ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის
ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი,
ირაკლი არეშიძე
სპეციალური ფორტეპიანოს კათედრამ
ციკლის ბოლო, რიგით მეოთხე კონცერტზე (ვიდეო ჩანაწერის
სანახავად გადადით ბმულზე; 2021 წლის 2 აპრილი, კონსერვატორიის მცირე დარბაზი) წარმოადგინა ბრამსის პირველი და განმეორებით, ლისტის
სი მინორული სონატა. კონცერტის ორივე მონაწილე ასოც. პროფ. ნინო ქათამაძის კლასიდანაა.
იოჰანეს ბრამსი (1889) და ფრანც ლისტი (დაახლ.1880) |
ბაკ. IV კურსის სტუდენტმა გიორგი შიოლაშვილმა, გადაგვიშალა 19 წლის იოჰანეს ბრამსის შინაგანი სამყაროს ერთ-ერთი გვერდი, პირველი სონატის (C-dur, თხზ.1) მეშვეობით ( თუ დაინტერესდებით, ამ სონატის სტილისტურ და შემოქმედებაში „ფუნქციის“ საკითხს ერთ-ერთ ბლოგში ვეხები; იხილეთ ბმული აქ). რა მომეწონა შესრულებაში? დინამიკური და აგოგიკური ნიუანსების „ადგილმდებარეობა“, მათი ისეთი „განლაგება“, რაც ერთიანი ფორმის აღქმას უწყობდა ხელს. განსაკუთრებით სასიამოვნო მოსასმენი გახდა II და IV ნაწილები. მიზეზი? ბგერა, ბგერის ის შეფერილობა, როგორზე ნაკლებითაც არც უნდა შესრულდეს აღნიშნული სონატა.
მაგ. I კურსის სტუდენტმა სალომე მოდებაძემ კი ლისტის შუმანისადმი მიძღვნილი სონატა, კონცერტების ციკლში განმეორებით წარმოგვიდგინა. არ ვიცი, პიანისტი ფიქრობდა თუ არა ფაუსტის, გრეტჰენისა და მეფისტოფელის სახეებზე (ამ ტილოს ხომ მეორენაირად „ფაუსტ-სონატას“ უწოდებენ), მაგრამ ის კი ვიცი, რომ შესრულებამ დამანახა ერთი (მთავარი) თემის სხვადასხვა წახნაგი. სიმბოლურად, თემა ადამიანია, რომელიც ერთგვაროვანი, ერთი თვისებით, ერთი ემოციით არაა შემოფარგლული. აქედან დასკვნა, ყველა ჩვენგანშია ფაუსტის, გრეტჰენისა და მეფისტოფელის თვისებები. ეს კოლიზია (რომც არ გავიაზროთ პროგრამულად) ნაჩვენებია ამ შესრულებით. ჩუმ, ფაქიზ და ზოგჯერ, მისტიკურ ეპიზოდებში ჩემი ყურადღება მიიპყრო პიანომ! დამეთანხმებიან შემსრულებლები, ურთულესი მისაღწევია პიანო და ეს თუ ძალუცს შემსრულებელს - მაშინ ის ოსტატია. ამ ფინალურმა შესრულებამ, პირველ მონაწილესთან ერთა პროექტის ძალიან შთამბეჭდავი, ემოციური თაღი შექმნა!
და აი, გავედით კონცერტების ციკლის
ბოლოში! ვეცადე, ბოლო რეცენზია უფრო ლაკონიურად დამეწერა. დარწმუნებული ვარ დაიბადება
კითხვა, რატომ ქვეყნდება ეს რეცენზიები კონცერტების ჩატარებიდან (2021 წლის 26 მარტი - 2 აპრილი) 5 თვის დაგვიანებით (ამავე წლის 19 სექტემბერს)?
ორი პასუხი მაქვს: ერთი ის რომ ამ საქმეში ახალბედა ვარ და დრო მჭირდებოდა შთაბეჭდილებების, ფურცელზე
გადმოტანამდე, შემოწმებამდე; მეორეს მხრივ - ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, თავიდან
გაგვეხსენებინა ჩვენი მეგობრების წარმატებული გამოსვლები. ეს დროითი დისტანცია, შემსრულებელსაც
და მსმენელსაც, ახალი თვალით დაგვანახებს შემსრულებელებს.
ერთი “საყვედურიც”: რატომ არ
მოხვდა ციკლში შუმანი? ერთი სონატა მაინც რომ ყოფილიყო, რომანტიზმის ეპოქის მეტად რეალური
პანორამა წარმოგვიდგებოდა. ამგვარ ციკლში, შუმანის გამოტოვება დასაძრახია…
ერთ საინტერესო დამთხვევასაც
გაგანდობთ: კონცერტების თანმიმდევრობა სონატურ-სიმფონიური ციკლის შესაბამისი ნაწილების
ფუნქცია-თვისებებს შეიცავდა: პირველი კონცერტი სკრიაბინისა და რახმანინოვის სონატები
- ორი ერთი მხრივ მსგავსი (ორივე რუსი), მაგრამ
განსხვავებული სახის დაპირისპირება (სონატური ალეგრო). მეორე და მესამე კონცერტები
- ლისტის, შოპენისა და შუბერტის სონატები
- ადამიანი-მოთამაშისა და ადამიანი-მოაზროვნის (ფილოსოფოსის) იდეები (ნელი და სკერცოს
ნაწილები). მეოთხე კონცერტი კი მასშტაბური, ემოციურად დატვირთული ფინალი!
ძალიან სასიხარულოა, რომანტიზმის
სამყაროში სულიერ მოგზაურობას სტუდენტებმა ღირსეულად რომ გაართვეს თავი! მადლობა, წარმატებები
ყოველ მონაწილესა და პედაგოგს!!!
19.09.2021
Comments
Post a Comment