რთული დასაჯერებელია, რომ უკვე ნახევარ წელიწადზე მეტი გავიდა, რაც სამყარო საშიშ ვირუსს ებრძვის. მრავალი ჩვენგანისთვის ეს მოვლენა სიზმარივითაა, რომელიც ალბერ კამიუს „შავ ჭირს“ მოგვაგონებს. ამ სიზმრიდან გამოფხიზლებისას ეპიდემიური ვითარება ჩინეთის, აშშ-ს, იტალიასა, თუ ირანისათვის მალევე მკაცრ რეალობად იქცა. თითქმის ოთხმილიონიანი საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, სადაც, საწყის ეტაპზე, კორონავირუსი მარტივად კონტროლირებადი აღმოჩნდა. პირველი ტალღის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში, ვირუსის სწრაფი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა (1200 ინფიცირებული და 17 გარდაცვლილი). ამისდა მიუხედავად, სექტემბრის დასაწყისიდან, საქართველომ, ისევე როგორც მთელმა მსოფლიომ, ვეღარ შეძლო თავი დაეცვა მეორე ტალღისგან და ინფიცირებულების რიცხვი სწრაფად გაიზარდა. დღეის მდგომარეობით გვყავს 14 000-ზე მეტი ინფიცირებული და 113 გარდაცვლილი*. კარანტინის განმავლობაში საქართველოში შეჩერდა საზოგადოებრივი და სარკინიგზო ტრანსპორტი, დაწესებული იყო კომენდანტის საათი 21.00-დან 6.00 სთ-მდე. საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, პანდემიამ რადიკალურად შეგვიცვალა ცხოვრების წესი და ყველას, მუსიკოსების ჩათვლით, გვაიძულებს დროის უმეტესი წილი გავატაროთ ონლაინ.
გადასვლა ონლაინ სფეროში
მუსიკალური ცხოვრება ოპერიდან, საკონცერტო დარბაზებიდან, ტელევიზიიდან, რადიოდან, მუსიკალური სკოლებიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან მალევე გადავიდა ვირტუალურ სამყაროში. ჩატარებული კონცერტების, საოპერო და საბალეტო წარმოდგენების, ახლად ჩაწერილი და კომბინირებული სოლო, ანსამბლური, თუ საორკესტრო მუსიკის გამოქვეყნებას, ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით, არც ქართველი მუსიკოსები ჩამორჩენილან.
მრავალი გაუქმებული კონცერტისა და ფესტივალის მიუხედავად, მოგვეცა საშუალება, მოგვესმინა საუკეთესო ინტერპრეტაციებისთვის კონსერვატორიის დიდი დარბაზის, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ფეისბუქ-გვერდების მეშვეობით. ახალგაზრდა ქართველების პირველი რეაქცია, იზოლაციასთან დაკავშირებით, იყო კამპანიის „გაავრცელე მუსიკა და არა ვირუსი“-ს წამოწყება. მასში მონაწილეობა მიიღეს ნიჭიერმა მუსიკოსებმა საქართველოდან და უცხოეთიდანაც. ამის მეშვეობით ჩვენი ფეისბუქ-გვერდები გადაიქცა საკონცერტო დარბაზად, რომლის საშუალებითაც შეგვეძლო, მოგვესმინა სახლის პირობებში რეალიზებული სხვადასხვა ნაწარმოები სხვადასხვა ინსტრუმენტისთვის. საინტერესო პროექტებს შორის უნდა ვახსენოთ – „მუსიკალური კლასტერი და კოვიდ ერა“, რომელიც მოიცავდა შვიდ ვიდეო-საუბარს შემსრულებლებთან, კომპოზიტორებთან და მუსიკოლოგებთან საქართველოდან, აშშ-დან, პოლონეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან. საუბრები დაკავშირებული იყო პანდემიის გამო წარმოშობილ გამოწვევებთან და ახალ შესაძლებლობებთან. გავიგეთ, თუ როგორ ინარჩუნებენ მუსიკოსები ფორმას, რა სტრატეგიებით აღწევენ თავს დღევანდელ კრიზისს და ასევე, იმის შესახებ, თუ რა წესები უნდა დავიცვათ ონლაინ ჩართვისას, როგორ მოვიზიდოთ ახალი მაყურებელი ან მსმენელი. ეს საუბრები, ასევე, დღევანდელი ვირტუალური კულტურის სხვა მნიშვნელოვან ასპექტებსაც შეეხებოდა.
კავკასიის ყველაზე დიდი, ყოველწლიური ფესტივალის – Tbilisi Open Air-ის გაუქმებამ მრავალი ახალგაზრდა ელექტრო და როკ მუსიკის მსმენელის დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. რამდენიმე დაგეგმილი ფესტივალიდან ერთ-ერთი, რომელიც ამ რთული სიტუაციის მიუხედავად მაინც შედგა, არის ყოველწლიური ფესტივალი – „ქალი და მუსიკა“. იგი 2013 წლიდან გვთავაზობს კონცერტებს, კონფერენციებსა და ფილმების ჩვენებებს. მისი დანიშნულებაა გააუმჯობესოს მამაკაცებსა და ქალებს შორის არსებული უთანასწორო მდგომარეობა მუსიკალურ საზოგადოებაში – ამ პრობლემისგან თავის დაღწევას ცდილობენ ქალი-მუსიკოსები ყველგან და ამასთან, არამარტო პოსტკომუნისტური ქვეყნებიდან. წელს ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ონლაინ-დისკუსია, გამოქვეყნდა წარსულში ცნობილი ქალი კომპოზიტორებისა და შემსრულებლების ჩაწერილი ნაწარმოებები. პირველი პოსტპანდემიური ფესტივალი, რომელიც, ტრადიციულად, ცოცხლად შედგა, იყო ახალი, სამდღიანი „ზაფხულის ღამის ჯაზი“ 13-15 აგვისტოს, თბილისში. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოში და მსოფლიოში განთქმულმა 50-მდე მუსიკოსმა (მათ შორის: ბექა გოჩიაშვილი, მაია ბარათაშვილი, დინი ვირსალაძე, ზაზა მარჯანიშვილი, დავით ჯაფარიძე...), რომლებიც ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, სცენაზე დაბრუნდნენ.
მსმენელისთვის საყვარელი და ყოველწლიური ორი ფესტივალიდან, როგორებიცაა თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი და წინანდლის ფესტივალი, სექტემბერში მხოლოდ ეს უკანასკნელი შედგა. იგი გაიმართა ღია ცის ქვეშ, ოთხი დღის განმავლობაში. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის მიმოსვლის შეზღუდული გრაფიკისა და ფესტივალზე კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მიღებული უსაფრთხოების მკაცრი ზომების მიუხედავად, მისი წარმატება უდავოა, მათ შორის, საერთაშორისო მუსიკალური სამყაროს მნიშვნელოვანი ფიგურების მასში მონაწილეობის დამსახურებითაც (გვესტუმრნენ: პიანისტი მარტა არგერიხი, დირიჟორი გიანანდრეა ნოსედა, მევიოლინე დანიელ ლოზაკოვიჩი და სხვები).
შემოქმედება იზოლაციაში
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ეპიდემიურმა აფეთქებამაც კი ვერ შეძლო შემოქმედებითი პროცესების შეჩერება. პირიქით, კომპოზიტორებმა დაიწყეს ახალი გზების ძიება, თუ როგორ გადაეტანათ მუსიკა ინტერნეტ სივრცეში. ვირუსი მალევე გახდა ახლადშექმნილი, ვირტუალური ინტერპრეტაციისთვის განსაზღვრული ნაწარმოებების მთავარი თემა (ნიკოლას პაპადიმიტრიუს „Covid-19“ ფუგა, ჯეფფ დეპაოლის „Coronavirus“ ეტიუდი ფორტეპიანოსა და სადეზინფექციო ტილოსათვის...). ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები დაკავშირებული მიმდინარე მოვლენებთან არის ახალგაზრდა ქართევლი კომპოზიტორის, კოკა ნიკოლაძის „Pandemic“ იზოლაციაში მყოფი ასი მუსიკოსისთვის. მოკლე ნაწარმოები დაიწერა ოსლოს ფილარმონიის დაკვეთით და მისი პრემიერა 22 აპრილს შედგა, მისივე ვებ-გვერდზე.
ვირტუალური ანსამბლის შექმნა, ჯერ კიდევ ამ წლის დასაწყისშივე, საკმაოდ არარეალუად მოგვეჩვენებოდა. თუ აქამდე ონლაინ მუზიცირება ექსპერიმენტი იყო, დღესდღეობით იგი უდაოდ ხელოვნების ახალი მიმართულებაა. ამას ადასტურებს ახალი საერთაშორისო ტრიო, რომლის მთავარი ამოცანა იყო თავისუფალი იმპროვიზაციის ჩაწერა და მისი სამი ვარიანტის შექმნა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით. სამმა მუსიკოსმა, რეზო კიკნაძემ თბილისიდან, ანუკა კონტრიძემ მიუნჰენიდან და ნიკოლოზ დავითაშვილმა მელბურნიდან, გამოიყენა ინტერნეტ-ქსელის ხარვეზები და უზუსტობები, როგორც ინსპირაცია მათი ერთობლივი შემოქმედებისთვის. ანსამბლის ერთ-ერთი წევრის, კომპოზიტორისა და თბილისის კონსერვატორიის ყოფილი რექტორის, რეზო კიკნაძის აზრით, სინქრონი მუსიკის ერთ-ერთი, მაგრამ არამთავარი ასპექტია. როგორც იგი ამბობს, სინქრონულობა არ უნდა იყოს დაბრკოლება ერთობლივი მუსიკალური შემოქმედებისთვის.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც განსაზღვრულია ვირტუალური მუზიცირებისთვის და ითვალისწინებს ინტერნეტ-ხარვეზებსა და ცუდი ხარისხის მქონე აუდიო მასალას, არის რ. კიკნაძის მესა – Metachronous Coronation Mass. მოცარტით შთაგონებული და კონსერვატორიის თანამედროვე მუსიკის ანსამბლის 51 მუსიკოსისთვის სპეციალურად დაწერილი ნაწარმოები მოშორებულია ყოველგვარ რიტმულ სიზუსტეს და მისი ნოტების ინტერპრეტაცია ყველანაირად დამოკიდებულია თითოეულ შემსრულებელზე. კიდევ უფრო საინტერესოდ შეიძლება მოგვეჩვენოს ნაწარმოების შექმნის გარემოებები. რ. კიკნაძემ შეაგროვა ორკესტრის 51 შემსრულებლის მოკლე ვიდეო-კლიპები, რომლებშიდაც ისინი აცხადებდნენ თავის სახელსა და გვარს და წარმოთქვამდნენ ფრაზას: „დარჩი სახლში, ჩარჩი სახლში“. მათი სპექტრული ანალიზის შემდეგ, კომპოზიტორმა გამოყო ტემბრულად ყველაზე გამორჩეული სიხშირეები და თითოეული შემსრულებლის პარტია ნოტებში ჩაწერა.
მსგავს ექსპერიმენტულ და ელექტრონულად დამუშავებულ მუსიკას მიმართავს ზემოაღნიშნული ფესტივალის – „ქალი და მუსიკა“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ეკა ჭაბაშვილი. მისი ახალი ნანო-ოპერა, სახელად „პანდორა“, შედგება ელექტრონული და წმინდად ვოკალური მუსიკისგან. კომპოზიტორის შთაგონების წყარო გახდა მისი ინტერესი სტრესულ სიტუაციებში ადამიანის უჯრედის დონეზე ბგერების შესაძლო ტრანსფორმირებისადმი, რაც, მისი აზრით, აქტუალურია დღვანდელი პანდემიის ფონზე.
როდესაც ვსაუბრობთ ვირტუალურ მუსიკალურ წარმოდგენებზე, აუცილებელია, ვახსენოთ, თანამედროვე მუსიკის შემსრულებელი ანსამბლი „Georgia Modern“. ეს ანსამბლი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ცოცხალი კონცერტი გამართა, თუმცა – აუდიტორიის გარეშე. მსმენელებს საშუალება ჰქონდათ, დასწრებოდნენ კონცერტს ინტერნეტით, სტუდიო „Leno Records“-ის მეშვეობით. მათ მიერ ვირტუალურად შესრულებული ნაწარმოებებიდან ერთ-ერთი იყო მიკა მდინარაძის ქართულ ხალხურ მოტივებზე შექმნილი ნაწარმოები – „გარდიგარდმო“.
პანდემიის „დამსახურებით“, გასული ნახევარი წლის განმავლობაში, მრავალი საინტერესო პროექტი და იდეა იშვა, რომელმაც დიდი გამოცდილება და წარმატება შესძინა ავტორებს. დღევანდელმა სინამდვილემ საფუძვლიანად და სიღრმისეულად დახვეწა ვირტუალურ სივრცეში მუსიკალური შემოქმედებითი მიმართულება. ამის მიუხედავად, იზოლაციისა და „შეკრების აკრძალვის“ პირობებში ყველაზე დიდ დანაკლისს სწორედ მუსიკალური ხელოვნება განიცდის, რადგან მსმენელისთვის ონლაინ ფორმატში მუსიკის გადმოცემა ძალზედ შეზღუდულია. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ვირუსი მალე დაიძლევა და სამყარო, მუსიკოსების ჩათვლით, უსაფრთხო და მშვიდობიან ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდება.
____________________
* - სტატიის დაწერის შემდეგ სტატისტიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
სტატია გამოქვეყნებულია საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალში - მუსიკა
Comments
Post a Comment