“რომანტიზმის ეპოქის საფორტეპიანო სონატები” - ნაწილი I

ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის
მე-2 კურსის სტუდენტი,

ალექსანდრე სკრიაბინი და სერგეი რახმანინოვი
  ძვირფასო მკითხველო, უნდა გითხრათ, რომ ძალიან ვღელავ. ის საქმიანობა, რომელსაც შევეჭიდე, სათანადო განათლებასა  და გამოცდილებას მოითხოვს, რომელიც ჯერ არ მაქვს. თან „პირში უნდა ვუძრახო“ შემსრულებლებს, ვითარცა „მოყვარეს“. და როგორც არ უნდა ვეცადო ობიექტური ვიყო, შეფასება მაინც სუბიექტური იქნება, ვინაიდან  მე უნდა  მივიტანო მკითხველამდე ჩემი აზრი, გავაგებინო მას და თავად
მუსიკოსსაც რა მომეწონა, და რაც მთავარია, რა დამაკლდა მის შესრულებაში, ყურადღება გავუმახვილო იმ დეტალებზე, რომლებიც ცალკეული ინტერპრეტაციისა და კონცერტის სრულად აღქმაში დაეხმარება მკითხველს. სასიხარულოა, რომ ამ კონცერტების ვიდეო ჩანაწერებთან გვაქვს წვდომა (ვიდეო ჩანაწერის სანახავად გადადით ბმულზე) და შეგვიძლია რამდენჯერმე მოვისმინოთ ეს ინტერპრეტაციები.  ვშიშობ, განა კი შევძლებ, გავართვა თავი ამ  რთულ საქმეს?  მომიტევეთ გულწრფელობისთვის და  კიდევ, თუ ყოველთვის მაამებელი არ იქნება ჩემი მოსაზრებები . . . .

ლამის კონსერვატორიის დაარსების დღიდან, საფორტეპიანო კათედრა სახელოვანი აღზრდილებით და განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. სასიხარულოა, რომ ეს თვისება მან დღემდე შეინარჩუნა. ამ აქტიურობის ერთ-ერთ ნაყოფს წარმოადგენს უკვე ტრადიციად ქცეული  ყოველწლიური საპროექტო თემატური კონცერტების სერია. მის ფარგლებში სხვადასხვა წელს შესრულდა ლ. ვ. ბეთჰოვენის 32-ვე სონატა; ფ. შოპენის 24-ვე ეტიუდი; ი.ს.ბახის კ.ტ.კ-ს ორივე ტომი; დ. შოსტაკოვიჩის 24-ვე პრელუდია და ფუგა და კიდევ მრავალი. წლევანდელი თემატიკა „რომანტიზმის ეპოქის სონატებია“. არ დაგვავივწყდეს, ეს ის საუკუნეა, რომელსაც საფორტეპიანო მუსიკის „ოქროს ხანა“ შეგვიძლია ვუწოდოთ. ვფიქრობ, ამ ყველაფრის ფონზე, სონატის, თავისთავად მრავალწახნაგოვან  კონცეფციურ ჟანრში ისეთი ტიტანების მუსიკის შესრულება, როგორებიც არიან შუბერტი, შუმანი, შოპენი, ლისტი, სკრიაბინი, რახმანინოვი - ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

აუცილებლად აღსანიშნავია, კოვიდ-ვირუსით გამოწვეული ვითარება მსოფლიოში, რომელმაც თავისთავად საქართველოსა და მის მუსიკოსებზეც იმოქმედა. ამ გარემოებას დამატებული რამდენიმეთვიანი შეწყვეტილი საესტრადო მოღვაწეობა, მეტი სიმპათიით განგვაწყობს პროექტის მონაწილეებისადმი. დამეთანხმებით, როცა ვიტყვი: შემსრულებელ-მუსიკოსებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საკონცერტო ესტრადასთან ურთიერთობა. გასათვალისწინებელია სტუდენტ-პიანისტების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ამიტომაც, გიცხადებთ პატივისცემას!

დავიწყოთ განხილვა:

უკვე ერთი თვე გადის, რაც საპროექტო კონცერტების სერია ჩაიწერა და გამოქვეყნდა. საკმაო დრო იყო მოსასმენად, დასაფიქრებლად... პირველ კონცერტზე (2021 წლის 26 მარტი; კონსერვატორიის მცირე დარბაზი) მკათედრამ ორი დიდი რუსი პიანისტ-კომპოზიტორის, სკრიაბინისა და რახმანინოვის სონატები შემოგვთავაზა. მათი ერთ პროგრამაში წარმოდგენა სავსებით ლოგიკურია, როგორც ქრონოლოგიური,  ისე კონცეფციური თვალსაზრისით.

კონცერტების ციკლი ბაკ. IV კურსის სტუდენტმა, რევაზ აბრამიამ გახსნა (ასოც. პროფესორის მანანა გოცირიძის კლასი) და ვიტყვი, რომ ძალიან წარმატებულადაც. მან სკრიაბინის  საფორტეპიანო სონატა No.2 შემოგვთავაზა.

 ზოგადად ნაწარმოების შესახებ მოგახსენებთ: საფორტეპიანო სონატა No.2, gis-moll,  op. 19 ( "სონატა - ფანტაზია") მიძღვნილი სკრიაბინის სიყვარულის ობიექტისადმი, ნატაშა სეკერინასადმი, კომპოზიტორის ადრეული თხზულებაა, რომელიც 1890-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა. სათაური "სონატა-ფანტაზია" მიუთითებს იმაზე, რომ  სკრიაბინი ტრადიციულ სონატურ  ციკლს  თავისუფლად იაზრებს, რითაც მისივე მოგვიანო პერიოდის სონატა-პოემებს ემსგავსება. ეს კომპოზიტორის ერთ-ერთი ყველაზე ლირიკული ნაწარმოებია. არსებობს ინფორმაცია, რომ ავტორმა მასში ასახა ზღვის შთაბეჭდილებები. პირველი ნაწილი, ესაა მთვარის შუქით განათებული მშვიდი  ზღვის მუსიკალური ლანდშაფტი, ფინალი კი, რომელიც  სწრაფ, უწყვეტ ტალღისებურ მოძრაობას  ემყარება,  მღელვარე ზღვის  მოქცევაა. 

ასევე, ვინც არ იცის, სკრიაბინს ფერადოვანი სმენა ჰქონდა, რაც ტონალობათა და ცალკეულ ბგერათა კონკრეტულ ფერად აღქმას გულისხმობს. ეს ფაქტი გარკვეულ საშუალებას აძლევს შემსრულებელს ნაწარმოების ინტერპრეტაცია სინესეზიურ ჭრილში  გააზრებული პროგრამული გზით წარმართოს. როგორც აღვნიშნე, თავად ავტორმაც  ხომ ციკლს  პროგრამული გააზრება მისცა. მაინც ვფიქრობ, რომ ეს შესრულება ამ მიმართულებით არ წარმართულა, ვინაიდან არ იგრძნობოდა თუნდაც მიმბაძველობა პროგრამის შესაბამისი მოვლენებისა.

პირველივე ბგერები და ნებელობითი საწყისის  ამსახველი ფრაზა მოხდენილი და დამაჯერებელი იყო. ნაწარმოების ორიგინალურად აჟღერებაზე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ინსტრუმენტის I-II ოქტავის მიჯნაზე აშლილობამაც იმოქმედა. ეს მეოთხედ-მერვედტონები  (ზუსტად არ ვიცი) ისედაც უკვე ფერად მუსიკას, სხვა ტემბრსა და ელფერს ანიჭებს. ზომიერი rubato და ხაზგასმული ფორშლაგები, ჰარმონიის უკეთ მოსმენას ეხმარება.

მეორე ნაწილის, ანუ ფინალის დასაწყისი, სულ რამდენიმე წამი, ჩემთვის ოდნავ გაუგებარია, რაც საწყისი ფრაზის ნოტების შედარებით ბუნდოვნად დაკვრითაა გამოწვეული.  თუმცა კი, მალევე შესრულება ენერგიული, დამაჯერებელი გახდა. დავინახეთ პიანისტის საოცარი ტემპერამენტი. მე ვფიქრობ, ამ ნაწილთან მიმართებაში აღარ უნდა გვქონდეს ბგერის, ინტერპრეტაციის ხარისხსა და სხვა ასპექტებზე საუბარი. უბრალოდ დავტკბეთ!

ბოლოს, ერთს ვიტყოდი, რომ ალბათ I-II ნაწილების „გადაბმის“ ხერხებზე ფიქრი, პიანისტს სონატის ერთ დიდ დრამატურგიულ ტილოდ წარმოჩენაში დაეხმარებოდა.

პროგრამაში შემდეგი, სკრიაბინის სონატა No.3, შემოგვთავაზა ბაკ. III კურსის სტუდენტმა - ლაშა ხარხელაურმა (ასოც. პროფესორის მანანა გოცირიძის კლასი). მსგავსად მისი წინამორბედისა, სონატა No.3 1890-იან წლებშია შექმნილი, თუმცა მისგან განსახვავებით, ის  ტრადიციულ  4 ნაწილიან სტრუქტურას ემყარება. თავდაპირველად, ავტორმა ნაწარმოებს „გოთური“ უწოდა, მოგვიანებით კი, ნაწილები, როგორც „სულის სხვადასხვა მდგომარეობა“, ისე წარმოიდგინა. I - როგორც თავისუფალი, ველური და ვნებიანი სული; II - ტანჯვისგან დაღლილი სული, რომელმაც მცირე, მოჩვენებითი შვება იპოვა; III - სიყვარულით, მწუხარებითა და აუხსნელი ფიქრებით სავსე სული; IV -„სტიქიათა ბრძოლისა და ქარიშხლის  ექსტაზში მებრძოლი სული“.

გულწრფელად მოგახსენებთ, რომ ნაწარმოებს ვერ ვიაზრებ ისე, როგორც მას ავტორი აღიქვამდა, შესაბამისად, მე ეს ინტერპრეტაცია, როგორც "პროგრამული" არ აღმიქვამს. სამაგიეროდ, მე შესრულების უმთავრეს ღირსებად მიმაჩნია ის, რომ მოსმენისას ციკლის სტრუქტურა ლამის დეტალებში წარმოგვიდგება.

ცხადია, ეს შესრულება წინასაგან განსხვავებული იყო  და ამ ორმა  ინტერპრეტაციამ  სკრიაბინის საკომპოზიტორო სტილისა, მეტად გააღვივა მსმენელის ინტერესი. საინტერესოა, რომ პირველ ნაწილში გვესმის ერთგვარი ინტონაციური კავშირები წინამორბედ სონატასთან, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს  კონცერტის შინაგანი დინამიკის შექმნას.

ამ პიანისტის შემთხვევაში იგრძნობა, რომ შემსრულებელი კომპოზიტორია (ვინც არ იცის, ლაშა ხარხელაური  კომპოზიტორიცაა).  ის უკრავს, როგორც შემოქმედი, რომელმაც იცის, როგორ „იწერება“ ნაწარმოები, თითქოს ამიტომაცაა, მისი შესრულება კომპოზიციური ნაგებობის დეტალებში წარმოდგენის  საშუალებას რომ გვაძლევს. ნათლად ჩანს ეს პირველი ორი ნაწილის მოსმენისას, სადაც მკაფიოდ ჩანს, თუ როგორ მუშავდება მოტივები. პოლიფონიური ზედდებაც, სადაც ორი თემა ერთდროულად ჟღერს ვერტიკალში -  ორივე  მელოდიური „ხაზის“ მოსმენის საშუალებას გვაძლევს. ბოლო ორი ნაწილი, ჩემთვის კიდევ უფრო მომხიბვლელი აღმოჩნდა. მესამე ნაწილი - მართლაც მიახლოებული მედიტაციურ განწყობასთან. მეოთხე ნაწილის - ფინალის I ნახევარი, გამომდინარე მისი დინამიკური და აგოგიკური ნიუანსების მცირე სპექტრისა ნაკლებად დამაჯერებელია. კანონური სეკვენციის შემდგომი, II ნახევარი ძალიან ენერგიულად იყო შესრულებული. ასევე, ფინალში, III და I ნაწილის თემების ხაზგასმა კომპოზიციური მთლიანობას  უწყობს ხელს.

ერთს დავამატებდი, მომავალში შემსრულებელმა უფრო „ექსტაზური“ ანუ უფრო „სკრიაბინისეული“ ბგერით, რომ წარმოაჩინოს ამ კომპოზიტორის ნაწარმოები, მას მეტად დაეხმარება მისი მხატვრული სახეების  წარმოჩენაში.

კონცერტის ბოლო ნაწარმოები - რახმანინოვის No.2 სონატა ბაკ. I  კურსის სტუდენტმა ცოტნე სიდამონიძემ (ასოც. პროფესორის ნინო ქათამაძის კლასი) შეასრულა. გავიხსენოთ, რომ რახმანინოვმა ამ ნაწარმოებზე რომში, პ. ი. ჩაიკოვსკის ყოფილ ბინაში იმუშავა  III საფორტეპიანო კონცერტის შექმნის შემდეგ. ამ უდიდესი დრამატული ტილოს შექმნისგან მოჭარბებული და პ. ჩაიკოვსკის ნამუშევარ გარემოში დაგროვილი ენერგეტიკის შედეგად, რამდენიმე ნაწარმოები შეიქმნა: ერთ-ერთია II სონატაა, რომელიც, ვფიქრობ, კონცერტის ჩრდილქვეშ იმყოფება და ბევრ რამეს, ხასიათს თუ ფაქტურულ ელემენტებს  მისგან სესხულობს. სამნაწილიანი სონატა, ფაქტობრივად, პირველი ნაწილის მთავარი თემის გამჭოლი განვითარების გზით აიგება. მთელი ნაწარმოების განმავლობაში წარმოდგენილია ერთი მხატვრული იდეა (პირველი რამდენიმე ტაქტი) სხვადასხვა ხასიათით  წარმოჩენილი: დრამატული, მძვინვარე, ლირიკული, ნოსტალგიური (ეპიზოდები, რომლებიც ზარების მიბაძვითაა შექმნილი). სონატის ორი ავტორისეული რედაქციიდან კონცერტზე  მეორე რედაქცია  იყო წარმოდგენილი. 

ხშირად, რახმანინოვის სონატებს „დამღლელადაც“ მოიხსენიებენ, რაც მთელი რიგი მიზეზებითაა გამოწვეული. ამიტომაც, მას ძალიან კარგი შესრულება სჭირდება. მე მაინც ვფიქრობ,  ამ  სონატის შესრულებას, სკრიაბინის გენიალური, იმპულსური სონატები, რომ არ უსწრებდნენ წინ, კონცერტის კონცეფციას მზარდი დინამიკის თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, შესრულებაში გააზრებულია ნაწარმოების „დამღლელობა“. ცალკე აღებული, ინტერპრეტაცია წარმატებულად ორიენტებულია მსმენელის ყურადღების არმოდუნება/მაქსიმალურ კონცენტრაციაზე, რაც  მხატვრული სახეების რელიეფურად გახსნითაა მიღწეული. სამწუხაროდ, კონცერტის ერთიან სურათში წარმოდგენით შესრულება შედარებით ნაკლებ ემოციას იწვევს.

 იყო ეპიზოდები, სადაც ბგერა ძალიან ცოცხალი, სუფთა იყო, იმდენად, რომ ყოველი დეტალი მკაფიოდ გვესმოდა. მაგრამ ასევე, იყო რამდენიმე მომენტი, სადაც ჰარმონია პედალის გამო აზელილი მეჩვენა.  სასიამოვნოდ ცნობადი იყო  სონატის „ალუზიები“ რახმანინოვისვე II და III კონცერტებიდან. ფაქტურა და ინტონაციები, რომელიც თან გასდევს რახმანინოვის საფორტეპიანო შემოქმედებას, შესრულებისას ბადებს ისეთ შეგრძნებას, რომ ეს სოლო ეპიზოდებია და ორკესტრი წამი წამზე დაიწყებს დაკვრას. 

ვულოცავ სამივე შემსრულებელს, მათ პედაგოგებსა და კათედრას წარმატებულ კონცერტს.  თითოეულმა  პიანისტმა თავისებურად წარმოგვიჩინა  ნაწარმოებში ღრმა წვდომისა და მისი სათანადოდ ინტერპრეტაციის უნარი.  იმედს ვიქონიებ, რომ მცირედი შენიშვნებისთვის არ გამინაწყენდებიან.


10.05.2021


გაგრძელება იქნება...


Comments