კანდინსკი და მუსიკა

ავტორი: ვალერი სტერლიგოვი

მთარგმნელი მუსიკოლოგიის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი - ელენე ელიოზიშვილი.

ჟურნალისტი: როგორ ფიქრობთ, რამდენად რთულია მოუმზადებელი მაყურებლისათვის თანამედროვე საცეკვაო დადგმის გაგება თუ მას არ განემარტა წინასწარ სიუჟეტი, ამ ტერმინის ჩვეული გაგებით? საჭიროა თუ არა საერთოდ, რისამე დეტალური ახსნა, თარგმნა ცეკვის ენიდან „ადამიანურზე“, თუ გაგება მაინც უსიტყოვდაც და მომზადების გარეშეა შესაძლებელი?

დ. ვიშნევა: მაყურებელს, რასაკვირველია,

უნდა მიეხმარო. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, ვფიქრობთ თავის ყოველ მობრუნებაზე, მხოლოდ იმისათვის, რომ მაყურებელმა უკეთ გაიგოს ჩანაფიქრი. და რამდენადაც მეტია სამუშაო გაწეული, რამდენადაც მეტადაა და ამ სამუშაოში ჩაქსოვილი მნიშვნელობა, ინფორმაცია, შეგრძნება, რამდენედაც უფრო ნიჭიერია მოცეკვავე, რამდენადაც მეტად შეუძლია მას გაამდიდროს ცეკვის შინაარსი საკუთარი გამოცდილებით, ემოციური რესურსით, მით მეტად გასაგებია მაყურებლისთის ყველაფერი. ძალიან ბევრი რამის მოყოლა შეიძლება, თუნდაც სრულიად მოუმზადებელი მაყურებლისათვის.

იმავდროულად, თავად მაყურებელიც უნდა იყოს გახსნილი, უნდა უნდოდეს გაგება. რაც უფრო გახსნილია ის, მით უფრო ნაკლების ახსნაა საჭირო. რაც უფრო დაკვირვებით უყურებს იგი, მით მეტის გაგება შეუძლია - საკუთარი თავიდან, გამოცდილებიდან, ცხოვრებიდან, პირადი შეგრძნებებიდან გამომდინარე.

დიანა ვიშნევა: ხელოვანი უნდა იყოს საკუთარი ეპოქის ოპოზიციაში.

„მე ძალიან მიყვარს კანდინსკი. მას აქვს ბევრი ნამუშევარი, რომლებთანაც გინდება მიბრუნება, რომლებიც კმაყოფილების განცდას აღძრავენ. მაგრამ, უბრალოდ კმაყოფილების ჩემთვის ცოტაა. ვიღაც დიადმა ადამიანმა თქვა, ემოცია უნდა მოიაზრებდეს გონებასაც. რატომ მიყვარს ერთი ნახატი, და მეორე რატომ არა?! რა არის მიზეზი? სად არის ეს მიზეზი დამალული? როგორია მისი მოქმედების მექანიზმი? ეს იოლი და ბუნებრივი, მაგრამ ძალიან ფუნდამენტური საკითხებია...

ხშირად გესმით, ალბათ, რომ ხელოვნება არ არის მეცნიერება, იგი არ საჭიროებს ანალიზს, მისი შეცნობა/აღქმა ხდება ემოციური, მგრძნობელობითი დატვირთვით.

თუ მე ვუსმენ ბახის ხუთხმიან ფუგას და სმენით ვარჩევ სამ ხმას, ვაანლიზებ კი მე ამ ნაწარმოებს? რა თქმა უნდა. მაგრამ აღქმის პროცესი აქ არ მთავრდება. ხმათა მოსმენისთანავე, მაშინვე, როდესაც მათ წარმოვიდგენ ხმოვან სივრცეში, მე უკვე სხვაგვარად მესმის ეს მუსიკა - მე ახალი რაკურსით ვხედავ ხმოვან ანსამბლს, და ახლა, ფორმალური ანალიზის შემდეგ, ახალი ეტაპის ჯერი დგება, ნაწარმოების აღქმისა შთაბეჭდილებებზე დაკვირვებით. ამის შემდეგ, როდესაც ხელმეორედ ამავე ფუგას მოვისმენ, შეიძლება სწორედ პირველადი, ანალიზის ეტაპის დროს  ჩემთვის აღქმადი იყოს უკვე ხუთივე ხმა და ჩემი ემოციური აღქმა ამ ნაწარმოებისა, როგორც ერთი მთლიანისა, იქნება მეტად ადეკვატური, სავსე და მკვეთრი.

ნაწარმოების შინაარსის აღქმის სხვა ეტაპები იკვეთება ხოლმე კონცერტზე, როდესაც ასრულებენ შენთვის დიდი ხნის ნაცნობ მუსიკას, მაგრამ უეცრად შენ მასში ამჩნევ რაღაც ახალს, რაც აქამდე შენს მოგონებებში არ აღბეჭდილა, მაგრამ რაც ყოველთვის ისმოდა, შენ მას უსმენდი, მაგრამ არ გესმოდა, ის არ იკავებდა საკუთარ ადგილს შენს მეხსიერებაში.

მიუხედავად ასეთი გათვითცნობიერებული პროცესისა, აღქმა ნაწარმოებისა შესაძლებელია ანალიზის გარეშედაც, მსგავსად მომენტისა, როდესაც ისმენ ჩანჩქერის ხმაურს, ან ფოთლების შრიალს მსუბუქი ზაფხულის სიოს ფონზე, რომლებიც იწვევენ პოზიტიურ, წმინდად ემოციაზე დაფუძნებულ შეგრძნებებს. შესაძლებელია თუ არა ასე მხატვრული ნაწარმოების აღქმა? დიახ, რასაკვირველია. ვთქვათ, ჩემში პალესტრინას ზოგიერთი მესა ბადებს სივრცეში ჩაღრმავების განცდას, რომელიც ივსება გამჭვირვალე მანათობელი შუქით. წარმოუდგენლად კომფორტული, პოზიტიური შეგრძნებაა... ერთი მხრივ, გონებით ვხვდები, რომ ეს შეგრძნება იქმნება რთული, ოსტატურად შერწყმული მრავალხმიანობით, მაგრამ მეორე მხრივ, ემოციური რეაქციის ძალა პარალიზებას უწევს ნებისმიერ წამოწყებას მშრალი, გონებისმიერი ანალიზისა...

მხატვრული ტილოს აღქმაც იმავე ეტაპებს მოიცავს, რომელსაც მუსიკალური ნაწარმოებისა. პირველ მომენტში წინ იწევს პირველადი ურთიერთკავშირები, წმინდად ემოციური, ხოლო შემდეგ, წამიერად იწყებ დეტალების, ცალკეული შემადგენელი ნაწილების შემჩნევას. როგორი ანსამბლი, კავშირები, რა კომპოზიციური ელემენტები, გრაფიკული შტრიხები თუ ფერთა გამა აშენებს ამ ტილოს? სად მთავრდება ემოცია და იწყება ანალიზი? ეს პროცესი ყველასთვის ინდივიდუალურია.

საინტერესოა, რომ ხელოვნების ნიმუშის ანალიზის შესახებ ვასილი კანდინსკიმ ჯერ კიდევ 100 წლის წინ უპასუხა:

„ნაწარმოების შეცნობას მიჰყავს ადამიანი მისი ავტორის თვალთახედვამდე“;

„მხატვრული ელემენტების ანალიზი, მისი მეცნიერული ღირებულების გარდა, რომელიც დაკავშირებულია ზუსტ შეფასებასთან ელემენტებისა, აბამს ხიდს ნაწარმოების შინაგან პულსაციასთან“ (კანდინსკი ვ.ვ წერტილი და ხაზი სიბრტყეზე).

„მოსაზრება, რომ ნაწარმოების „დაშლა“ ხელოვნებისთვის საშიშია, იმიტომ რომ მას მივყავართ ზუსტად ამ ხელოვნების სიკვდილამდე, მოდის სწორედ არცოდნიდან თვითმყოფადი შემადგენელი ელემენტებისა და მათი პირველყოფილი ძალისა“ (ვ. კანდინსკი წერტილი და ხაზი სიბრტყეზე).

მე ვურთიერთობდი მხატვრებთან და როგორც წესი, როდესაც მათ ეკითხები: რას ნიშნავს ეს ნახატი? ეს პერსონაჟი ან ელემენტი? ძალიან ხშირად შეიძლება გაიგოთ შემდეგი პასუხი: მე ჩემი ნახატით უკვე ვთქვი ყველაფერი, რაც მინდოდა მეთქვა! დანარჩენი თავად არკვიეთ! აი, კანდისკის მდგომარეობა კი სხვაგვარია. გარდა საოცარი ფერწერული ტილოებისა, მან დაწერა რიგი წიგნებისა, რომლებშიდაც დეტალურად ყვება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვუყუროთ მხატვრულ ნაწარმოებებს და რა უნდა დავინახოთ მათში. მთავარი პრინციპები გამოთქმულია სწორედ უკვე ნახსენებ წიგნში: წერტილი და ხაზი სიბრტყეზე.

ეს არ არის პოპლარული წიგნი, მაგრამ მასში აღბეჭდილი ინფორმაცია იმდენად ფუნდამენტურია, რომ სასურველია საპროგრამო იყოს სკოლებისთვის, მუსიკის გაკვეთილების დონეზე. კარგი იქნებოდა იმიტომ, რომ ეს წიგნი ასწავლის ძალიან დეტალურად, მრავალრიცხვოვანი ილუსტრაციების საშუალებით ხსნის, თუ როგორ უნდა დაინახო ნახატში საბაზისო ელემენტები და განმარტავს დაკვირვების პროცესს იმაზე თუ როგორ იყენებს ამ ელემენტებს მხატვარი, ზომების, ფორმებისა და ურთიერთგანლაგების ცვლილების შედეგად, იმისათვის რომ მიაღწიოს სრულიად სხვადასხვა ეფექტს და ამით გადმოსცეს სხვადასხვა შინაარსი. თან ეს აღწერა აქვს დაწერილი არა ფორმალურ, სამეცნიერო ენაზე, არამედ პოეტური,  ინტუიტიურად გამჭვირვალე შემოქმედებითი ენით.

მე ადრეც ვხვდებოდი, რომ ნახატზე არასდროს არის წერტილი და ხაზი უაზროდ და კავშირის გარეშე გამოყენებული, ისინი შეკავშირებული არიან ერთმანეთთან რთული ანსამბლით. ვხვდებოდი და ვცდილობდი შეძლებისდაგვარად ამ ანსამბლის მუსიკა მომესმინა. ელემენტთა ურთიერთკავშირი შეიძლება იყოს ძალიან რთული: ანარეკლებით, ტეხილად, ვიბრირებულად, რიტმულად, გრაფიკული ან ფერადი ვარიაციებით. კანდინსკი ამ ურთიერთკავშირებს უწოდებს მუსიკალურ ტერმინს/ცნებას: „კონტრაპუნქტის პრინციპები“. იგი თვლის, რომ ნაწარმოების ემოციურ, ჭეშმარიტ  აღქმასთან ერთად, სწორედ ამ პრინციპებში გარკვევაა საჭირო შინაარსში სრულებით ჩაწვდომისათვის.

ინფორმაცია, რომელიც აღბეჭდილია წიგნში „წერტილი და ხაზი სიბრტყეზე“  არ არის ერთგვარი ახსნა-განმარტება მხოლოდ კანდინსკის ნახატებისა, ეს პრინციპები უნივერსალურია ყველა ტილოზე არსებული ობიექტების სწორად აღქმისათვის, რუსული ხატწერის ნიმუშებიდან მოყოლებული აბსტრაქტული ხელოვნებითა და კინემატოგრაფიით დასრულებული. ეს არის ანბანი, იმისათვის, რომ სწორად წაიკითხო ნახატი. ძირითადად, სწორედ არაფიგურატიული, აბსტრაქტული, ცალკე აღებული არაფრისმთქმელი სიმბოლოებითა და ნიშნებით იბადება შინაგანი სული და შინაარსი ხელოვნების ნიმუშისა.

კიდევ ერთი დაკვირვება კანდინსკისა ეხება დროის ფაქტორს ნახატში. ერთი მხრივ, ის არც არსებობს, ის მთლიანია და დასრულებული არსებობის ნებისმიერ მომენტში. ფერწერული ტილო არ არის მუსიკა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, იგი  არ იცვლება დროის განმავლობაში. მაგრამ როდესაც ნამუშევრის წინ ჩერდება მაყურებელი, უკვე მისეულ აღქმაში იბადება „თანაცხოვრების“/„კონტაქტის“დროითი შეგრძენაბა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წამი, წუთი, საათი ან იქნებ მეტიც, როდესაც ნამუშევარი იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე, რომ მის მეხსიერებაში სამსჯელო საგნად ის რჩება და პერიოდულად ჩნდება მაშინაც კი, როდესაც რეალურად მის თვალწინ არ არის.    მე ვამბობ „მნახველს“, მაგრამ ვგულისხმობ, მას ვინც თავიდან ნამუშევრის წინ დგება, შემდეგ მასში იძირება და ხდება რეალური „დამნახველი“, ანუ ის, ვინც უბრალოდ კი არ უყურებს, არამედ ხედავს ნამუშევარს. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესისთვის 5 წამი საკმარისი არ არის, ხშირად საათებიც კი... სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის თვალები და მასთან ერთად ფოკუსირებული შინაგანი ყურადღება, მოგზაურობენ ნახატის სივრცეში, ელემენტების აღქმის, რეკონსტრუირების და მათი გაგების პროცესში.

წერტილი, როგორც ლაქის, წრის, ყველაზე მეტად შემჭიდროებული გამოსახულება, კანდინსკის განმარტებით ყველაზე მოკლე დროითი ფორმაა. წერტილი შეიძლება გადაიქცეს ხაზად, როგორც წერტილის მოძრაობის ამსახველი გამოსახულება, რომელიც კიდევ ერთი შემყვანი ფაქტორია ნახატის დროით სივრცეში.

ნახატი შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც რთული რომანი,  რომელშიც ბევრი ფეწერული ხაზია. ისინი ხან ერთდროულად ვითარდებიან ხან კი ცალ-ცალკე. მხოლოდ ამ მრავალშრიანი, მრავალხმიანი რომანის წაკითხვის შემდეგ, შეგვიძლია, მივხვდეთ თუ რა დაწერა ავტორმა, ან მეორე მხრივ შესაძლებელია დავხუროთ წიგნი, და ვთქვათ სისულელეა!

არის პრინციპული განსხვავება მხატვრულ და მუსიკალურ ტილოებს შორის: მუსიკაში დრო მიედინება, მაგრამ ის განსაზღვრულია შესრულების პროცესით, რა თქმა უნდა ვარირებს შემსრულებლისა და მისი აღქმის პროპორციულად, მაგრამ მაინც ახლო ფარგლებში, ხოლო მხატვრული ნაწარმოების დროის დინება განისაზღვრება უფრო თავისუფლად, დამკვირვებლის განწყობისა და დაინტერესებულობის, თუნდაც ფანტაზიის ხარისხით. ეს გასაოცარი პროცესია!

როგორ შეიძლება  ყოველივე ზემოთქმული ილუსტრირებულიქნას კანდინსკის კონკრეტულ ნახატში? ავიღოთ, მაგალითად, მისი მერვე კომპოზიცია, რომელიც დაწერა 1923 წ. ბაუჰაუზში:

ერთი შეხედვით, ქაოსურად განლაგებული გეომეტრიული ფიგურები, არაორგანიზებულადაა ტილოზე განაწილებული. ამ, პირველი შთაბეჭდილებით, შემთხვევითად ფიგურების გადანაწილების მიუხედავად,  კომპოზიცია საფუძვლიანად არის გათვლილი. ამაზე მიგვითითებენ ნამუშევრის მოსამზადებელი ესკიზების ევოლუციის ეტაპები. აქ არ არის ქაოსი.

დავაკვირდეთ... ტილოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ძალიან რიტმული მოტივი, მელოდია ოთხი ნახევარწრისა, რომელიც მყარად მოკალათებულა ჰორიზონტალურ ხაზზე, ბაზაზე, როგორც ჰორიზონტზე. ეს არის ამ თემის მხოლოდ პირველი ჩვენება, აი, შეხედეთ, ოდნავ ქვემოთ, ისევ ის ოთხი ნახევარწრეა, ვერტიკალური საყრდენი ხაზის მიუხედავად, ჰორიზონტალური საყრდენის გარეშე -  ჩამოსრიალებულან. ეს ყველაფერი არ არის, ზუსტად იგივე სტრუქტურა, მელოდია, ტილოს ზედა ნაწილში, შორს, სივრცეში წასულა, თითქოს გადნა იქვე. მარცხენა ზედა ნაწილში არის კანდინსკის ფერწერული ანბანის ერთ-ერთი უსაყვარლესი მოტივი: წრფე, რომლის გარშემოც მოძრაბს და რომელსაც კვეთს ტალღისებური ხაზი. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ეს მოტივიც წარმოიშვა იმ ოთხი ნახევარწრის მოტივიდან  და იგი ნელ-ნელა დნება მძლავრი რკალისებური დარტყმით. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი ფუგაა მთელი ამ ნამუშევრიდან.

მახვილი კუთხე, წრეები, სამკუთხედები და ამ სტრუქტურებზე დაფუძნებული ვარიაციები მრავლად იჩენენ თავს სხვადასხვა ანსამბლში ამ შედევრისა. მაგრამ, ეს არ არის მშრალი გეომეტრიული ფიგურები. კანდინსკი მათ ემოციურ-ფსიქოლოგიურად ახასიათებს: ჰორიზონტალები ჟღერენ „ცივად და მინორულად“, ვერტიკალები „თბილად და ამაღლებულად“, მახვილი კუთხეები არიან „თბილები, გამჭოლები, აქტიურები და ყვითლები“, მართი კუთხეები არიან „ცივები, თავშეკავებულები და წითლები“.

სრულიად განსხვავებული თემაა, დაათვალიერო და დატკბე კომპოზიციის ხელოვნებით, თან გრაფიკული კომპოზიციის ხელოვნებით. ამის მიზეზი ის არის, რომ კანდინსკის შემოქმედება ძალიან დახვეწილია. მისი შავ-თეთრი ნამუშევრებიც კი საინტერესოა მათში ჩასაძირად. აი, ახლა მიაქციეთ ყურადღება, როგორი ელეგანტურია პატარა ყავისფერი კვადრატი ჰორიზანტალური ხაზების ორმაგი მოკლე დარტყმით ქვედა მარჯვენა კუთხეში. როგორ საოცრად არის ის აქ განლაგებული, თავდაჯერებულად იჭერს მთელს კომპოზიციას და ერკინება მძიმე წითელ-შავ-იასამნისფერ წრეს მარცხენა ზედა კუთხეში.

მოდით, მივაქციოთ ყურადღება, კომპოზიციის წრიულ ელემენტებს. რა თქმა უნდა, ყველაზე მძლავრი და მძიმე სწორედ ეს მარცხენა ზედა კუთხის წრეა. მაგრამ ის უბრალოდ მძიმე არ არის, შავი წრის შიგნით მდებარე იასამნისფერი წრე, მას თითქოს ოდნავ ამსუბუქებს, ასე ვთქვათ, „ასუნთქებს“,  ის ასოცირდება იმავე ფერის უფრო პატარა წრესთან მარჯვენა ქვედა კუთხეში. (სხვათა შორის, ძალიან რთულია ამ შავის ცენტრში იასამნისფერი წრის გამოსახვა პოლიგრაფიულ რეპროდუქციაში, ის შეიძლება სრულიადაც გაქრეს). დავუბრუნდეთ შავ წრეს, დამატებითი შემსუბუქებისთვის ის გარშემორტყმულია ვარდისფერ-წითელი შარავანდედით, რომელსაც ნაწილობრივ კვეთს წითელი წრე ყვითელი შარავანდედით. და ამ კუთხის კომპოზიციას აბალანსებს მსუბუქი ყვითელი წრე ცისფერი გამოსხივებით, განლაგებული მარცხნივ, ქვედა ნაწილში.

მარცხენა წრეების ჯგუფი ბალანსდება მარჯვენა მხარეს არსებული წრიული ელემენტებით, რომლებიც თავიანთი განლაგებით ორიონის თანავარკვლავედს მოგვაგონებს: ჯგუფი წრეებისა მარჯვენა ზედა კუთხეში, ლურჯი წრე მათ ქვეშ და ორი წრე ქვემოთ, მარჯვენა მხარეს, იასამნისფერი და მომწვანო (რომლებიც დაკავშირებული არიან ყვითელი სამკუთხედითა და ყავისფერი კვადრატით). ვხედავთ ორიონის თანავარსკვლავედის ქამარსაც კი, რომელიც შედგება სამი რთული წრიული ელემენტისგან მარჯვენა მხრის ცენტრში.

კიდევ ერთი ელეგანტური ელემენტი კომპოზიციისა არის იასამნისფერი წრე მარჯვენა ქვედა კუთხეში, ზემოთკენ აქროლვადი ხაზის კვეთაზე. ეს მკვეთი ხაზი კი ცალსახად აკავშირებს ამ ქვედა წრეს ზედა მარჯვენა ნახევარწრესთან, ხოლო ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც კვეთს ამ ქვედა წრის ცენტრს, კიდევ ერთხელ ახმიანდება ქრობადი ტრელის სახით, ანუ იმიტირდება ქვემოთ. ეს ორი ჰორიზონტალური ხაზი სარკისებურად აირეკლება ვერტიკალური ხაზის გასწვრივ და კომპოზიციური ცენტრის გასწვრივ, მანძილი ამ მეორედ და მესამედ იმიტირებულ მოტივში გაცილებით მცირეა. რას ნიშნავს ეს? თუ ამ კონსტრუქციას არა ორ, არამედ სამ განზომილებაში, მოცულობაში დავინახავთ, გამოვა, რომ ეს წყვილები ხაზებისა განლაგებულია უბრალოდ სიღრმეში, ვიდრე მათი მარჯვენა პარტნიორი. ის, რაც მე დავწერე, შეიძლება იყოს გაშლილი სხვადსხვამხრივ. „კონტრაპუნქტის პრინციპი“ გვაძლევს საშუალებას დავინახოთ და დავაკვირდეთ კიდევ უფრო მეტ და მრავალგვარ ელემენტთა შეხამებას და როგორც მივხვდით, გრაფიკული კომპოზიციის გარდა, ფერთა გადაწყვეტა არის ასევე წყარო ცალკეული მუსიკალური აღქმით შეფასებისა.

მიუხედავად იმისა, რომ სურათს ყველა თავისებურად ხედავს და ყველა საკუთარ წარმოსახვას, გამოცდილებასა და ფანტაზიას ეყრდნობა, ჩემ მიერ აღწერილი ელემენტები არ არის მოგონილი, მათ ხედავს ყველა. აბსოლუტურად იგივე სიტუაციაა მუსიკაშიც: საკონცერტო დარბაზში ყველას ესმის ერთი და იგივე მუსიკა, და აი, როგორ ინტერპრეტაციას განიციდის ის თითოეული მსმენელის გონებაში ეს უკვე სულ სხვა თემაა.

შემთხვევითია თუ არა კავშირი კანდინსკის ნახატებსა და მუსიკას შორის? მქონდა ერთხელ ასეთი ეპიზოდი. ვდგავარ კანდინსკის ნამუშევრის improvization 27-ის წინ, მეტროპოლიტენ მუზეუმში, ნიუ-იორკში. ნამუშავერი ძალიან რთული და ღრმად შინაარსობრივია.  თვალიერებისას მომიახლოვდა საექსკურსიო ჯგუფი და მათი გიდი, რომელიც იწყებს ამ კომპოზიციაზე საუბარს და სვამს კითხვას: რომელი კომპოზიტორის მუსიკას დაუკავშირებდით ამ ნამუშევარს? აუდიტორია დუმს, გიდი ეხმარება აუდიტორიას: იქნებ ჰაიდნის? ეკითხება, გაოგნებულები ისევ უსმენენ, ვეღარ ვითმენ და ვპასუხობ: მალერის! გიდს სახე გაუბრწყინდა: დიახ, რა თქმა უნდა! აი, ასეთი პარადოქსია, არც მე ვიცნობდი ქალბატონს და არც ის მიცნობდა მე, მაგრამ ჩვენებური მუსიკალური აღქმა ამ ნამუშევრისა ერთმანეთს დაემთხვა.

Improvization #27

კანდინსკის შედევრები, განსაკუთრებით კი მისი აბსრაქტული ნამუშევრები, ძალიან მუსიკალურია. რა მაქვს მხედველობაში? როდესაც ჩვენ  ვისმენთ მუსიკას, ის ძალიან იშვიათად აცოცხლებს ჩვენთვის ბუნებრივ, ცხოვრებისეულ ხმოვანებებს, როგორიცაა ცხოველთა და ფრინველთა ხმები, კარის ჭრაჭუნი, თუმცა, იშვიათად ასეთი მაგალითებიც გვხვდება. მუსიკა იშვიათადაა ფიგურატიული, ამ სიტყვის ფერწერული ფიგურაციის გაგებით, მისი არსებითი მნიშვნელობა - ანალოგიურია აბსტრაქტული ფერწერისა. აბსტრაქტული ფერწერის მსგავსად, აბსტრაქტულ მუსიკაში ნოტებით, აკორდებითა და ჰარმონიული სისტემით შექმნილი სტრუქტურები განსხვავებულად და ინდივიდუალურად აღიქმება თითოეული მსმენელის მიერ. თუმცა, აგრეთვე არსებობს, არ ვიტყვი ობიექტური, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილებები მსმენელების, კომპოზიტორებისა და შემსრუსრულებლების, რომლებსაც ყველა იზიარებს. ეს პარადოქსულია, თუმცა ფაქტია!

მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ვასილ კანდინსკი დაკავშირებული იყო მუსიკასთან, უკრავდა ვიოლონჩელოსა და ფისჰარმონიაზე. არსებობს გაბრიელა მიუნტერის პორტრეტი, რომელზეც აღბეჭდილია კანდინსკი ფისჰარმონიასთან. თავის მკვეთრ შთაბეჭდილებებზე მუსიკის შესახებ ის წერს საკუთარ წიგნში „საფეხურები“. წიგნში „წერტილი და ხაზი სიბრტყეზე“ კანდინსკის მოყავს სანოტო მაგალითი ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიიდან, რომლითაც ასახავს მსგავსებას მელოდიისა ხაზთან და ბგერისა წერტილთან. ასევე, მის ნაშრომებში ხშირად არიან ნახსენები: მუსორგსკი, დებიუსი, ვაგნერი და სხვ.

გ.მიუნტერი - კანდინსკის პორტრეტი

კანდინსკი წერს, რომ ფერწერული ტილო ჯერ უნდა დაათვალიერო ახლოდან, შემდეგ უნდა მოადუნო თვალი და მისცე საშუალება დანახულს, შეიჭრას ტვინის იმ ნაწილში, რომელიც რეაგირებს მუსიკაზე. კანდისკი ძალიან იყო დაინტერესებული სინერგეტიკული სინთეზით მუსიკისა და შუქის, სკრიაბინის შემოქმედებაშიც გავიხსენოთ, მისი ცნობილი სიმფონიური პოემის „პრომეთეს“ პარტიტურაში პარტია luce, სინათლის თანხლების პარტია.

კანდიდნსკი პირადად იცნობდა არნოლდ შონბერგს, ისინი მრავალი წლის განმავლობაში სწერდნენ ერთმანეთს. შონბერგი ასევე იყო დაინტერესებული მუსიკისა და მხატვრობის კავშირების პრობლემებით. აღსანიშნავია, რომ მუსიკალური ნაწარმოებების გარდა შონბერგი ფერწერულ ტილოებსაც წერდა. ვიზუალურისა და სმენითი აღქმის კონტრაპუნქტი განხილულია კანდინსკის, კლეესა და ჩურლიონისის კორესპონდენციაშიც. ინტერესით სინერგეტიკული სინთეზისადმი კანდინსკი ურთიერთობდა კიდევ ერთ პიონერთან ამ საკითხში: ვლადიმერ ბარანოვ-როსინესთან, რომელმაც გამოიგონა და შექმნა ინსტრუმენტი „ოპტოფონი“, რომელშიც სინათლე და ბგერა შერწყმულია (ბგერები გარდაიქმნება სინათლის სხივებად).


























    რასთან ასოცირდება ჩემთვის კანდინსკის სახელი? პირველ რიგში აბსტრაქტულ ფერწერასთან, საკუთარ ნამუშევრებში კანდინსკიმ გამოკვეთა თვითღირებულება წმინდად ფერწერულ-აბსტრაქტული კომპონენტებისა. მისი მეორე უმნიშვნელოვანესი მიღწევა თეორიული ხედვაა ფერწერული ტილოსი, აღწერა მისი ანბანის, კავშირებისა და მექანიზმების ჰარმონიასა და „დისონანსურ“ ბაზისურ ელემენტებს შორის. კანდინსკიმ, როგორც მგრძნობიარემ მუსიკისადმი, შეძლო, ეჩვენებინა მჭიდრო კავშირი ფერწერასა და მუსიკას შორის. საინტერესოა, რომ ამ კავშირს იგი აფუძნებდა არა ფიზიოლოგიურ, პერსონალურ სინერგიაზე, არამედ უფრო მაღალ, შინაარსობრივ კავშირთა დონეზე, „კონტრაპუნქტის პრინციპზე“ მუსიკასა და ფერწერასთან მიმართებაში. ამასთან, მისი ნამუშევარი „ყვითელი ხმა“ 
„ყვითელი ხმა“
გაგრძელებაა თემისა „კონტრაპუნქტის პრინციპი“  ოღონდ უკვე მუსიკისა და თეატრალური მოქმედების მიმართებაში.

კანდინსკი - საოცარი მხატვარი და მუსიკოსია“ ...  ამბობს სტატიის დასასრულს ავტორი სტერლიგოვი.




 (მარცხნივ) კონცერტი „პრომეთეუსი“ (სკრიაბინი+კანდინსკი), 21 ივნისი, 1996 წ. (ყაზანი, რუსეთი); (მარჯვნივ) ვ. კანდინსკის ნამუშევარი, რომელიც ფონად ჰქონდა წამძღვარებული კონცერტს.


 სტატია თარგმნა და გამოსაცემად გაამზადა მუსიკოლოგიის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტმა: ელენე ელიოზიშვილმა.

 სტატია წარმოდგენილი იყო ჟურნალში „აპრასკინ ბლუზი“ (Апраскин Блюз) (#28 „კონფლიქტის რიფები“), რომელიც გამოიცემა 1995  წლიდან. ორიგინალი სტატიის სანახავად გადადით ბმულზე.

 

 

 

 

 

 


Comments