ნინა ცაცანაშვილი - ტრადიციისა და ნოვატორობის საკითხები ი. ს. ბახის „გოლდბერგ – ვარიაციების“ კვოდლიბეტში

ავტორი - ნინა ცაცანაშვილი
 მოხსენება მომზადებულია თბილისის
სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა
 სამეცნიერო საზოგადოების 2021 წლის
 კონფერენციისთვის.
კომპოზიციისა და
მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, IV კურსი.
ხელმძღვანელი
 - პროფესორი ლეილა მარუაშვილი


 მსოფლიო მუსიკის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს იოჰან სებასტიან ბახის საკლავირო ნაწარმოებს – „გოლდბერგ – ვარიაციები“ (BWV 988). იგი პირველად გამოაქვეყნა თავად კომპოზიტორმა 1741 წელს (ზოგიერთი ცნობით 1742 წელს), როგორც „საკლავირო სავარჯიშოების“ („Clavierübung“) ბოლო ნაწილი. ცნობილია, რომ ბახს მხოლოდ რამოდენიმე ნაწარმოები აქვს შექმნილი, რომელთა სათაურშიც გამოყენებულია ტერმინი – „ვარიაცია“. ამ თვალსაზრისით, „გოლდბერგ – ვარიაციების“ გარდა აღსანიშნავია, „ვარიაციები არიის თემაზე“ („Aria variata“, BWV 989) და „კანონური ვარიაციები“ („Canonische Veränderungen“, BWV 769).

გოლდბერგვარიაციების შემადგენელი ნაწილებია: არია, ოცდაათი ვარიაცია და Aria da capo. ნაწარმოებში მოცემულია ბასო ოსტინატური, ორნამენტული და თავისუფალი ვარიაციის სახეების კომბინაცია.

„გოლდბერგ – ვარიაციების“ ოცდაათი ვარიაცია დაყოფილია ათ ჯგუფად. ისინი შემოფარგლულია არიით. ყველა ჯგუფში გაერთიანებულია სამი პიესა. თითოეული ვარიაცია ერთის მხრივ ერთიდაიგივე მოდელს წარმოადგენს, მეორე მხრივ კი ყველა მათგანს ინდივიდუალურობა გააჩნია. სამეულის თითოეული ნაწილი თავისი ხასიათით ასე გამოიყურება: სიუიტური ცეკვა, ტოკატა და კანონი.

ამ სამი ჩამოთვლილი ჟანრიდან ტოკატა და კანონი უცვლელია, ციკლის ათივე ჯგუფში. მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი სიუიტისათვის დამახასიათებელი ცეკვები. ეს შეიძლება იყოს: პასპიე, ჟიგა, გავოტი, სარაბანდა და მენუეტი.

         უნდა აღინიშნოს, რომ სამეულიების „წესრიგი“ დარღვეულია პირველსა და ბოლო ჯგუფში. პირველ ჯგუფში „თავის ადგილზე“ არის მხოლოდ კანონი (ვარ. 3). პირველი ვარიაცია უფრო მეტად მიეკუთვნება ვირტუოზულ ტოკატებს, ხოლო მეორე ვარიაცია ემსგავსება კანონს. რაც შეეხება ბოლო ჯგუფს აქ პირველად ბახი არღვევს თავისივე კონცეფციას და კანონის ნაცვლად ათავსებს პიესას სახლწოდებით, კვოდლიბეტი. სწორედ კვოდლიბეტი წარმოადგენს ჩვენი მოხსენების ძირითად ობიექტს.

„გოლდბერგ – ვარიაციების“ კვოდლიბეტი მკვეთრად განსხვავდება წინამორბედი ვარიაციებისაგან. ეს არ არის კანონი, რომელსაც ციკლის სტრუქტურიდან გამომდინარე, ბოლო ნაწილად ველოდებოდით. ეს არ არის სიუიტისათვის დამახასიათებელი რომელიმე ცეკვა ან ტოკატის ჟანრი. აქ პირველად თავად ბახი აღნიშვანს, რომ გვთავაზობს ახალ ჟანრს კვოდლიბეტს, რომელსაც ციკლში შემოაქვს მკვეთრად განსხვავებული ხასიათი. პიესის მუსიკა დამუხტულია ოპტიმიზმითა და ცხოვრებისადმი სიყვარულით. ამ განსხვავებების მიუხედავად, კვოდლიბეტი ინარჩუნბს კავშირს წინა ვარიაციებთან. ბახი აქაც იყენებს ბასო ოსტინატოს საყრდენ ბგერებსა და ვარიაციული ციკლის ყველა შემადგენელი ნაწილისათვის დამახასიათებელ ორნაწილიან ფორმას.

გამოიყენა რა ბახმა ციკლის ბოლო პიესად კვოდლიბეტი, მან მიმართა აღორძინების ეპოქაში ჩამოყალიბებულ კვოდლიბეტისთვის დამახასიათებელ ჟანრულ ნიშანთვისებებს, ასევე საკომპოზიტორო ტექნიკას და, ამავდროულად, უდაოდ, შექმნა ამ ჟანრის სრულიად ორიგინალური, ნოვატორული მოდელი - როგორც ჟანრის მახასიათებლებით, ასევე საკომპოზიციო ტექნიკის კუთხით.

ბახს ტრადიციისამებრ კვოდლიბეტში გამოყენებული აქვს იმ დროისათვის ძალიან პოპულარული ორი გერმანული ხალხური სიმღერა. თითოეული მათგანი იუმორისტული განწყობილებისაა. პირველი სიმღერაა – „ამდენი ხანი შენგან შორს ვიყავი(„Ich bin so lang nicht bei dir g'west"), ხოლო მეორე – „კომბოსტო და ჭარხალი(„Kraut und Rüben“).[1]



 a1 - აღნიშნულია პირველი სიმღერის პირველი ფრაზა

 a2 – აღნიშნულია პირველი სიმღერის მეორე ფრაზა

 b1 – აღნიშნულია მეორე სიმღერის პირველი ფრაზა

 b2 - აღნიშნულია მეორე სიმღერის მეორე ფრაზა

ციკლში ეს ორი მელოდია პირველად კვოდლიბეტში ჟღერს. როგორც ყველასათვის ცნობილია, ინსტრუმენტულ ნაწარმოებში ტექსტების გამოყენება შეუძლებელია. თუმცა, ეს ორი სიმღერა იმდენად ცნობილი იყო, რომ მსმენელს მათი მხიარული შინაარსი, სიტყვების გარეშე, მხოლოდ მელოდიითაც კი ახსენდებოდა.

ბახი ოცდამეათე ვარიაციაში ორივე სიმღერის მხოლოდ საწყის ფრაზებს იყენებს. მათი ტონალობა არის G – dur. თითოეული მათგანი სრულდება ტონიკაზე და კოდლიბეტში იძენენ დამოუკიდებელი თემების ფუნქციას. ეს გომოყენებულ კონტრაპუნქტულ ტექნიკიასთან ერთად, შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ორ თემიანი ფუგის მოდელი კვოდლიბეტის ფორმაში. ფუგის ტექნიკაზე მიგვინიშნებს ისიც, რომ ეს თემები ერთდროული ექსპონირების შემდეგ კვოდლიბეტის ორივე ნაგებობაში პერიოდულად ტარდებიან სტრეტულად, ასევე განიცდიან შებრუნებას, ან ვარიანტულ გარდაქმნას.



პირველი სიმღერის საწყისი ფრაზა, როგორც უკვე აღინიშნა, კვოდლიბეტში იძენს პირველი თემის ფუნქციას.[2] თემა თავისი ბუნებით ერთგვაროვანია. მასში დომინირებს ერთი სახის ინტონაციურ – რიტმული მასალა. პირველად თემა ტარდება ტენორის პარტიაში (G – dur). მისი პასუხი ჟღერს დისკანტში, მეორე ტაქტში, ოქტავით ზემოთ (G – dur). უნდა აღინიშნოს, რომ დაპირისპირება არ არის შეკავებული და ამიტომაც, ქსოვილში ამ მელოდიას ვეღარ ვპოულობთ. იგი არის პირველი სიმღერის მეორე ფრაზა. 

მეორე სიმღერის პირველი ფრაზა (სიმღერის საწყისი ორი ტაქტი) კვოდლიბეტში იძენს მეორე თემის ფუნქციას.[3] ის ჩნდება მეორე ტაქტში, ალტის პარტიაში (C – dur - ში). მას აქვს სტრეტული პასუხი, რომელიც ტარდება მესამე ტაქტში, დისკანტში (G – dur). დავძენთ იმასაც, რომ კვოდლიბეტის თითოეული ნაწილის ბოლოს კომპოზიტორი ერთდროულად წარმოადგენს ამ ხალხური სიმღერის ორივე ნახევარს. პირველი ნაწილის ბოლოს (ბოლო ორი ტაქტი) სიმღერის პირველი ფრაზა ტარდება დისკანტში (D – dur), ხოლო მეორე (ორი ტაქტი), ტენორის პარტიაში. მეორე ნაწილის ბოლოს (ბოლო ორი ტაქტი) პირველი ფრაზა ტარდება ტენორში, მეორე კი დისკანტში (G – dur) (მოხსენების ბოლოს იხილეთ კვოდლიბეტის სქემა).

ოცდამეათე ვარიაციას ასევე კავშირი აქვს კანონის ტექნიკასთან. კვოდლიბეტში იმიტაცია იმ რამოდენიმე ინტერვალშია მოცემული, რომელიც გვხვდება „გოლდბერგ – ვარიაციების“ კანონების რიგებში (უნისონიდან ნონამდე). ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ოცდამეათე ვარიაცია შეიძლება ჩაითვალოს, მთელი ციკლის პოლიფონიური განვითარების შედეგად.

თუ შევადარებთ ბახის ოცდამეათე ვარიაციას აღორძინების პერიოდში შექმნლ კვოდლიბეტებს შევნიშნავთ, რომ კომპოზიტორი აგრძელებს აღორძინების ეპოქის ტრადიციებს და იყენებს იმდროინდელი კვოდლიბეტისათვის დამახასიათებელ ყვალაზე პოპულარულ ტექნიკას - ნასესხები სიმღერების ვერტიკალში გაერთიანების გზით. ამავდროულად, კვოდლიბეტში ფუგისა და კანონისთვის დამახასიათებელი ნიშნების შემოტანის შედეგად, პიესაში წარმოდგენილი სიმულტანური ტიპის კვოდლიბეტის საკომპოზიტორო ტექნიკა მდიდრდება რთული, ორ თემიანი ფუგისათვის დამახასიათებელი ნიშნებით.

ტექნიკური საშუალებების ანალიზის კუთხით, ყურადღება უნდა გავამახვილოთ კიდევ ერთ ფაქტორზე - ვარიაციული ცილკლის ბასო ოსტინატოს თემაზე, რომლის გამოყენებით, ერთი მხრივ, იკვეთება ოცდამეათე ვარიაციის კავშირი წინამორბედ პიესებთან, მეორეს მხრივ კი ამ თემის ჩართვა კვოდლიბეტის ქსოვილში კიდევ უფრო ართულებს პიესის პოლიფონიურ ფაქტურას, მის ტექნიკურ ორგანიზაციას. კვოდლიბეტში ოსტინატოს ოცდათორმეტი ბგერა რიტმულ შემცირებაშია მოცემული და გადანაწილებულია თექვსმეტ ტაქტში. მათგან მკაფიოდ მხოლოდ დასაწყისი რვა ბგერაა გამოყოფილი, რომელიც ჟღერს ოცდამეათე ვარიაციის პირველი ნაწილის პირველ ოთხ ტაქტში. ოსტინატოს დანარჩენი ნოტები კი შენიღბულია არააკორდულ ბგერებში და ამიტომაც, ყურისათვის რთული ხდება მათი ამოცნობა. თუმცა, ანალიზის შედეგად გამოვყავით ოცდათორმეტივე ბგერა.

საგულისხმოა, რომ ბანი ციტირებული სიმღერების თემების იმიტაციაში არ იღებს მონაწილეობას. ზედა სამი ხმა იმიტაციისა და კონტრაპუნქტის ტექნიკით ვითარდება, ხოლო ბასო ოსტინატოს თემას შემოაქვს კონტრასტული მელოდია, რომლის შედეგადაც იქმნება შერეული პოლიფონიური ფაქტურა – ერთდროულად არის მოცემული, როგორც იმიტაციური, ისე განსხვავებულმელოდიური მრავალხმიანობა.

ყურადღერბის მიღმა არ უნდა დავტოვოთ კვოდლიბეტის აღნაგობაც. პიესა მარტივი რეპრიზული ორნაწილიანი ფორმითაა დაწერილი. აღსანიშნავია, რომ აქ უკვე მოცემულია კლასიკური მარტივი რეპრიზული ორ ნაწილიანი ფორმის ჩასახვის მარცვალი. მარტივი ფორმის პირველი ნაწილი დაწერილია განმეორებითი აღნაგობის, ორ წინადადებიანი, კვადრატული პერიოდის ფორმით (a + a1). პირველი პერიოდის პირველი წინადადება არის ერთტონალური (იწყება G – dur – ში და მთავრდება G – dur - ში), ხოლო მეორე კი მოდულირებული (იწყება G – dur - ში და მთავრდება D – dur - ში).

მეორე ნაწილიც პერიოდის ფორმითაა დაწერილი. იყოფა ორ წინადადებად (b + a2). მის პირველ ოთხ ტაქტს განმავითარებელი ფინქცია აქვს. მოცემულია ტონალურ – ჰარმონიული სიმერყევე. საწყის ტაქტებში (პირველი ორი ტაქტი) წარმოდგენილია D – dur, და G – dur. მეორე ტაქტის ბოლოს კი უკვე მკაფიოდ გამოჩნდება e – moll. პიესის მეორე ნაწილში არის ახალი თემატური წარმონაქმნები, რომლებიც ძირითადად თემების ინტონაციებზეა აგებული. ოცდამეათე ვარიაციის ბოლო ოთხი ტაქტი წარმოადგენს პიესის რეპრიზულ მონაკვეთს. მოცემულია პირველი თემისა და ძირითადი ტონალობის დაბრუნება. მას ახასიათებს ტონალურ – ჰარმონიული სიმყარე. სახეზეა შემაჯამებელი ტენდენცია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოცდამეათე ვარიაციაში ისახება ჰომოფონიური მუსიკისათვის დამახასიათებელი ნიშნები. ისევე, როგორც ჰომოფონიურ ფორმაში ბახის კვოდლიბეტშიც აშკარად თავს იჩენს ბ. ასაფიევის ტრიადა – Initio (დასაწყისი), Motus (მოძრაობა) და Terminus (დასრულება). Initio – ს როლში პირველი პერიოდი წარმოგვიდგება, Motus – ის ფუნქცია აქვს მეორე ნაწილის პირველ მონაკვეთს (4 ტაქტი) Terminus კი მოცემულია ბოლო 4 ტაქტში. დავძენთ იმასაც, რომ პიესის კულმინაცია ემთხვევა „ოქროს კვეთას“. ის მოცემულია მეთერთმეტე ტაქტში.

 „გოლდბერგვარიაციებისოცდამეათე ვარიაციის ანალიზმა ცხადყო, რომ ბახის ეს კვოდლიბეტი მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციული, აღორძინების ეპოქის კვოდლიბეტებისაგან. ეს კი პირველყოვლისა ვლინდება შემდეგში: კომპოზიტორმა ვოკალური ჟანრიკვოდლიბეტი გამოიყენა ინსტრუმენტულ ფორმაში.

საგულისხმოა, რომ ბახის ოცდამეათე ვარიაციას კვლავ საფუძვლად უდევს კვოდლიბეტის ჟანრისათვის დამახასიათებელი სახუმარო განწყობილება. თუმცა, ამ პიესაში უჩვეულოა იუმორის გადმოცემის ხერხი. ოცდამეათე ვარიაციაში, ინსტრუმენტული მუსიკის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სახალისო ხასიათი მიიღწევა არა პირდაპირი გზით – სახუმატო ტექსტებით, როგორც ეს ვოკალურ კვოდლიბეტებშია, არამედ ირიბად – რომელიც გულისხმობს – მარტივი სიმღერების შერწყმას ურთულეს კონტრაპუნქტულ ტექნიკასთან. როგორც ცნობილი უნგრელი პიანისტი ა. შიფი აღნიშნავს, აქ არის ყველაზე ღრმა, „შეფუთული“ იუმორი.[4]

სახუმარო განწყობის გადმოცემის ასეთი სპეციფიკიდან გამომდინარე, ბახმა მუსიკაში იუმორის „ახალ ტიპს“ დაუდო საფუძველი. მახვილგონივრულად აღნიშნა უდიდესმა ბახისტმა გ. გულდმა: „კვოდლიბეტი წარმოადგენს გერმანული კეთილგანწყობის ხმაურიან პრეზენტაციას“ [Великовский, 375].[5]

კვოდლიბეტის განსაკუთრებულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მას ასრულებს არა შემსრულებელთა ჯგუფი, არამედ სოლისტი. რენესანსის ეპოქაში შექმნილი კვოდლიბეტებისაგან განსხვავებით, რომელთა შესრულებაც ქუჩაშიც თავისუფლად შეიძლებოდა, ბახის ეს პიესა ამგვარ გარემოში შესასრულებლად ნამდვილად არ არის გათვალისწინებული. ახლა კი უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ კომპოზიტორმა „გოლდბერგ – ვარიაციები“ დაწერა მაღალი ფენის წარმომადგენელის – გრაფი კაიზერლინგის დაკვეთით. აქედან გამომდინარე, ნაწარმოები მის სასახლეში სრულდებოდა. ვინაიდან ოცდამეათე ვარიაციაც ამ ციკლის ნაწილია, ბუნებრივია, ნაწარმოების კონტექსტიდან ვერ იქნებოდა ამოვარდნილი.

ოცდამეათე ვარიაციაში წარმოდგენილი სიმულტანური ტიპის კვოდლიბეტის საკომპოზიტორო ტექნიკა მდიდრდება ფუგისათვის დამახასიათებელი ნიშნებით. დავძენთ იმასაც, რომ ამ მხრივ ბახი არ ყოფილა პირველი კომპოზიტორი, რადგანაც ასეთივე ხერხი იჩენს თავს ნ. ზანგიუსის კვოდლიბეტში – „კელნის ბაზარი“ („Der Kölner Markt“), რომელიც 1603 წელს არის შექმნილი.

აღორძინების ეპოქაში კომპოზიტორები კვოდლიბეტებს ძირითადად „მექანიკურად“ ქმნიდნენ (არაერთი მკვლევარი ამ პროცესს „დაწებებას“ ამსგავსებს) და ორგანულ მთლიანობას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. ბახის ოცდამეათე ვარიაციაში ნათლად ჩანს, რომ ეს ტექნიკა მხოლოდ სიმღერების მექანიკურ გაერთიანებას კი არ გულისხმობს, არამედ უკავშირდება რთულ შემოქმედებით პროცესს.

ოცდამეათე ვარიაცია მოეკუთვნება თავისუფალი პოლიფონიური სტილით შექმნილი ნაწარმოებების რიცხვს. აქედან გამომდინარე, ბახის კვოდლიბეტი, მუსიკალური გამომსახველობის საშუალებების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად განსხვავდება აღორძინების ეპოქაში შექმნილი კვოდლიბეტებისაგან. მას ახასიათებს მეტი სიღრმე და დინამიზმი. ფართოვდება მელოდიის დიაპაზონიც. გამოიყენება ნებისმიერი ინტერვალი. მდორე მელოდიური მოძრაობა ხშირად იცვლება  ნახტომისებურით. ბახი აქ თავისუფლად, ყოველგვარი მომზადების გარეშე იყენებს დისონირებულ ინტერვალებსა და აკორდებს. კომპოზიტორი უკვე აღარ მიმართავს აღორძინების ეპოქისათვის ჩვეულ რიტმსა და მეტრს. ასევე მეტი თავისუფლებაა პოლიფონიური ხერხების გამოყენებისას.

აღორძინების ეპოქისთვის დამახასიათებელი მოდალური სისტემა იცვლება მაჟორულ – მინორული ტონალური სისტემით, რომელიც განპირობებული იყო ახალი ჰარმონიული აზროვნებით. ცხადია, რომ კილო – ჰარმონიული სიახლენი გავლენას ახდენენ „გოლდბერგ – ვარიაციების“ ყველა პიესაზე და, რა თქმა უნდა, კვოდლიბეტზეც. მოცემულია კლასიკური მაჟორულ - მინორული სისტემისთვის დამახასიათებელი კადანსები და ტონალურ გეგმა. მდიდრდება აკორდიკაც. აქ მონაცვლეობს ცენტრალიზებული მაჟორულ – მინორული სისტემისათვის დამახასიათებელი დიატონიკა და თავისუფლად გამოყენებული ქრომატიზმი.

ფაქტურული მახასიათებლებითაც განსხვავდება ოცდამეათე ვარიაცია აღორძინების ეპოქის კვოდლიბეტისაგან. თუ წინა ეპოქაში ძირითადად მოცემული იყო განსხვავეულმელოდიური მრავალხმიანობა, იმიტაციები კი ძალზედ იშვიათად გვხვდებოდა, ბახი გვთავაზობს შერეულ ფაქტურას, სადაც განსხვავებულმელოდიურ (ბანის ოსტინატო) და იმიტაციურ მრავალხმიანობას თანაბარი ფუნქცია გააჩნია.

აღორძინების ეპოქის კვოდლიბეტებისათვის ჩვეული იყო კუპლეტური ფორმა. ბახმა ოცდამეათე ვარიაციაში გამოიყენა მარტივი რეპრიზული ორ ნაწილიანი ფორმა. აქვე უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ აღორძინების ხანაში გვხვდებოდა ისეთი კვოდლიბეტები, რომლებსაც ვარიაციული პრინციპი ედო საფუძვლად, კერძოდ, გავრცელებული იყო სოპრანო ოსტინატოს ტიპის ვარიაციები. ბახს კი ამ მხრივაც შემოაქვს სიახლე, რადგანაც გამოყენებული აქვს ბასო ოსტინატური პრინციპი. დავძენთ იმასაც, რომ კომპოზიტორი ამ პიესაში იმ ტრადიციების გამგრძელებელად გვევლინება, რომელიც გულისხმობს კვოდლიბეტის ჩართავს ციკლის შემადგენელ ნაწილად. ამ ჟანრის ეს მახასიათებელი სწორედ ბაროკოს ეპოქაში ყალიბდება.

მიუხედავად ამ განსხვავებებისა, ბახის „გოლდბერგ – ვარიაციების“ კვოდლიბეტში თავს იჩენს ისეთი ნიშნებიც, რომელებიც აღორძინების ეპოქის კვოდლიბეტისათვის იყო დამახასიათებელი. კერძოდ, ეს მსგავსება სამ კომპონენტში ვლინდება:

· ჟანრული მახასიათებლების სიახლოვე - პოპულარული სახუმარო, 
           იუმორისტული განწყობილების მქონე პირველწყაროების გამოყენება
· მონოტექსტური პრინციპის არსებობა
· საკომპოზიტორო ტექნიკა ტრადიციული, სიმულტანური სახით
           წარმოდგენა.

დასკვნის სახით კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ბახის „გოლდბერგ – ვარიაციების“ ოცდამეათე ვარიაციაში უკვე ისახება ახალი, ჰომოფონიური მუსიკალური სტილისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური კანონზომიერებები.

 

„გოლდბერგ ვარიაციების“ კვოდლიბეტის სქემა


S – სოპრანო

A – ალტი

T – ტენორი

B – ბანი























 

 

 

 

 



[1]კომბოსტო და ჭარხალიიმდენად პოპულარული იყო, რომ ბახის გარდაცვალებიდან კიდევ მრავალი წელი სრულდებოდა გერმანიაში.

[2]გოლდბერგვარიაციებშიგამოყენებულ პირველ სიმღერას – „ამდენი ხანი შენგან შორს ვიყავი“, ინტონაციური მსგავსება აქვს მხიარულ გერმანულ ცეკვაკერჰაუსთან.




[3] გოლდბერგვარიაციებშიგამოყენებული მეორე სიმღერაკომბოსტო და ჭარხალიინტონაციურად ძალიანგავს ძველ იტალიურ ცეკვაბერგამასკას, რომელიც საფუძვლად დაედო კრებულში – „მუსიკალური ყვავილები(„Fiori musicali“) შესულ ამავე სახელწოდების პიესას. კრებული პირველად გამოქვეყნდა 1635 წელს. ეს წიგნი ბახმა იცოდა.

კომბოსტო და ჭარხალიასევე გამოიყენება, როგორც ბანის მელოდია დ. ბუქსტეჰუდეს ნაწარმოებში  -„La Capricciosa“. („არია და 32 ვარიაცია“, BuxWV 250).





[4] „გოლდბერგ – ვარიაციების“ კვოდლიბეტთან დაკავშირებით, ა. შიფის ამ მოსაზრებას გავეცანით მუსიკოლოგ თ. ბრაატცის სტატიაში – The Quodlibet as Represented in Bach’s Final Goldberg Variation BWV 988/30. (http://www.bach-cantatas.com/Articles/BWV988-Quodlibet[Braatz].htm)

[5] Великовский А (2021). «Гольдберг-вариации» И. С. Баха. монография. Санкт-Петербург: Лань: Планета музыки

 

 

Comments