იოსებ ბარდანაშვილი – ახალგაზრდობის გულშემატკივარი

 ავტორი: კონსერვატორიის მუსიკოლოგია-კომპოზიციის
 ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი
 ანნა ნიკოლოზიშვილი 

პოსტმოდერნისტი იოსებ ბარდანაშვილი (1948, ბათუმი) თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ალექსანდრე შავერზაშვილის მოსწავლე გახლდათ. მისი მუსიკით საზოგადეობა 70-იან წლებში დაინტერესდა, როდესაც მისი შემოქმედება სიახლეების ძიების გზაზე იდგა. თავის შემოქმედებაში კომპოზიტორს არაერთხელ მიუმართავს თანამედროვე საკომპოზიტორო ტექნიკებისთვის (მათ შორის დოდეკაფონია, ალეატორიკა, თუ სონორულ ტექნიკა), თუმცა იგი დღემდე ერთგული რჩება ტრადიციული საკომპოზიტორო მეთოდებისაც. აღსანიშნავია, რომ მისი „შერეული“ წარმომავლობიდან გამომდინარე, ხშირად, მის ნაწარმოებებს ორი კულტურის, ქართულისა და ებრაულის სინთეზი გამოარჩევს. ცნობილია, რომ მასზე დიდი გავლენა იქონია ალფრედ შნიტკეს პოლისტილისტიკურმა მუსიკამ და მისი უფროსი კოლეგის გია ყანჩელის შემოქმედებამ. მის მსგავსად, იგი უამრავი, და არამხოლოდ ქართული კინოფილმისა და სპექტაკლების მუსიკის ავტორია (სიმინდის კუნძული, 2014; სიყვარული ყველას უნდა 1980; მატანა მიშამაიმ 2003;...). მან დაწერა პირველი ქართული როკ-ბალეტი (1982) და როკ-ოპერა „ალტერნატივა“ (1976). მასვე ეკუთვნის ოთხი სიმფონია, სამი ბალეტი, სამი ოპერა, კონცერტები, კამერული, საფორტეპიანო, საგუნდო და ვოკალური ნაწარმოებები. 1995 წლიდან  ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი მოღვაწეობს ისრაელში. მის მუსიკას წარმატებით ასრულებენ ცნობილი ორკესტრები და მუსიკოსები საქართველოში, ისრაელში, აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, გერმნიაში, ესპანეთსა და მრავალ სხვა ქვეყანაში.

 ქართველ-ებრაელი კომპოზიტორის თანამედროვე, ერთი მხრივ, ექსპერიმენტალური მუსიკა, ხანდახან, თავისებურ, რომანტიკულ ხასიათს ატარებს, თუმცა, მისი სტილისთვის ყველაზე შესაფერისიი მიმდინარეობა, ალბათ, მაინც ექსპრესიონიზმია. სხვადასხვა ხერხით გამოხატული სივრცე, შრეების ერთმანეთზე დაფენა, და რაც მთავარია, დრამატული განვითარების პროცესი დაგვირგვინებული შთამბეჭდავი კულმინაციებით.

 იოსებ ბარდანაშვილი დღევანდელ, ვირუსით გამოწვეულ, რთულ რეალობასაც წარმატებით უმკლავდება. იგი აგრძელებს თავის საკომპოზიტორო და პროფესიულ მოღვაწეობას თელ-ავივის უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიაში, იერუსალიმის მუსიკის აკადემიასა და ბერკლის უნივერსიტეტის ისრაელის ფილიალში. მიმდინარე სემესტრის განმავლობაში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებს, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ინიციატივით, ორჯერ მოგვეცა საშუალება, კომპოზიტორს შევხვედროდით (ონლაინ). იოსებ ბარდანაშვილმა უკეთ გაგვაცნო საკუთარი შემოქმედება, ისაუბრა თავის წარმოშობაზე,  კავშირზე საქართველოსთან და ქართველ კომპოზიტორებთან და მრავალ სხვა თემაზე.

მასთან ერთად, ჩვენ მოვისმინეთ მისი ორი თანამედროვე ნაწარმოები. პირველი მათგანი იყო „ვერდიბა“ ფლეიტის, კლარნეტის, ვიოლინოს, ვიოლონჩელოს, ფორტეპიანოსა და დასარტყამი ინსტრუმენტებისთვის. სახელწოდებიდანვე (ებრაულად „ვერდი მოვიდა“) ვხვდებით, რომ იგი შთაგონებულია ცნობილი იტალიელი კომპოზიტორით, ჯუზეპე ვერდით, კონკრეტულად კი მისი ოპერა „რიგოლეტო“-თი. ამ ნაწარმოებში თვალსაჩინოა, თუ როგორ ქმნის ბარდანაშვილი მუსიკალურ დრამას არაჩვეულებრივი არანჟირებისა და ხშირი კონტრასტების მეშვეობით. მეორე, ჟანრულად განსხვავებული ნაწარმოები, გახლავთ „ყოველივე არის სარკე“, მეცოსოპრანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის. იგი 2018 წელს დაიწერა მაესტრო ზუბინ მეჰტას ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრთან  გამომშვიდობებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ნაწარმოების შექმნის სურვილი ორკესტრის ხელმძღვანელს ცნობილი ქართველი სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის მოსმენის შემდეგ გაუჩნდა და ამ იდეის ხორცშესხმა იოსებ ბარდანაშვილს შესთავაზა. სხვადასხვა ლიტერატურული წყაროებიდან არჩეული შვიდი სიმღერა სამი ენის ქართულის, ებრაულისა და ინგლისურის კომბინაციას წარმოადგენს. ქართული ხალხური სიმღერით დაწყებული და ზარატუშტრათი დამთავრებული, ნაწარმოები ღრმა ფილოსოფიურ აზრზს გადმოგვცემს და, ამავდროულად, ავტორის მულტიკულტურალიზმს ადასტურებს.

 აღსანიშნავია, მისი მოწოდება სტუდენტებისადმი, რათა მათ მეტი ინტერესი გამოიჩინონ თანამედროვე მუსიკის მიმართ და აქტიურად გაიფართოვონ სმენითი შთაბეჭდილებები და ცოდნა დღევანდელ დაძაბულ და ბუნდოვან ვითარებაშიც კი. მისი გახსნილი და ყურადღებიანი ხასიათიდან გამომდინარე ნათელია, რომ იოსებ ბარდანაშვილი ახალგაზრდა მუსიკოსების, კომპოზიტორებისა და მუსიკოლოგების დიდი გულშემატკივარია, არა მარტო ისრაელში, არამედ საქართველოშიც. 


_______________________________________

გამოყენებული წყაროები:

Bolashvili, K.  (2001). Bardanashvili, Ioseb. Grove Music Online. Retrieved 29 Oct. 2020, from https://www.oxfordmusiconline.com/grovemusic/view/10.1093/gmo/9781561592630.001.0001/omo-9781561592630-e-0000043390

"Bardanashvili, Josef ." Encyclopaedia Judaica. . Retrieved October 16, 2020 from Encyclopedia.com: https://www.encyclopedia.com/religion/encyclopedias-almanacs-transcripts-and-maps/bardanashvili-josef
Bardanashvili, Josef. Israel Music Institute, Retrieved 29 Oct, 2020 from
http://www.imi.org.il/Josef-Bardanashvili-Israel-Music-Institute

Bardanashvili, Josef. Israel Composers League. Retrieved 29 Oct, 2020 from https://www.israelcomposers.org/Members.aspx?lang=English&letter=B&id=74

Comments

  1. მადლობა ავტორს ამ სტატიისთვის

    ReplyDelete

Post a Comment