მდუმარე აპლოდისმენტები

ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის 
ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი
ელენე ელიოზიშვილი

    2021 წლის 13 მარტს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა სტუდენტური ორკესტრის კონცერტი, რომელიც გადაიცა live stream-ის საშუალებით.
კონცერტი მიეძღვნა საორკესტრო, სიმებიანთა მიმართულების 100 წლის იუბილეს. ორკესტრს დირიჟორობდა კონსერვატორიის პროფესორი, თბილისის ოპერისა და ბალეტის მთავარი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი.

მცირედ შევეხები საკონცერტო პროგრამას - კონცერტზე შესრულდა 2 სრულიად განსხვავებული ხასიათის მქონე ნაწარმოები: რიჰარდ ვაგნერის „ზიგფრიდის იდილია“ და იან სიბელიუსის „სევდიანი ვალსი“. ერთი მშვიდი, იდილიური ნაწარმოებისა და მეორე ექსპრესიული ვალსის ერთმანეთისადმი შეპირისპირებამ კონცერტის პროგრამას მრავალსახიერება შესძინა, რომ არაფერი ვთქვათ, ნაწარმოებების კომპაქტურობაზე, რაც სავარაუდოდ კონცერტის მომზადებისთვის დროის სიმცირის გამოც იყო გამოწვეული, თუმცა მეორე მხრივ, ხელი მისცა იმ ფაქტს, რომ ლაივ სტრიმს დიდი სიამოვნებით „ჩაუჯდა“ ბევრი მსმენელი.

არ შეიძლება ცალკე არ აღინიშნოს ის აშკარა სურვილი და მზაობა ორკესტრანტებისგან, რომელიც მათი გამოსვლის მომენტიდანვე იგრძნობოდა. არ ვიცი, შეიძლება სუბიექტური ვარ, ადრე არასდროს  მიმიქცევია ამისათვის ყურადღება, მაგრამ აშკარა მონატრებამ და კონცერტის სხვა ფორმატში აღქმამ,    მათ თვალებში დამანახა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, კონცენტრირებულობა, ყურადღება, მოწადინება. მცირე ხარვეზების მიუხედავად (რაც უმთავრესად ჩასაბერთა ჯგუფს უკავშირდება და უკეთესობის იმედს გვიტოვებს), სწორად აღქმულმა, ფანტასტიკურად მშვიდად და შესაბამისად  მოწოდებულმა ვაგნერის მუსიკამ მაინც გვამოგზაურა ზიგფრიდის იდილიურ სამყაროში. რაც შეეხება სიბელიუსის თაიგულივით შეკრულ „სევდიან ვალსს“, რომელმაც დააგვირგვინა მინიკონცერტი, მიუხედავად „სევდიანობისა“, კონცერტის დასასრულს შექმნა ამაღლებული განწყობა, რომელიც მე  მთელი დღე შლეიფად გამყვა.

მაგრამ არ ვიქნები გამორჩეული თუ ვიტყვი, რომ ამ ამაღლებულ განწყობას, თითქოს, რაღაც აკლდა ... ის „რაღაც“, რამაც მაიძულა კონცერტის დასრულებისთანავე უშუალოდ, შემსრულებლებთან პირისპირ კი არ გამომეხატა ჩემი ემოციები, რასაც სხვა შემთხვევაში გავაკეთებდი, არამედ მიმეწერა ჩემი მეგობარი ორკესტრანტებისთვის, მიმელოცა მათთვის, გამეზიარებინა შთაბეჭდილებები ყველასათვის წერილობით, ტელეფონით. გაგიკვირდებათ და, მაინც ვერ დავკმაყოფილდი. ეს უცნაური შეგრძნება, დანაკლისისა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველა მაყურებელს შეექმნა, ალბათ, ასმაგად ჰქონდათ შემსრულებლებსა და დირიჟორს! როგორ უცნაურ რეალობაში მოგვიწია ცხოვრება, სადაც მუსიკოსები ცარიელ დარბაზში მუზიცირებენ - ვერ გრძნობენ აუდიტორიის მუხტს, მხოლოდ ხემების პულტებზე წკარუნით თუ უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ სიხარულს. გვიწევს ისეთ რეალობაში ყოფნა, სადაც მუსიკოსებს არ ესმით დამსახურებული მქუხარე აპლოდისმენტები, რომელიც დამეთანხმებით, მათთვის სიცოცხლის ელექსირის ტოლფასია... სცენაზე მუსიკოსები პირბადეებით მუზიცირებენ, თითქოს, ოქსიმორონივით ჟღერს, მაგრამ რეალობაა, რომელიც უკვე ყოველი ჩვენგანის განუყოფელ ნაწილად იქცა...  ჩვენ ვარსებობთ მძარცველების იერით და დავრჩით ერთმანეთის თვალების ამარა, ისიც შორიდან, მეტრის ან უფრო მეტის დისტანციით...

ნამდვილად, თვალებით კონტაქტისა და ამ გზით ერთიანობის მიღწევის უზადო ხელოვნების დემონსტრირება მოახდინეს დირიჟორმა და შემსრულებლებმა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ბატონი ზაზა აზმაიფარაშვილის მნიშვნელობა, რომელმაც ფაქტობრივად, წარმოუდგენელი რამ შეძლო. უმოკლეს დროში, ამდენი დამაბრკოლებელი ფაქტორის მიუხედავად, ასე შეხმიანება მუსიკოსებისა, რომლებსაც ერთი წელი ერთად არ უმუშავიათ, ზოგს კი ორკესტრში დაკვრის გამოცდილება საერთოდ არ გააჩნია,  და საბოლოოდ ასეთი შედეგის დადება, უდიდესი ქედის მოხრისა და მართლაც,  მქუხარე აპლოდისმენტების ღირსია.

დაბოლოს, მინდა ვთქვა, მუსიკას, კონცერტებს, მუსიკოსებს, ემოციას და რაც მთავარია, ურთიერთობას მონატრებულთათვის, ჩვენთვის, ვფიქრობ, საიუბილეო მინიკონცერტი იყო დიდი სიამოვნების წყარო, მიუხედავად იმისა, რომ ლაივ სტრიმი ვერასდროს ჩაანაცვლებს ცოცხალი კონტაქტისა და აღქმის მნიშვნელობას, ეს ერთადერთი ალტერნატივაც ფრიად სასურველი და მეტიც, აუცილებელი აღმოჩნდა ჩვენთვის, რისთვისაც ცალკე მადლობა მინდა გადავუხადო კონცერტის სულის ჩამდგმელებს, ტუტორებს, ყველას, ვისაც ამ საქმეში თუნდაც მცირე წვლილი მიუძღვის.

ვულოცავ საორკესტრო მიმართულებას საიუბილეო თარიღსა და შესანიშნავად ჩატარებულ კონცერტს, მომავალი დიდი მიღწევების იმედითა და საუკეთესო სურვილებით.

 


Comments

  1. ოქრო ❤️❤️

    ReplyDelete
  2. წარმატებები <3

    ReplyDelete

Post a Comment