კვლავ სტუდენტური ორკესტრი...

ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის 
მე-3 კურსის სტუდენტი, 
ირაკლი არეშიძე

13 ოქტომბერს კონსერვატორიამ, საორკესტრო სიმებიანი საკრავების მიმართულების 100 წლისთავი სტუდენტური ორკესტრის კონცერტით აღნიშნა. კონცერტი პირდაპირი ეთერით გადმოეცემოდა კონსერვატორიის ფეისბუქ გვერდზე. მახსენდება, ზუსტად შვიდი თვის წინანდელი - 13 მარტის კონცერტი. მაშინაც კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრი პირდაპირი ტრანსლაციით წარმოგვიდგა დიდი პაუზის შემდეგ. მახსოვს, როგორ ველოდით და ვგულშემატკივრობდით ჩვენს მეგობრებს. იმ კონცერტმა გამოხმაურება ჰპოვა ჩვენს ბლოგზე დადებულ სტუდენტების რეცენზიებში (პირველი რეცენზიის ბმული იხილეთ აქ, მეორე აქ). მას შემდეგ შედარები გამოცოცხლდა" ცხოვრება, მაგრამ ჩვენი "ჩამკეტავი" კორონა ჯერ კიდევ თავისუფლად დათარეშობს, ამიტომაც რისკი ისევ დიდია! ამგვარად, ეს ღონისძიება შემსრულებლების მუსიკისადმი თავდადების მანიშნებელია.  კონცერტის ჩატარებას უნდა ვუმადლოდეთ ტუტორებსაც - ასოცირებულ პროფესორ დავით ჯიშკარიანს; ასოცირებულ პროფესორ თამარ ბულიას; მოწვეულ მასწავლებელ ლევან ჯაგაევსა და ორკესტრის მენეჯერ ლია ნაცვლიშვილს. მათ გულმოდგინედ იმუშავეს და ესტაფეტა კონსერვატორიის პროფესორს, ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარ დირიჟორ - ზაზა აზმაიფარაშვილს გადასცეს.

საერთოდაც არაა გასაკვირი სიმფონიური ორკესტრის - ამ დ ი დ ი  ს ა კ რ ა ვ ი ს დიდოსტატების: გუსტავ მალერის, მორის რაველისა და ლეონარდ ბერნსტაინის მუსიკა, რომ შესრულდა, მაგრამ რა დააკლდა კონცერტს - ამას მოგვიანებით მოგახსენებთ.

კონცერტს მორის რაველის "პავანებმა" დაუდო სათავე.  ზღაპრული სუიტ "დედა ბატი", პირველი ნაწილი - „პავანა მძინარე მზეთუნახავისთვის“ საინტერესო ქმნილებაა. თავდაპირველად ის, კომპოზიტორმა ბავშვებისთვის, ოთხი ხელისთვის შექმნა. მოგვიანებით გააორკესტრა, რითაც ეს სადა მინიატურა, მთელ სუიტასთან ერთად, სხვა ატმოსფეროში გადაიყვანა. შემდეგი პავანაა „გარდაცვლილი ინფანტისთვის“, რომელიც პროგრამის შემდგენლების არაჩვეულებრივი არჩევანია, იმდენად, რამდენადაც თხზულებაში მელოდია ყველა საკრავის პარტიაში გაივლის და ამით კარგად წარმოაჩენს ინსტრუმენტალისტთა შესაძლებლობებს.

დიდი კომპოზიტორის „პავანებმა“ გზა ავტორის უფროს თანამემამულეებსა და მასწავლებლებს - გაბრიელ ფორესა და ჟორჟ ბიზეს დაუთმეს. ფორეს მუსიკალური პორტრეტის საჩვენებლად შერჩეულ იქნა სუიტა „პელეასი და მელიზანდას“ პირველი ნაწილი - პრელუდია, რომელიც მუსიკისმცოდნეთა აზრით, მელიზანდას მუსიკალური პორტრეტია. ზოგადად, მორის მეტერლინკის ამ სიუჟეტით დაინტერესებულები იყვნენ და შექმნეს არაჩვეულებრივი ნაწარმოებები XIX-XX საუკუნეების მიჯნის კომპოზიტორებმა - კლოდ აშილ დებიუსი, არნოლდ შონბერგი და იან სიბელიუსი. კონცერტის ბოლო ფრანგი კომპოზიტორი ჟორჟ ბიზეა! მის ოპერებს შორის „კარმენის“ შემდეგ, ყველაზე ცნობილი, ალბათ, „არლელი ქალია“, რომლის მუსიკას ავტორმა ორ სუიტაში მოუყარა თავი. კონკრეტული კონცერტისთვის არჩევანი პირველი სუიტის მესამე ნაწილზე - Adagietto-ზე შეჩერდა. ამ მომენტისთვის, კონცერტის მოსმენისას, გამიჩნდა ძალიან სასიამოვნო შეგრძნება. შვიდი თვის წინანდელ კონცერტთან შედარებით, საორკესტრო ბალანსი, მუსიკალური აზრისა და ხასიათის გადმოცემის მკაფიოება, შესამჩნევი იყო. დიდად მახარებს ეს ამბავი და ვუსურვებ ჩვენს ორკესტრს, ეს გეზი არ დაეკარგოს. ერთი დონით არ დაკმაყოფილება და მუდამ მაქსიმუმისკენ სწრაფვაც - პროფესიონალიზმის ნაწილია.

არ დაგიმალავთ, კომპოზიტორ ლეონარდ ბერნსტაინს, დირიჟორად ვიცნობდი. კონცერტზე მისი „ვალსის“ - საორკესტრო დივერტისმენტის მეორე ნაწილის მოსმენის შემდეგ ჩემთვის აღმოჩენა იყო, როგორც კომპოზიტორისა. ასე მგონია, ამ პიესით კომპოზიტორმა ვალსის ჟანრი განავითარა.  მისი შინაგანი მხარე - ხასიათი, ფუნქცია, სისადავე უცვლელი დატოვა, ხოლო გარეგნულად -  კონკრეტულად კი  მეტრი (7/4) შეცვალა. მაინც ვხვდებით, რომ ვალსია!

კონცერტის დასკვნითი ეპიზოდის ფუნქცია გუსტავ მალერის გენიალური მეხუთე სიმფონიის მეოთხე ნაწილმა - სახელგანთქმულმა Adagietto-მ შეასრულა. ამ ტილოს მეშვეობით გენიალური მუსიკოსი მისი გულწრფელი სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. ვერ დავმალავ: ჩემთვის შესრულებას სიფაქიზე, სისადავე აკლდა, მაგრამ ვამართლებ ორი მიზეზის გამო: პირველი, ეს სტუდენტური კონცერტია და ამ შედევრის შესრულება გამოცდილ მუსიკოსებსაც აბრკოლებს; მეორე, ეს ხომ ჩანაწერია! ჩვენ გვაქვს მიახლოებითი, მაგრამ არაზუსტი ჟღერადობა.

დასასრულს შეპირებული შენიშვნა: ქართული მუსიკის არცერთი ნიმუში არ  შესრულებულა! მესმის, რომ ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორების საორკესტრო პიესების უმრავლესობა დიდი სიმფონიური ორკესტრისთვისაა შექმნილი (მაგალითად: შალვა მშველიძის „ფშაური“, „ხორუმი“; ანდრია ბალანჩივაძის „რიწის ტბა“, „ზღვა“; ოთარ თაქთაქიშვილის „ლირიკული“; სამწუხაროდ, ვერ გისახელებთ თანამედროვე კომპოზიტორების შემოქმედებას). კონსერვატორიის პრობლემა შემსრულებლების მცირე რაოდენობაა, მიუხედავად ამისა, შეიძლებოდა, რომელიმე კამერულ-ინსტრუმენტული საანსამბლო ნაწარმოების ნაწილის შესრულება. მაგალითად, სულხან ცინცაძის მეოთხე კვარტეტისა. გაჩნდება საწინააღმდეგო აზრი და მინდა, ახლავე ვუპასუხო: გვახსოვდეს, ქართულ მუსიკას, ჩვენ გარდა ვერავინ უპატრონებს, ჩვენ უნდა მოვუაროთ მას და  პოპულარიზაცია გავუწიოთ!

პრინციპმა - ნაწარმოები შესრულდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეროვნულია - დრო მოჭამა...

დაგროვდა არაჩვეულებრივი ნაწარმოებები! დღევანდელი პრინციპია: შესრულდეს ეროვნული და ღირებული ნიმუშები!

ვაზიაროთ მსოფლიოს სხვა მუსიკოსები ჩვენს განძს და ამისთვის უნდა შევასრულოთ ისინი!

ამგვარად, არაკორექტულად მეჩვენება ამ პროგრამაში ქართველი კომპოზიტორებიერთი ნაწარმოებიც რომ არ გამოერია...

მით უმეტეს, საორკესტრო სიმებიანი საკრავების მიმართულების 100 წლისთავის აღსანიშნავ საღამოზე არ შესრულდა სულხან ცინცაძის არცერთი ნაწარმოები. სულხან ცინცაძისა, რომელმაც ამ საკრავების ლიტერატურას უამრავი მაღალმხატვრული (ამაზეც ვიდავოთ?) ნიმუში შესძინა!

ადამიანები ვართ, ვისწავლოთ და აღარ დავუშვათ იგივე შეცდომა! მოვუწოდოთ კომპოზიტორებს გადაამუშავონ ქართული კლასიკური ნაწარმოებები მცირე ორკესტრისთვის და თავადაც შექმნან ამ შემადგენლობისთვის!

მოვუწოდოთ შემსრულებლებს შეასრულონ თანამემამულეთა ქმნილებები!

არ დავივიწყოთ ჩვენი საგანძური!


Comments