„გლახაკთა ოპერის“ ბრწყინვალება და სიღატაკე

 ავტორი მარიამ ჭეიშვილი.
მოხსენება მომზადებულია ბილისის სახელმწიფო
 კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო
კომპოზიცია-მუსიკოლოგიის ფაკულტეტის,
მუსიკის ისტორიის 
მიმართულება, მე-3 კურსი.
 ხელმძღვანელი  - მარინა ქავთარაძე


 „გლახაკთა ოპერა“  ჯონ გეის   დღეს რომ დაეწერა, დარწმუნებული ვარ ისეთივე პოპულარობას და გამოხმაურებას მოიპოვებდა, როგორც ეს  მე-18 საუკუნის ლონდონში მოხდა. პრემიერის შემდგომაც  არ განელებულა ინტერესი ამ პიესის მიმართ.  საინტერესოა რა გახდა ამის მიზეზი? თანაც არა მხოლოდ მისი მოღვაწეობის პერიოდში და არა მხოლოდ ლონდონში, არამედ ჯერ ევროპის მასშტაბით, შემდეგ კი აშშ-ში. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ასწლეულის შემდეგ, დიდმა დრამატურგმა ბერტოლდ ბრეხტმაც მიმართა  „გლახაკთა ოპერას“, ასევე ვხვდებით მას ვაცლავ ჰაველის,  მის ახალ მუსიკალურ ვერსიებს ქმიან სხვადასხვა კომპოზიტორები. აშშ-ში კი ამ პიესას რასობრივი უთანასწორობის პრობლემის მხილების მისია დაეკისრა და მისი საშუალებით სერიოზული პოლიტიკური განაცხადის გაკეთება გახდა შესაძლებელი.
გარდა გეისა და პეპუშის  თხზულების საუკუნეების მანძილზე ასეთი რეზონანსულობისა და  მისი რიმეიკებისა, საინტერესოა  ამ  ნაწარმოების ჟანრის საკითხიც, არის კი „გლახაკთა ოპერა“ ოპერა ტრადიციული გაგებით, ან რატომ გადაწყვიტა გეიმ მისთვის ასეთი სახელი მიეცა? ამ მოხსენებაში შევეცდები  მოკლედ გავცე პასუხი ამ საკითხებს.
ჯონ გეისა და იოჰან ქრისტოფ პეპუშის „გლახაკთა ოპერის“ პრემიერა 1728 წელს  შედგა, დადგმის დღიდანვე მან დიდი პოპულარობა მოიპოვა, როგორც ცნობილია  ერთ სეზონზე 79-ჯერ დაიდგა, მაშინ, როცა სხვა წარმატებული სპექტაკლების ხილვა მაქსიმუმ 20-ჯერ იყო შესაძლებელი.
            „გლახაკთა ოპერაში“ გადმოცემულია მე-18 საუკუნის ლონდონის სახე, როცა  ძარცვა, კორუფცია, მეძავეობა ლონდონის „ფსკერის“ სოციალური სიდუხჭირის გამოვლინების ჩვეული ფორმაა და ცხოვრების  წესად არის ქცეული.  ასევე მძაფრად დგას პიესაში დაბალი ზნეობის მქონე ადამიანთა პრობლემები.  გეისა და პეპუშის  მთავარ მიზანს სწორედ ეს წარმოადგენდა - საზოგადოების „შეშლილი“ სახის გამოვლენა, როგორც დეივიდ დაბიდინი წერს - „გეი ასახავს ლონდონს, როგორც "გიგანტურ ბედლამს", დანაშაულითა და დაავადებებით აღსავსეს.“ [1]
 „გლახაკთა ოპერის“ ჟანრის შესახებ მსჯელობისას, რამდენიმე მოსაზრება უნდა განვიხილოთ. ერთ-ერთი მკვლევრის, ვანესა როჯერის თქმით, შესაძლოა გეი, საფრანგეთში ერთ-ერთი მოგზაურობის დროს  (1717-1719) ან ლონდონში,  რამდენიმე ფრანგული დასის შესრულებით (1720-1728) გაეცნო ვოდევილის ნიმუშებს და ვარაუდობს, რომ „გლახაკთა ოპერას“ შეიძლება კავშირი ჰქონდეს ამ ჟანრთან[2]. ერთი შეხედვით, ის მართლაც ჯდება  ვოდევილის ჩარჩოებში, ესაა მსუბუქი, კომედიური პიესა, ინტრიგებით აღსავსე, მოქმედების სწრაფი განვითარებით, კეთილი დასასრულით და ა.შ. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს ყველაზე მთავარი, „გლახაკთა ოპერის“ დრამატურგია ემყარება უკვე არსებულ პოპულარულ საოპერო არიებსა და სიმღერებს (გამოყენებულია 69 პოპულარული მელოდია, აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი რაოდენობით სასიმღერო ნომერი არც ერთ სხვა ბალადურ ოპერაში არ გვხვდება), რომლისთვისაც გეიმ ახალი ლიბრეტო შექმნა, აქედან გამომდინარე ეს არა ვოდევილი, არამედ ინგლისური ბალადური ოპერაა, რომელიც თავის მხრივ პასტიჩიოს წარმოადგენს, „სტილიზებული ოპერა-პოპური, თავისი არსით მეორად, ციტირების პრინციპზე აგებული ჟანრია, რომელიც პირველადი სიუჟეტის გაგრძელებას ან მის ახალ ვერსიას ემყარება.“[3] ეს ნიშნები უკლებლივ მჟღავნდება გეი-პეპუშის „გლახაკთა ოპერაში“.
პეპუშმა, გეისთან ერთად ორ ბალადურ ოპერაზე იმუშავა („გლახაკთა ოპერა“ და „პოლი“), აქ მნიშვნელოვანია „სხვისი“ ტექსტის ინტერპრეტაციის საკითხი, ზოგ შემთხვევაში ორიგინალის ზუსტი გამეორება ხდებოდა, ზოგჯერ - სტილიზაცია.  „გლახაკთა ოპერაში“ კი უფრო ხშირად ამ უკანასკენელს ვხვდებით  (პეპუში იღებს მთავარ მელოდიურ ნახაზს და უკეთებს ჰარმონიზაციას თავის სტილში). აქ ყველაზე დიდი  რაოდენობით პერსელის მუსიკალური მასალაა გამოყენებული, ხოლო ჰენდელის შემთხვევაში ერთი ნომრით, „რინალდოდან“ მარშით შემოიფარგლება. აღსანიშნავია, რომ იმ ბალადურ ოპერათა შორის, რომლებშიც ჰენდელის მუსიკას ვხვდებით,  მხოლოდ „გლახაკთა ოპერაში“ არ გამოიყენება ის დივერტისმენტის სახით. თან სხვაობა იმაშია რომ  მუსიკის უცვლელი ორიგინალი,  რადიკალურად იცვლის ჟანრულ კონტექსტს, რომელშიც ის გამოიყენება და შესაბამისად სხვა შინაარსობრივ დატვირთვას იძენს.
ეს ბალადური ოპერა, იყო ერთგვარი  პროტესტი   მიმართული იტალიელების მიერ ლონდონის საოპერო სცენის დაპყრობის წინააღმდეგ. ინგლისში 1705 წელს, „არსიონედან“ (დაწერილია იტალიურ სტილში, ინგლისურ ენაზე)  დაწყებული, იტალიურმა ოპერამ, შეიძლება ითქვას შტურმით აიღო ლონდონის სცენა. მოდაში შემოვიდა იტალიელი მომღერლების მოწვევა, ინგლისელმა კომპოზტიროებმაც მალევე დაიწყეს ოპერა სერიას ჟანრში წერა.  1710 წელს, ჰენდელის ლონდონში დაბრუნებამ კი კიდევ უფრო შეუწყო ამას ხელი.  “The New York Times”-ში 1990 წელს გამოქვეყვებულ სტატიაში წერია, რომ „გეიმ დაწერა არა ოპერა, არამედ ანტი-
ოპერა“[4].   გეისა და პეპუშის „ოპერა“  ყველაზე აშკარა  „შეტევა“ იყო, ერთგვარი „სილის გაწვნა“ იტალიურ ოპერისათვის. აქ არიების ნაცვლად გამოყენებულია სიმღერა, რომელიც  ძალიან  მოკლეა და ხშირად მხოლოდ ერთ სტროფს მოიცავს.  მოქმედი გმირები იტალიური საოპერო პერსონაჟების ინვერსიას წარმოადგენს, მაღალი ზნეობის მქონე, გაიდეალებულ გმირებს დაბალი მორალის,  ხშირად კრიმინალური პერსონაჟები უპირისპირდებიან.  „გლახაკთა ოპერა“ სხვა არაფერია თუ არა სატირა იტალიურ ოპერაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ იმ საზოგადოების მანკიერების მხილება მხოლოდ გეის პიესის კრიტიკის საგანი არ იყო. ამის დასტურია  მხატვარ უილიამ ჰოგარტის (1697-1764) სატირული ტილოების სერია „მეძავის კარიერა“,  „მფლანგველის კარიერა“, რომელიც მხატვრის დროინდელი საზოგადოების მძაფრ კრიტიკას ახდენს[5].
            „გლახაკთა ოპერის“ პოპულარობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ინგლისელების საყვარელი ბალადების გამოყენების გარდა, რომელთა  უმეტესობა მოკლე და ადვილად დასამახსოვრებელი იყო, აუდიტორიის „დასატყვევებლად“ გეი იღებს აქტუალურ და პოპულარულ, ჯონათან სვიფტის სიუჟეტს, სადაც  ჯონათან უაილდისა და ჯერ შეფარდის (ლონდონის ყველაზე ცნობილი კრიმინალები) ისტორიაა გამოყენებული და ისინი მთავარი პერსონაჟების სახით არიან წარმოდგენლი. ჯონათან უაილდი - გენერალი, რომელიც თავად იყო დანაშაულებრივი ბანდის ლიდერი და ჯერ შეფარდი, წვრილმანი მძარცველი, რომლის დაკავებაც მას ევალებოდა;  გეის პიესაში მათ Mr. Peachum  და Macheath  სახელებით შევხვდებით.
პრემიერის დღიდან მას უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა, „გრაბ სთრითის“ დრამატურგებმა, კომერციული მოგებისთვის დაიწყეს „გლახაკთა ოპერის“ მიბაძვა და მისი „ტირაჟირება“   (ჯორჯ ტუფტის ბიბლიოგრაფიაში ჩამოთვლილია ყველა ის ბალადური ოპერა, რომელიც გეის მიბაძვით  შეიქმნა.) გეის „გლახაკთა ოპერა“ მხოლოდ მე-18 საუკუნეში არ იყო აქტუალური.
„გლახაკთა ოპერის“ სატირა მიმზიდველი იყო მრავალი დრამატუგისათვის, რამდენჯერმე  ითარგმნა და გამოიცა სხვადასხვა ენაზე, ასევე ადაპტირებულია ფილმებში და რომანებში.   ამ პიესას მიმართა ბენჟამენ ბრიტენმა (The beggar’s opera), დარიუს მიიომ (ოპერა des Gueux), გეის სიუჟეტი გამოიყენა  ასევე ვაცლავ ჰაველმა (Zebrácká opera). ამ უკანასკნელმა ისევე დიდი რეზონანსი  გამოიწვია საზოგადოებაში, როგორც თავის დროზე ეს ლონდონში მოხდა. „Zebrácká opera“ ესაა  „გლახაკთა ოპერის“ ჩეხური ვერსია, რომელიც პირველად  1975 წლის 1 ნოემბერს, პრაღში დაიდგა. ამ სპექტაკლის შესახებ, რადიო „თავისუფალი ევროპის“ რეპორტაჟმა, რეპრესიული კონტრზომები გამოიწვია კომუნისტური რეჟიმის მხრიდან[6].
გეის დებიუტიდან ორასი წლის შემდეგ, 1928 წელს, ამავე პიესას ბერტოლდ ბრეხტმა მიმართა „სამგროშიან ოპერაში“, იგი მიჰყვება ორიგინალის ძირითად მონახაზს.  პიესა  ღია იდეოლოგიური განცხადებებით არის დატვირთული.  ამ მხრივ თვალსაჩინო მაგალითებია პირველი და მეორე ფინალური სიმღერები, სადაც ყურადღება გამახვილებულია „ადამიანის მდგომარეობის დაუცველობაზე“ და „იმაზე, რაც კაცობრიობას აცოცხლობს“.   „სამგროშიან ოპერაში“, ისევე როგორც „გლახაკთა ოპერაში“ გადმოცემულია  საზოგადოების არაჯანსაღი ატმოსფერო, ასახულია ე.წ. „უიმედო თაობის“ განწყობა. 
„გლახაკთა ოპერა“ პოპულარული მხოლოდ ევროპის მასშტაბით არ ყოფილა, მან აშშ-მდეც ჩააღწია. 1946 წელს,  დაიდგა  “The Beggar’s Holiday”, რომლის ლიბრეტოს ავტორია  ჯონ ლატუში,  მუსიკა კი დიუკ ელინგტონს ეკუთვნის. ისევე როგორც გეის შემთხვევაში,  მიზანი აქაც იყო საზოგადოების მხილება,  გაკეთებულიყო პოლიტიკური განაცხადი იმის თაობაზე, რომ ღირებული ნაწარმოების შექმნა ნებისმიერი რასის წარმომადგენელს შეუძლია. შტატებში პიესა დაიდგა როგორც „ორი რასის მიუზიკლი“.
საბოლოოდ, მინდა ვთქვა, ამ მოხსენებაში შევეცადე მოკლედ ამეხსნა თუ როგორი ფორმა იპოვა გეი-პეპუშმა პრობლემის სააშკარაოზე გამოსატანად, რომელ ჟანრს მიმართა, რატომ გახდა ასეთი პოპულარული. როგორც აღმოჩნდა, საკითხებზე, რომლებზეც  ისინი „გლახაკთა ოპერით“ „გვესაუბრებოდნენ“ მხოლოდ  მე-18 საუკუნის ლონდონის პრობლემა არ არის, ზუსტად იგივე საკითხს ეხება ბერტოლდ ბრეხტი, მე-20 საუკუნეში. ასევე, ჩეხეთიდან - ვაცლავ ჰაველი,  აშშ-დან - დიუკ ელინგტონი და ჯონ ლატუჩი,  ყველგან და ყოველთვის ერთი პრობლემაა - „გიგანტური ბედლამი“; ყოველ საზოგადოებაში დგას „ადამიანთა მანკიერებების მხილების“ პრობლემა და ამ მხრივ არც 21-ე საუკუნეა გამონაკლისი და  სამწუხაროდ, არც „ბედლამის“ პრობლემაა დღევანდელი საზოგადოებისგან შორს. „გლახაკთა ოპერა“ კი პოპულარული იქნება მანამ, სანამ თავად პრობლემა არ დაკარგავს აქტუალობას.














[1] Uwe Böker, Ines Detmers and Anna-Christina Giovanopoulos - John gay’s the beggar’s opera 1728-2004 adaptations and re-writings -  The Beggar’s Opera, Commercial Imitation and Political Satire
[3] მარინა ქავთარაძე -  ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია (პასტიჩიოს პარადიგმები დროის კონტექსტში)- სამეცნიერო შრომების კრებული“მუსიკისმცოდნეობის საკითხები“, თბილისი 2015
[5] ოგატის მხატვრობა  შთაგონების წყარო გახდა  უკვე მე-20 საუკუნეში სტრავინსკის „ქარაფშუტას თავგადასავლისთვის“
[6]Uwe Böker, Ines Detmers and Anna-Christina Giovanopoulos  - John gay’s the beggar’s opera 1728-2004 adaptations and re-writings - From Gay to Brecht and Beyond


________________________________________________________________________________
ბიბლიოგრაფია:
·         მარინა ქავთარაძე ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია (პასტიჩიოს პარადიგმები დროის კონტექსტში) - სამეცნიერო შრომების კრებული“მუსიკისმცოდნეობის საკითხები“, თბილისი 2015
·         Uwe Böker, Ines Detmers and Anna-Christina Giovanopoulos  - John gay’s the beggar’s opera 1728-2004 adaptations and re-writings
·         Verna Tandan -  THE BEGGAR'S OPERA  - oct.1971
·         Lake Daryn – Death at the Beggar’s opera -  Great Britain by  Hodder and Stoughton 1995
·         The Beggar’s Operathe fourth edition- the ouverture in score and the music prefix’d to each song – London – printed for Johw Watts at the Prontong-kffice in Wild-Court – 1735
·         John Willett -  The Theatre of Bertolt Brecht - Music & Letters, Vol. 41, No. 1 (Jan., 1960), pp. 75-76;  Published by: Oxford University Press ; Stable URL: https://www.jstor.org/stable/729704
·         Robert Leach  - Makers of Modern Theatre: an introduction – 2004
·         Ливанова - История западноевропейской музыки до 1789 года: От Баха к Моцарту- книга вторая – Москва, “музыка” -  1987
·         https://www.gradesaver.com/the-threepenny-opera  (28.05.2020)
·         https://en.wikipedia.org/wiki/Bonnie_Dundee (28.05.2020)


Comments