“რომანტიზმის ეპოქის საფორტეპიანო სონატები” - ნაწილი II

 ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის
ფაკულტეტის
 მე-3 კურსის სტუდენტი,
ირაკლი არეშიძე

ფრედერიკ შოპენი (1849); ფრანც ლისტი

 პირველი ნაწილი 

“რომანტიკული სონატების” ციკლის მეორე კონცერტზე (ვიდეო ჩანაწერის სანახავად გადადით ბმულზე; 2021 წლის 29 მარტი, კონსერვატორიის მცირე დარბაზი) სპეციალური ფორტეპიანოს მიმართულებამ შემოგვთავაზა ფრედერიკ შოპენისა და ფრანც ლისტის - იმ კომპოზიტორების სონატების, რომელთაც საფორტეპიანო ხელოვნება ახალ ხარისხში აიყვანეს და თუკი  შოპენი ფორტეპიანოს ჟღერადობით იფარგლება, ლისტი საკრავს საორკესტრო ხმოვანებას ანიჭებს.

კონცერტი გახსნა მაგ. I კურსის სტუდენტმა ლაშა კვარაცხელიამ (პროფ. მანანა დოიჯაშვილის კლასი) ფრედერიკ შოპენის II სონატით (სი-ბემოლ მინორი, თხზ.35). ნაწარმოები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქმნილებაა მუსიკალურ ლიტერატურაში. მისი მესამე ნაწილი - სამგლოვიარო მარში, საზოგადოდ გავრცელებული ინტერპრეტაციითა და ავტორის ჩანაფიქრით (როგორც შოპენის პირადი წერილებიდანაა ცნობილი) ნაწარმოების დრამატურგიული ცენტრია. თუკი პიანისტი ამგვარად გაიაზრებს ნაწარმოებს, მაშინ, უნდა შეძლოს ბალანსის დაცვა, რომლის მიხედვითაც იმ დიდ ტალღას - II სონატა რომ ჰქვია, ბიძგს 4 ტაქტიანი შესავალი (უფრო სწორად ეპიგრაფი) აძლევს, I ნაწილისა და სკერცოს გავლით ტალღა აღწევს უმაღლესი დაძაბულობის წერტილს, სამგლოვიარო მარშის სახით, და IV ნაწილში ტალღა ეშვება ქვევით, თუმცა საით? საწყისისკენ თუ განსხვავენული ადგილისკენ, ეს შემსრულებლის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული.

ვისაუბროთ პირველ 4 ტაქტზე - ეპიგრაფზე, წინ რომ უძღვის ამ ტილოს. მას იმაზე მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ჩანს. ის წინასწარ ატყობინებს მსმენელს, თუ რა ელოდება ნაწარმოების განმავლობაში. ამიტომაც,  ვფიქრობ, ეს 4 ტაქტი არა ერთ, არამედ რამდენიმე, სონატაში მრავალგზის განმტკიცებულ ხასიათს ატარებს (მცირე მასშტაბების მიუხედავად). სამწუხაროდ, პირველი 4 ტაქტის ამგვარი გააზრება მე არ დამინახავს ამ შესრულებაში. ვგონებ, ამ მიმართულებით მუშაობა პიანისტისთვის საინტერესო იქნება. 

I ნაწილიცა და დრამატული სკერცოც შემსრულებლის დიდი ემოციებითაა დატვირთული, უბრალოდ ერთს ვიტყვი: ზოგიერთ, აშკარად ჰომოფონიური ფაქტურის ეპიზოდში, მელოდიისა და აკომპანემენტის პარტიები შერწყმულია, გამოყოფილი არაა რომელიმე შრე. და თუკი სხვა შემთხვევაში, ასეთ მოვლენას „შეცდომას“ ვუწოდებთ, ახლა ეს ასე არ მიმაჩნია. პიანისტის მიერ პარტიების, ნებით თუ უნებლიეთ, შერწყმა-გამოყოფამ, ფოტოგრაფიის ფოკუსის ფენომენი გამახსენა. შესრულების ერთ-ერთ მომენტში (მსმენელი რომ მოისმენს, თავადაც მიხვდება) მცირე დროში იმდენად გავაქტიურდი და გამოვცოცხლდი, მე - მსმენელი, რომ ნამდვილად დავრწმუნდი, თუკი ეს „ხერხი“ კიდევ უფრო დაიხვეწება, ძალიან საინტერესო შედეგს მოგვცემს.

III ნაწილი - სამგლოვიარო მარში, როგორც უკვე აღვნიშნე, საკმაოდ ცნობილი მუსიკაა. დასაწყისში ტემპი ჩქარი მომეჩვენა, მაგრამ შემსრულებელმა დამაჯერა მუსიკის ასეთი აღქმა და სიამოვნებაც მივიღე.  რაც შეეხება II მონაკვეთს - ტრიოს, რომელიც ერთსახელიან მაჟორშია დაწერილი, საბედნიეროდ, არ შესრულებულა, როგორც განცალკევებით მდგომი, მაჟორში დაწერილი ლირიკული მინიატურა. ის გაგრძელება იყო მარშისა, მოგონებებითა და სევდით სავსე გაგრძელება, რომელიც კვლავ მარშისკენ - რეალობისკენ, გვაბრუნებს.

სონატას აგვირგვინებს ტექნიკურად ურთულესი ფინალი, რომელიც ჩემთვის არა იმდენად „ფინალი“, არამედ ეპილოგია. ჩემი აზრით, განსხვავება ეპიგრაფსა და ფინალს შორის შემდეგშია: ორივე, რა თქმა უნდა, ნაწარმოების ერთიანი ქარგის შემქმნელი უცილობელი ნაწილებია, მაგრამ მნიშვნელობა განსხვავებულია. ფინალში ჯერ კიდევ მტკიცდება ნაწარმოების მთავარი აზრი, ეპილოგი კი ამთავრებს, ბოლო შტრიხებს უკეთებს თხზულებას. მინდა გამოვთქვა კიდევ ერთი მოსაზრება, ამ შესრულებასთან მიმართებით. ცხადია, ჩვენი შემსრულებლები ჯერ სტუდენტები არიან და განვითარების ბედნიერება წინ აქვთ, შესაბამისად, მათ ვერავინ მოსთხოვს იდეალურ შესრულებას, მაგრამ რამდენადაც ისინი მაღალ სტანდარტებს ესწრაფვიან, შესაბამისად ვცდილობ მეც, არ დავიშურო ჩემი მოსაზრებები, იმ იმედით, რომ შეიძლება განვითარებაში გამოადგეთ. ამ შესრულების შემდეგ  მე მაინც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოვისმინე 4 კარგად შესრულებული დამოუკიდებელი პიესა მიმდევრობით, და არა 4-ნაწილიანი ციკლი. დამაკლდა შინაგანი, ემოციური დინამიკა, რომელიც ერთიან ტილოდ შეკვრის შესაძლებლობას მისცემდა შემსრულებელს.

შემდეგი ნაწარმოები, ისევ შოპენის, ოღონდ III სონატა (სი მინორი; თხზ.58) შეასრულა მაგ. II კურსის სტუდენტმა თამარ მახარაძემ (მოწვ. პედ. სვეტლანა კორსანტიას კლასი). ნაწარმოები შოპენის ბოლო ქმნილებაა სონატის ჟანრში. ეს 4-ნაწილიანი ციკლი ერთ-ერთი ურთულესია კომპოზიტორის ნაწარმოებებს შორის, როგორც საშემსრულებლო ტექნიკური სირთულეების, ისე პოლიფონიის გაზრდილი როლის გამო.

ბევრს აღარ გავაგრძელებ. შესრულებასთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი რამის თქმა მსურს: უბრალოდ მოუსმინეთ და ისიამოვნეთ!

შეიძლება დაგებადოთ კითხვა ჩემი მიმართულებით: მიგაჩნიათ, რომ შესრულება იდეალური იყო? რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, მნიშვნელოვნად ჩავთვალე პიანისტის ერთ-ერთი ღირსება: გულწრფელობა, ამიტომაც აღარ ვახსენებ იმ მცირე დეტალებს, რომლებსაც სხვა შემთხვევაში აღვნიშნავდი.

კონცერტის II ნახევარში წარმოდგენილი იყო ლისტის ორი სონატა - ორივე განზოგადებული ტიპის პროგრამულობის ნიმუში. გავიხსენოთ, რომ რომანტიზმის ეპოქას მრავალი სიახლე უკავშირდება - მათ შორის პროგრამულობა, კონკრეტულად საკრავიერ მუსიკაში. ცხადია, ეს მოვლენა XIX საუკუნეში არ ჩასახულა (ადრეული ნიმუშებიდან მახსენდება: ი.ს.ბახის საკლავირო „კაპრიჩიო დაწერილი საყვარელი ძმის გამგზავრების გამო“; ა.ვივალდის „წელიწადის დრონი“; ი.ჰაიდნის „დილის“, „შუადღისა“ და „საღამოს“ სიმფონიები; ლ.ვ.ბეთჰოვენის „პასტორალური“ სიმფონია), მაგრამ ხელოვნების განვითარების გენერალურ ხაზად ნამდვილად ამ პერიოდში იქცა.  ამ დროისთვის პროგრამულობის ორი ტიპი იყო გავრცელებული: 1.) „განზოგადებული“  და 2.) “სურათოვან-ასახვითი“. თუკი პირველი ტიპი ფერენც ლისტის შემოქმედებით მეთოდს წარმოადგენდა და ნაწარმოების კონცეფციაზე მიუთითებდა (ნიმუშებად, კონცერტზე წარდგენილ: სონატას „დანტეს წაკითხვის შემდეგ“ და სი მინორულ სონატას ვასახელებ), მეორე ტიპი ჰექტორ ბერლიოზისთვისაა სახასიათო, რომელიც დეტალურად გადმოსცემდა პროგრამაში სიუჟეტს (მაგ. „ფანტასტიკური სიმფონია“; „ჰაროლდი იტალიაში“). 

ამ ორი დიდი კომპოზიტორის სახელს უკავშირდება, ასევე, ძირეული ცვლილებები სონატურ-სიმფონიური ციკლის დრამატურგიაში. ბერლიოზი ციკლის გაფართოვებისკენ ისწრაფვის (მაგალითად, მისი სიმფონიები ხუთ-შვიდნაწილიანია), ლისტი კი ამჭიდროვებს და ერთნაწილიანს ხდის (ისევ ხსენებული სონატები გავიხსენოთ).

რადგანაც მეტ-ნაკლებად გავიხსენეთ კომპოზიტორისა და მისი ნაწარმოებების ზოგადი, დამახასიათებელი თვისებები, ახლა შესრულებაზე ვისაუბროთ.

ბაკ. II კურსის სტუდენტმა ცისანა კიკაბიძემ (ასოც. პროფ. ალექსანდრე გარბერის კლასი) წარმოგვიდგინა Fantasia quasi sonata „დანტეს წაკითხვის შემდეგ“. ნაწარმოები შესულია ავტორის „პილიგრიმობის წლების“ კრებულში. სათაურით ვხვდებით, რომ ნაწარმოები პროგრამულია და შთაგონებულია დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიით“. ოდნავ მაინც რომ გავერკვიოთ და „გავშიფროთ“ სიმბოლოებით გაჯერებული სონატა, ვახსენებ ყველაზე აშკარა მომენტებს: გვახსოვს, რომ შუასაუკენეების მუსიკის თეორიაში ტრიტონს „ეშმაკის ინტერვალად“ მოიხსნენიებდნენ. ამ ინტერვალის ძველმა აღქმამ გადმოინაცვლა ლისტის სონატის სამყაროში და სიმბოლურად, ხაზგასმულად და აქტიურად გამოიყენება. სონატის სტრუქტურაც სიმბოლურია - შესავალი, თემა და მისი 9 ტრანსფორმაცია (ნიშნად ჯოჯოხეთის 9 საფეხურისა). გამოვთქვამ ერთ საზოგადოდ გავრცელებულ მოსაზრებას, რომელსაც მეც ვემხრობი: ნაწარმოები ოდნავ დამღლელია და დიდი მუსიკალურობით არ გამოირჩევა, ამიტომაც ის საჭიროებს ძალიან კარგ შესრულებას. ამგვარად, შესრულების წარმატებისთვის საჭიროა ინტელექტი, რაც ნაწარმოების „საფეხურებრივად“ „დალაგებაში“ გამოდგება. ხსენებულის დემონსტრირება ნამდვილად შეძლო შემსრულბელმა და ვიგრძენი, თხზულების სტრუქტურა, თუმცა ამ „საფეხურების“, გნებავთ, შრეების ფერადოვნება კი -  დამაკლდა.

ბოლოს, ლისტისვე სი მინორული სონატა შეასრულა ბაკ. II კურსის სტუდენტმა სანდრო გეგეჭკორმა (ასოც. პროფ. ალექსნადრე გარბერის კლასი). ალბათ დამეთანხმებით, რომ XIX საუკუნის (და ზოგადად) საფორტეპიანო ლიტერატურაში ეს ნაწარმოები ურთულესია - მეტადრე - შინაარსობრივად... ნაწარმოები, რომელსაც ხშირად „ფაუსტ-სონატას“ უწოდებენ. სონატა, რომელიც თავის თავში სონატას შეიცავს (ფორმა ციკლს). ალბათ, რაც უნდა შესრულდეს სი მინორული სონატა, ის იმ ნაწარმოებთა რიგშია, რომელთა სრულ სიღრმეს ვერასდროს შევიგრძნობთ. სტუდენტ-პიანისტმა ეს ნაწარმოები შემოგვთავაზა განსხვავებულად - დინამიკური და აგოგიკური ნიუანსების არატრადიციული განაწილებით, რაც თავისთავად უარსაყოფი არაა! ექსპერიმენტები მუდამ მუსიკის ნაწილი იყო…

ვულოცავ სტუდენტებსა და მათ პედაგოგებს ამ წარმატებას.


19.09.2021.


გაგრძელება იქნება…


Comments