ავტორი ელენე ელიოზიშვილი
მოხსენება მომზადებულია თბილისის სახელმწიფო
კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო
საზოგადოების 2020 წლის კონფერენციისთვის.
კომპოზიციის და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, I კურსი,
ხელმძღვანელი - მარინა ქავთარაძე
კომპოზიციის და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, I კურსი,
ხელმძღვანელი - მარინა ქავთარაძე
გასული ორი საუკუნის განმავლობაში მეცნიერულმა
მიღწევებმა და სამყაროს განვითარების სისწრაფემ მრავალი ძველი ნიშან-სიმბოლო
თავიდან აღმოგვაჩენინა და შეგვასწავლა,
მეორე მხრივ კი, უამრავი ახალი სიმბოლო მოგვცა, რომელთა აღნუსხვაც და მათ
მნიშვნელობებზე მსჯელობა ერთ-ერთი
ძირითადი საქმიანობა აღმოჩნდა სხვადასხვა სფეროს მკვლევართათვის.
მოხსენებისათის არჩეული თემა მრავლისმომცველი და
გლობალურია, ამასთანავე საინტერესო და გამოყენებადი, როგორც ყოველდღიურ
ცხოვრებაში, ისე ფართომასშტაბურ კვლევებშიდაც. იმისათვის, რომ კვლევის სემიოტიკურ
მეთოდს უკეთ ჩავწვდომოდი, დავეყრდენი რამდენიმე სტატიასა და კვლევას, რომლებშიც
ნათლად არის წარმოჩენილი სიმბოლოების როლი და მნიშვნებლობა მუსიკაში.
მაგრამ ვიდრე მათ განხილვაზე გადავიდოდე, თავად
სემიოტიკის რაობასა და წარმომავლობაზე მოგახსენებთ. სემიოტიკა ან/და სემიოლოგია -
ეს არის დისციპლინა/მეცნიერება, რომელიც ნიშანთა ფუნქციონირების კანონზომიერებებს
შეისწავლის. სხვაგვარად რომ თქვათ, ეს არის მეცნიერება ნიშნებისა და სიმბოლოების
შესახებ. ამ მეთოდოლოგიის დაკვირვების ობიექტი კი ყველანაირი ტიპის ნიშანია.
სემიოტიკა, როგორც მეცნიერება, წარმოიშვა და
განვითარდა XIXს-ის მეორე ნახევარში და მის ფუძემდებლად მიჩნეულია ჩარლზ პირსი,
ხოლო პირსის იდეები განავითარეს ლვოვ-ვარშავის სკოლის წარმომადგენლებმა და ჩარლზ
მორისმა.
უპირველესად ეს მეცნიერება კავშირში იყო ლინგვისტიკასა
და ფილოლოგიასთან, თუმცა ლოგიკის, მათემატიკური ლინგვისტიკის, პროგრამული თუ
სხვადასხვა ხელოვნური ენის განვითარებამ ეს დისციპლინა მრავალ სფეროსთან
დააკავშირა, მათ შორის, ხელოვნებასთან, მუსიკასთან.
შეიძლება ითქვას, საბოლოო სახე სემიოტიკის ცნებას
მისცა ჩარლზ მორისმა. მან სემიოტიკა სამ ნაწილად
დაყო: 1. სინტაქტიკა - მხარ,ე რომელიც
შეისწავლის თვით ნიშანს, მისი სტრუქტურულ ბუნებას; 2. სემანტიკა - ნიშნის არსებობა სხვა ნიშანთა მიმართებაში, კავშირი
აღსანიშნავ ობიექტთან; 3. პრაგმატიკა
- ნიშნის გამოყენებადობა, რეალიზება ყოფაში.
როგორც მეცნიერება - სემიოტიკა, სამ დიდ ჯგუფს მოიცავს: 1. ენისა და
ლიტერატურის სემიოლოგია (უპირველესი); 2. ხელოვნების ან/და სოციო-კულტურული სისტემების სემიოლოგია, რომელიც ჩვენი
დაკვირვების სფეროა; 3. ცხოველთა და ბიოლოგიურ
კავშირთა სემიოლოგია.
იმისათვის, რომ ესა თუ ის ნიშანი ნიშნად ჩაითვალოს, ჩარლზ მორისის
დასკვნით, ის უნდა იყოს: 1.რეპრეზენტანტი -
აღმნიშვნელი; 2.რეფერენტი - უნდა
აღნიშნავდეს ანუ მიეკუთვნებოდეს რომელიმე
„ობიექტს“; 3.ინტერპრეტანტი - ანუ
უნდა ახდენდეს დამოკიდებულების რეალიზაციას.
აღსანიშნავია, ასევე სემიოტიკის მიმართ ორი ძირითადი მიდგომა: პირველი, ჩარლზ პირსის მიდგომა - სემიოტიკა სიმბოლოს სტრუქტურულად
შეისწავლის. ამ შემთხვევაში დაკვირვების ობიექტი თვითონ ნიშანია, იმ მხრივ, რომ
ნებისმიერი საგნის, არანიშნის, გარდაქმნა შესაძლებელია ნიშნად. სწორედ ესაა ამ
მიდგომის მიზანი. მეორე მიდგომა კი ფერდინანდ
სოსიურის სახელთანაა დაკავშირებული, რომელიც უმთავრესად ნიშანთა სიცოცხლეს
განიხილავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისთვის მნიშვნელოვანია იდეა, აზრი,
რომელსაც ესა თუ ის ნიშანი ადამიანის გონებაში ბადებს.
ამ ორ მიდგომას შორის დროთა განმავლობაში სერიოზული წინააღმდეგობა
წარმოიშვა. სწორედ მეორე მიდგომას ავითარებდნენ კულტურის ენები (მუსიკა, ფერწერა,
მოდა, არქიტექტურა, თამაში, პოლიტიკა, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფსიქოლინგვისტიკა
და სხვ.).
როგორც
აღვნიშნე, სემიოტიკა სამუსიკო კვლევებშიდაც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი
საშუალება და ერთგვარი „გასაღებიცაა“ ეპოქის, სტილის, მუსიკალური ენისა თუ
კომპოზიტორის შესწავლისათვის. ამის სამაგალითოდ რამდენიმე კვლევას განვიხილავ.
არ
არის გასაკვირი, რომ სემიოტიკურ-მეთოდური მიდგომისთვის დაკვირვების ობიექტად
ხშირად ირჩევენ იოჰან სებასტიან ბახის შემოქმედებას. ეს გამოწვეული უნდა იყოს
ბაროკოს ეპოქით, რომლის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა, ერთი მხრივ, „აფექტების
თეორიაა“, მეორე მხრივ კი, რელიგიური სიმბოლიზმი და ორივე ერთად. ეს ორივე მხარე
თავის თავში ბევრ ნიშან-სიმბოლოს მოიცავდა და თანამედროვეების მსგავსად ბახიც არ იყო
გამონაკლისი, რომელიც მიზანმიმართულად იყენებდა ამ ნიშნებს შემოქმედებაში. ბახის სიმბოლიკა
აღმოჩნდა ეპოქალური, სამაგალითო და უამრავი საიდუმლოებით მოცულ. მათი შესწავლა
არასდროს კარგავს აქტუალურობას. ვციტირებ: „ბახს
იცნობს ყველა, მაგრამ არავინ იცის იგი! - იოჰან სებასტიან ბახი უდიდესი
საიდუმლოა!“.
ნაშრომში
„ბიბლიურ სიმბოლიზმსა და ბახის შემოქმედების შესახებ“ უპირველეს ყოვლისა
განხილულია ი.ს. ბახის გვარის მონოგრამა: B.A.C.H.,
რომელსაც ჩანაწერში ჯვრის ფორმა აქვს. ბახი თავის შემოქმედებაში ამ „კოდს“ - ჯვრის
სიმბოლიკას, იყენებს ძალიან ხშირად, როგორც პირდაპირ, ისე შიფრირებულ შეხამებაში (რე
მინორულ სამმაგ ფუგაში, სი მინორული მესის „Credo-ში“ და სხვ.).
ჯვრის
სიმბოლოს, ანუ ბახის მონოგრამას რელიგიური თვალსაზრისით და ბახის წინაშე დიდი
პატივისცემისა და ერთგვარი ქედის მოხრის მიზნით მიმართავენ ბეთჰოვენი, შუბერტი, ლისტი,
შნიტკე და შედრინი, რაც ამ სიმბოლოს გამოყენებადობას და მის დროის სვლის
მიუხედავად ფუნქციონირებას უსვამს ხაზს.
სემიოტიკური
დაკვირვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ბახის შემოქმედებაში რიცხვობრივი
სიმბოლიკაცაა. ისტორია ოდითგანვე შეჯერებულია ბიბლიის რიცხობრივ სიმბოლიკაზე, რომელსაც
ბახი ძალიან კარგად იცნობდა. ნაშრომში განხილულია და განმარტებული თითოეული, თუმცა,
მე შევეხები, მათ შორის ყველაზე ცნობადსა და მნიშვნელოვნებს: „1“ – „ერთღმერთი“; „3“
– „სამება“, ციფრი სამი და მისი ჯერადი რიცხვები, რომლებიც 212ჯერაა ნახსენები
ბიბლიაში (2+1=3 და 1+2=3); „4“ – „ღვთის ქმნილება - სამყაროს ოთხი მხარე“; „6“ - სრულყოფილი,
პერფექტული ციფრი, ადამიანის რიცხვი, უფალმა ადამიანი მეექვსე დღეს შექმნა; „12“ -
აბსოლუტური სრულყოფილება, „სასრული“ რიცხვი.
როგორი გამოეყენება ჰპოვა ამ ციფრთა სიმბოლიკამ ბახის
შემოქმედებაში? ბახის და
მის თანამედროვეთა შემოქმედებაში ტრადიციულად ციკლებში ერთიანდებოდა 6 ერთი ტიპის
ნაწარმოები. 3-ის ჯერადი რიცხვები ერთგვარი საზომი რაოდენობრივი ერთეული იყო, მაგ:
ინგლისური სიუიტები, ფრანგული სიუიტები, ბრანდერბურგის კონცერტები, სავიოლინო
სონატები, სიუიტები ჩელოსათვის, პარტიტები და სხვ. სინტაქტურად განხილვისას
მკვლევარი ხაზს უსვამს: რომ 6 ეს არის 1+2+3 (სიმბოლურად სამი უმნიშვნელოვანესი
ციფრი)..., ასევე ეს ციფრები, ამ განლაგებით, კონსონირებულ ინტერვალებს ასახავს
1:2 - ოქტავა, 2:3 - კვინტა და ა.შ.
ციფრი
სამიც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია - უმთავრეს როლს სამიანი, როგორც „სამების“
სიმბოლო, თამაშობს ნაწარმოებების ფორმაქმნადობის მხრივ, სამნაწილიან ციკლურ
ფორმებში პრელუდია-ფუგა-Allegro, შესავალი-ქორალი-ფუგატო და სხვ.) და ტონალობების
მხრივ სამსაგასაღებონიშნიან ნაწარმოებებშიდაც.
ასევე,
როგორც სემიოტიკური დაკვირვების საგანი გამახვილებულია ყურადღება სხვადასხვა
დამახასიათებელ რიტმულ-ინტონაციურ სტრუქტურებზე, „რიტორიკულ ფიგურებზე“,
როგორებიცაა: 1.ბანის ხმის თანაბარი, ნაბიჯის მსგავსი, მოძრაობა - დროისა და
ადამიანის სვლა; 2.სხარტი, წყვეტილი მელოდიური ფიგურები - სიხარული; 3.პუნქტირული
რიტმი - დიდებულება, სიმხნევე; 4.დაღმავალი ორბგერიანი მელოდიური ფიგურაცია -
სევდა, ტკივილი, გარდამოხსნა; 5.ტრიოლები - იმედგაცრუება, დაღლილობა; 6.ტრელები -
სიცილი, სიხარული, ბედნიერება და სხვ.
წერილობითი
- გრაფიკული ჩანაწერი, ეს სიმბოლოთა ფორმალური სტრუქტურაა, ხოლო რაც დგას მათ
უკან, რა ემოციურ-ფილოსოფიურ დატვირთვასაც იღებს ესა თუ ის მელოდიური ფიგურაცია,
სწორედ ისაა, რაც გვეხმარება, ნაწარმოების შინაარსის უკეთ გაგებაში - აღნიშნავდა
ა.შვეიცერი.
ჩემ
მიერ განხილული მეორე ნაშრომი ვერა ნოსინას ეკუთვნის, რომელიც უკვე განხილული მკვლევარის
მსგავსად ეყრდნობა მუსიკოლოგ ბოლესლავ იავორსკის. იავორსკი მთელი თავისი
მოღვაწეობის განმავლობაში სწავლობდა ბახის შემოქმედებას, ატარებდა მრავალ
სემინარსა და დისკუსიურ-განხილვებს თავისი ნაშრომების ირგვლივ. ყველა ნაშრომი კი
სრულყოფილად შეჯერებულ იქნა 1941-42 წლებში სარატოვის სემინარზე. აღსანიშნავია, რომ
იავორსკი დეტალურად განიხილავს არა მხოლოდ ცალკეული სიმბოლური დატვირთვის მქონე
მელოდიურ ფიგურაციებს, რომელიც ნაწარმოებიდან ნაწარმოებში გადადის, როგორც
მეტაფორები, არამედ მთლიანად სიმბოლურ დატვირთვას სძენს სხვადასხვა ციკლურ
ნაწარმოებს. მაგალითად, კარგად ტემპერირებული კლავირის პრელუდიებსა და ფუგებს
ბიბლიურ მონაკვეთებთან აკავშირებს და ამას ცხრილის სახით წარმოადგენს საკუთარ
ნამუშრომში. მაგ:
ვერა
ნოსინას სტატია „ი.ს. ბახის მუსიკალური სიმბოლიკა და მისი ინტერპრეტაციები კარგად
ტემპერირებულ კლავირებში“ 10 პრელუდიისადა ფუგისსემიოტიკური ანალიზია. ავტორი მთლიანად
პრელუდიებსა და ფუგებს განიხილავს, როგორც ბიბლიურ სიმბოლოებს, სულ მცირე რიტმულ-ინონციურ
მონახაზებსაც კი, აკავშირებს ბიბლიურ სიუჟეტებთან, მაგალითად: 1. პრელუდია და ფუგა
C dur (I ტომი) - „ხარება“; 2. პრელუდია და ფუგა B dur (I ტომი) – „მწყემსთა
თაყვანისცემა“; 3.პრელუდია და ფუგა cis moll (I ტომი) – „ქრისტეს ლოცვა
გეთსამანიის ბაღში“ („Молитва о чаше“); 4.პრელუდია და ფუგა fis moll (I ტომი) –
„ჯვრის ზიდვა“...
მაგალითისათვის გთავაზობთ სიმბოლურ ანალიზს
პირველი პრელუდიისა და ფუგისა C dur – „ხარება“:
პრელუდიის მელოდია ასოცირდება ანგელოზის ნათებასთან, სისპეტაკესა და იმედთან. ბახს
დიფერენცირებულად აქვს ამოწერილი ხმები: ბანი - შუა ხმა - არპეჯირებული მელოდია. „დირიჟორი“
აქ სწორედ შუა ხმაა, რომელიც ერთგვარი საყრდენია ფიგურაციისა, ხოლო რეჩიტატიული
მელოდია არის სიმბოლო „სიტყვისა“, „ამბის“, „სიახლის“ (весть ангела).
ფუგის
თემაში აღმავალი კვარტები თავდაჯერებულობის, სიმხნევის, შემართების სიმბოლოა.
დაღმავალი მოტივი შემდგარი სამი ჯგუფისგან
4-4 მეთექვსმეტედით (444) -
ბიბლიური ციფრული სიმბოლიკით ეს ზიარების აღმნიშვნელია. ფუგა საერთოდ არ შეიცვას
ინტერმედიებს, რაც შინაარსის სიმკაცრისა და კონცენტრაციულობის მანიშნებელია. ფუგის
დამაბოლოებელი აღმასვლა - ფიგურა anabasis - ეხმიანება ანგელოზის წასვლას, „და
წარვიდა მისგან ანგელოზი“.
საბოლოოდ,
უნდა ითქვას, რომ სიმბოლოები, მეტაროფები, ასოციაციები და ა.შ იყო და არის ის, რაც
ადამიანის ცხოვრების თანმდევია.
მით
უმეტეს, ამ სიმბოლოთა რაოდენობა და აღქმის სუბიექტურობა იზრდება, როდესაც საქმე
გვაქვს ხელოვანის ცნობიერთან, ხელოვანის იდეებსა და აზრებთან.
სემიოტიკური
მეთოდი კულტურის სფეროებში და, მათ შორის, მუსიკაში გვეხმარება, განვიხილოთ
ნიშან-სიმბოლოთა ფუნქციონირება სხვადასხვა რაკურსში, გვეხმარება ჩავწვდეთ მოზაიკურად
აწყობილ და დაშიფრულ შინაარსს. და როგორც ვ.ნოსინა აღნიშნავს თავის კვლევაში, შემოთავაზებული
სიმბოლოთა განმარტების ვარიანტი ერთ-ერთია მრავალს შორის. სიმბოლოთა სემიოტიკური
კვლევა, ერთგვარ განმარტებითი ლექსიკონის სახეობას გვაძლევს, სინამდვილეში კი ის აღებს
კარს სიმბოლოთა მრავალმნიშვნელოვანებასა და ჩვენს ქვეცნობიერში არსებულ
ასოციაციებში სამოგზაუროდ.
___
გამოყენებული
ლიტერატურა
1.Носина,
В. "Символика музыки И.С.Баха и ее
интерпретация в "Хорошо темперированном клавире";
2. Библейский
символизм в произведениях Баха. Музыка как выражение веры и внутреннего мира
композитора.;
3. ქავთარაძე, მ: სასწავლო სალექციო
მასალები, „სემიოტიკური მეთოდი“;
4. ვაინშტაინი,
ო. (2002).. სჯანი,
3, 2002; 4, 2003. „ლეოპარდები ტაძარში. დეკონსტრუქტივიზმი და კულტურული ტრადიცია“;
6. სტატია: „Символика
в музыке И. С. Баха“ - უცნობი ავტორი;
Comments
Post a Comment