იტალიელი კომპოზიტორი და მასტერკლასი ჩაატარა. მეც დავესწარი მასტერკლასს, გავიტანე ნაწარმოებები და გავიცანი ეს კომპოზიტორი. ის ახალგაზრდაა, ჩემი ტოლია. დავმეგობრდით და ერთ დღეს შემთხვევით მითხრა: „ბეგი, არსებობს ასეთი პროექტი…“. შემდეგ ამიხსნა, რომ პროექტში სხვადასხვა ქვეყნის კომპოზიტორები მონაწილეობენ და თუ დამაინტერესებდა, მეც შემეძლო ბედი მეცადა. საქართველოდან უნდა ყოფილიყო წარდგენილი ერთი კომპოზიტორი და ერთი კომპოზიცია - თითო ქვეყნიდან მხოლოდ ერთი მონაწილე დაიშვებოდა. ამ პრინციპით იკრიბებოდა ეს შემოქმედებითი გაერთიანება.

შემდეგ დავუკავშირდი პროექტის მთავარ ორგანიზატორს, პოლონური წარმოშობის ავსტრალიელ კომპოზიტორს, მულტი-ინსტრუმენტალისტს, დირიჟორსა და პედაგოგს პოლ კოპეცს, გავესაუბრე და მან მთხოვა, გამეგზავნა ჩემი ძველი ნამუშევრები - პარტიტურები და ჩანაწერები, რადგან აინტერესებდა ჩემი შემოქმედება. მას შემდეგ, რაც გაეცნო ჩემს მუსიკას, მითხრა, რომ შემეძლო პროექტში მონაწილეობა. ამგვარად დამამტკიცეს პროექტში.

 

2. როგორი გამოცდილება მიიღეთ პროექტში მონაწილეობის შედეგად? რა გამოწვევების წინაშე დადექით?

დავიწყებ გამოწვევებით. ამ პროექტში რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი არსებობდა. პირველი იყო თემა, რომელსაც ეძღვნებოდა მთელი ციკლი - ეს იყო ემოცია. მონაწილეებს უნდა აგვერჩია ერთ-ერთი ემოცია. სულ ხუთი ემოცია იყო შემოთავაზებული.

ამ პერიოდში უკვე იტალიაში ვიყავი და ჩემთან ყველაზე ახლოს აღმოჩნდა ბედნიერება, თუმცა არ მინდოდა, ეს ბედნიერება მხოლოდ მაჟორული განწყობით ყოფილიყო გამოხატული. ვეცადე, უფრო ღრმა ძიებაში წავსულიყავი და ვფიქრობდი, რა შეიძლება ბედნიერებისთვის მიმესადაგებინა, რასაც ქვეტექსტი აქვს სხვა. ცოტა გავირთულე ამოცანა და ჩემთვის უფრო საინტერესო გავხადე. სწორედ „ეიფორია“ აღმოჩნდა მიგნება, რადგან იმ დროს იტალიაში ნამდვილ ეიფორიაში ვიყავი. ამ ბედნიერების განცდის ნიადაგზე გადავწყვიტე, „ეიფორია“ დამეწერა.

მეორე გამოწვევა იყო ნაწარმოების ხანგრძლივობა - მხოლოდ ორი წუთი (შეიძლებოდა რამდენიმე წამით გადაცდენა). შესაბამისად, მთელი იდეა და სათქმელი ამ მცირე დროში უნდა ჩამეტია, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდა.

მესამე გამოწვევა კი იყო ინსტრუმენტების საკითხი. წინასწარ იყო განსაზღვრული ინსტრუმენტები: სოპრანო, კლარნეტი, ფორტეპიანო და ჩელო. თუმცა ჩელოს გამოყენებაზე უარი ვთქვი, მინდოდა ნაწარმოები ტრიოსთვის დამეწერა (გავითვალისწინე წინა გამოცდილება, როცა ჩელისტის პოვნა საკმაოდ რთული აღმოჩნდა). ასე რომ, ავირჩიე ტრიო.

ავირჩიე სოპრანო, რომელიც უსიტყვოდ, ვოკალიზის ფორმითაა მოცემული,  რათა გადმოიცეს შინაგანი ემოცია. სოპრანო დიალოგში შედის კლარნეტთან, რასაც ემატება ფორტეპიანო. სწორედ ასე წარმომედგინა ამ ნაწარმოების მუსიკალური სახე.

აქვე დავამატებ, რომ ნაწარმოები უცხოეთში უნდა შესრულებულიყო და გარკვეულწილად უფრო თავისუფლად ვმუშაობდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ იქ შესრულების მაღალი დონე იქნებოდა. შესაბამისად, იმ ტექნიკურ სირთულეებსაც არ შევუშინდი, რომლებიც ნაწარმოებში ჩავდე.

გამოცდილება მივიღე იმ მხრივაც, რომ მოვისმინე სხვადასხვა ქვეყნის კომპოზიტორთა შემოქმედება. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ჩემი სახელიც გაჟღერდა საერთაშორისო სივრცეში - გამიცნეს შემსრულებლებმა, კომპოზიტორებმა და ორგანიზატორებმა. მომავალში ეს შეიძლება საინტერესო კავშირების საფუძვლად იქცეს და ინტერესის შემთხვევაში, თანამშრომლობაც გაგრძელდეს.

ეს პროექტი ადრეც არსებობდა და ახლა მისი მეორე ნაწილი განხორციელდა. როგორც უკვე ვთქვი, მთელი კონცეფცია ემოციას უკავშირდება. პროექტის სახელი ითარგმნება, როგორც „ემოციების ოკეანე“, „Emocean“, რაც არ გულისხმობს მხოლოდ „ემოციას“. მთელი ციკლი სწორედ ამ იდეაზეა აგებული. ეს საკმაოდ რთულია შემსრულებლისთვის, რადგან თანამედროვე მუსიკალური ენა დომინირებს და მთლიანი ციკლის შესრულება სერიოზულ პროფესიონალიზმს მოითხოვს. ამ მხრივაც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო.

 

3. პირველი ხართ, ვინც ამ მასშტაბის პროექტში მიიღო მონაწილეობა?

ზუსტად ვერ ვიტყვი, პირველი ვარ თუ არა. როდესაც ვამბობთ „გლობალურ პროექტს“, ვგულისხმობთ იმას, რომ მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ისინი ერთიანდებიან ერთი საქმისთვის, ერთიანდებიან იმისთვის, რომ შესრულდეს ახალი ნაწარმოებები. არ ვიცი, გადაჭრით ვერ ვიტყვი, პირველი ვარ თუ არა, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათი რომ არის, ეს ვიცი.

 

4. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების არსებობა თანამედროვე კომპოზიტორებისთვის?

ძალიან მნიშვნელოვანია. საინტერესოა სხვა კულტურებისა და ქვეყნების მუსიკალური შემოქმედების გაცნობა. პროექტში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის კომპოზიტორები, მათ შორის ისეთებიც, რომლებზეც არ გვსმენია საერთოდ. ბევრი ქვეყანა იყო ამაში ჩართული. მეც გავეცანი რამდენიმე კომპოზიტორს, მოვისმინე მათი ნაწარმოებები, ვნახე, როგორი მუსიკით წარმოაჩენდნენ თემებს. ასევე საინტერესო იყო, როგორ აისახება სხვადასხვა ქვეყნის ხალხური მუსიკის ელემენტები თანამედროვე კომპოზიტორთა ენაში. მეც შევეცადე ამ ნაწარმოებში ქართული მუსიკალური ენისა და ჰარმონიის გარკვეული ნიშნები ჩამედო, თუმცა არა დომინანტურად, არამედ უფრო ლატენტურად. ნაწარმოების ანალიზისას ეს შეიძლება უფრო დავინახოთ.

 

5 . სად შესრულდა ნაწარმოებები და რომელ შესრულებას გამოარჩევდით?

ყველაზე მეტად, აკადემიურობისა და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, გამოვყოფდი ფინეთის, ავსტრალიის (ბრისბენში შესრულდა) და ტაივანის შესრულებებს. ასევე, ნაწარმოებები შესრულდა საბერძნეთში (ათენი) და ესტონეთში (ტალინი) მთლიანობაში - სულ ხუთ ქვეყანაში. მომავალში დაგეგმილია კონცერტები სხვა ქვეყნებშიც, ესენია: პოლონეთი, იტალია, მათ შორის, უკვე დავიწყეთ მუშაობა იმაზეც, რომ ჩემი ნაწარმოები „ეიფორია“ საქართველოშიც შესრულდეს.

 

 

იხ: ბეგი ნიკოლეიშვილის „ეიფორია“ - ფინეთის შესრულება; ტაივანის შესრულება. 


                                                           



[1] ინტერვიუ შედგა 2026 წლის 6 მარტს.  

Comments