ავტორი : კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის,
მე-2 კურსის სტუდენტი
ელენე ელიოზიშვილი
სულ ცოტა ხნის წინ, კერძოდ 14 სექტემბერს, მთელმა მსოფლიომ
და განსაკუთრებით საქართველომ, იზეიმა დიდი პიანისტის, ელისო ვირსალაძის 78 წლის შესრულება. არავისთვის იყო გასაკვირი, რომ 2020 წლის შემოდგომის
პანდემიის გამწვავებული სიტუაციის და გამო, მის მიერვე დაფუძნებული თელავის კლასიკური
მუსიკის ფესტივალი წელს ვერ შედგებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, დაბადების დღეზე
სოციალურ ქსელებში ელისო ვირსალაძის სახელი არაერთხელ გაჟღერებულა. არ შევუშინდები
ვთქვა, რომ ის ნამდვილად მსოფლიო მოვლენაა მუსიკალური შემსრულებლობის სფეროში, რადგან
ეს არაერთხელ დამტკიცებულა ჩემზე გაცილებით უფრო კომპეტენეტური და ცნობილი მუსიკოსებისა,
თუ საზოგადო მოღვაწეების მიერ.
გარდა პიანისტური და პედაგოგიური მოღვაწეობისა, იგი აქტიურად ეწევა კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის საქმეს. სწორედ ამ იდეით გამსჭვალულმა, 1984 წელს ელისო ვირსალაძემ საკუთარი ინიციატივითა და თაოსნობით დააარსა კამერული მუსიკის ფესტივალ-სემინარი „ქება ვაზისა“, რომელიც სამწუხაროდ, წელს, პანდემიის პირობების გამო ვერ ჩატარდება. გარდა პიანისტური და პედაგოგიური მოღვაწეობისა, იგი აქტიურად ეწევა კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის საქმეს. სწორედ ამ იდეით გამსჭვალულმა, 1984 წელს ელისო ვირსალაძემ საკუთარი ინიციატივითა და თაოსნობით დააარსა კამერული მუსიკის ფესტივალ-სემინარი „ქება ვაზისა“, რომელიც სამწუხაროდ, წელს, პანდემიის პირობების გამო ვერ ჩატარდება.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის საქართველო იყო პირველი, სადაც დაფუძნდა ამგვარი საერთაშორისო ფესტივალი, რომელმაც ახალგაზრდა მუსიკოსებს მისცა საშუალება, ერთი მხრივ, საკუთარი შემოქმედება წარმოედგინათ ფართო საზოგადოების წინაშე, და მეორე მხრივ, მიეღოთ მასტერკლასები მსოფლიოს აღიარებული შემსრულებლებისგან. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ფესტივალის საწყის ეტაპზე, 80-იან წლებში, ზემოხსენებულ კომპონენტებთან ერთად ქართველი სტუდენტებისათვის სამუსიკისმცოდნეო განხრით ტარდებოდა კონფერენციის ტიპის სამეცნიერო სესიები. მომხსენებლთა მედიატორებად კი მსმენელებს შორის წარმოდგენილნი იყვნენ ცნობილი და განთქმული პროფესორ-მუსმცოდნეები. ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო დამწყებ მუსმცოდნეთა პრაქტიკისათვის, სწორი კრიტიკული აზრის ჩამოყალიბებასა და სამეცნიერო თვალსაწიერის გაფართოებისათვის. პოლიტიკური მოვლენებისა და მძიმე ეკონომიკური პირობების გამო 1994 წლიდან ფესტივალი არ ჩატარებულა, მხოლოდ 2010 წელს შესძლო ელისო ვირსალაძემ, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, აეღორძინებინა ფესტივალი „ქება ვაზისა“, რომელიც ისევე პოპულარულია, აქტუალური, ძვირფასი და სახარბიელო ყველა ქართველისთვის და განსაკუთრებით, ყველა ჭეშმარიტი დამწყები თუ უკვე ჩამოყალიბებული მუსიკოსისათვის. წელს თელავის მუსიკალურ ფესტივალს გარკვეულწილად მაგივრობა გაუწია წინანდლის ფესტივალმა, რომელზედაც მოწვეული იყო პიანისტი მარტა არგერიხი.
ფესტივალში „ქება ვაზისა“ ბოლო პერიოდში მონაწილეობდნენ ისეთი დიდი კორიფეები, როგორებიც არიან: თავად, ელისო ვირსალაძე, პიანისტები: ბორის ბერეზოვსკი, ალექსანდრე კორსანტია, დანიელ ჩობანუ, ნიკოლოზ ნამორაძე; მევიოლინეები: მატვეი ბლუმინი, კოლია ბლახერი; ვიოლონჩელისტები: ალექსანდრ რამი, ბრუნო ფილიპი, ალექსანდრ ბუზლოვი, ნატალია გუტმანი, საქართველოს „სინფონიეტას“ 2018 წელს უდირიჟორა არიელ ცუკერმანმა და 2019 წელს მოწვეული იყო დავიდ ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი და ა.შ... მონაწილეთა — მსოფლიო მუსიკოსების ჩამოთვლას, რომლებსაც ელისო ვირსალაძე ყოველწლიურად კრებს თელავის დრამატული თეატრის სცენაზე, ერთი ცალკე სტატიაც კი არ ეყოფა... (ფოტოზე: ნატალია გუტმანი და ელისო ვირსალაძე).
უამრავი საპატიო ჯილდოსა და აღიარების მფლობელს, ახასიათებს უდიდესი თავმდაბლობა და თავშეკავებულობა, რომელიც არც თუ ისე ხშირია დღევანდელ ხელოვანებს შორის და საპირწონედ, რომელსაც ვამჩნევთ ყოველ ინტერვიუსა თუ უბრალო გამოსაუბრებაში ამ დიდ პიროვნებასთან. მიუხედავად ამისა, იგი არასდროს უშინდება საკუთარი კრიტიკული შეხედულება გამოთქვას. გავიხსენოთ რამდენიმე ამონარიდი ინტერვიუებიდან, რომლებიც ჩემთვის ყველაზე მეტად აღსანიშნავია ელისო ვირსალაძის შინაგან ბუნებასა და თავდაჯერებულობაზე საუბრისას.
2002 წელს პ. ჩაიკოვსკის სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა XII საერთაშორისო კონკურსზე ყველაზე მოულოდნელი აღმოჩნდა პიანისტების შედეგები. ჟიურის წევრმა, ელისო ვირსალაძემ ხელი არ მოაწერა კონკურსის მთავარ დოკუმენტს — ოქმს. მას ესაუბრა გაზეთ „იზვესტიას“ (2002) კორესპონდენტი:
- რამდენად სამართლიანად მიენიჭა პირველი პრემია იაპონელ პიანისტ ქალს აიაკო უეხარას?
- გამაოცა პირველი პრემიის მინიჭების თვით ფაქტმა.
ამ პრემიას არ პასუხობდა მისი პიანიზმის დონე. ჩაიკოვსკის პირველი კონცერტი ფიზიკურად
ვერ დასძლია. როცა ასეთ კონცერტს ირჩევ, მასთან უნდა შესაბამისობაში იმყოფებოდე. საწინააღმდეგო
შემთხვევაში, ხელი არ უნდა მოჰკიდო. უეხარას დაურბიან თითები, კეთილსინდისიერი შემსრულებელია
და მეტი არაფერი. ასეთი საპატიო პრემია არ შეიძლება მისცე ადამიანს, რომელიც ნოტებს
ასე თუ ისე სუფთად უკრავს და აქვს ორკესტრთან დაკვრის გამოცდილება. ჩემთვის გამოცანად
რჩება ჟიურის გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, უეხარა აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს. მე
კი ვთვლი, რომ პირველი პრემია საერთოდ არ უნდა გაცემულიყო.
(2010) ინტერვიუს უძღვებოდა მარინა
არშინოვა:
- გჩვევიათ
თქვენი მოწაფის ნიჭიერებით გატაცება თუ ყოველთვის ინარჩუნებთ ობიექტურობას?
- რა
თქმა უნდა, მხიბლავს ნიჭიერება, მაგრამ ეს განცდა ნელდება, როცა ვაწყდები ადამიანურ
თვისებებს. ჩემი წარმოდგენით, პიროვნება ჰარმონიული უნდა იყოს. ზოგ თვისებას ნიჭიერებაზე
დაბლა არ ვაყენებ.
(2010) ჟურნალისტ ვლადიმერ მოლჩანოვის
საუბარი ელისო ვირსალაძესთან რადიოგადაცემაში „რანდევუ დილეტანტთან“:
-
შესაძლოა,
ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, 60-70 წლების მუსიკალური ცხოვრება და მოსკოვის
კონსერვატორიის ატმოსფერო დიამეტრულად შეიცვალა. საგრძნობლად განსხვავდება დღვანდელი მდგომარეობისგან.
- ცხადია, განსხვავება
შესამჩნევია. საერთოდაც ყველაფერი შეიცვალა. საშემსრულებლო ხელოვნებაც. აქ მდგომარეობა
გაუარესდა. დღეს რაც უფრო ცოტა იცი, მით უფრო დიდი წარმატება გაქვს. ადრე მოსკოვის
კონსერვატორიაში ატმოსფეროს ქმნიდნენ გოლდენვეიზერი, ნეიჰაუზი, ფეინბერგი, ჩემზე უფროსი
თაობის მუსიკოსები: ზაკი, ფლიერი, მილშტეინი, ობორინი... სადღა არიან ასეთი პიროვნებები.
სულ სხვა მასშტაბები იყო. დღეს მთელს მსოფლიოში ასეა. ამდენ უმსგავსობას ამიტომაც ვაწყდებით.
(2012) ინტერვიუ „რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქციის
ჟურნალისტთან მარიამ ჭიაურელთან:
-
პოლიტიკისადმი
გულგრილი არა ხართ?
-
სამწუხაროდ, გულგრილი არა ვარ. ბედნიერი ვიქნებოდი პოლიტიკისადმი
არავითარი ინტერესი რომ არ მქონოდა. ფიქრიც კი არ მინდა პერსონალიებზე. ვერ ვუყურებ
ზოგიერთს“.
ელისო ვირსალაძე ჩემი აზრით, და არამხოლოდ ჩემი აზრით, არის ბუმბერაზი მუსიკოსი და ამას ამტკიცებს აგერ უკვე მეექვსე ათწლეულია. ჩემი სტატიის შექმნის სურვილი გამოწვეულია სწორედ თელავის ფესტივალის მონატრებით, რომელსაც 2011 წლიდან ყოველწლიურად ვესწრები. ჩემთვის იგი საქართველოში ტარებად ფესტივალებს შორის „მეფეა“ და როგორც ბავშვობის ტკბილი მოგონება, აღვნიშნავ, ფესტივალი იწყებოდა და იწყება ჩემთვის არა დარბაზში, არამედ გომბორის უღელტეხილზე, შემოდგომის ფერებში გადასვლისას, რომელსაც მოჰყვება ხოლმე ქართული დიადი „მრავალჟამიერი“ და შემდგომ დიდებული კლასიკური მუსიკა.
პანდემიამ, იმედია დროებით, ის ერთ-ერთი საუკეთესო ფესტივალი
გამოაკლო ჩვენს კულტურულ ცხოვრებას, რომელიც ნამდვილ დამფასებლებს კრებდა თავის გარშემო.
მიუხედავად დანაკლისისა, შექმნილმა სიტუაციამ მომავალი წლის საუკეთესო მოლოდინები და
იმედები გაგვიღვივა!
სტატიას დავასრულებდი ჯანსუღ კახიძის სიტყვებით:
„ელისო ვირსალაძე! გაქანება და სიღრმე, კეთილშობილება და სილამაზე... სიტყვები არ მყოფნის ამ უდიდესი პიანისტის პროფესიული და ადამიანური ღირსებების დასახასიათებლად. ბედნიერების განცდა მოაქვს ელისოსთან პარტნიორულ მეგობრობას, კოლეგიალურ ურთიერთობას. შთაგონებისა და აღმაფრენის მომგვრელია საკონცერტო ესტრადაზე მასთან ერთად გატარებული შემოქმედებითი ცხოვრების დაუვიწყარი წუთები. ელისო ჩემი ქალღმერთია!“
elene bravo
ReplyDelete❤️ გმადლობთ დაინტერესებისთვის!
Delete