როკმუსიკა საბჭოთა კავშირში: კონტრკულტურა რკინის ფარდის მიღმა

ავტორი:  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის,
საშემსრულებლო (საფორტეპიანო) მიმართულების
I კურსის სტუდენტი
თამარ ჩიკვაიძე 

ქართულისაბჭოთა  როკი“ - ეპოქის წარმოდგენის მცდელობა კაკო ვაშალომიძესთან ინტერვიუზე დაყრდნობით 


როკენროლის ისტორიის შესწავლას საბჭოთა კავშირში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ის წარმოდგენას გვიქმნის, თუ როგორ შეიძლება მუსიკალური ჟანრი გამოყენებულ იქნას გარკვეული პოლიტიკური რეჟიმისადმი დამოკიდებულების გამოსახატავად. როკმუსიკა საბჭოთა კავშირში იყო ერთგვარი ოცნება, რომელიც ახალგაზრდების გონებაში მომწიფდა და ნელ-ნელა რეალობად იქცა.

    როკი საბჭოთა კავშირში იქცა ახალგაზრდების თვითგამოხატვის საშუალებად. როკენროლით ისინი გამოხატავდნენ სწრაფვას სიცოცხლისადმი, ასევე, ის წარმოადგენდა კომუნისტური რეჟიმისადმი აჯანყების ფორმას. როკმუსიკამ საინტერესო გზა განვლო და მუსიკალური ჟანრიდან იქცა სოციალური და პოლიტიკური პროტესტის ფორმად. რა თქმა უნდა, ისტორიული ვითარება დიდ გავლენას ახდენდა როკის განვითარებაზე, თუმცა, თავის მხრივ, როკმუსიკა, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროში შეიჭრა, აისახებოდა პოლიტიკურ სიტუაციაზე და ამდენად საბჭოთა მესვეურების დიდ აღშფოთებას იწვევდაპოლიტიკური რეჟიმი თავისუფლებას მუსიკის მოყვარულებს წლების განმავლობაში უზღუდავდა. როკი წარმოადგენდამეამბოხემუსიკას, რომელიც სოციალური სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების წინააღმდეგ იყო მიმართული. ის ასევე იყო ერთ-ერთი უმთავრესი საკომუნიკაციო საშუალება მუსიკოსებსა და აუდიტორიას შორის. სპეციფიკური ტექსტის საშუალებით საბჭოთა როკ საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა გამოეხატა თავისი იდეალები და უკეთესი მომავლის იმედი.

ბრეჟნევის ეპოქიდან მოყოლებული დასავლური კულტურული პროდუქტები ყოველდღიური კულტურული მოხმარების მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა. დასავლური მუსიკა ახალგაზრდების იდენტობის ფორმირებაში მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა. როგორც სოციოლოგები აღნიშნავენ, პოპულარული მუსიკის ფორმების მითვისების პარალელურად, ინდივიდები ეძებდნენ გზებს, რათა საკუთარი თვითგამოხატვის ფორმა ეპოვათ თავიანთ გარემოში. საბჭოთა და დასავლურ როკ საზოგადოებებს შორის სხვაობა 1960-70-იანებში ის იყო, რომ საბჭოთა როკმუსიკა იმდენად არ იყო სისტემის შეცვლისაკენ მოწოდებული.

საბჭოთა როკენროლი თავდაპირველად წარმოადგენდა დასავლური სტილების მიბაძვას. საბოლოოდ მისი განვითარება რუსული როკის შექმნით დასრულდა. 1960-იანებიდან მოყოლებული საბჭოთა ახალგაზრდობამ ნათლად აჩვენა, რომ რეალობა არ შეესაბამებოდა მის იდეალებს. საბოლოოდ, მათ სურდათ კონსტრუქციულად მიეღოთ მონაწილეობა საზოგადოებისა და პოლიტიკის ფორმირებაში. ამ იდეით ისინი ჰგავდნენ 1960-იანების დასავლელ ახალგაზრდებს. ცივი ომის დასასრულს დასავლეთში ცხოვრების სურვილი ჩაანაცვლა ალტერნატიული საზოგადოების შექმნის იდეამ.

საბჭოთა როკის განვითარების თავისებურებები წარმოდგენას გვიქმნის ზემოთ განხილულ მთელ პერიოდზე. შეიძლება ითქვას, რომ იდეოლოგიურ დაპირებებსა და ყოველდღიურ რეალობას შორის არსებულმა უფსკრულმა ინდივიდუალური თვითგამოხატვის აუცილებლობა განაპირობა. როკენროლი დომინირებდა ახალგაზრდების ცხოვრებაში როგორც არა მარტო მუსიკა, არამედ როგორც ცხოვრების სტილი. ახალგაზრდობისთვის როკს შემდეგი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა: ის წარმოადგენდა თვითგამოხატვისა და რეალობისგან თავის დაღწევის ფორმას, ასევე უკმაყოფილების გამოხატვის საშუალებას.

    თუ როკის პოლიტიკურ მნიშვნელობას გავიაზრებთ, გასაკვირი არ არის ის მეთოდები, რომლებიც მის ასაკრძალად გამოიყენებოდა საბჭოთა სოციალისტურ სახელმწიფოში. ეს ფენომენი ხომ თავისი არსით უპირისპირდებოდა ისეთ ჩაკეტილ, თავისუფლების არმქონე საზოგადოებას, როგორიც საბჭოთა საზოგადოება იყო. როგორც განხილული ისტორიული მოვლენებიდან ვხედავთ, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ძალადობრივი რეჟიმი თავისუფლების გამოხატულებას - როკმუსიკას წარმოაჩენდა ძალადობრივად. ზოგადად კონტრკულტურის მთავარი პროდუქტი საზოგადოების ცნობიერების, ცხოვრების წესის შეცვლაა, რაც ნამდვილად შეძლო როკმუსიკამ. საბჭოთა მოსახლეობა ხომ დასავლური კულტურისა და მუსიკის შთაგონებით ისეთ ცნებებს ეზიარა, როგორიცაა ინდივიდუალობა და თავისუფლება.


    საბჭოთა
პერიოდის საქართველოში მუსიკის მდგომარეობის წარმოდგენის მიზნით, პირისპირ ავიღე ინტერვიუ ქართველ როკ-ინსტრუმენტალისტ, ვირტუოზ გიტარისტსა და კომპოზიტორ კაკო ვაშალომიძესთან. ის დაწვრილებით მესაუბრა როკის ისტორიაზე საქართველოში და ჩემი წარმოდგენა ვიზუალური მასალითაც გაამდიდრა. ინტერვიუზე დაყრდნობით ვიგებთ, იყო თუ არა საბჭოთა საზოგადოების რეაქციები რკინის ფარდის რღვევის მიმართ მსგავსი საქართველოსა და რუსეთში; ასევე, მათი შედარების საფუძველზე ვლინდება ძირითადი მსგავსება-განსხვავებები და ქართული როკის სპეციფიკური ნიშან-თვისებები, რაც ერთგვარ სიახლეს წარმოადგენს.


როკენროლის დაბადების წელი არის 1952 . როკი იყო ჩემი თაობის. ის საქართველოში ოდნავ მოგვიანებით, ძალიან მძიმედ შემოვიდა, რადგან სამხრეთის ქვეყანა ვართ, სხვა ტემპერამენტი და ცხოვრების წესი გვაქვს. ამ აბობოქრებულ დროს როკმუსიკის შემოსვლა ძალიან რთულად მიიღეს. ის ითვლებოდა სიმახინჯედ და არ ითვლებოდა ღირსეულად საბჭოთა მოქალაქისთვის, რადგან იყო გამოხატვის არაორდინალური ფორმა. მაშინდელი გაგებით, მუსიკოსები თავს სცენაზე ბევრის უფლებას აძლევდნენ. სცენაზე ხალხისთვის ცოტა ხნით ზურგის შექცევაც კი არ შეიძლებოდა, რადგან ყველაფერს თავისი ეთიკა და წესები ჰქონდა. მუსიკის სიყვარულმა განაპირობა როკის სიყვარული. ბავშვობაში მიყვარდა გიტარა, ამიტომ შემიყვარდა ის მუსიკაც, რაც ახალი შემოსული იყო. ვარ უხვი ტემპერამენტის მქონე ადამიანი, ამიტომ მომწონდა ისეთი მუსიკა, სადაც ულამაზესი ლირიკიდან დაწყებული მუსიკა ემოციურ აფეთქებამდე მიდიოდა. ასეთი იყო მხოლოდ როკი. იმის მიუხედავად, რომ სიტყვები არ გვესმოდა, ეს მუსიკა ჩემს თაობას აგიჟებდა. გიტარას ჰქონდა გამოხატვის ისეთი დიაპაზონი, როგორიც არცერთ ინსტრუმენტს არ აქვს. მაგრამ ხარისხიანი ელექტრო გიტარების შეძენის საშუალება არ იყო. მახსოვს, კონცერტებზე გვეუბნებოდნენ, ხმას ჩაუწიეთო. ჩაწეული ხმით ენერგეტიკის გამოხატვა შეუძლებელი იყო. რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად განგვაწყობდა

თავდაპირველად როკი შემოდიოდა მაგნიტოფონის ფირებით. ნელ-ნელა ვიწყებდით იმის შესრულებას, რასაც ვუსმენდით. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ იმ პერიოდში საქართველოში უფრო ადრე ხდებოდა როკის რეალიზაცია და ინფორმაციის გაშლა, ვიდრე მოსკოვში, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ცენტრი იყო. აქ ეს ყველაფერი ზღვით შემოდიოდა, ჩვენი ახალგაზრდების ტემპერამენტი უფრო ადრე იღებდა მას. რუსეთიდან რომ შემოდიოდნენ უკვირდათ, ამდენი საიდან იცით, ამდენი დანადგარი და ინსტრუმენტი საიდან გაქვთო. გავიდა დრო, ტექნიკურ აღჭურვილობაში და ჩანაფიქრების პროგრესირებაში რუსეთი წავიდა წინ. პრობლემები იყო, მაგრამ ასე პირდაპირ როკის შესრულებას არ გვიშლიდნენ და ამის გამო არ გვიჭერდნენ. ლაპარაკი იყო უფრო გარეგნულ გამოხატულებაზე, მაგალითად, ვარცხნილობაზე, რადგან ითვლებოდა, რომ საზოგადოების წევრი უნდა გამოიყურებოდეს ისე, როგორც საზოგადოება. ეს პრობლემები დასავლეთის ანსამბლებსაც ჰქონდათ (Pink Floyd). მოქალაქე უნდა ყოფილიყო გაპარსული, შეკრეჭილი და ისე ჩაცმული, როგორც ყველა იცვამდა. მილიცია სხვადასხვანაირად ეპყრობოდა მუსიკოსებს.

მხოლოდ სახელმწიფოს ბოროტ განწყობაზე ვერ ვისაუბრებ. მთელი უფროსი თაობა ფიქრობდასახელმწიფოებრივად“. გულის სიღრმეში არ მოგვწონდა საბჭოთა კავშირი, ვიხედებოდით დასავლეთისკენ, რადგან ანსამბლები ჰყავდათ და ჩვენ ვერაფერს ვაკეთებდით აქ, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან მაშინ მეტი პერსპექტივა გვქონდა, რომ რაღაც გაგვეკეთებინა, ვიდრე დღეს. გვაძლევდნენ კლუბებს და გვიწვევდნენ სამუშაოდ. შეიძლება ხელფასიც დაენიშნათ. რა თქმა უნდა, იყო ბევრი სირთულე. პირველ რიგში, ტექსტი არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკურ თემაზე, სასურველია ყოფილიყო სამშობლოზე ან გმირებზე. არ უნდა ყოფილიყო ანტისაბჭოთა თემა. როცა კონცერტის ჩატარება გვინდოდა, გვეუბნებოდნენ, იმღერეთ ერთი სიმღერა სამშობლოზე, ერთი ლენინზე, ერთი კომკავშირზე...

მე ბევრი ნათესავი არ მელაპარაკებოდა იმის გამო, რომ მქონდა წვერი. დახეული ჯინსების ჩაცმის გამო გეტყოდნენ, ვიღაცას უპატრონო ეგონებიო. იმ ფაქტის მიღება, რომ ამოვარდნილი იყავი კონტექსტიდან, იმ ფორმიდან, რაც მაშინ მიღებული იყო, არ უნდოდათ. მარტო ჩვენთან არ იყო ასე, საზღვარგარეთაც ეგრე იყო, მაგრამ მათ უფრო ადვილად მიიღეს ეს ყველაფერი, თუნდაც რუსეთში. კავკასიაში სიტუაცია ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე სხვაგან. ყველას მორფინისტს ეძახდნენ. თუ სკოლიდან ვინმე უნდა გაერიცხათ, შეარჩევდნენ ფორმიდან ამოვარდნილს: ჯინსებიანს, წვერიანს. ერთხელ მე დამსაჯეს, როცა აბსოლუტურად არაფერ შუაში ვიყავი. ვაკეთებდი კონცერტებს, რადიოწრეში ვმუშაობდი, თუმცა მხედველობაში არაფერი მიიღეს. წყენა დღემდე მრჩება. იყო გაკრეჭვის ფაქტები, როკერების სურათებიც გამოუკრავთ, შეურაცხყოფაც შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ამას გააკეთებდა ნებისმიერი მშობელი თუ სკოლის დირექტორი. ასეთი იყო ხალხის მენტალიტეტი. მახსოვს, ვიტანჯებოდით, რომ ფართო პუბლიკამდე მიგვეღწია, თუმცა გვაძლევდნენ დარბაზებს. პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ მუსიკით პოპულარული ვერ გახდებოდი. იყო ძალიან ბევრი კარგი ანდერგრაუნდ როკ ჯგუფი. მაშინ გადაჩურჩულებით ყველამ იცოდა, სად ტარდებოდა როკ-კონცერტი და უზარმაზარი რაოდენობის ხალხი იკრიბებოდა. ბილეთი ღირდა სიმბოლური თანხა, რათა კლუბისთვის გადაეხადათ და არა ფულის გაკეთების მიზნით. არ მახსოვს, რომ ასეთ კონცერტებზე ჩხუბი მომხდარიყოს, ან შეურაცხყოფა მოეყენებინათ. იყო მეგობრული და ძმური ურთიერთობა აუდიტორიაშიც და მუსიკოსებშიც. უფროსი თაობიდან შეიძლება ვიღაც დასწრებოდა კონცერტებს, ბევრი კარგი პედაგოგი და ინტელექტუალი იყო, ვისაც შეიძლებოდა ეს ყველაფერი კარგად გაეგო. ეს იყო გამოხატვის თავისუფალი ფორმა, ამაში შეურაცხმყოფელი და უცენზურო არაფერი ყოფილა.

- როგორც ვხედავ, როკი მაშინ თავისუფლების, და არა მატერიალური ინტერესის გამოხატულება იყო...

- დღეს ყველაფერმა ბიზნესის ფორმა მიიღო. ჩემი ინტერესი იყო გამეკეთებინა ის, რაც მსიამოვნებდა და მიხაროდა. იყო ოჯახები, რომელთა ინტერესიც იყო, რომ თავიანთ შვილს გაეკეთებინა ფული. იმ პერიოდში ფულის გაკეთება ჯანმრთელი გზით არ ხდებოდა.

ტრამპლინი მქონდაგეპეისლეგენდარულ ჯაზორკესტრში, რომელიც დღესაც არსებობს. იყო უამრავი ფესტივალი, კონცერტი, მოგზაურობა, რაც საოცრად მაგონდება. გვქონდა კარგი შემოქმედებითი ურთიერთობები ბევრ ქვეყანასთან, თბილი მიღებები, ბევრი გასტროლი. საბჭოთა კავშირი მთლიანად მოვლილი მაქვს, მოვიარე ევროპაც. უნდა აღინიშნოს, რომ უცხოეთში აინტერესებდათ სიმღერები ქართულ ენაზე, ამიტომ ენობრივი ბარიერი არ გვქონია. მახსოვს, უნდა გაფორმებულიყავი ფილარმონიაში, სადაც იყო მხატვრული საბჭო, რომელიც მოიწონებდა შენს რეპერტუარს ან გირჩევდა, ეს ამოიღე და ეს ჩასვიო. ადმინისტრატორი მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გეგმავდა კონცერტებს, საორგანიზაციო საკითხებს აგვარებდა. ტონობით აპარატურა თვითონ გადმოჰქონდათ, გვიმზადებდნენ კოსტიუმებს, რაც ძალიან მიკვირდა. გასტროლებიდან ერთი ცუდი მოგონება არ მახსოვს. იზღუდებოდა ფორმა, რომელიც არ ეკადრებოდა საბჭოთა მოქალაქეს. განსხვავებული აზროვნება არ მოსწონდათ. ვთვლი, რომ ჩემთვის ეს ცუდი იყო. მაშინ მე ვიყავი თეთრი, არ ვიყავი წითელი, არ მიყვარდა კომკავშირი, ლენინის დროშა და მათი წესები. თუმცა ახლანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ მაშინ მეტი პერსპექტივა მქონდა, ვიდრე ახლა. მე, როგორც ახალგაზრდას, შეზღუდვები ძალიან მწყინდა. შეიძლება ლენინის კარიკატურის დახატვის გამო დაეჭირეთ. გიული ჩოხელს საერთოდ არ უშვებდნენ სცენაზე სიმღერის მანერული შესრულების გამო, ხულიგანი და ძველი გოგოაო. ძირითადი პრობლემა მქონდა ის, რომ გიტარას ვერ ვშოულობდი, ან თუ ვიშოვიდი, ძალიან ძვირი ღირდა. რაც აქ გამოდიოდა, ამით იმ კლასის შესრულება შეუძლებელი იყო, რაც ჩვენ გვინდოდა. მე დიდი ხანი ვუკრავდი ჩემს გაკეთებულ გიტარაზე, რომელიც იმდენად კარგი გამოვიდა, რომ რუსეთში მთხოვდნენ, მომყიდეო.

- თქვენი აზრით, ამ პერიოდში რუსეთში უფრო კონფორმისტული იყო როკი, თუ საქართველოში?

- რუსეთში რასაც აკეთებდნენ, თავის დროზე, ისევე რეპრესიული იყო, როგორიც საქართველოში, მაგრამ შეიცვალა დრო და ის ძველი ჯგუფები, რომლებიც რუსეთში იყვნენ, გახდნენ ლეგენდები, მაგალითადდროის მანქანადააკვარიუმი“. ჩვენთან არავის ახსოვს, რამე თუ კეთდებოდა საერთოდ, დავიწყებული და გადადებული საქმეა. მე მაქვს ფარეხი, სადაც შენახული მაქვს ძველი აპარატურა. საინტერესოა, როგორ ვახერხებდით იმ ინსტრუმენტებზე დაკვრას. ფაქტობრივად, არაფრიდან ვქმნიდით მუსიკას. არც სახელმწიფოს მხრიდან არის დაინტერესება. ჩემი აზრით, ხალხმა არ დააფასა თავისი გმირები, რომლებიც იყვნენ საესტრადო მუსიკის საწყისებთან. ვფიქრობ, რადიო, მასმედია უნდა ემსახურებოდეს მათ გახსენებას. თითო ადამიანი იყო თითო დადებული აგური იმ კედლის ასაშენებლად, რომელიც აშენდა. დღეს მუსიკალური გემოვნების ნაკლებობას განათლების დეფიციტი განაპირობებს.

- რამდენად ასოცირდებოდა ელექტრო გიტარა დასავლეთთან?

- მახსოვს, ჩემმა დირექტორმა მითხრა, ელექტრო გიტარაზე რომ უკრავ, ფანდურზე დაუკარიო. ის ითვლებოდა არაპატრიოტულად, თუმცა გართულება არ ჰქონიათ. როკზე იყო გართულება, რადგან ხმაურიანი მუსიკა იყო. პირველად ვნახეთ ბრიტანული ანსამბლის გამოსვლა ფესტივალზე, სადაც შესრულდა უბრალო, მელოდიური სიმღერები. რუსი კომენტატორი აცხადებდა: „დარბაზში საშინელება ხდება, ხალხი დაყრუვდა, ტოვებენ დარბაზს...“ - ეს ყველაფერი იყო ტყუილი, რადგან კონცერტი ანშლაგით მიდიოდა. იყო პროპაგანდა, რათა ხალხი ამ მუსიკის მიმართ უარყოფითად განეწყოთ. ჯაზში საქსოფონი არ იყო მისაღები ინსტრუმენტი, მხოლოდ იმიტომ, რომ ჰქონდა დოლარის ფორმა. ეს იწვევდა დასავლური ცხოვრების წესთან ასოცირებას, რაც იყო დიდი პოლიტიკა. მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, დაგვდევდნენ და გვიჭერდნენო. ეს იყო ერთეული შემთხვევები. იყო ზღვარი, რომლის იქითაც არ გაგიშვებდნენ. მაშინ ვერ მოხვდებოდი, მაგალითად, ბერკლიში. დასკვნის სახით ვიტყვი, რომ რთულ სიტუაციას განაპირობებდა საბჭოთა კავშირის გავლენა, დროის ფაქტორი და ქართული მენტალიტეტი.

- პირადი ისტორიებიდან რამე საინტერესოს ხომ ვერ გაიხსენებდით?

- ერთხელ დაბადების დღეზე ვიყავი, სადაც უმეტესად უფროსი თაობა იყო. დამიწყეს, თმები რომ არ გქონდეს, რა კარგი ბიჭი ხარო. მახსოვს, ერთი ლექტორი გამომექომაგა. ასე რომ, ყველა მასაში არ იყო გათქვეფილი

ელექტრო გიტარა ასოცირდებოდა ხმამაღლობასთან. ერთხელ დირიჟორმა მითხრა გიტარას ჩაუწიეო. ორჯერ გააჩერა ორკესტრი, შემდეგ გიტარა საერთოდ გამოვრთე. მესამედ რომ გააჩერა, კიდევ იგივე მითხრა. მე გამეცინა და ვუთხარი, გიტარა გამორთული მაქვს მეთქი.

ერთხელ ავარია მომივიდა. ვისთანაც მომივიდა ავარია, ისინი გაკრეჭილები იყვნენ და გაამართლეს. ჩემ მიმართ კი დიდი აგრესია გამოხატეს. ბევრი საწყენი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ამის მიზეზი საძიებელია არა მარტო პარტიის კურსში, არამედ საზოგადოების განწყობაში. რომ იყოს ნამდვილი დემოკრატია და რომ არ დაიჩაგროს ადამიანი, ამისთვის საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ კულტურა. საბოლოო ანალიზით, ბევრი დანაშაული არის კულტურის არარსებობის გამო. იყო წინააღმდეგობა, ხალხში იყო შიში, შუქს აქრობდნენ და ისე ცეკვავდნენ, გვქონდა ინსტრუმენტების დეფიციტი. ეს განაპირობებდა ერთგვარ შეფერხებას დასავლური მუსიკის განვითარების ტემპთან შედარებით, თუმცა საბჭოთა კავშირში მუსიკოსების პროფესიონალიზმის დონე მაღალი იყო. მუსიკოსები როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში მაღალი კლასისა იყვნენ.

- დღესდღეობით რამდენად გიწვევენ კონცერტებზე?

- უცხოეთიდან უფროა შემოთავაზებები. აქ მხოლოდ ვიწრო წრეს ახსოვს ძველი თაობის მუსიკოსები. დაიბადნენ ადამიანები, რომლებმაც ჩემი თაობა არ იციან. დღეს ვხედავ ზოგადად სპეციალისტების მიმართ უინტერესობას.“

წარმოდგენილი ინტერვიუდან გამომდინარე, ჩანს, რომ როკმუსიკის გავრცელება საბჭოთა კავშირში გაცნობიერებული ფენომენი იყო. აღსანიშნავია დასავლური მუსიკის დიდი გავლენა, განსაკუთრებით, რკინის ფარდის რღვევის დასაწყისში. როგორც დასავლურ საზოგადოებებში შეცვალა ამ მუსიკამ ცხოვრების წესი და შეიჭრა მის ყველა სფეროში, ასევე მოხდა საბჭოთა კავშირშიც.

ქართული როკის მნიშვნელობაზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი ოფიციალური როკ ფესტივალი სწორედ თბილისში ჩატარდა, სახელით - „გაზაფხულის რიტმები“ (1980 .). ჩვენი დედაქალაქი რამდენიმე დღის განმავლობაში საბჭოეთის როკ-ცენტრად იქცა. ღონისძიებაში სულ 8 ქართული ბენდი მონაწილეობდა. ეს მოვლენა ხშირად მოიაზრება, როგორც გარდატეხის წერტილი საბჭოთა როკ მუსიკის ისტორიაში.


რესურსები ინტერნეტში:

სიმღერამოსკოვიდან ზარია“. როკ ჯგუფიოკეანე“ 1989 წელს თბილისში მერაბ მამულაშვილმა (ბასი) დააარსა. მის გარდა ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ: ვახტანგ მაკალათია (ვოკალი), კაკო ვაშალომიძე (გიტარა), ბორის ძნელაძე (კლავიშიანი ინსტრუმენტები) და დავით ტაბლიაშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები):


სიმღერაბედისწერა“, როკ-ჯგუფიოკეანე“:


კაკო ვაშალომიძე, ალბომირეტროდან როკისკენ“,  (2003):


კაკო ვაშალომიძე, „ვარსკვლავთცვენა“, 2011:


კაკო ვაშალომიძე, „ბალადა“, 2011:



____________
გამოყენებული წყაროები:                                                                                  

  1. Albright N. (2011) A Policy of Rock: How Rock and Roll Undermined the Communist Revolution in Cold War Russia Neal Albright, Santa Clara university

https://scholarcommons.scu.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1069&context=historical-perspectives   

2.                  Frith, S. (1984) Rock and the Politics of Memory, Social Text, N.9/10, pp. 59-69  

3.                   Kaye, B.(2014) What music was banned in the Soviet Union, and why

https://consequenceofsound.net/2014/06/heres-what-music-was-banned-in-the-soviet-union-and-why/?fbclid=IwAR3uVuOibQJL4sPG3CcF_J6GeNS_0q1Md9__C1BLJo_2BpuIusDFT6N_gU0 

4.                  Pappa, A. (2014) Rock and Roll’s impact on Soviet Union in the cold war (1970-1991) Utrecht University

5.                  მაყაშვილი, . (2014) Back in the USSR, ჩემი სამყარო: ჟურნალი  ახალგაზრდებისათვის. თბილისი, N6, გვ. 44-57




Comments

  1. ძალიან სასიამოვნოა! ყოჩაღ, ავტორს....

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა, ლიკა ❤️

    ReplyDelete
  3. მაგარია, ავტორს!
    ჯეიმზ პისი (ვისბადენ, გერმანიაში)

    ReplyDelete

Post a Comment