ტერმინი a cappella დღევანდელი
გაგეგბით უთანხლებო სიმღერას ნიშნავს. ასე განიმარტება ის მე-19
საუკუნიდან. a cappella მუსიკას განვითარების დიდი და მრავალფეროვანი ისტორია
აქვს. ის ეკლესიის წიაღში წარმოიშვა და საეკლესიო მუსიკის გუნდურ შემსრულებლობას
უკავშირდება. თავად ტერმინმა - capella, საუკუნეების მანძლზე არაერთი მნიშვნელობა
შეიძინა. მათ შორის ასე მოიხსენიებდნენ ტაძართან
არსებულ მცირე სამლოცველო ოთახს; მომღერალთა გუნდს; მეთვრამეტე საუკუნიდან კი ორკესტრსაც
(მანჰეიმის კაპელა).
იმისთვის,
რომ დავადგინოთ - რამდენად მართებულია, a cappella განისაზღვროს, როგორც სტილი, საჭიროა
გავერკვეთ, სტილის რაობასა და მის თვისებებში:
სტილურ მოცემულობებზე ჯერ კიდევ არისტოტელე საუბრობს რიტორიკის მესამე წიგნში და მას მეტყველების კულტურის კონტექსტში განიხილავს. რიტორიკულ
ხელოვნებაში მეტყველების სტილს ციცერონიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ეს ტერმინი და მისი დეფინიცია აქტუალურობას არც
შუა საუკუნეების ტრაქტატებში კარგავს. დანტეს დაუმთავრებელ ტრაქტატში - „ხალხური
მჭევრმეტყველებისათვის“ სტილური
დიფერენცირების სამი სახე ჩანს: მაღალი
სტილი - ტრაგედიისთვის, დაბალი სტილი- კომედიისთვის, მწუხარე სტილი - ელეგიისთვის;
ასევეა კლასიციზმის ეპოქაში - კლასიკურ ტრაგედიაში, რომელიც „მაღალ ჟანრად“ იყო მიჩნეული,
სტილიც მაღალი, ,„ხაზგასმულად დეკლამაციური იყო“.[2] ტერმინს ხშირად მუსიკალური ტრაქტატების გერმანელი ავტორებიც მიმართავდნენ (ვალტერი, შაიბე, შუბარტი და სხვ.)[3] და მას როგორც ხელწერის, წერის მანერის, ისე ეროვნული კოლორიტის მნიშვნელობით იყენებდნენ.
მერიამ-ვებსტერის ლექსიკონი სტილს
განსაზღვრავს, როგორც „გამოხატვის განსაკუთრებულ მანერას (წერის ან მეტყველების)“;
საბჭოთა მუსიკალური ენციკლოპედიაც სტილს „გამომსახველობის საშუალებათა
სისტემად“განიხილავს.
როგორც ვხედავთ, სტილის განმარტება,
ყველა ეპოქაში დაკავშირებულია შესრულების თავისებურებასთან, რომელიც გამომსახველი
საშუალებებითაა განპირობებული. ამდენად,
გამომსახველ საშუალებათა ერთობლიობის გათვალისწინებით, საკუთარი სტილით შესაძლოა
დავახასიათოთ კომპოზიტორი, ან შემსრულებელი, რომელთაც გააჩნიათ ინდივიდუალური ხელწერა;
აღვნიშნოთ ნაწარმოების, დირიჟორის, ან შემსრულებელთა ინდივიდუალური საშემსრულებლო
სტილი; მათ შორის შესაძლოა საკუთარი სტილი
ჰქონდეს ეპოქას, ან თუნდაც ჟანრს.
a cappella
საგუნდო მუსიკას, რასაკვირველია, ახასიათებს მუსიკალურ- გამომსახველობითი საშუალებების
გარკვეული კომპლექსი - განმასხვავებელი
ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკის ჟანრებისაგან - მაგალითად, კანტატა-ორატორიის
საგუნდო პარტიტურაში გუნდის გამომსახველობითი კომპლექსებისაგან. მათ შორის მთავარი
განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ უთანხლებო საგუნდო პარტიტურა წარმოადგენს
დამოუკიდებელ მხატვრულ მოცემულობას,
მაშინ, როდესაც თანხლებიან ნაწარმოებში საგუნდო პარტიები მთლიანი მხატვრული
მოცემულობის ნაწილია და საორკესტრო პარტიებთან ერთად ქმნის მხატვრულ-ესთეტიკურ
მთლიანობას. ამრიგად, ალბათ გადაჭარბებული არ იქნება საუბარი a cappella
საგუნდო მუსიკის ჟანრულ სტილზე, რადგან მისი ყველაზე დამახასიათებელი თავისებურება
და გამომსახველობითი კომპლექსის გამორჩეული ნიშანი თანხლების არქონაა.
რაც
შეეხება a cappella საგუნდო მუსიკის ჟანრულ დეფინიციას, წარმოებული ძიების
მიუხედავად, ამ ხასიათის სამეცნიერო კვლევა არ იქნა აღმოჩენილი. აღსანიშნავია,
ცალკეული შემთხვევები, სადაც მკვლევრები a cappella-სთან მიმართებაში ტერმინ - ჟანრს
არაერთხელ იყენებენ. აღვნიშნავდი საბჭოთა მუსიკოლოგის, ი. უსოვას ცნობილ
სახელმძღვანელოს -„საგუნდო ლიტერატურა“, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში დაწყებით და
უმაღლეს სამუსიკო სასწავლებლებში ამ კურსის აქტიურ დამხმარე ლიტერატურას დღემდე
წარმოადგენს.
ჟანრის ყველაზე ზოგადი განმარტებებიდან
მოვიტან მერიამ ვებსტერის ლექსიკონისა და მუსიკალური ენციკლოპედიის (რუს.)
დეფინიციებს:
მ.
ვებსტერის ლექსიკონი: ჟანრი არის მხატვრული, მუსიკალური ან ლიტერატურული
ნაწარმოების კატეგორია, რომელიც ხასიათდება
გარკვეული სტილით, ფორმით ან
შინაარსით[4]. მუსიკალური ენციკლოპედია: მუსიკალური ჟანრი -
მრავალმნიშვნელოვანი ცნება, რომელიც ახასიათებს მუსიკალური ნაწარმოების ისტორიულად ჩამოყალიბებულ გვარებსა და სახეობებს, დაკავშირებულს მათ
წარმოშობასა და ცხოვრებისეულ დანიშნულებასთან, შესრულების საშუალებებს, პირობებსა
და აღქმასთან, აგრთვე შინაარსისა და ფორმის თავისებურებებთან.[5]
ამ
დეფინიციების თანახმად, ჟანრი მუსიკალური
ნაწარმოების გვარი, სახეობაა, ხოლო სტილი
- მისი გამომსახველობის საშუალებათა სისტემის ერთობლიობა. მიუხედავად ამ მოკლე
განმარტებებისა, ორივე მათგანი რთული და
მრავალმნიშვნელოვანი კატეგორიებია.
ჟანრის კვლევისადმი ინტერესი ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს. სხვადასხვა ეპოქაში მისდამი განსხვავებული ხედვა არსებობდა. ჟანრთა დეფინიცირების შესახებ კვლევათა და მოსაზრებების სიმრავლის გამო მეცნიერთა შორის კონსენსუსი დღემდე არ არის მიღწეული. მე-19 საუკუნეში გერმანელი ფილოსოფოსი ფიშერი აღრმავებს გვარების საკითხს და პოეზიის გვაროვნული დაყოფის მაგალითზე განიხილავს მუსიკის ჟანრებს. იგი პირველი, მუსიკას ჰყოფს ვოკალურ, ინსტრუმენტულ და დრამატულ სახეებად.
ჟანრის განვითარების უწყვეტობას - საზოგადოებრივი ინტერესის უწყვეტობას უკავშრებს მე-20 საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი - ადორნო. მისი ნაირსახეობების მკვეთრ ცვლილებებს ის სოციალური სტრუქტურის ცვლილებებთან აკავშირებს (პუბლიკის ფენის ცვლა იგულისხმება)[6].
ჟანრის საკითხების შესწავლასა და კლასიფიკაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი საბჭოთა მეცნიერებმაც შეიტანეს: არანოვსკი, მაზელი, ცუკერმანი, ნაზიაკინსკი, სოხორი და სხვა. ზოგიერთი მათგანის შრომებიდან იმ მოსაზრებებს მოვიყვან, რომელიც საინტერესოა a cappella საგუნდო მუსიკის ჟანრულ-სტილური დეფინიციის განსაზღვრებისთვის.
a cappella საგუნდო მუსიკა - ჟანრი, თუ სტილი ?!
(ჟანრის კლასიფიკაციის გავრცელებული მოდელების მაგალითზე)
ჟანრის
მრავალთვისებიანობას არანოვსკიც ეხება: „ჟანრი რთული და მრავალშრიანი კატეგორიაა, ის
ნაწარმოების არა მხოლოდ ფუნქციის, შინაარსის, ან მსმენელთან ურთიერთობის ტიპია, არამედ
პირველიცაა, მეორეც, მესამეც და ბევრი სხვა რამ ერთად აღებული. როგორც ფინალური გამოხატულება,
ჟანრში კონცენტრირებულია ნაწარმოების ძირითადი, ტიპური სახასიათო ელემენტები. ამიტომ
შეიძლება ჟანრი განვსაზღვროთ, როგორც ნაწარმოების ყველა იმ თვისების სინკრეტული ერთიანობა,
რომელიც მის ფორმულირებას ახდენს“[8].
ა.
დოლჟანსკიც წერს, რომ ჟანრი არის ”მრავალსახოვანება მუსიკალური ნაწარმოებებისა, რომელიც ხშირად სხვადასხვა ნიშნებით განისაზღვრება:
ნაწარმოების სტრუქტურით, შემსრულებთა შემადგენლობით, შესრულების გარემოებებით, და ა.შ“.[9]
საკითხს
უფრო კონკრეტულად განიხილავს ვ. ცუკერმანი, რომელიც ასკვნის, რომ ჟანრის განსაზღვრების საფუძველი რამდენიმე ნიშანს უნდა ემყარებოდეს.[10]
ცუკერმანი იძლევა ჟანრის კლასიფიკაციის 5
კრიტერიუმს:
·
სად
სრულდება მუსიკალური ნაწარმოები ?;
·
ვინ
ასრულებს ნაწარმოებს?;
·
ვისთვის
სრულდება ნაწარმოები?;
·
რისთვის
სრულდება იგი?;
·
რა
სრულდება (შინაარსის და შესრულების ფორმა)?
სახელმძღვანელოში -„ჟანრის განსაზღვრება და კლასიფიკაცია“
სოხორი განიხილავს ცუკერმანისეულ კრიტერიუმებს და აანალიზებს თითოეულ მათგანს. მუსიკაში
ჟანრსა და შინაარსს შორის მჭიდრო კავშირს ის არ უარყოფს, თუმცა მიიჩნევს, რომ ნაწარმოების
კონკრეტული შინაარსიდან გამომდინარე ჟანრების საერთო თვისების ახსნა არ არის შესაძლებელი.
მისი განმარტებით ეს მახასიათებელი უფრო მეტად მოქმედებს პირველი რიგის ჟანრებზე. მაგალითად,
ვალსი თავისი ხასიათით განსხვავდება მარშისაგან და ა. შ. ასეთ შემთხვევაში თითოეულს
გააჩნნია თავისი ჟანრული მახასიათებელი და მათი განსხვავებებიც დადგენილია.
შინაარსობრივი კომპონენტის
გარდა განმასხვავებელი კრიტერიუმი საშემსრულებლო საშუალებებიცაა, კერძოდ, შემსრულებელთა
შემადგენლობა (ვინ ასრულებს მუსიკას ? - ცუკერმანი.)
შემსრულებელთა მიხედვით დიფერენცირება კი ჟანრული დაყოფის კიდევ სხვა სურათს გვაძლევს.
მაგალითად: ინსტრუმენტული - რაც, ასევე იყოფა: სიმფონია - ორკესტრისთვის, სონატა -
ცალკეული ინსტრუმენტისთვის; ვოკალური და ვოკალურ-ინსტრუმენტული (სიმღერა, ელეგია, ოდა),
ინსტრუმენტული ანსამბლები - ტრიო, კვარტეტი და სხვ..
ჟანრის განსაზღვრებაში მნიშვნელოვან
კრიტერიუმად, სოხორი ასევე არ მიიჩნევს ნაწარმოების შესრულების გარემოს (სად სრულდება),
ვინაიდან, როგორც ის მე-20 საუკუნის მაგალითზე აღნიშნავს, საკონცერტო გარემოს ხშირი
ცვლილება ახასიათებს.
ჟანრთან მიმართებაში, ხშირად
განიხილავენ მის ფართო და ვიწრო გაგებას (მაგ:. სოხორი) და როგორც ვხედავთ,
ჟანრს განუყოფელ მოვლენად მეცნიერები არ მიიჩნევენ. შესაბამისად, გვაქვს ჟანრული იერარქია
როგორც, მაგალითად, ჟანრი და ქვეჟანრი; რთული და მარტივი ან პირველადი და მეორადი ჟანრები. ამ სისტემატიზაციის შესაბამისად,
საგუნდო მუსიკა ვოკალური მუსიკის ქვეჟანრად განიხილება. თუ გავყვებით ჟანრული იერარქიის პრინციპს,
საგუნდო მუსიკაში უნდა გამოიყოს a cappella მუსიკა, რომელიც, ასევე აერთიანებს
კონკრეტულ ისტორიულად ჩამოყალიბებულ ე.წ. მარტივ ჟანრებს: მოტეტს, მადრიგალს, ქორალს,
მინიატიურას.
რაც
შეეხება a cappella საგუნდო მუსიკას, შემსრულებელთა მიხედვით დეფინიციისას იკვეთება:
ყველა სახის a cappella საგუნდო ნაწარმოებს ასრულებს მხოლოდ საგუნდო კოლექტივი, ინსტრუმენტული
თანხლების გარეშე. შემსრულებელთა ეს შემადგენლობა
აერთიანებს ყველა ზემოჩამოთვლილ საგუნდო „მარტივ ჟანრს“, რომლებიც ხასიათდებიან შესრულების ერთგვაროვანი ფორმით
(და არა სტილით, როგორც ეს ზოგჯერ განიმარტება).
სოხორი განავრცობს ცუკერმანის აზრს ჟანრების საერთო გამომსახველ საშუალებათა მიხედვით
დაჯგუფებაზე და განმარტავს, რომ საშემსრულებლო საშუალებებთან ერთად მნიშნელოვანია სხვა
დამატებითი ნიშნებიც, როგორიცაა შესრულების
ფორმა, საშემსრულებლო საშუალებები, პრაქტიკული ფუნქცია, ზოგჯერ კი შესაძლოა ყველა
ამ ნიშანთა კომბინაციაც, რომლებიც ხშირად ჟანრული დეფინიციისას გადამწყვეტ მნიშვნელობას
იძენენ.[11]
ჟანრის ამგვარი დაჯგუფებები
საშუალებას გვაძლევს a cappella გუნდების
ცალკე კლასიფიკაცია მოვახდინოთ და ის მივაკუთვნოთ რთულ, ან მრავალშრიანი ჟანრის (არანოვსკი) ნაირსახეობას, რომელიც შედგება ისეთი
მარტივი ჟანრებისაგან, როგორებიცაა: მოტეტი, მადრიგალი, ქორალი, საგუნდო მინიატიურა
ან პიესა. აქვე, ცუკერმანისეული მოდელის მეორე კრიტერიუმი-„ვინ ასრულებს მუსიკას”,
პირდაპირ გამოყოფს კონკრეტულ საშემსრულებლო კოლექტივს - გუნდს. ამ კრიტერიუმის
თანახმად, თავად ცუკერმანი ახარისხებს სოლო და საანსამბლო, ვოკალურ და ინსტრუმენტულ
ჟანრებს; ჩამონათვალში ახსენებს ინსტრუმენტულ ტრიოსა და კვარტეტს. მაგრამ ისიც არ
უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჟანრებად ჩამოყალიბებული ტრიოს და კვარტეტისა შემთხვევაში,
უპირველესი ამოსავალი მუსიკოსთა შემადგენლობაა და ეს ტერმინები შემსრულებელთა
რაოდენობის აღმნიშვნელია.
სოხორი
აღნიშნავს: „როდესაც არიის ჟანრზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ თეატრალური
მუსიკის სპეციფიკა“, ე.ი. არიას, როგორც საოპერო-
თეატრალური მუსიკის ქვეჟანრს აქვს ის მახასიათებლები, რაც მას აკავშირებს უფრო მსხვილ
ჟანრებთან - როგორც ვოკალურ ისე დრამატულ ხელოვნებასთან. შესაბამისად, როდესაც a
cappella საგუნდო მუსიკას განვიხილავთ ფართო გაგებით, როგორც საგუნდო მუსიკის ქვეჟანრს,
ამოსავალი წერტილი საგუნდო მუსიკისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური, სტილური ნიშნებია,
რომელთაც ითვალისწინებს კომპოზიტორი ნებისმიერი ტიპის (თანხლებიანი, თუ უთანხლებო)
საგუნდო პარტიტურის შექმნისას. მაგალითად:
საგუნდო პარტიათა განლაგების ლოგიკა (S,A,T,B.), მომღერალთა ხმის დიაპაზონი,
ხმათა რეგისტრული შესაძლებლობები, სასიმღერო მანერის სპეციფიკა
(რაც განსხვავდება სოლო ვოკალური შემსრულებლობისგან)
და სხვა.
მაგრამ, ასევე, არსებობს სხვა სპეციფიკური მახასიათებლებიც,
რომელიც მხოლოდ a cappella საგუნდო ნაწარმოებში ვლინდება, როგორც მისი მდგრადი ნიშნები:
ა) ვოკალურ-საშემსრულებლო სტილი;
ბ) სადირიჟორო ჟესტიკულაცია;
გ) საკომპოზიტორო წერის სპეციფიკა (ტექნიკა).
ეს თავისებებურებები
ყველა უთანხლებო გუნდს გამოარჩევს თანხლებიანი დიდი ფორმის, თუ მინიატიურული საგუნდო
ნაწარმოებებისაგან.
ვოკალურ-საშემსრულებლო
სტილი:
a
cappella ხმოვანებაში განსაკუთრებით ნათლად ვლინდება ადამიანი ხმის ტემბრულ-აკუსტიკური
სიმდიდრე და გამომსახველობითი შესაძლებლობები. აბსოლუტურ საგუნდო ჟღერადობაში გამოვლენილი
ეს სპეციფიკა, არ ახასიათებს თანხლებიან გუნდებს, ვინაიდან თანხლებიანი, მით უფრო საოპერო
გუნდის ბგერის ესთეტიკისთვის ხშირ შემთხვევაში დასაშვებია ბგერის ფორსირებაც, აქტივიზებაც,
რადგანაც ის უნდა გაუთანაბრდეს ინსტრუმენტულ ჟღერადობას.
სადირიჟორო ჟესტებისა და სპეციფიკის განსხვავებები:
სადირიჟორო მანუალური ჟესტების
მრავალფეროვნება ზოგადად, სადირიჟორო სკოლაზე და გარკვეულწილად, დირიჟორის ინდივიდუალურ
მანუალურ ტექნიკაზეა დამოკიდებული. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველა დირიჟორი ჟესტების
განსხვავებული აქტივობებით უდგება დიდი ფორმის საგუნდო-ინსტრუმენტული ნაწარმოებისა
და a cappella საგუდნო მინიატურის დირიჟორობას, სადაც ერთი მხრივ სახეზეა ორი განსხვავებული,
ამავე დროს ერთმანეთზე დამოკიდებული შრე (ინსტრუმენტული და ვოკალური), რომელშიც მუსიკისთვის
საჭირო მხატვრული მთლიანობის შესაქმნელად დირიჟორი მათ ერთიანებობაზეა კონცენტრირებული.
ამათგან, საზოგადოდ, სადირიჟორო აქცენტები მიმართულია ორკესტრზე და განსაკუთრებული
აუცილებლობის გარდა დირიჟორის მანუალული ჟესტები არ ეხება გუნდის ინდივიდუალურ პარტიებს,
ვინაიდან მხატვრული „მთელის“ წარმოდგენაში იგი გუნდს აღიქვამს არა ცალკეულ ხმებად,
არამედ, როგორც ერთ მთლიანს. a cappella გუნდში დირიჟორის მანუალი აქტიურია ინდივიდუალურად
თითოეული საგუნდო პარტიისთვის და სადირიჟორო ჟესტების „ენაც“ მეტად მეტყველია. აღსანიშნავია ისიც, რომ განსხვავებები ხშირად ვლინდება ხელის მოძრაობის
ზოგად ამპლიტუდაში.
რაც შეეხება საგუნდო წერის ტექნიკის სპეციფიკურობას, თანხლებიანი
და უთანხლებო ნაწარმოებების პარტიტურის შედარებისას ნათლად იკვეთება განსხვავებები
აკორდიკისა და ცალკეულ პარტიათა განვითარებით ხაზში. თანხლებიანი საგუნდო ნაწარმოებების
პარტიტურაში ხშირად ვნახავთ საშუალო სირთულის
ფაქტურას, რომელსაც საერთო ხმოვანებაში თანხლება ავსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამგვარი
საგუნდო პარტიტურა დამოუკიდებელად საკმარის მხატვრულ ეფექტს ვერ შექმნის. ამასთან,
არსებობს ისეთი a cappella გუნდები, რომლებიც თავისი ფერადოვნებით, აკორდული წყობით,
თვითკმარი, ვოკალური ინტონირებით მიღწეული ჰარმონიული „ტევადობითა“ და სისავსით მაღალგანვითარებულ
ნიმუშს წარმოადგენენ და თანხლებას არ საჭიროებენ. ეს სპექციფიკა გულისხმობს საგუნდო
ჟღერადობის იმ თავისებურებათა ფლობას, რაც საერთო ხმოვანებაში a cappella გუნდს - თანხლებიანი საგუნდო ნაწარმოებისაგან
გამოარჩევს.
ყველა
ეს მახასიათებელი თავს იჩენს პროფესიული a
cappella (როგორც დასავლური, ისე ქართული) საგუნდო მუსიკის განვითარების მთელი ისტორიული
პროცესის მანძილზე.
დასკვნა
a cappella საგუნდო მუსიკა,
ჟანრული მოცემულობის კონტექსტში განიხილება ქართული პროფესიული a cappella საგუნდო
მუსიკის შესახებ მონოგრაფიულ სადისერტაციო კვლევაში. მასზე მუშაობამ მოგვცა სტიმული,
შეგვესწავლა და განგვეხილა ჟანრის თეორიისა და a cappella საგუნდო მუსიკის შესახებ
არსებული მოსაზრებები. დაწყებულმა კვლევებმა კი მეცნიერთა მოსაზრებების საფუძველზე
გვიბიძგა, a cappella საგუნდო მუსიკა განგვეხილა, როგორც რთული ჟანრული კატეგორია.
მოხმობილი სამეცნიერო ლიტერატურა
გვაძლევს საშუალებას, წარმოვიდგინოთ ერთგვარი იერარქიული სქემა (კიბე), სადაც ვოკალური
მუსიკის ქვეჟანრად საგუნდო მუსიკის ჟანრები
განიხილება. ხოლო საგუნდო მუსიკა, რომელიც თავად წარმოადგენს შედგენილ ჟანრს, ასევე
იყოფა საგუნდო-ინსტრუმენტულ და a cappella ქვეჟანრებად. ამათგან, როგორც გამოვავლინეთ,
იგი ხასითდება ზოგადად საგუნდო მუსიკის საერთო სპეციფიკით და ასვეე, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ისეთი თვისებებიც
გააჩნია, რითაც აერთიანებს ისტორიულად ჩამოყალიბებულ ე.წ. პირველად ჟანრებს. ეს ყოველივე
კი ერთიანდება საშემსრულებლო შემადგენლობის კატეგორიაში - „ვინ ასრულებს მუსიკას?!“
რაც შეეხება, a
cappella-ს როგორც სტილს, სტილის განსაზღვრებების გაცნობისა და გაანალიზების თანახმად,
თანხლების გარეშე სიმღერის საშემსრულებლო სტილად მოხსენიებას მცდარ შეხედულებად მივიჩნევ.
მართალია, გავრცელებულია a cappella საგუნდო მუსიკის სტილად მოხსენიება, თუმცა ამის
დასაბუთების მეცნიერული კვლევა და მაგალითი, ისევე, როგორც მისი ჟანრად განხილვისა,
ჯერ არ არსებობს. საშემსრულებლო კონტექსტში
ნაწარმოების უთანხლებოდ შესრულებას შესაძლოა ვუწოდოთ არა სტილი, არამედ - შესრულების ფორმა.
დასასრულს, ჟანრთან დაკავშირებული
ქართული სამეცნიერო კვლევიდან მინდა მოვიხმო ციტატა: „ამ ’’არასტაბილური სტაბილურობის“
გამო, მუსიკოლოგთა ნაწილი ჟანრის პრობლემას თეორეტიკოსების გამოგონილს უწოდებს. ამას
ხელს უწყობს ისიც, რომ დღემდე არ არსებობს თეორია, რომელიც ამომწურავ პასუხს გასცემდა
პრობლემის ირგვლივ დასმულ ყველა შეკითხვას. [...] სხვადასხვა მკვლევარი პრობლემას სხვადასხვა
რაკურსში იხილავს, რაც ჟანრის დეფინიციების მრავალფეროვნებაში ვლინდება“[12].
[1] ოქსფორდის მუსიკალური ენციკლოპედია.
https://www.oxfordmusiconline.com/grovemusic/view/10.1093/gmo/9781561592630.001.0001/omo-9781561592630-e-0000000091. William C. Holmes. Published online:
2001
[2] Бояджиев Г.Н.
(1957) Исория западноувропейского театра. Т II. გვ.
88
[3] Назайкинский Е.В. Стиль и жанр в музыке: Учеб. пособие для студ. высш. учеб.
заведений. М.: ВЛАДОС, 2003. . 11.
[4] https://www.merriam-webster.com/dictionary/genre
(14.05.2020)
[5] http://www.musenc.ru/html/j/janr-muz3kal5n3y.html (14.05.2020)
[6] Адорно
Т. Эстетическая теория. М.: «Республика», 2001 – გვ. 302
[7] Сохор
А. Теория музыкальных жанров: задачи и перспективы // Сохор А. Вопросы
социологии и эстетики музыки. Статьи и исследования. Т. 3. Л.: СК, 1983 – გვ.
6.
[8] Арановский М. (1987). Структура музыкального жанра и современная ситуация
в музыке // Муз.современник. Сб. ст. Вып. 6. М. გვ 7.
[9] Должанский А. (1964) Краткиймузыкальный словарь.
Изд. «Музыка» გვ.111.
[10] Цуккерман В. (1964). Музыкальнэ Жанрыи основы
музыкальных форм. М. «Музыка». გვ. 60-61
[11] იქვე
[12] ჭიტაძე ქ. (2012). სიმფონიის ჟანრული მოდელის გარდასახვა
XX საუკუნის მუსიკაში. სადისერტაციო შრომა.
თბილისი.
Comments
Post a Comment