სანთელ-საკმეველი თავის გზას არ კარგავს!

ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის
მე-3 კურსის სტუდენტი ირაკლი არეშიძე

ალექსი მაჭავარიანი

2021 წლის 25 ნოემბერს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის მცირე დარბაზში აღინიშნა „ალექსი და ვახტანგ მაჭავარიანების ფონდის“ დაარსება და ალექსი მაჭავარიანისადმი მიძღნილი მანანა კორძაიას მონოგრაფიის ქართულიენოვანი  გამოცემა. ფონდის მიზანია ქართული მუსიკალური კულტურის ხელშეწყობა, კომპოზიტორთა მემკვიდრეობის დაცვა- პოპულარიზაცია, საკომპოზიტორო კონკურსის დაფუძნება საქართველოში და სხვ.

საღამოს წამყვანი დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ მაჭავარიანი გახლდათ. მან გვაიმბო, თუ როგორ უბიძგეს მეგობრებმა ამ ფონდის შექმნისკენ.  ეს მეგობრები, კი შემდგომში, ამ ფონდის თანადამაარსებლები გახდნენ: ჯიმი ჩხაიძე, ნინო ანანიაშვილი, ალექსანდრე (ლექსო) თორაძე, ირაკლი ხორბალაძე, ნანა კიკნაძე-შადური და სხვანი (იმედია ფონდის საიტი მალე იქნება მისაწვდომი და დეტალური ინფორმაციის ნახვას შევძლებთ). აღსანიშნია, რომ ფონდის მრავალ მეგობარს შორისაა საქართველოში გერმანიის ელჩიც ბატონი ჰუბერტ ქნირში. 

  ვახტანგ მაჭავარიანმა ისაუბრა ფონდის სამომავლო გეგმებზე: დაგვპირდა, რომ ორგანიზაცია ქართულ მუსიკას პოპულარიზაციას გაუწევს, როგორც ქვეყნის საზღვრების შიგნით, ისე მის გარეთ; ასევე, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა შემსრულებლებსა და კომპოზიტორებს, მაგრამ კონკრეტულად როგორ, ამას მომავალში გავიგებთ. 

     საღამოს შემდეგ ეტაპზე გაგვახსენეს ნანა კიკნაძე-შადურის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ალექსი მაჭავარიანზე „ერთი ოკეანის საიდუმლოება“. ბატონი ვახტანგის თქმით ფილმი ისევე კარგად მიიღეს ფრანკფურტში 2018 წელს  წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, როგორც მანამდე ჰამბურგის გამომცემლობა „wolke“-ს მიერ დაბეჭდილი მანანა კორძაიას შესანიშნავი წიგნი - „Alexi Matchavariani, Komponist und seine Zeit“, რომელიც უცხოეთში გამოცემული პირველი მონოგრაფიაა ქართველი კომპოზიტორის შესახებ. ბატონი ვახტანგის საინტერესო მოგონებების შემდეგ ვიხილეთ ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმიდან, რომელშიც კომპოზიტორის დანატოვარს აფასებენ: გია ყანჩელი, ვალერი გერგიევი, ლექსო თორაძე, იური ტემირკანოვი, ნინო სურგულაძე, ლადო ათანელი, ლიანა ისაკაძე, მიხეილ განტვარგი, მაქსიმ შოსტაკოვიჩი (დიმიტრი შოსტაკოვიჩის ვაჟი), როდიონ შჩერდინი; ეს უკანასკნელი „ოტელოს“ ნამდვილ სენსაციას უწოდებს.

ამდენი საინტერესო მუსიკოსის შეფასების შემდეგ, პირადად, დიდი სიამაყით აღვივსე და ის იყო ღრუბლებში გადავეშვი, რომ ზუმის ონლაინ პლატფორმით ლექსო თორაძე ჩაგვერთო. მან სიყვარულით გაიხსენა ალეკო (ახლობლები ასე ეძახდნენ) მაჭავარიანი და სამართლიანად აღნიშნა, რომ ამ დიდი კომპოზიტორის უდიდესი გულშემატკივარი მისივე ვაჟია.

ამის შემდეგ ვახტანგ მაჭავარიანმა, კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი გაიხსენა: სიმბოლური იყო ამ ფონდის წარდგენა მცირე დარბაზში, ვინაიდან ამ სივრცეზე ალექსი მაჭავარიანი სტუდენტობიდანვე იყო შეყვარებული; გაიხსენა, რომ მილანის „ლა სკალას“ თეატრმა პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ სამ კომპოზიტორს უბოძა თავისი ჯილდო - სერგეი პროკოფიევს „რომეო და ჯულიეტასთვის“, დიმიტრი შოსტაკოვიჩს „მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტისთვის“ და ალექსი მაჭავარიანს „ოტელოსთვის“; გაიხსენა რა ჩვენმა მასპინძელმა მამის ოპერა           „ჰამლეტის“ წარუმატებელი ბედიც წარსულში მისი სცენური განხორციელების კუთხით, აღნიშნა, რომ საბედნიეროდ დადგმის პერსპექტივა გამოუჩნდა ამ თხზულებას თბილისის ოპერის სცენაზე; გვახარა, რომ 2020 წლის ბრიტანულ ჟურნალ „შექსპირში“ (რომელიც წელიწადში ერთხელ გამოდის) დაიბეჭდა  ვრცელი გამოკვლევა მაჭავარიანის ამ ოპერაზე, რაც დასავლეთში მისი შემოქმედებისადმი ინტერესზე მეტყველებს.  ბოლოს კი ქალბატონ ნინო ანანიაშვილთან ერთად დაგვიანონსა, რომ 2022 წელს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კვლავ დაბრუნდება ამ  კომპოზიტორის უკდავი ქმნილება „ოტელო“ (როგორც იქნა!).

საღამოს ბოლოს არაჩვეულებრივმა ვოკალისტმა - მეგი ჩიხრაძემ, მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის თანხლებით შეასრულა ა.მაჭავარიანის უკვდავი რომანსი - „სხივო, მზეთამზის სახეო“ (დავით გურამიშვილი ტექსტზე) და ვ.მაჭავარიანის სიმღერა - „სულო, დაიცა“ (მერაბ კოსტავას ლექსის მიხედვით). მამის ამაღლებული განწყობის რომანსთან კონტრასტში იყო შვილის დრამატული სიმღერა.

ერთი კი მრჩება გულში ხინჯად, მიუხედავად იმისა, რომ საღამო შესანიშნავი იყო, პარალელურად, დიდ დარბაზში მიმდინარეობდა ზუსტად 19:00 საათზე დაწყებული ჩვენი საოპერო სტუდიის სპექტაკლი - ვ.ა.მოცარტის „დონ ჯოვანის“ „კამერული“ ვარიანტი (ამ სპექტაკლის „კამერულობაზე“ მოსაზრება გამოთქმული აქვს რეცენზენტ ელენე ელიოზიშვილს - იხილეთ ბმული აქ). ის მხოლოდ ორი დღეს წარმოადგინეს - 24 და 25 ნოემბერს. პრემიერაზე დასწრება ვერ შევძელი. შემდეგ კი არჩევანის გაკეთება მომიწია! განა პრობლემაა, რომ ორმა დარბაზმა მოილაპარაკოს და ღონისძიებები მსმენელისთვის მოსახერხებლად გაანაწილოს? შეიძლება ეს არც ისე ხშირია, კონსერვატორიაში 3 წლის ყოფნის განმავლობაში მხოლოდ ორი შემთხვევა მახსენდება, რომელზეც დღემდე გული მწყდება (ვფიქრობ, ქალაქში უნდა არსებობდეს ისეთი უწყება, რომელიც თავიდან აირიდებს ასეთ გაურკვევლობას). მაგალითად, მოვიგონებ შემთხვევას: 2019 წლის 12 ნოემბერს ერთსა და იმავე დროს კონსერვატორიის დიდ დარბაზში სრულდებოდა ო.თაქთაქიშვილის „მეგრული სიმღერები“, რუსთაველის თეატრში კი გიორგი ალექსიძის ორი ბალეტი ალფრედ შნიტკესა და სულხან ნასიძის მუსიკის მიხედვით. განა ორივე ხშირად სრულდება? რატომ უნდა დავდგრთ არჩევანის წინაშე?

პოზიტიურ ნოტზე რომ დავამთავროთ, ვისაუბრებ მანანა კორძაიას არაჩვეულებრივ მონოგრაფიაზე, რომელზეც აქცენტი საღამოზე ნაკლებად იყო. მანანა კორძაიას წიგნი - „ალექსი მაჭავარიანი დროში და დროის მიღმა“, როგორც უკვე ითქვა, შესანიშნავი მოვლენაა. თავის დროზე გერმანულ ენაზე დაიბეჭდა, ახლა კი ქართულად გამოვიდა. კიდევ რატომაა ღირსშესანიშნავი ეს მოვლენა? ქართველი კომპოზიტორების (და ზოგადად ხელოვანების) ქართულენოვანი მონოგრაფიებით განებივრებული არ ვართ. მით უფრო გასაოცარი, რომ ეს წიგნი საკმაოდ სქელტანიანია (355 გვერდი ფოტოებითურთ!). ჩემთვის ერთი ორად სასიამოვნო იყო ამ წიგნის დაბეჭდვის შესახებ ინფორმაციის გაგება, რადგან ზუსტად ახლა ვეცნობი იგივე ავტორის მიერ მომზადებულ ალექსი მაჭავარიანის დღიურების კრებულს - „შემოქმედი და დრო“. წიგნმა იმდენად გადამრთო ამ ხელოვანის სამყაროში, რომ საღამოზე შექმნილი „ატმოსფერო“ ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის და  ემოციურად იმდენად დამმუხტა, რომ საჭიროდ ჩავთვალე თქვენთვის გამეზიარებინა  შთაბეჭდილებები.

ბოლოს არ მოვერიდები და ვიტყვი: მხოლოდ რამდენიმე ქართველ მუსიკოსს ჰყავს კარგი პატრონი და მათ შორის, საბედნიეროდ, ალექსი მაჭავარიანიცაა! ამაში საღამომ კიდევ ერთხელ დამარწმუნა!  თუმცა სანთელ-საკმეველი ხომ თავის გზას არ კარგავს! დიდი ხელოვანის ნაწარმოები დროთა განმავლობაში თავად იკვალავს გზას და იმკვიდრებს შესაბამის ადგილს ისტორიაში,  ხელშემწყობა და პოპულარიზაცია კი ყოველთვის საჭიროა! 


 


Comments