ავტორი: კომპოზიცია-მუსიკოლოგიის ფაკულტეტის
მე-3 კურსის სტუდენტი
ირაკლი არეშიძე დადგა 2022 წელი! მაგრამ კონსერვატორიელებს,
ჯერ არ გილოცავთ! ხომ უნდა გავიგოთ ჯერ, რას აღვნიშნავთ!
2020 წელი ნამდვილად არ იქნება ის წელი,
რომელსაც სიამოვნებით გავიხსენებთ. თუ იქნება?
კორონა-ვირუსი. ჩავიკეტეთ. ყოველდღიური
ცხოვრება ინტერნეტ სივრცეს დაუკავშირდა. ორივე სემესტრი - ნამდვილად კრიზისი იყო!
მაგრამ თურმე, კრიზისი არ ყოფილა ცუდი. და ამაში რამდენჯერ უნდა დაგვარწმუნოს ისტორიამ?
მაგალითად, რომ არა XIX საუკუნის ბოლოს დაწყებული “კრიზისი”, XX საუკუნეში მუსიკის
ბედი სულ სხვაგვარად წარიმართებოდა, არ იქნებოდა იმ სახით, რა სახითაც გვაქვს. ასევე რომ არ ყოფილიყო
2020 წელი, არ იქნებოდა 2021 წელი. ოღონდ წელი, როგორც იდეა და არა, როგორც ქრონოლოგიური
პერიოდი.
ვახ, კი მაგრამ რა წელია ასეთი კონსერვატორიისთვის?
ნამდვილად მნიშვნელოვანი! ამ წლის რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას ჩამოვთვლი:
ჩატარდა უამრავი კონცერტი - საფორტეპიანო
კათედრის ორგანიზებული, 4 ნაწილიანი კონცერტთა ციკლი „რომანტიზმის ეპოქის სონატები“;
სტუდენტური ორკესტრის 2 საინტერესო კონცერტი; საოპერო სტუდიის „დონ ჯოვანის“ კამერული
დადგმა; ამ ცოტა ხნის წინ, მასტერკლასები ჩაუტარდათ ჩასაბერი და სოლო აკადემიური სიმღერის
მიმართულების სტუდენტებს, რაც კონცერტებით დაგვირგვინდა; წლის ბოლოს კი სტუდენტურმა
გაერთიანებამ საახალწლო გალა-კონცერტის ჩატარებით, საჭირო და სასარგებლო ტრადიციას
ჩაუყარა საფუძველი, რაც სტუდენტების შემოქმედებით დაკავშირებასა და ურთიერთობას მოიაზრებს.
ცხადია, ყველას ვერ ჩამოვთვლიდი, მაგრამ საერთო ჯამში, რატომ აღვნიშნავ ამ ღონისძიებებსაც?
განა იქამდე არ ტარდებოდა? როგორ არა! მაგრამ ასეთი დამუხტულები სტუდენტები, ნამდვილად არ ყოფილან! გეგონება
ამ კრიზისმა სულ სხვანაირად გამოაცოცხლა ყველა. ერთს კი, ნაკლად ვიტყვი: სტუდენტები
(და
მემგონი პროფესორებიც) დიდად არ წყალობენ ქართული მუსიკის ნიმუშებს, არადა რამდენი საინტერესო
ნაწარმოებია...
2021 წელს განსაკუთრებით გააქტიურდა სტუდენტური
ბლოგი „OPUS 2“, რომელმაც, თითქოს, დახურული ჟურნალ
„მუსიკის“ (სამარცხვინოა!!!) ფუნქციები შეითვისა. ამ სივრცეში ქვეყნდება, როგორც სტუდენტთა
სამეცნიერო ნაშრომები (წაკითხული სტუდენტურ კონფერენციებსა და თუ ს.ს.ს.-ს (ხელმძღვანელი - პროფესორი ქეთევან ბოლაშვილი)
სხდომებზე), ისე ბლოგპოსტები მუსიკალურ სივრცეში მიმდინარე ამა თუ იმ „ყოველდღიურ“
საკითხზე და განსაკუთრებით მოიმატა რეცენზიების რაოდენობა. დიახ, სტუდენტ-მუსიკოლოგები
მხოლოდ საკურსოებსა თუ სადიპლომოზე მუშაობით აღარ შემოიფარგლებიან. წერენ კრიტიკულ
წერილებს და ამის იმპულსს, რათქმაუნდა, ბლოგი იძლევა.
კრიტიკა, ეს კულტუროლოგიური ცხოვრების აუცილებელი
ნაწილია, მაგრამ ხანდახან ვიბნევით და ვსვამთ კითხვას, თუ რა არის კრიტიკა? ასეთ პასუხს
შემოგთავაზებთ, ამჯერად: ეს ცუდის და კარგის გარჩევა ან ფაქტების კონსტატაცია ნამდვილად
არაა. სანამ კრიტიკულ წერილს დაწერ, ალბათ, თავს უნდა დაუსვა კითხვა: რისთვის ვწერ?
ასე მესმის, ამ შრომებმა გარკვეული იმპულსები უნდა მისცეს მკითხველს. რაღაც სამომავლო
გეგმებიც შეიძლება დასახოს. არც შენიშვნებს უნდა მოერიდოს ავტორი („მოყვარეს პირში
უძრახე, მტერს პირს უკანო“), რადგან ვხვდებით, რომ ადამიანები იდეალურნი არ არიან
და მათივე პროფესიული ზრდისთვისაა აუცილებელია ეს „რჩევები“. ჩავთვალოთ, რომ რეცენზია
ერთგვარი ფურცელზე (ან ამ შემთხვევაში ეკრანზე) ვერბალურად გადმოსული „გაკვეთილია“,
რომელთა ნახვა სხვებსაც შეუძლიათ.
ძალიან რომ არ გავაგრძელო, ახლა ვიტყვი: გილოცავთ! გილოცავთ
2022 წლის დადგომას, ვინაიდან ის წინა წლის გაგრძელებაა. კარგი და ახალი რომ გავაკეთოთ,
ამისთვის კიდევ ერთი „კრიზისი“
არაა
საჭირო. ამოვწუროთ იმ „იდეების“ პოტენციალი, რომელიც 2021 წელს დაისახა, არ შევანელოთ
ინერცია და გადავიდეთ 2022 წელში! როგორც ჩვენმა დიდმა კლასიკოსმა, შორსმჭვრეტელმა
ზაქარია ფალიაშვილმა თქვა, კონსერვატორია მუსიკალური შემოქმედების კერა უნდა იყოს
და თუკი ასეა, მისი წარმატება მთლიანად ქართული მუსიკის წარმატებას უდრის.
მადლობა 2020-ს 2021-სთვის. იმედია ამ წლის
ბოლოსაც ვეტყვით მადლობას 2021-ს, 2022-სთვის!
წარმატებები!
Comments
Post a Comment