“რომანტიზმის ეპოქის საფორტეპიანო სონატები” - ნაწილი III

ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის
ფაკულტეტის 
მე-3 კურსის სტუდენტი,
ირაკლი არეშიძე

ფრანც შუბერტი
იოსებ აბელის ფერწერა. 1814
                              მეორე ნაწილი 

მესამე კონცერტი (2021 წლის 31 მარტი, კონსერვატორიის მცირე დარბაზი) რომანტიზმის სათავეებთან - ფრანც შუბერტის შემოქმედებასთან გვაბრუნებს. ფრანც შუბერტი მისი სათაყვანებელი ბეთჰოვენის პერიოდში მოღვაწეობდა, კომპოზიტორისა. რომლის გვიანი პერიოდის შემოქმედებაც რომანტიზმის ნიშნებითაა გამსჭვალული. ამდენადვეა პირველი რომანტიკოსის შემოქმედება კლასიცისტური ელემენტებით გაჯერებული. თუ დავუკვირდებით, შუბერტი - რომანტიკოსია საფორტეპიანო მინიატურებში, სასიმღერო მუსიკითა და მერვე სიმფონიით. მისი სხვა ნაწარმოებები - კანტატა-ორატორიული ქმნილებანი, დანარჩენი სიმფონიები, ანსამბლების აბსოლუტური უმრავლესობა და მათ შორის, სონატებიც - ეს კლასიცისტი კომპოზიტორის ნამუშევრებია. ამგვარად, შუბერტი დიდი წინაპრებისა და დიდი თანამედროვის მსგავსად, სიმფონისტიცაა. ღრმად მწამს, რომ ეს საფორტეპიანო სონატები “ნამდვილო სიმფონიებია ფორტეპიანოსთვის”: შინაარსის სიღრმე, გამჭოლი განვითარების დრამატურგია, სტრუქტურა, საორკესტრო ხმოვანება - ეს შუბერტის სონატების ის თვისებებია, ჰაიდნის, მოცარტისა და ბეთჰოვენის მსგავსად, განზოგადებული ამბის თხრობაში რომ ეხმარება კომპოზიტორს.

უშუალოდ სონატებსა და მათ შესრულებაზე საუბრის დაწყებამდე, აღვნიშნავ, რომ ვიდეო ჩანაწერი (ვიდეო ჩანაწერის სანახავად გადადით ბმულზე), სამწუხაროდ, საუკეთესო ჟღერადობით არ გამოირჩევა. მეორე ნაწარმოებიდან მოყოლებული ხმის ხარისხი, აშკარად, ჩამოუვარდებოდა წინა ჩანაწერებს.

პირველი სონატაა D. 845 a-moll წარმოდგენილი ბაკ. IV კურსის სტუდენტ მზეჭაბუკ პაჭკორიას (ასოც. პროფ. ნინო ქათამაძის კლასი) მიერ. ესაა კლასიკური სტრუქტურის სონატურ-სიმფონიური ციკლი. მისი პირველი ნაწილი ოქტავურად დუბლირებული მელოდიით იბადება,  ნელ-ნელა კი მრავალხმიანად გადაიქცევა. ამ მომენტიდან მოყოლებული მუსიკის ფაქტურული და ტესიტურული გააზრება, საორკესტროს უახლოვდება. მეორე ნაწილი, ერთდროულად შეიცავს კომპოზიტორის მუსიკალური მომენტებისა და Lied-ების ხასიათს, სტრუქტურასა და რიტმო-ინტონაციურ ფორმულებს. მეჩვენება, რომ შემსრულებებლი ერთგვარ ალუზიებსაც კი ქმნიდა ხსენებულ ქმნილებებთან. სკერცო და ტრიო ქმნიან ხიდს ფინალის - რონდოსკენ, რომლის მუსიკაც გკარნახობს გაორკესტრების შესაძლებლობას, იმდენად ნათლად, რომ  ზუსტად ხვდები, თუ რომელი ხმა/ნოტი, რომელ საკრავს უნდა მიესადაგოს. სტუდენტ-პიანისტის შესრულება უდაოდ აკადემიურობითა და ტრადიციული ინტერპრეტაციითაა შემკული. ერთს დავამატებდი, პირველსა და ბოლო ნაწილებში აგოგიკური ნიუანსების სიმრავლე, მას საორკესტრო ფერადოვნების მიღწევაში დაეხმარებოდა.

სონატა c-moll (D.958). აი, რა ნაწარმოებით წარმოგვიდგა ბაკ. IV კურსის სტუდენტი ელენე კვანტალიანი (ასოც. პროფ. ალექსანდრე გარბერი). ამ დრამატული ნაწარმოების I ნაწილი, ჩვეულებისამებრ, სონატური ფორმითაა დაწერილი. პიანისტის ფრაზირებამ ბეთჰოვენის ადრეული და ჰაიდნის სონატები გამახსენა (განსაკუთრებით, დამხამარე პარტიამ). მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობას ნაწარმოებიც იძლევა. მთელს ქმნილებაში არის ისეთი ეპიზოდები (რომელიც იგივე ბეთჰოვენის, ჰაიდნისა და ბახის მუსიკას ემსგავსება), რომელთა „წარსულის გამოძახილად“ გააზრება, ასევე საინტერესო ინტერპრეტაციას წარმოშობს.  შეიძლება შემედავოთ, განა, ძველი ოსტატების მსგავსი ფაქტურით შექმნილი ეპიზოდი იმავე ფრაზირებით არ უნდა შესრულდეს? არა. ზუსტად, შინაარსი და კონტექსტი განსაზღვრავს ყოველ ნიუანსს.  უბრალოდ, ერთს ვიტყვი, ისეთ მონაკვეთებში, სადაც მარცხენა და მარჯვენა ხელები, აკომპანიმენტისა და წამყვანი ხმის ფუნქციას ცვლიდნენ, დამაკლდა პარტიებს შორის ბალანსი, დამხმარე ხმამ გადაფარა მთავარი. II ნაწილი - ესაა ფაქიზად გადმოცემული კლასიცისტური Adagio, რომელმაც ყველაზე მეტად დამაბრუნა იმ ეპოქაში, რომელმაც ეს ნაწარმოები შვა. III ნაწილი - მენუეტი და ტრიო. ცოტაოდენ განსხვავებულად მინდა შევხედოთ ამ ნაწილს. კომპოზიტორის წარმოდგენაში ესაა მენუეტი, მაგრამ ის აშკარად სკერცოს ჟანრულ თვისებებს შეიცავს, ნაწილი სინთეზური მუსიკა გამოდის. მომეწონა ის, რომ შემსრულებელმა არცერთი ჟანრისკენ არ :გადახარა” ნაწილი - ის ამყოფა იდეალურ ბალანსში. როდესაც მუსიკა უფრო „სკერცოზულია“ გარეგნულად, შინაგან „მენუეტის“ სისადავეს და სიმშვიდეს ინარჩუნებს, და პირიქით. შინაგანი დინამიკის შენარჩუნების შედეგად მოვდივართ IV ნაწილთან, ფინალთან - აშკარა ტარანტელასთან, რომლის შესრულებისას პიანისტმა ნამდვილად “ცეცხლი დაანთო”! სიცოცხლით სავსე - აი, ამგვარად ვახასიათებ ამ შესრულებას. ვულოცავ სტუდენტ-პიანისტს წარმატებას და ვეტყვი, რომ ამ შესრულებაში ჩანს შუბერტის მუსიკის საინტერესოდ აჟღერების პოტენციალი!

უშუალოდ შემდეგი შესრულების თაობაზე, უნდა გაგანდოთ ერთი რამ, რაც ამ კონცერტის პროგრამაში აღმოვაჩინე: პირველი და ბოლო სონატები ლა მინორულია, რაც კონცერტში ერთგვარ თაღს ქმნის. ამასთან ერთად შუაში მოქცეულია სონატა დო მინორში, რომელიც მედიანტურ დამოკიდებულებაშია მომიჯნავე ტონალობებთან. არ ვიცი, ეს დამთხვევაა თუ განგებ შედგენილი პროგრამა, მაგრამ ვიტყვი, რომ სიმბოლურია. ნაწარმოებებში მედიანტური დამოკიდებულების ტონალობების მონაცვლეობა რომანტიზმის „მიღწევაა“. ასეთი მაგალითები კი მრავლადაა ამ პერიოდის მუსიკაში (მაგ. ბეთჰოვენის No.21 სონატის I ნაწილი; შუბერტის ფანტაზია „მოხეტიალე“; ლისტისა და შოპენის უამრავი სოლო საფორტეპიანო პიესა).

თაღის მეორე ბოლო - სონატა ლა მინორი (D. 784) დაგვანახა დოქ. I კურსის სტუდენტმა დავით ალადაშვილმა (პროფ. მანანა დოიჯაშვილის კლასი). ეს ციკლი 3-ნაწილიანია. აგოგიკური და დინამიკური ნიუანსების საინტერესო განაწილებამ მსმენელს საშუალება მისცა საკრავების „ხმისთვის“ მიემსგავსებინა ესა თუ ის მონაკვეთი. შეუძლებელია არ აღინიშნოს ნატიფი ეპიზოდები, სამივე ნაწილის განმავლობაში რომ ჟღერს, დიდ ესთეტიკურ ზეგავლენას რომ იწვევს მსმენელზე. მაგრამ, ასევე, მუსიკიდან გამომდინარე მინდა, ვთქვა, ზოგიერთი ზედმეტად პათეტიკური მომეჩვენა. მაგალითად, პირველი ნაწილი უფრო ტკივილით გაჯერებული ეპიზოდებისგან შედგება. მესამე ნაწილი, ჩემთვის, ესაა „არამიწიერი“ მუსიკა, თითქოს, ამ მონაკვეთით შუბერტი ზემოდან დაჰყურებს იმ ყოველივეს, რაც ჩვენთვის ყოველდღიური წვრილმანებია. ესაა ძალიან უცნაური ემოციის გამომწვევი მუსიკა, რომლის სიტყვიერად განმარტება ძალიან მიჭირს. შესრულება უფრო „მიწიერი“ მომეჩვენა, მაგრამ ამით პიანისტ-სტუდენტს არ ვაკნინებ. შემსრულებელი, პედაგოგთან ერთად, თავისუფალია ინტერპრეტაციის აირჩევაში, თუ ნაწარმოები ამის საშუალებას იძლევა. ამგვარი გააზრება, სხვაგვარ მიმართულებას აძლევს ამბავს - შუბერტის ლა მინორული სონატა რომ ჰქვია.

მადლობა კათედრას ასეთი შემსრულებლებისა და შუბერტის სულიერი სამყაროსთან ხელახალი ზიარებისთვის!!!

 

19.09.2021.


გაგრძელება იქნება...

Comments